"ნებისმიერ ფაქტსა და მოვლენას შეიძლება ახსნა მოუძებნო, მაგრამ მე მაფიქრებს ერთი რამ. ამ რგოლის გავრცელების შემდეგ მომხდარი ტერაქტი. დრო საკმაოდ მცირე იყო, დილით გავრცელდა ვიდეო და რამდენიმე საათში ტერაქტიც მოხდა, ეს საეჭვოა, მაგრამ მე ვფიქრობ ერთ რამეზე და ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. თუ ჩემი ეჭვი გამართლდა, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არსებობს ქსელი და აქ ერთ კონკრეტულ დამნაშავესთან არ გვაქვს საქმე. შესაძლოა, ეს იყოს თალიბების მოკავშირეების მიერ გაკეთებული საქართველოდან. ჩვენ გვაქვს მოდელირებული "ქრონიკა 2"-თან საქმე. პირველ შემთხვევაში ვიცოდით ვინ იყო ავტორი, მეორე შემთხვევაში ავტორი უცნობია. რატომ წელავს ღარიბაშვილი გამოძიებას? ეს ვიდეო თუ ინტერნეტ-კაფედან არის ატვირთული, ამის დადგენა, თუ ვინ ატვირთა, არ არის მარტივი. საუბარია იმაზე, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული და დღეს რატომ არ ვიცით პასუხი. ჩემთვის, მაგალითად, თუ კვირისთვის არ გახდა ცნობილი ეს ყველაფერი, მაშინ გამიჩნდება ეჭვი", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "საქმეში "ეფბიაი" არის ჩართული და საქართველოს ხელისუფლება რომც ეცადოს კვალის დამალვას, მაინც ვერ მოახერხებს".
"იმის ეჭვი გამიჩნდება, რომ ან ვერ იპოვეს პირი, ვინც ატვირთა, ან ეს იყო დღევანდელი სახელისუფლებო გუნდის რომელიმე წევრი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ასეთი ფორმით შეექმნა აჟიოტაჟი, აღმოაჩინეს ის და არ უნდათ მისი გამჟღავნება. თუმცა ამ ამბის ასეთ ფინალს მე ნამდვილად არ ველოდები. საქმეში "ეფბიაი" არის ჩართული და საქართველოს ხელისუფლება რომც ეცადოს კვალის დამალვას, მაინც ვერ მოახერხებს. თუმცა პრობლემა მე მაინც უფრო ღრმა მგონია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. "ეფბიაისთან" ერთად, ამ საქმეში ჩართულია ისრაელის ელექტრონული დაზვერვის სამსახური, რომელიც უკომპრომისოა. აქედან გამომდინარე მე გამიჩნდება ეჭვი, რომ ჩემი ვერსია სწორია და, რომ ვიდეორგოლის შემქმნელსა და ავღანეთში ტერაქტის მომწყობს შორის კავშირია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის ისლამისტური ორგანიზაცია. თუ ჩემი ეჭვი მართალია, ვიდეოს სცენარი მოფიქრებული და დაწერილი აშკარად სხვაგან არის, კონსტრუქცია და დრამატურგია აქაური გაკეთებული მგონია, კავკასიაში, ან საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში არის ისლამის ორი ტრადიციული მიმართულება - სუნიზმი და შიიზმი. ორივე იყო გადაჯაჭვული აქაურ წეს-ჩვეულებასთან და ტრადიციებთან. 2005 წლამდე შემოსული ისლამი, რომელსაც ჩვენ ვაჰაბისტებს ვეძახით, მხოლოდ პანკისის ხეობაში იყო. ახლა უკვე ქვემო ქართლშიც საკმაოდ კარგად აქვთ ფეხი მოკიდებული. დღეს ეს ყველაფერი არ არის საფრთხის შემცველი. რომ ვთქვა ხვალ ტერაქტი მოხდება-მეთქი, ეს, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ჯერ ეს ძალები დაკავებული არიან თავისი გავლენების გადანაწილებით, გაძლიერებით, მორწმუნეების მოზიდვითა და საგანმანათლებლო სისტემის შექმნით. როდესაც ამას მორჩებიან და საქართველოს ტერიტორიაზე ირანი და აზერბაიჯანი "ომს" დაამთავრებს, როდესაც ერთმანეთში მორჩებიან მორწმუნეების გონების "მოპოვებას", აი, ხიფათი მერე იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მთავარია, ვიცოდეთ, რა არის მათი მთავარი მიზანი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს. ხელისუფლებამ პირველ რიგში ისეთი სტრუქტურა უნდა შექმნას, რომლის ფუნქციაც იქნება სიტუაციის შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების მიცემა. მერე უნდა შეიქმნას პარალელურად მეორე სტრუქტურა თვითონ ხელისუფლებაში, რომელიც შეისწავლის ვითარებას, რომ შევაჩეროთ არატრადიციული ისლამის შემოსვლა საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, ეს პროცესი, რასაც ჰქვია ისლამის გააქტიურება საქართველოში, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. აქამდეც უნდა დაწყებულიყო ეს პროცესები. ახლა დაგვიანებულიც კია", - დასძენს მამუკა არეშიძე.