რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ევროპის გაზის ბაზრის ფორმირებაზე

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ევროპის გაზის ბაზრის ფორმირებაზე

2022 წლის 27 აპრილიდან „გაზპრომმა“კომპანია „ბულგარგაზისთვის“ (Bulgargaz) გაზის მიწოდება მთლიანად შეაჩერა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე. საპასუხოდ, ა/წლის ივნისში, დაიწყო საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ აზერბაიჯანული გაზის ბულგარეთისთვის საცდელი მიწოდება, ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ შემავალი „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ ბულგარეთ-საბერძნეთის ინტერკონექტორის (დამაკავშირებელი - ზ.გ.) IGB-ის გავლით. სატესტო რეჟიმში ამ მილით აირის მიწოდება 2022 წლის ივნისის ბოლომდე განხორციელდება, ხოლო 2022 წლის 2 ივლისიდან ბულგარეთში უკვე 1 მლრდ კუბ. მეტრი აირის სახელშეკრულებო მოცულობის მიწოდება დაიწყება.

აზერბაიჯანიდან გაზს, „ტრანსადრიატიკული გაზსადენით“ იტალია, საბერძნეთი და ბულგარეთი  2020 წლის 31 დეკემბრიდან იღებენ. 2021 წელს ბულგარეთში აზერბაიჯანული აირის მიწოდებამ შეადგინა მხოლოდ 250-300 მლნ კუბ. მეტრი, დაგეგმილი 1 მლრდ კუბ. მეტრის ნაცვლად. ინტერკონექტორი IGB-ის ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, იგეგმება მისი საპროექტო სიმძლავრის გაზრდა 3 მლრდ კუბ. მეტრამდე წელიწადში, რაც მართალია ევროპის გაზის მოხმარების შედარებით მცირე ნაწილია, მაგრამ გაზის ბაზარზე კონკურენციის გაზრდას რეალურად მოემსახურება.

ამრიგად, ბულგარეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის მიზეზი თვითონ რუსეთის ხელისუფლებაა, რომელმაც მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, მოითხოვა „არამეგობრული ქვეყნებისგან“ გაზის საფასურის გადახდა ახალი სქემით, უცხოური ვალუტის რუბლებში გადაცვლით. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბულგარეთმა, ეს სქემა არ მოიწონა და „გაზპრომმა“ მათ აირის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც რუსეთის გვერდის ამქცევი, ევროპული „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინტერკონექტორის - IGB-ის სრული სიმძლავრით ამოქმედება დააჩქარა.

გაზის ბაზრის დემონოპოლიზაცია დროის მოთხოვნაა

მდგრადი, ანუ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი აირის გამოყენება მთელ მსოფლიოში ამ დრომდე იმის გამო ფერხდება, რომ ბევრი პრობლემებია სატრანზიტო მილსადენების მარშრუტების კონტროლთან და მილსადენებზე წვდომასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ საკმარისადაა ისეთი იაფი, მაგრამ არაეკოლოგიური ენერგორესურსები, როგორებიცაა ქვანახშირი და ნავთობი. ამავე დროს, საქართველოში და უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიოს დაანახა, რომ ელექტრო, გაზ და ნავთობსადენები სამხედრო კონფლიქტების დროს საკმაოდ მოწყვლადია და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ენერგომომარაგების რამდენიმე წყარო.

ხმელი მერქანი, ანუ შეშა ისტორიულად და ლოგიკურად საწვავის პირველი სახეა, რომელიც ხელმისაწვდომია თითქმის ყველგან; შემდეგი - ქვანახშირი, ზოგადად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიპოვება; თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ენერგორესურსის - ნავთობის მარაგები, მე-20 საუკუნეში ასევე ათეულობით ქვეყანაში აღმოაჩინეს. ამ დროიდან, ნავთობის წარმოების კონცენტრაციამ 20-მდე სახელმწიფოს ხელში, გამოიწვია მონოპოლიის უმარტივესი ფორმის, ნავთობის საერთაშორისო კარტელის - OPEC-ის ჩამოყალიბება [გარაყანიძე ზ., პავლიაშვილი, 1]. 

ენერგორესურსების ზემოაღნიშნული სახეობებისაგან განსხვავებით, ბუნებრივი აირი, პლანეტის მხოლოდ რამდენიმე ადგილას მოიპოვება და საერთაშორისო კონფლიქტების დროს ყველაზე მოწყვლადია... ამავე დროს, ეკონომიკური თეორიის მიხედვით, მონოპოლია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფიზიკური პირები ან საწარმოები იძენენ შესაძლებლობას, რომ გააკონტროლონ გარკვეული საქონლისა თუ მომსახურების მიწოდება/შესყიდვა.

გაზის, და მისი სპეციალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, - გაზსადენების შემთხვევაში წარმოების კონცენტრაცია, ნავთობთან შედარებით, უფრო მაღალია: ისინი კონცენტრირებულია მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ხელში, რაც მონოპოლიზაციის კიდევ უფრო მაღალი დონეს იწვევს. ესაა რაღაც სრულიად ახალი რამ ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის გლობალური მექანიზმისთვის.

ბუნებრივი აირი სულ ახლახან, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, გადაიქცა საწვავის ერთ-ერთ მთავარ სახეობად. ამ საუკუნის დასაწყისში ბუნებრივი აირის დაახლოებით 88-90% გაზსადენებით მიეწოდებოდა უშუალოდ კონკრეტული მიმწოდებლიდან კონკრეტულ მომხმარებელს, დანარჩენი - ტანკერებით თხევადი (LNG) სახით. უკვე 2021 წელს, LNG გლობალური იმპორტი  საერთაშორისო LNG იმპორტიორთა ჯგუფის (GIIGNL) ანგარიშის მიხედვით, წინა წელთან გაიზარდა 4,5%-ით და 513,7 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა (ანუ 372,3 მლნ ტონას). ერთ-ერთ ბოლო კვლევაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს LNG-ზე უკვე მოდიოდა გაზის გლობალური ბაზრის დაახლოებით 40%, დანარჩენი - გაზსადენებზე. 2021 წელს LNG-ის დაახლოებით 73% (375 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 271,8 მლნ ტონა) აზიის ქვეყნებმა შეიტანეს. გარდა ამისა, მსოფლიოს LNG მოცულობის მხოლოდ 36,6% გაიყიდა სპოტ-ბაზარზე, ანუ მცირე პარტიებად, დანარჩენი - გრძელვადიანი კონტრაქტებით, რითაც თავისუფალი ფასწარმოქმნის მექანიზმი უგულებელყოფილია.

გაზის ვაჭრობის გავლენა გლობალურ და რეგიონულ დონეებზე, ანუ გეოეკონომიკური ასპექტები, უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე მსგავსი პროცესები სხვა ტიპის საწვავთან მიმართებაში. კერძოდ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ციმბირის თვალუწვდენელი სივრცეებიდან ქვეყნის ევროპულ ნაწილში, გაზის ტრანსპორტირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან დაიწყო მძლავრი მილსადენების მშენებლობა. შედეგად, მოსახლეობის გაზიფიკაციის დონით, იმდროინდელი სსრკ აღემატებოდა დღევანდელი ევროკავშირის წევრ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი. შესაბამისად, ევროპის გაზის ბაზარზე ყოფილი სსრკ 5 მძლავრი გაზსადენით იყო წარმოდგენილი, რომლებსაც  ამ საუკუნეში რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელი „ცისფერი ნაკადი“ და „თურქული ნაკადი“, ასევე რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ დაემატა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირი მრეწველობის ნედლეულია და მისი გამოყენებით გამოიმუშავებენ გლობალური ელექტროგენერაციის მეოთხედს. ის უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა საწვავია. სხვა საწვავის სახეობებთან შედარებით, მისი მოპოვების სწრაფი ზრდა დაკავშირებულია გარემოსდაცვით უპირატესობებთან, განსაკუთრებით ჰაერის სისუფთავესთან და სათბურის გაზების გამოფრქვევის შემცირებასთან, რასაც დღევანდელ ევროკავშირში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება.

ბუნებრივი აირის არა მარტო მოპოვება, არამედ მილსადენებით და ტანკერებით მისი სივრცითი ტრანსპორტირება, საკმაოდ რენტაბელური ბიზნესია. ამის გამო ევროპის გაზის ბაზრის მესამედი რუსეთს უკავია, ბევრი ქვეყანა კი მთლიანად რუსულ სახელმწიფო მონოპოლიაზე - „გაზპრომზეა“ დამოკიდებული.

აშკარად ჩანს, თუ რატომ იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე თურქეთის და გერმანიის საგარეო პოლიტიკა ასეთი ლიბერალური რუსეთისადმი - გერმანიის გაზის იმპორტში 61.9%, ხოლო თურქეთის - 58.9%  ხომ რუსული გაზია. სტატიის შესავალში ნახსენები ინტერკონექტორის - IGB-ის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემდეგ, ამ სქემიდან ბულგარეთი ამოვარდება.

რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის და 2014 წლის ნოემბრის ბოლოს აფხაზეთთან ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტები, კერძოდ ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებას გულისხმობენ. ამ „დერეფანს“ დასავლეთი „ერთ მუშტად უნდა შეეკრა“ და ის რუსულ ენერგომატარებლებზე საბედისწერო დამოკიდებულებისაგან ეხსნა, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიით საფრთხე სწორედ „დერეფანს“ შეექმნა.

საპასუხოდ, 2008 წლის ნოემბერში ბრიუსელმა „ევროკავშირის მეორე ენერგორევიუ – ენერგოუსაფრთხოებისა და სოლიდარობის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იქმნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებული მილსადენების სისტემა, ე.წ. „ტრანსევროპული ქსელი“ (TEN). ამავე დროს განისაზღვრა წევრი ქვეყნების „თამაშის საერთო წესები“ ენერგოპროექტების ირგვლივ მესამე მხარესთან მოლაპარაკებებში, ანუ შეიქმნა „საერთო ინტერესების პროექტების“ (PCI) ისეთი მექანიზმი, რომელიც წევრ ქვეყნებს ბრიუსელთან შეუთანხმებლად ენერგომომარაგებისა და ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმებას უკრძალავს. სწორედ ამ ურთიერთდაკავშირებული, საერთო ინტერესების მქონე, ერთიანი გაზის ქსელის გაძლიერებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტერკონექტორი - IGB-ის საპროექტო სიმძლავრით ამუშავება.

აზერბაიჯანის ახალი ჰორიზონტები

რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა მიწოდების გლობალური ჯაჭვები და დაასუსტა მსოფლიო ეკონომიკა, მაგრამ ეს ახალ შესაძლებლობას აძლევს აზერბაიჯანს. კერძოდ, ვინაიდან აშშ-მ და ევროპამ სანქციები დაუწესეს რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ გაზს, აზერბაიჯანს ეძლევა შანსი გაზარდოს გაზის ექსპორტი 2022 წელს და მომდევნო წლებში 3500 კილომეტრიანი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) გავლით, რომელიც გადის შვიდ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, და გაზით ამარაგებს თურქეთსა და სამხრეთ ევროპას. ამჟამად აზერბაიჯანი ევროპას 10 მლრდ კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს და 6 მლრდ კუბ. მეტრს - თურქეთს, სწორედ SGC-ის მეშვეობით აწვდის.

ევროპის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აზერბაიჯანი ასევე ამუშავებს ორ ახალ გაზის საბადოს და ღიაა ინვესტიციებისთვის SGC-ის სიმძლავრის გასაფართოებლად, კერძოდ, დამატებითი საკომპრესორო სადგურების დაყენებით, შესაძლებელი იქნება გაზის ნაკადის გაორმაგება. თუმცა, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპიდან „შემცირებულმა ინვესტირებამ“ შესაძლოა შეანელოს ქვეყნის ძალისხმევა მიწოდების გასაზრდელად.

2022 წლის ივნისის პირველ კვირაში, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა აბუდაბიში გამართულ მსოფლიო კონგრესს განუცხადა: „ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკომისიასთან… ჩვენ ვმუშაობთ, რომ შედარებით მოკლე დროში განვაახლოთ ეს ინფრასტრუქტურა და შემდგომ გავზარდოთ ევროპის ენერგომომარაგება ბუნებრივი აირის თვალსაზრისით“.

2022 წლის ზაფხულის დადგომისთანავე ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენი დროებით დაიხურა (ივნისის ბოლომდე) და ნავთობი გადაიტვირთა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ნავთობის გადამისამართება ჯეიჰანში გააძლიერებს თურქეთის სატრანზიტო პოზიციას, რადგან ის ასევე ატარებს SGC-ის შუა ნაწილს, - „ტრანსანატოლიურ“ ბუნებრივი აირის მილსადენს. ცვლილებებია ტრანსპორტის სხვა მარშრუტებშიც.

კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკინიგზო ხაზი ჩინეთიდან თურქეთამდე, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "შუა დერეფანი", გვერდს უვლის რუსეთს და აკავშირებს ჩინეთს სტამბულთან რკინიგზით ყაზახეთის გავლით - შემდეგ აზერბაიჯანთან კასპიის ზღვის გავლით, და შემდგომში, რკინიგზით  საქართველოს გავლით თურქეთთან. მარშრუტმა, რომელსაც ჯერ სრულად არ გამოუყენებია თავისი პოტენციალი, შესაძლოა საბოლოოდ კარგი შანსი მიიღოს, რადგან 2022 წელს გადაზიდვები ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით 2021 წელთან შედარებით ექვსჯერ გაიზრდება. 2022 წლის აპრილში, გადამზიდავმა კომპანია Maersk-მა გამოაცხადა განახლებული სარკინიგზო სერვისის დაწყება მომხმარებელთა მუდმივად ცვალებადი მიწოდების ჯაჭვის საჭიროებების საპასუხოდ „ამ რთულ დროში.“ ახალი სარკინიგზო სერვისი ამუშავდა 2022 წლის 13 აპრილს ჩინური სიანიდან (Xi'an) გერმანიამდე.

სხვა რეგიონალური გადაზიდვის ვარიანტებია დასავლეთთან ავღანეთის და თურქმენეთის დაკავშირება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ე. წ. "ლაპის ლაზულის დერეფნით" და მარშრუტი აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით თურქეთში, ზანგეზურის დერეფნით. თუმცა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება ამ მარშრუტის განხორციელების დაგვიანება გამოიწვიოს.

უახლოეს მომავალში აზერბაიჯანს შეიძლება გაუჩნდეს კიდევ ერთი კარგი შანსი. საქმე ისაა, რომ ყაზახეთმა განაცხადა 2023 წელს ბუნებრივი აირის ექსპორტის შეჩერების შესახებ შიდა მოთხოვნის გაზრდის გამო. ბაქოს ახლა შეუძლია ბრიუსელს შესთავაზოს დახმარება ევროპის ენერგეტიკული მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად და შესყიდვის მრავალათეულწლიანი ხელშეკრულების გაფორმება, რათა უზრუნველყოს დაფინანსება SGC-ის გაფართოებისთვის.

მეტიც, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ და მისი ინტერკონექტორის - IGB-ის სრულად შესავსებად, აზერბაიჯანი მზად არის გაზარდოს გაზის მიწოდება ახალი მარშრუტით, რათა დაეხმაროს კონტინენტს, თავი დააღწიოს რუსეთზე დამოკიდებულებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2022 წლის 1 ივნისს Energy Week-ზე, ბაქოში გამოსვლისას და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს პოტენციურ მომხმარებლებთან.

ეს საქართველოსთვისაც მომგებიანია, ვინაიდან არსებული ხელშეკრულებების თანახმად 2026 წლამდე საქართველო, გატარებული ტრანზიტის საფასურად, იღებს აზერბაიჯანული აირის 5%-ს უფასოდ, და 5%-ს შეღავათიან ფასად.

აზერბაიჯანული გაზი, წელიწადში10 მლრდ კუბ. მეტრის ოდენობით, 2020 წლის 31 დეკემბრიდან მიეწოდება იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს. ამჟამად, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, BP-მ, აზერბაიჯანის SOCAR-მა და „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) სხვა აქციონერებმა გადაწყვიტეს სისტემის სიმძლავრის გაფართოება, - პოტენციურად კიდევ 10 მლრდ კუბ. მეტრით წელიწადში, რათა მოხდეს  ევროპულ ბაზრებზე გაზის დამატებითი მიწოდება. „იმის გათვალისწინებით, რომ ახლა არის ახალი გამოწვევები და ახალი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველებთან“, - განაცხადა ი. ალიევმა. თუმცა, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა, იმავე Energy Week-ზე შეხვედრებისას განაცხადეს, რომ ქვეყნის ექსპორტის გაფართოებას დასჭირდება ახალი ინვესტიციები და კონტრაქტები, - იტყობინება S&P Global .

აღნიშნული პერსპექტივის შედეგად „...გაიზრდება „სამხრეთის გაზის დერეფნის“ როლი, გაიზრდება ექსპორტი და ამ მიზნების მისაღწევად მიმდინარეობს მუშაობა ფინანსური ინსტიტუტებთან ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ჰარი ჯონსმა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის BP-ის პრეზიდენტმა ამ ღონისძიებაზე.

პროფესორმა ბრენდა შაფერმა, კასპიის ენერგეტიკისა და ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტმა, „სამხრეთის გაზის დერეფანი“ (SGC) აღწერა, როგორც მასშტაბირებადი და განმარტა, რომ მისი გაფართოება შესაძლებელია დაბალი ღირებულებით, რათა გაორმაგდეს მისი დღევანდელი სიმძლავრე. „ევროპის ბუნებრივი გაზის ბაზარზე დროებით არ არის სწრაფი განვითარება, მაგრამ ზრდა მალე გაგრძელდება, რაც შექმნის მოთხოვნის სტაბილურ წყაროს დამატებითი გაზის მიწოდებაზე“, - თქვა ბ. შაფერმა.

ერთის მხრივ, მზარდმა ევროპულმა მოთხოვნამ შეიძლება მალე გახადოს საჭირო „დერეფნის“ (SGC) გაფართოება, მაგრამ მეორე საკითხია - რამდენი გაზის მიწოდება შეუძლია აზერბაიჯანს მილსადენების შესავსებად და რამდენად სწრაფად. სულ მცირე, აზერბაიჯანს დასჭირდება მოპოვების მნიშვნელოვანი გაზრდა. სავარაუდოდ, საჭირო იქნება TotalEnergies-ის მიერ ოპერირებად „აფშერონის“ საბადოზე მოპოვების ზრდა წელიწადში 5-6 მლრდ კუბ. მეტრით. „აფშერონის“ პირველი 1,5 მლრდ კუბ. მეტრი სტადია ამოქმედდება 2022 წლის ბოლოს, მაგრამ ეს მიწოდება შემოიფარგლება შიდა ბაზრისთვის, სადაც მოთხოვნა სწრაფად ზრდადია. თუმცა, TotalEnergies-ს და SOCAR-ს ჯერ კიდევ არ მიუღოათ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება (FID) ამ საბადოს მეორე ფაზაზე, და ის მიღებულიც რომ იქნას უახლოეს მომავალში, როგორც წესი, პროექტებს რეგიონში ოთხი წელი სჭირდება წარმოების ფაზამდე მისაყვანად.

„აფშერონთან“ ერთად, მოპოვების ზრდა შეიძლება „ყარაბაღისა“ და „ქიაფაზის“ ნავთობისა და გაზის საბადოებზეც, ასევე „უმიდის“ საბადოზე. მაგრამ ისევ და ისევ, ამ დამატებით მიწოდებას იგივე დრო დასჭირდება წარმოების გაშვებამდე, რაც „აფშერონს“.

ამავე დროს, BP აგრძელებს ახალი ტერიტორიების შესწავლას კასპიის ზღვაზე და მისი ნებისმიერი აღმოჩენა შეიძლება ასევე იყოს დაკავშირებული გაზის ევროპაში ექსპორტთან. გასულ წელს ამ კომპანიამ და მისმა პარტნიორმა „სოკარმა“ულტრაღრმა ჭაბურღილის - „შაფაგ-ასიმანის“ სამუშაოები დაასრულეს. „სოკარის“ ინფორმაციით, ნაპოვნია გაზი და კონდენსატი. ზემოთაღნიშნულმა პარტნიორებმა ასევე 2021 წელს დაამუშავეს არაღრმა საბადო აფშერონის ნახევარკუნძულზე, თუმცა შედეგი არ გამოვლენილა და 2022 წლის აპრილში დაიწყეს მუშაობა მეორე ჭაბურღილზე. იგეგმება დამატებითი ჭაბურღილების დამუშავებაც.

„ტრანსკასპიური გაზსადენის“ პრობლემები

ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა თურქმენეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება. ამ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს „ტრანსკასპიური გაზსადენის“ გაყვანას, რომელიც აზერბაიჯანში უნდა დაუკავშირდეს „სამხრეთის გაზის დერეფანს“ (SGC).

რუსეთისა და ირანის ოპოზიციამ დიდი ხანია ჩაშალა ეს პროექტი, მიუხედავად კასპიის სტატუსზე 2018 წლის აგვისტოში მიღწეული აქტაუს ხელშეკრულებისა. ისევე როგორც კომერციულმა გამოწვევებმა გაზსადენის სიგრძის გამო და თურქმენეთის სიჯიუტემ სადაო კუნძულებზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში. თუმცა, აზერბაიჯანი და თურქმენეთი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ შემცირებული, მხოლოდ 78 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც გადატუმბავს წლიურად 5 მლრდ კუბ. მეტრ გაზს თურქმენეთის ოფშორული „მაგთიმგულის“ საბადოდან აზერბაიჯანის „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლიმდე“.

თურქმენეთს შეეძლო გამოეყენებინა გაზის მიწოდება „სვოპებით“ ირანთან და აზერბაიჯანთან, რაც უზრუნველყოფდა მიწოდებას აზერბაიჯანის ბაზრისთვის, რითაც თავის მხრივ, შეიძლება გათავისუფლდეს ადგილობრივი გაზის მოცულობები ევროპაში ექსპორტისთვის, მაგრამ ამ რეზერვს თურქმენეთის ხელისუფლება დღემდე არ იყენებს. ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ეტაპობრივად შეზღუდვა კარგი შესაძლებლობაა აზერბაიჯანისთვის, რათა მოახდინოს საკუთარი აირის ბაზრის წილის გაფართოება კონტინენტზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, რეალურად შეფასდეს, თუ რამდენად მარტივად შეუძლია ქვეყანას ამის მიღწევა.

გაზის მოპოვების პროექტების შემუშავებას ნებისმიერ ადგილას წლები სჭირდება და კასპიის ზღვაში ზოგიერთ პროექტს გაცილებით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სხვაგან, სადაც პროცესები ლოჯისტიკური საკითხების გამო გართულდა. უმთავრესი დაბრკოლებებია - გეოლოგია და რთული სამუშაო პირობები. ზღვის იურიდიულ სტატუსზე ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დავამ, რომელიც მხოლოდ 2018 წელს დასრულდა, გამარტივების ნაცვლად კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, რადგან წინ საერთო ეკოლოგიურმა მოთხოვნებმა წამოწიეს. შედეგად, შეფერხდა დიდი საბადოების ათვისება ისეთსადავო  ტერიტორიებზე, როგორიცაა მაგალითად „დოსტლიკი“, რომელზეც პრეტენზია აქვს როგორც აზერბაიჯანს, ასევე თურქმენეთს.

იმავდროულად, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში  გაზმომარაგების არაერთი  კონკურენტული პროექტი შეიმუშავეს. მაგალითად, საბერძნეთი ალექსანდროპოლისის მახლობლად უკვე მეორე, წელიწადში 5,5 მლრდ კუბ. მეტრი წარმადობის თხევადი გაზის (LNG) ტერმინალს აშენებს და იწვევს ინვესტორებს კიდევ ორი - 5,2 და 2,5 მლრდ კუბ.მეტრის წარმადობის ტერმინალების ასაგებად, რომლებიც სავარაუდოდ 2023 წელს აშენდება. ქ. ვლორაში ტერმინალის მშენებლობით ალბანეთი ცდილობს გახდეს LNG-ის იმპოტიორი, ასევე განიხილება „ისტმედის“ (EastMed) გაზსადენის პროექტი, რომელმაც შეიძლება გადატვირთოს ევროპაში წელიწადში10, ან შესაძლოა 20 მლრდ კუბ. მეტრი გაზი  ისრაელისა და კვიპროსის ოფშორული საბადოებიდან; ანუ აშკარად იკვეთება ე.წ. „ევროკავშირის მეხუთე დერეფანი“ - ისრაელის, კვიპროსის, ყატარის და ირანის გაზმომარაგების წყაროებით.

დასკვნები

ამრიგად, რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო რელიეფურად წარმოაჩინა საქართველოს გეოეკონომიკური მნიშვნელობა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ (SGC). კერძოდ:

- რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კიდევ უფრო გაიზრდება „სამხრეთის გაზის დერეფნის“ როლი და, შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისათვის;

-  კასპიისპირეთის ქვეყნებს „დერეფანი“ მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების გატანის ახალ, გაზრდილ შესაძლებლობებს მისცემს და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე;

- კარგი იქნება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში ჩართულ რკინიგზებთან, საბორნე გადასასვლელებთან და პორტებთან “ლოგისტიკური ჯაჭვის” შექმნა და ბიზნესმენებისათვის შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ ქართული დიასპორისა და დიპლომატიის წარმომადგენლები ცენტრალურ აზიაში, ჩინეთისა და ინდოეთში. უნდა მოხდეს წარმოების და გადაზიდვების მიმართულებების კომპლექსური ანალიზი და ამით პოტენციური მოსაზიდი ტვირთის, განსაკუთრებით ენერგორესურსების, დადგენა;

– ფოთის და ბათუმის პორტები 100-პროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოებია. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს გაუქმდა ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის №42 ბრძანების პირველი ნაწილი, რითაც  ნავსადგურებს მიეცათ უფლება დამოუკიდებლად განახორციელონ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ტარიფების რეგულირება, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია პარტნიორის უფლების გამოყენება და საპორტო მომსახურების სატარიფო განაკვეთების გადახედვა მათი შემცირების მიზნით, რათა ისინი შავი ზღვის თურქული და რუსული პორტების ტარიფებთან შედარებით, კონკურენტუნარიანი გახდნენ;

– საქართველოს პორტებმა უნდა მოახდინონ ტვირთბრუნვის უფრო მეტად დივერსიფიცირება, რათა მათ პერსპექტივაში შეძლონ  ნავთობის და ნავთობპროდუქტების მზარდი გადაზიდვების ჰარმონიზაცია “მშრალი ტვირთებისა” და კონტეინერების გადაზიდვებთან.