ჟურნალისტი შალვა რამიშვილი თამამი და ორიგინალური აზრებით გამოირჩევა. ამის გამო საზოგადოებას მისი პერსონა ზოგჯერ აღიზიანებს კიდეც, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მას სრულებით არ ადარდებს, თუ ვინმეს მისი აზრები არ მოსწონს... ცნობილი ჟურნალისტი პატიმრობაში მყოფ პრემიერ-მინისტრს ციხეში მოქცევის რჩევებს აძლევს, თუმცა ვარაუდობს, რომ მერაბიშვილი ციხეში ფსიქოლოგიურად გატყდება. მას საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ვესაუბრეთ...
- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის, ოღონდ ურმით და მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული... იცით, მე კოალიციისგან შორს არ ვარ, მაგრამ ჩემი საქმე, ბექაურის აღიარებასა და ჩემს დაკავებას ვგულისხმობ, არ მიმდინარეობს იმ ინტენსივობით, როგორც მე მინდა. ვიღაცები დაიკითხნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი საქმეა და ძალიან ცოტა პროკურორი.
- ობიექტურ პროკურორებს გულისხმობთ, თუ მათ რაოდენობას?
- ზოგადად მათ რაოდენობას, ცოტანი არიან და უპრეცედენტოდ ბევრი საჩივარია შესული. პროკურორთა რაოდენობა ლიმიტირებულია და მათი გაზრდა არ შეიძლება. საშუალოდ, ერთ პროკურორზე რამდენიმე ათეული, ან შესაძლოა, ასეულიც საქმეც კი მოდიოდეს.
- ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას ელოდით?
- ბუნებრივია, ველოდი, რადგან მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მისი საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ის აუცილებლად მძიმე ბრალდებებით გასამართლდება. სააკაშვილის ხელისუფლება იცით, რამ გადაიყოლა? მიშას სურვილმა, ორი ბატონის მსახური ყოფილიყო. ის საქართველოში აშენებდა აზიური ტიპის ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ძალაუფლება მის ხელში იქნებოდა, სრულად დაიმორჩილებდა მედიასაშუალებებსა და სასამართლოს. ამ ყველაფერს რის ვაი-ვაგლახით ფუთავდა და დასავლეთის თვალში ისე წარმოაჩენდა, თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. მისმა შინაგანმა, გადაულახავმა წინააღმდეგობამ დაღუპა ეს ქვეყანა. სააკაშვილს არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ან რეალური დემოკრატია უნდა აეშენებინა, ან აზიური ავტოკრატია ჩამოეყალიბებინა, მაგრამ ასე მოქცევაც ვერ გაბედა.
- რატომ, დასავლეთს გაუწია ანგარიში?
- დასავლეთის ფაქტორიც იყო და პირადი გამბედაობაც არ ეყო. მართალი გითხრათ, ამის მიზეზებს არ ჩავღრმავებივარ... მთავარია, რომ ვერ შეძლო. საბოლოოდ, ამ ხელისუფლების მოცილებაში უდიდესი როლი ითამაშა ციხის კადრებმაც. ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ კადრების გავრცელებამ ''ახერმოძელებში'' (ახალი ეროვნული მოძრაობა) ისეთი შოკი გამოიწვია, რომ წამოსადგომად და ძალების მოსაკრებად არც ძალა ეყოთ და არც დრო. საბედნიეროდ, ასე იყო.
- როგორი ოპოზიციაა ''ნაციონალური მოძრაობა?''
- ფარჩაკი. დღემდე ყურში მაქვს, მიხეილ სააკაშვილმა როგორ უწოდა რამდენიმე წლის ოპოზიციას ფარჩაკი, ახლა მისი გუნდი სწორედ ასეთ განსაზღვრებას იმსახურებს, ''ნაციონალური მოძრაობა'' არის ფარჩაკი ოპოზიცია.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ''ინსტრუქცია'', რომელშიც ვანო მერაბიშვილს უხსნით, როგორ უნდა მოიქცეს ციხეში: - ''პარასკევობით ციხეზე ლობიოს დღეა. მაგას აჯიკა უხდება (იყიდება ლარიოკში). ბალანდიორს სთხოვე და დაგიმატებს ლურჯ მისკაში'...
- დიახ, ასეთ საკითხზე ვანოსთვის ინსტრუქციების მიცემა არ დამეზარება, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი არ იქნება იმ ციხესა და იმ რეალობაში, სადაც მე ვიყავი. ის ყოფილი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი დაწესებულების საერთო საკანში იქნება. ნუ, ახლა თუ უგულავასაც დაიჭერენ, ადვილი შესაძლებელია, ერთად ჩასვან და შედარებით დიდ საკანში მოათავსონ ერთად.
- ელოდებით გიგი უგულავას დაკავებას?
- კი, როგორ არა, მისი დაკავების სრულიად რეალური საფუძველი არსებობს, ის ბრალდებულია... არ მოიწყენენ. კიდევ მივცემ მათ რჩევებს, რადგან, როგორც გითხარით, არ მეზარება და არც მენანება - პირველ რიგში, ციხეში მყოფმა ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ შეიძლება, მალე გათავისუფლდეს. არც იმაზე უნდა იფიქრო, რას აკეთებენ შენი ახლობლები მაშინ, როდესაც შენ იქ ხარ. არც იმ სასწაულს უნდა ელოდო, რომ ერთ დღეს გაიღება ციხის კარი და გაგათავისუფლებენ. უნდა შეეგუო, რომ ციხეში ხარ და ეს რაღაცის გამო დაიმსახურე. თუმცა, არ მგონია, ვანო მერაბიშვილი ასე ფსიქოლოგიურად მიუდგეს ყველაფერს, რადგან ძალიან მარტივი ადამიანია. მას ძალიან პრიმიტიული ვირეშმაკობა აქვს და მორჩა. ამიტომ მას იქ ძალიან გაუჭირდება და საკუთარ თავში სიღრმისეულ საყრდენებს ვერ იპოვის, რათა ფსიქოლოგიური თავდაცვა შეძლოს. ალბათ ძალიან მალე საკუთარი ბედ-იღბლის შესამსუბუქებლად დაიწყებს ბრძოლას და თავის სულიერ ძმებზე ძალიან საინტერესო ''ისტორიებს'' მოჰყვება. ამ შემთხვევაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ გამოძიება სააკაშვილამდე მივა, რადგან ყველა ''გმირობა~, რომელსაც ვანო სჩადიოდა, მასთან იყო შეთანხმებული.
- საინტერესო იქნება დასავლეთის რეაქცია, თუ გამოძიება პრეზიდენტამდეც მივა...
- არც ისე დიდი ხნის წინ გამომჟღავნდა ირინა იმერლიშვილის მიერ მოძიებული ფაქტები, თუ როგორ ხარჯავდა სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის განკუთვნილ თანხებს. ეს ფაქტები დღემდე ვრცელდება სოციალურ ქსელებში. პირადად მე დავდე ამ რამდენიმე დღის წინ... არსებობს დოკუმენტები, პირდაპირ ასე დაწერეთ, როგორ ''ხმარობდა'' წლების განმავლობაში ''ნაციონალური მოძრაობის'' კმაყოფაზე მყოფი დავით ბაქრაძის მეუღლე სახელმწიფოს ბიუჯეტს. ათეულობით ათასობით ლარის გაფლანგვაზეა ლაპარაკი. ამ ნომინალური ფიგურის, ბუნჩულა ტიპის ოჯახის წევრები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ლაპარაკობდნენ ტელეფონით უცხოეთში... არაფერს ვამბობ სააკაშვილის არც ისე ''მოკრძალებულ'' გატაცებებზე...
ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომელიც ამას გააკეთებდა, პასუხს აგებინებდნენ, ამიტომ სააკაშვილის დაკავებამდე სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეკრიბონ 100%-იანი მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, თუ რას სჩადიოდა მიშა, რათა მისი დაკავება არგუმენტირებული იყოს.
- ვანო მერაბიშვილს დღემდე ასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად...
- ეს იმის ბრალია, რომ ''ახერმოძელებს'' ძალიან ბრიყვული მიდგომა აქვთ ამ საკითხისადმი. მაგალითად, ვაშაძეს, ჯაფარიძეს, რატიშვილსა და სხვებს, რომელთაც არავინ მოუკლავთ, ისინი ებღაუჭებიან პოლიტიკურ გვამებს და იმაზე არ ფიქრობენ, რომ ცალკე ფრაქციის შექმნის შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური მომავალი ექნებათ. მათ არც დიდი ფული უკეთებიათ, არავინ მოუკლავთ და არც მათი მეუღლეები ყოფილან რაღაც ამაზრზენ საქმეებში გარეული. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ქართველ საზოგადოებას მაინცდამაინც არ ეზიზღება, თორემ მათზე დიდად არ ვდარდობ. უბრალოდ, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური გვამია და თუ მუდმივად მის გარშემო იტრიალებენ, პირდაპირ ასე დაწერეთ, რაც შემიძლია, რბილად ვამბობ, სულ გამოშტერებულან და ამას მათ მაგივრად ვერ ვიდარდებ.
- როგორ ფიქრობთ, რომელი პოლიტიკოსი იქნება ყველაზე კონკურენტუნარიანი ამ გუნდიდან?
- კონკურენტუნარიანი ვერც ერთი ვერ იქნება...
- საზოგადოების ერთი ნაწილის სიმპათია დავით ბაქრაძისკენ იხრება...
- ვერ გავიზიარებ მათ სიმპათიას, ეს ადამიანი არის ნომინალური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხებოდა, მაგრამ სახელმწიფოს ბიუჯეტის კმაყოფაზე იყო. ეს ბუნჩულა, უამბიციო ტიპი კონკურენციას ვერ გაუწევს კოალიციის კანდიდატს და მით უფრო, საქართველოს პრეზიდენტი ვერასდროს გახდება. უბრალოდ, ის ამ შარში არც გაყოფს თავს და არ მგონია, ამას ოდესმე დათანხმდეს.
- სხვა კანდიდატებზე რას იტყვით?
- მაგალითად, რომელზე?..
- ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე...
- ნესტან კირთაძეზე თავს შევიკავებ, რადგან მისი პოლიტიკური პლატფორმა არ ვიცი. ნინო ბურჯანაძეზე ვიტყვი, ის იმსახურებს ჩვენი საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის სიმპათიას, როდესაც მან გეიაღლუმთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების გამოხატვას ემხრობა. ეს პირადად ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ეს მისაღებია. თუ ნინო ბურჯანაძე შეძლებს, ამ ნაწილის პოლიტიკური გემოვნების გამომხატველი გახდეს, შეიძლება, ხმათა რაოდენობის ერთნიშნა მაჩვენებელი მაინც აიღოს. ეს მისთვის ცუდი შედეგი სულაც არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ''ნაციონალურ მოძრაობასაც'' შეიძლება გაუსწროს... რაც შეეხება თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვას, ამაზე რომ არაფერი მკითხოთ, მაინც ვიტყვი ჩემს აზრს, - სკოტ ფიცჯერალდის რომანი ''დიადი გეტსბი'' ასე იწყება: მამაჩემი მეუბნებოდა, როდესაც შენ სხვას განიკითხავ, იცოდე, რომ მას განვითარებისთვის შენნაირი პირობები არ ჰქონიაო... ზოგიერთ ჩვენგანს ჩვენი ნიჭისა და მონაცემების რეალიზების საშუალება მოგვეცა და საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრებს ვუზიარებთ, ამ დროს კი უმცირესობებს განვიკითხავთ, რაც არასწორია. სხვადასხვა ფობიას, მათ შორის, ჰომოფობიას, უმცირესობებისადმი აგრესიულ დამოკიდებულებას, სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, მათ შორის განათლების ნაკლებობა.
- მიგაჩნიათ, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა უფლებები იზღუდება?
- ბუნებრივია, კონსერვატიულ საზოგადოებაში ლგტბ-ს მიმართ ისეთივე ჩვეულებრივი დამოკიდებულება არ არის. თუმცა ქართველი საზოგადოება ამას დღეს თუ ხვალ მაინც შეეგუება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ადამიანები ბედნიერად იცხოვრებენ, ექნებათ შემოსავალი და ჰომოსექსუალში მტრის ძებნას არ დაიწყებენ. მშობლებს შვილებისთვის განათლების მიცემა შეეძლებათ, ოჯახები უცხოეთში დასასვენებლად წავლენ და სხვა ქვეყნების კულტურას გაეცნობიან, ისინი გაცილებით ტოლერანტულები გახდებიან.
- მარიხუანის ლეგალიზაციაზე დაიწყო საუბარი. ემხრობით ამას?
- მე ვემხრობი მარიხუანის გამყიდველების, ე.წ. ბარიგების მკაცრად დასჯას, თუმცა ერთ პაპიროსზე კაცს ციხეში არ უნდა უშვებდნენ. მე სამი ბიჭი მყავს და არ მინდა მარიხუანის ლეგალიზაცია. არ მინდა, რომ ჩემი შვილები უპრობლემოდ ყიდულობდნენ მოსაწევს. მომხრე ვარ, რომ პლანის გამყიდველები (ბარიგები) მკაცრად დაისაჯონ.
- კარგ ცხოვრებაზე საუბრობდით, იმ დროზე, როდესაც, ბავშვებისთვის განათლების მიცემა, მშობლების უცხოეთში დასვენების პარალელურად, თითქმის ყველასთვის შესაძლებელი იქნება. როდისთვის ელოდებით ამას?
- ეს ადვილი მისაღწევი არ არის, მაგრამ ყველა პუნქტში, რაზეც ეს ხელისუფლება არჩევნებამდე ლაპარაკობდა, პროგრესი იგრძნობა. სკოლაში სწავლა იაფი გახდა, რადგან სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდა; ტარიფებთან დაკავშირებით ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, ბოდიშს გიხდით, ეს საქმე კარგად არ ვიცოდითო...
- თუმცა, ბოდიში, რაც უნდა გულწრფელი იყოს, დაპირებების შეუსრულებლობას არ ამართლებს...
- მე ამ ხელისუფლების ის მომწონს, თუნდაც პრემიერ-მინისტრი ღიად რომ ამბობს, ამა თუ იმ საქმეში შეცდომა დავუშვითო. ამართლებს თუ არა, ეს ძალიან მალე გაირკვევა. საპრეზიდენტო არჩევნები წინ არის და ვინ რამდენ პროცენტს აიღებს, იმის მიხედვით გაირკვევა, საზოგადოების მხარდაჭერით ვინ სარგებლობს.