ოპოზიცია უყურებს იმას, თუ რას ეტყვის რომელიღაცა უცხო პარლამენტის წევრი, რას ეტყვის ელჩი და ა.შ. ამაზეა დღეს მთელი რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკა აწყობილი, მაგრამ ჩავიდნენ ხალხთან, რეგიონში და ელაპარაკონ ქართველ ხალხს,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები პირდაპირ გვეუბნებიან იმას, რაც ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ისინი ატარებენ თავისი ქვეყნის ინტერესს, თუმცა, ოპოზიციას ამის გაგება არ სურს.
„მე ჩემს კოლეგებთან ერთად დღეს ვართ შირაქის ველზე, დედოფლისწყაროში. ოპოზიცია დღეს არის: გახარია ბერლინში, „ნაცები" ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი - სად და ზოგი - სად, თუმცა, არ არიან ქართველ ხალხთან. დადიან სხვებთან, მაგრამ არა ქართველ ხალხთან. უნდათ, რომ იყვნენ კომფორტში და ასფალტზე. ჩავიდნენ ხალხთან, რეგიონში და ელაპარაკონ ქართველ ხალხს. უყურებენ იმას თუ რას ეტყვის რომელიღაცა უცხო პარლამენტის წევრი, რას ეტყვის ელჩი და ა.შ. ამაზეა დღეს მთელი რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკა აწყობილი.
ეს არის ფუნდამენტური კრიზისი რადიკალური ოპოზიციის, რომ დღეს 30 წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში მივიღეთ ისეთი გარემოება, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია უყურებს არა ხალხს და ქვეყანას, არამედ იყურება გარეთ, თუ რას ეტყვის სხვა ხალხების რჩეულები, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებიან იმას, რაც ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ისინი ატარებენ თავისი ქვეყნის ინტერესს. გერმანიის ელჩი აქ არ ატარებს საქართველოს ინტერესს, ის ატარებს გერმანიის ინტერესს. ინგლისის ელჩი აქ საქართველოს ინტერესების გასატარებლად არ არის, ის აქ ჩამოსულია ბრიტანეთის ინტერესების გასატარებლად.
როგორც კი სასწორზე გერმანიის და საქართველოს ინტერესები დადგება, გერმანიის ელჩი აირჩევს გერმანიის ინტერესს. ჩვენ ვნახეთ ეს უკვე. რატომ ითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესში და ამით დაზიანდება ქართველი ხალხი, რატომ იყო მაინც ზეწოლა?! იმიტომ, რომ ისინი არ უყურებენ ქართველი ხალხის ინტერესებს. როცა სასწორზე დგას ქართველი და უკრაინელი ხალხის ინტერესი, ირჩევენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს. როცა დგას ქართველი თუ გერმანელი ხალხის ინტერესი, ირჩევენ გერმანელი ხალხის ინტერესს და ეს არ უნდა, რომ შეიგნოს ზოგიერთმა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ იქ, სადაც ისინი ტრიალებენ, იქ არ არის საუბარი საქართველოს ინტერესებზე, იქ საუბარია მათი ქვეყნების ინტერესებზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.