„ნატო ნამდვილად შეიცვლება და აღარ იქნება ის, რაც უკრაინის  ომამადე იყო“

„ნატო ნამდვილად შეიცვლება და აღარ იქნება ის, რაც უკრაინის  ომამადე იყო“

„ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას ოპოზიციამ მალევე მოუძებნა სახელი - „ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ პროპაგანდაზე დაჯდა და ისტორიული სამიტის წინ ნატოს ეუბნება, რომ სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიდგენს ქვეყანა, ნატოს წევრობა არ იქნება“.

რეალურად კი, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მოტივაციაა გახდეს ნატო-ს წევრი, თუმცა აქვე დასძინა, რომ გაწევრიანება მხოლოდ საქართველოს სურვილზე არაა, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ არსებობს პროექტი, რომლის თანახმად მე-5 მუხლი არ უნდა გავრცელდეს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე მანამ, სანამ ისინი ნატოს წევრი არ გახდებიან. საქართველოს ხელისუფლება კი, ამ პროექტს არ განიხილავს. თუმცა, ეს პრეცედენტული პროექტი თავის დროზე გავრცელდა გერმანიაზე. აღმოსავლეთ გერმანია ნატოში დასავლეთ გერმანიის გარეშე მიიღეს. ასევე იყო კვიპროსის შემთხვევაშიც. როგორ შეიძლება გავიგოთ ეს მესიჯი - ჯერ ტერიტორული მთლიანობა და შემდეგ ნატო-ს წევრობა - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გენერალ-მაიორს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველს, ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.

ბატონო ვახტანგ, თქვენ როგორ გაიგეთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარს მხოლოდ ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის შემდეგ შეძლებს? როგორ შეიძლება გავიგოთ ეს მესიჯი - ჯერ ტერიტორული მთლიანობა და შემდეგ ნატო-ს წევრობა?

ვახტანგ კაპანაძე: ორი საკითხია, იყო ვარიანტი, რომელიც ითვალისწინება შემდეგს - ნატოში მიღების შემთხვევაში მე-5 მუხლი არ გავრცელებულიყო აფხაზეთზე და ოსეთზე. ანუ, ამ ვარიანტზე უარს ვამბობთ?

ამას, ალბათ, თავად პრემიერ-მინისტრი დააზუსტებს...

- რა თქმა უნდა, ჩვენ განცხადებული გვაქვს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღვადგინოთ ტერიტორული მთლიანობის საკითხი, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ გამორიცხავს, რომ შენ არ უნდა იყო მზად იგივე პროვოკაციებისგან, რაც შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან განხორციელდეს. გარდა ამისა, თვითონ ნატოში გაწევრიანება არის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არაა მხოლოდ შედეგი, ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ამავე დროს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის ომის შემდეგ ნატო, ის ნატო აღარ იქნება, რაც აქამდე იყო და შეიძლება იყოს ცოტა უფრო აქტიური საქართველოს მიმართ. ასე რომ, დასრულებული სახით არ მაქვს ჩამოყალიბებული ხედვა.

მე, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ არის ორი მომენტი - დიახ, სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, რომ უპირველეს ყოვლისა მშვიდობიანი გზით ეცდება თავისი პრობლემების გადაწყვეტას, ანუ სამხედრო ძალის გამოყენება მისი პრიორიტეტი არ არის და მეორე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ნატოსთან აქტიური მუშაობა. რა ფორმით და როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ამის წინასწარმეტყველება ნამდვილად ძნელია იმიტომ, რომ ნატო ნამდვილად შეიცვლება და აღარ იქნება ის, რაც იყო უკრაინის ომამადე.

შეცვლილი ნატო როგორი შეიძლება იყოს?

- შეცვლილი ნატო იქნება ისეთი, როგორიც იყო 90-იან წლებში, როდესაც იყო უფრო აქტიური, გამბედავი, მოქნილი და მხარდამჭერი, ვიდრე ბოლო პერიოდში, როდესაც იყო ძალიან ტლანქი, მოუქნელი და ნაკლებად ღია.

გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი, ეს დამოკიდებულია მხოლოდ ქვეყნის სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე, თუ გადამწყვეტია სტრატეგიული პარტნიორების გადაწყვეტილება, რომლებიც არ იცვლიან პოზიციას? რამდენიმე წლის შემდეგ აღიარა რასმუსენმა, რომ 2008 წელს დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს მაპი და თქვა, რომ მაშინ წინააღმდეგი იყო გერმანია და საფრანგეთი...

- აბსოლუტურად კომპლექსური საკითხია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. შენც უნდა იყო მზად და ნატოც, რომ მიგიღოს. ნატო ერთი ქვეყანა არ არის, 30 ქვეყანაა და, როდესაც ვამბობ ნატოს აქტიურობაზე, აქ მთავარია ნატომ წევრი ქვეყნები ცოტა მეტად გახადოს პროაქტიური და უფრო სწრაფად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება თვითონ იმ საკითხს, უნდა შეიქმნას გარემოება და ამისთვის მზად უნდა იყოს საქართველო და ნატო - ნატოსკენ მიმავალ გზაზე ჩვენი გაჩერება არ შეიძლება, მუდმივად წინ უნდა ვიაროთ. ჩვენი გაჩერება პაუზას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ჩვენს უკან წამოსვლას. ამიტომ მუდმივად უნდა ვიყოთ მოძრაობაში.

დღეს ამ გზაზე გაჩერებული ვართ?

- ასე ვიტყოდი - გაჩერებული არ ვართ, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ. ასევე ვისურვებდი, რომ ნატოც უფრო აქტიური იყოს ჩვენს მიმართ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე, უდავოდ სწორია, რომ ჩვენ იარაღზე ვამბობთ უარს, მაგრამ ამის რესურსი გვაქვს კი დღეს?

- ამაში ახალი არაფერია. 2008 წლიდან გვაქვს გამოცხადებული, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტავთ ტერიტორიულ პრობლემას. ამდენად, აფხაზებისთვის და ოსებისთვის ახალი ამბავი არ იქნება. მე უფრო მგონია, რომ ამ მიმართულებით და განსაკუთრებით აფხაზეთის მიმართულებით, ქმედითი იქნება ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავხდეთ ევროკავშირთან დაახლოებული ქვეყანა, რაც ახალგაზრდა თაობას მისცემს საშუალებას, გავიდეს ევროპაში, ნახოს მსოფლიო და არ იყოს რუსეთზე მიჯაჭვული.

ეჭვი მეპარება, რომ ეს ეფექტური იქნება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იმიტომ, რომ იქ არც რაოდენობაა ისეთი და განწყობაც ცოტა სხვანაირია. მაგრამ აფხაზეთის მიმართულებით შეიძლება ნამდვილად იმუშაოს ამ საკითხებმა და, რა თქმა უნდა, აუცილებელია ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთთან ვისაუბროთ რუსეთის შუამავლობის გარეშე.