ჩაფლავებული ევროპერსპექტივა და იარლიყების ომი ქართულ პოლიტიკაში

ჩაფლავებული ევროპერსპექტივა და იარლიყების ომი ქართულ პოლიტიკაში

მოხდა ის, რასაც ბევრი ელოდა. ევროკომისიამ მორიგი ბუნდოვანი პასუხით გამოისტუმრა ევროპულ ოჯახში ყოფნის მოსურნე და მოიმედე საქართველო. მართალია, ეს ვერდიქტი საბოლოო არაა და საკითხის გარკვევამდე კიდევ დარჩა რამდენიმე დღე, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე შეიცვალოს. პასუხი, რომელიც ჩვენ გაგვცეს, ფორმით და შინაარსით ძალიან ჰგავს მოსამართლის ფრაზას ცნობილი ქართული ფილმიდან - „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. ალბათ, გახსოვთ: კითხვაზე, გვითხარი, ქალი გვეკუთვნის თუ არაო, მისი პოზიცია ასეთია, - გეკუთვნით, როგორ არ გეკუთვნით, მაგრამა, არ გეკუთვნითო…

დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, რა მოლოდინები არსებობდა ამასთან დაკავშირებით. არც ის ვიცი, რაიმე კვლევა ჩატარდა თუ არა. ლოგიკურად, ალბათ, როგორც ხდება – ყველანაირი. მავანს საერთოდ არ აინტერესებს, რა გეზს აიღებს ქვეყანა მომავალში, მავანი პესიმისტურად იყო განწყობილი. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ტრადიციულად, ჩრდილოური ვექტორის ერთგული, სამღვდელოების დიდი ნაწილის ჩათვლით, გახარებულია, რომ „გარყვნილმა ევროპამ“ კარი კი არ გაგვიღო, შიგნიდან ჯაჭვით დაბმული დატოვა და დაგვამუნათა, – ხანდახან ღრიჭოში შემოიჭყიტეთ და თუ ჭკვიანად მოიქცევით, სულ შემოგიშვებთო. უმრავლესობა კი, ბუნებრივია, მწარედაა იმედგაცრუებული.

საკუთარ მოლოდინზეც ვიტყვი მოკლედ: მე მოქალაქეების იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ვისაც, უფრო შინაგან სურვილზე, ვიდრე რეალობაზე დაყრდნობით, ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ევროპული არეოპაგი შემაფარხებელ გარემოებებს გვერდზე გადადებდა და ჩვენთან დაკავშირებით წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებდა, - ჯერ არ ხართ მზად, მაგრამ ურთულესი მომენტის სპეციფიკიდან გამომდინარე, თქვენს თხოვნას ვაკმაყოფილებთო.

როდესაც კარზე ავდარსა და ხრიოკებში ნახეტიალები, დაღლილი და არაქათგამოცლილი მგზავრი მოგადგება და თავშესაფარს გთხოვს, ლოგიკურად, უნდა შეუშვა, დააპურო, დასვენების და ფეხზე დადგომის შესაძლებლობა მისცე. შენ ახლა კართან მოიცადე, ტალახი და მტვერი ჩამოიფერთხე, თავი მოიწესრიგე და მერე ისევ დარეკე ზარიო, მთლად სამართლიანად ვერ გამოიყურება. ამდენად, იმათი იმედგაცრუებაც იოლი ასახსნელია, ვინც ამ გადაწყვეტილებას იმედით უყურებდა და თვლიდა, რომ იგი ჩიხური სიტუაციიდან ქვეყნის გამოსვლის ყველაზე ოპტიმალური გზა იყო.

თითქოსდა, დასავლეთის ამგვარ მიდგომაში არაფერია ახალი და მოულოდნელი. რაც საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის უარს გვეუბნებიან და სიტყვიერი დაპირებით გვკვებავენ. ასე იყო ნატოსთან მიმართებითაც, როცა წლების განმავლობაში ვლოღნეთ „მაპზე უკეთესის“ საწოვარა. როგორც გავლენიან ჩინოვნიკთა პერიოდულად განახლებადი განცხადებებიდან ირკვევა, ნატოს კარი ჩვენთვის დღემდე ღიაა. ასევე ღიაა ევროპული თანამეგობრობის კარი. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ წლებია, ამ ორივე ღია კარის წინ გამჭოლ ქარში ვტრიალებთ და შესვლა ვერ მოგვიხერხებია. ეს ბუნებრივად აჩენს ნიჰილიზმსა და აპათიას, პოლიტიკური სპეკულაციებისა და ატროფირებული წარმოდგენების საფუძველს დასავლეთის პოლიტიკისა და რეალური მიზნების მიმართ. შესაბამისად - იგი წამახალისებელი ფაქტორია ქვეყანაში ბლომად არსებული აგენტურის, საეკლესიო პროპაგანდით დაბნეული თუ მოწოდებით დესტრუქციული ელემენტებისთვის.

არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ დისკურსზე. ადამიანები ხშირად იშვერენ ხელს სხვისკენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შინაგანად გრძნობენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არაა. მე თუ არა, მაშინ იმას რატომ - აი, უნივერსალური არგუმენტი, რომელიც ყოველთვის შეიძლება აღმართო გადაულახავ ბარიერად საკუთარი პოზიციების დაცვის ფრონტზე. მით უმეტეს, თუ ასეთი დაშვებისა და შედარებისთვის საფუძველი ობიექტურად არსებობს. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ასეა.

ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო პერიოდამდე ევროპულ წრეებში საქართველოს საკითხი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, პაკეტში განიხილებოდა, თანაც - ჩვენ ვითვლებოდით უპირობო ლიდერად წაყენებული მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით. შეიძლება ცოტა იუმორისტულად ჟღერდეს, მაგრამ იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობა იყო დემოკრატიული რეფორმების კუთხით ზემოთ დასახელებულ ორ ქვეყანაში, თუ ისინი ჩვენც კი ჩამოგვრჩებოდნენ. უშუალოდ რეკომენდაციების შემუშავების პროცესში ევროკომისია, რატომღაც, დიფერენცირებულად მიუდგა საკითხს, დაშალა პაკეტური ფორმატი და ცალკე გამოჰყო საქართველო, როგორც ჯგუფის აუტსაიდერი, რომელმაც ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ევროპულ ოჯახში ყოფნის უფლება მოიპოვოს. მოდი, ნუ ჩავეკირკიტებით ტერმინოლოგიურად, რა სხვაობაა კანდიდატის სტატუსსა და პერსპექტივას შორის. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, თუ ობიექტურ კრიტერიუმებზე მიდგება საქმე, სამივე ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტებისგან. გამოქვეყნდა და უკვე უკვე ცნობილია, რა მოთხოვნები დაუყენა მათ ბრიუსელმა მომდევნო ნაბიჯების გადადგმამდე. ისინი, პრაქტიკულად, იდენტურია. ასეც რომ არ იყოს, ვის აქვს იმის ილუზია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დემოკრატიის სარბიელზე უსეინ ბოლტივით აკრიბეს სპრინტერული სისწრაფე და ზედ ფინიშის ხაზთან ჩამოგვიტოვეს უკან? ისედაც ხომ ცხადია, რომ მათთან დაკავშირებით ევროპამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენზე კი, ამჯერად, თავი შეიკავა. ამდენად, ბრმა არავინ არაა, შედარება ყველას შეუძლია და კითხვას - თუ ჩვენ არა, მაშინ ისინი როგორ? - საფუძველი ნამდვილად გააჩნია.

დავწერე ეს სტრიქონები და წინასწარ წარმოვიდგინე, როგორი იქნება ამ კითხვაზე სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება-სიმპათიის მქონე და პლატფორმაზე მდგომი ადამიანების რეაქცია, განსაკუთრებით იმათი, ვისაც სიღმისეული ანალიზი ეზარება (ან არ შეუძლია) და ყველაფერს მარტივი პასუხით ხსნის, - აბა რას ელოდით, პროპუტინურ ხელისუფლებას ტაშისკვრით მიიღებდნენ ევროპულ ოჯახში? ქვემოთ ვეცდები, ამ კითხვებსა და შაბლონურ ვერდიქტებზე არგუმენტირებულად გავცე პასუხი.

რამდენადაც თვალი მივადევნე, ყველაზე კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ჩაიხსნა საქართველო სამვაგონიანი მატარებლიდან, გადაწყვეტილებაზე გავლენის მქონე ევროპელ ლიდერთაგან საფრანგეთის პრეზიდენტმა დაასახელა და აქცენტი გეოპოლიტიკაზე გაამახვილა. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს არგუმენტი თითიდანაა გამოწოვილი და დეკლარირებული პოზიციის ახსნის („გაპრავების“) არადამაჯერებელ მცდელობას წარმოადგენს. პირველ რიგში, იმის გამო, რომ განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის მდებარეობა ადრე არასოდეს განხილულა დამაბრკოლებელ გარემოებად და მაკრონმა უკანასკნელ მომენტში შემოაგდო დღის წესრიგში. ასეც რომ არ იყოს, მაშინ, ლოგიკურად, აუხსნელია, რას ემყარება ჩვენი დაიმედება და კანდიდატის სტატუსის მომავალში მიღების პერსპექტივა? რა, გეოპოლიტიკა ცვალებადი კატეგორიაა? ხვალ-ზეგ, როცა სამოსნობიდან ხუთოსნობამდე ავმაღლდებით, კავკასიის ურთულეს რეგიონში აღარ ვიქნებით? სხვა ჩრდილოელი მეზობელი გვეყოლება? ამ მეზობელს რამე განსხვავებული ინტერესები ექნება? ცხადია, არა. ლოგიკურად, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ან ისევ უარი უნდა გვითხრან, ან პოლიტიკური დისკურსიდან გამომდინარე მიიღონ განსხვავებული გადაწყვეტილება, რისი გაკეთება დღესაც თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა თავი შეიკავეს.

ნურავინ ჩათვლის, რომ ამ თეორიული განსჯის მიღმა ევროპის შეფარული, ან ღია ლანძღვა იგულისხმება. ამგვარ რამეს ზარბაზანის ლულაში ჩატენვისა და კამჩატკის მიმართულებით გასროლის მუქარითაც ვერავინ მაიძულებს. შეიძლება სხვაზე უკეთ არა, მაგრამ ნაკლებად ნამდვილად არ მესმის ევროპული ორიენტაციის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. სანამ კავკასიონის გადაღმა, „ხაზარეთიდგან ვიდრე ბნელეთადმდე“ ახლანდელი რეჟიმი ბატონობს, ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით აგრესიის მოლოდინის რეჟიმში. ეს რეჟიმი კი იქ კიდევ დიდხანს იქნება, უბრალოდ, ახლანდელ პუტინს ვინმე სხვა პუტინი შეცვლის, იმას - კიდევ სხვა და ა.შ - აზროვნებისა და სახელმწიფოებრივი არსებობის ძირითადი პრინციპების შეცვლის გარეშე. დასავლეთს ქართული პოლიტიკური აზრი ყოველთვის განიხილავდა, როგორც უსაფრთხოების კუნძულს და არა მხოლოდ. ეს არის სივრცე, რომელშიც აკუმულირებულია ყველაფერი საუკეთესო, რაც დღემდე შეუქმნია კაცობრიობას აზროვნების სფეროში, სივრცე, რომელიც თანაბრად იძლევა მიღებისა და გაცემის შესაძლებლობას, სადაც მაქსიმალურად გრძნობ თავს დაზღვეულად რაგინდარა რისკებისგან. არასოდეს მესმოდა იმ ადამიანებისა, რომლებიც გნებავთ ყალბი, გნებავთ გულწრფელი მოსაზრებით უარყოფენ ევროპულ მისწრაფებას კავკასიური, წმინდად ქართული ფენომენის წინ წამოწევის ხარჯზე. არა იმიტომ, რომ კავკასიური სპეციფიკა არ არსებობს, ან ვერ ვხედავ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ჩვენი ეროვნული ხასიათი ყველაზე ორგანულად სწორედ ევროპულ სივრცეში იგრძნობს თავს. სწორედ აქაა სამოქალაქო ურთიერთობებში ცივილიზებული სტანდარტების დამკვიდრების გარანტია. აქ შეგვიძლია თავი ჩავთვალოთ, არა როგორც მხოლოდ სტუმარმა, არამედ მასპინძელმაც, მიმღებმაც და გამცემმაც, რაც თავის დროზე ზუსტად ჩამოაყალიბა დამფუძნებელი კრების წინაში წარნოთქმულ სიტყვაში ნოე ჟორდანიამ. ცხადია, არსებობს გარკვეული დისკომფორტი და შეუთავსებლობა ტრადიციულ წარმოდგენებსა და ევროპული ოჯახის მიერ სავალდებულოდ დამკვიდრებულ ზოგიერთ სტანდარტს შორის, მაგრამ არ ღირს მათთვის დრამატული მნიშვნელობის მინიჭება. ჩვენ ვერ ამოვვარდებით ცივილიზებული სამყაროს მიერ გაკვალული კალაპოტიდან. რაც უნდა მჯიღები იბაგუნონ მკერდზე მავანთა და მავანთა, ქართველობას გვართმევენო, - ჩვენთვის მახლობელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროპაში ბევრად მეტია, ვიდრე მიუღებელი. ამდენად - ამ ორ ცნებას შორის ორგანული წინააღმდეგობა არ არსებობს და თუ ვინმე ცდილობს მის გამოჩხრეკას, ეს მცდელობა ერთდროულადაა ხელოვნურიც, უპერსპექტივოც და უსუსურიც.

დღეს ქართული საზოგადოებრივი აზრი იმისი გარკვევას ცდილობს, ვინ არის მომხდარში დამნაშავე. ამ თემაზე იწერება ბეჭდურ მედიაში, საუბრობენ ტელეეთერით, კამათობენ სოციალურ ქსელში. როგორც წესი (ეროვნული მენტალობიდან გამომდინარე, რა არის ამაში გასაოცარი), მიდის ერთმანეთზე გადაბრალება და ხელების შეხოცვა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფრის მიზეზი ოპოზიციის მავნებლური საქმიანობაა, რამაც მაქსიმალურად დააზიანა ქვეყნის იმიჯი დასავლეთში. ოპოზიცია ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და მთლიანად მას აკისრებს პასუხისმგებლობას. ამგვარ ტალღაზეა მომართული საზოგადოებრივი აზრიც, რომლის ძირითადი ნაწილი სწორედ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებისგან შედგება. ბევრად მცირეა ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც პრობლემას კომპლექსურად განიხილავს და თვლის, რომ ამგვარი შედეგის დადგომაში საკუთარი წვლილი, ზემოთ დასახელებულ ფაქტორებთან ერთად, შეიტანა საზოგადოების ინდიფერენტულობამ და ევროპული პოლიტიკის მამების არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ. თქვენი მონა-მორჩილი სწორედ ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება და ვეცდები, ქვემოთ თანმიმდევრულად განვმარტო ჩემი პოზიცია.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ვსაუბრობ ე.წ. პაკეტურ პასუხისმგებლობაზე, ქვეყანაში არსებული მახინჯი პოლიტიკური ველია, რომელსაც ერთნაირი წარმატებით ამკვიდრებენ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც. მე, ცხადია, არ მაქვს აფთიაქის ზემგრძნობიარე სასწორი, მილიგრამის მეათასედებში გავარკვიო, ვინ რამდენს მიჰქარავს ქვეყნის წინაშე, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, აქვს კი ამის დაზუსტებას პრინციპული მნიშვნელობა? ცვლის რაიმეს ეს პროცენტები? არა მგონია! ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების უმთავრესი მიზანი, განურჩევლად იმისა, ვინ რას ქადაგებს საჯაროდ, არის არა ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების რეალურად მოგვარება, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება (მმართველი გუნდისთვის) ან დაბრუნება (ოპოზიციის, პირველ რიგში - ნაცმოძრაობის მიერ). ეს არის იმდენად ავადმყოფური ფორმით გამოხატული პროცესი, რომ მას, უბრალოდ, სურვილსაც ვერ დავარქმევ. ეს უფრო ცხოველური ჟინია, კიდევ უფრო - ხოში, თითქოს საქმე მამის დანატოვარ ქონებას ეხებოდეს, რომელიც მავანმა რაღაც მაქინაციებით ჩაიგდო ხელში და იმას, ვინც დაკარგა, ყველა საშუალებით სურს დაიბრუნოს. როგორ და რა გზით, მნიშვნელობა არ აქვს. ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, პოლიტიკაში ყველანაირი მეთოდი მოსულა. ერთი მხრივ, ქვეყნის ქეჩოში მოჯდომას ლამობს ყოფილი სახელისუფლებო გუნდი, რომელიც, საცა სამართალია, თხუნელასავით უნდა იმალებოდეს მიწაში და სირცხვილით გარეთ ცხვირს ვერ ჰყოფდეს, მეორე მხრივ კი ხელისუფლებად წოდებული, რაღაც ამორფულ-ეკლექტური კრებული, რომელიც, წესით, 2016 წელს, პირველივე საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გაგვეშვა სახლში. არადა, არც ერთი ეს ძალა არსად წასვლას არ აპირებს, ოკუპირებული აქვთ პოლიტიკური ველი და ყველაზე დიდს, რასაც საკუთარი არსებობით აშავებენ, არის ის, რომ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს უკარგავენ გონივრული არჩევანის შესაძლებლობას.

ამასთან, მესმის და სრულად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა მაინც მმართველ გუნდზეა. „ოცნება“ დღეს ხელისუფლებაშია. ფაქტია, ამას იგი ჯერ კიდევ ახერხებს საარჩევნოდ ბევრად მეტი მხარდამჭერის მობილიზებით (ხშირად არაკანონიერი მეთოდებითაც, რისთვისაც შემოქმედებითად ითვისებს და ხვეწს წინამორბედთა მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიებს), მაგრამ ჯიუტად არ სურს გააცნობიეროს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არა მარტო კომფორტია, არამედ დიდ პასუხისმგებლობასთანაცაა დაკავშირებული. ჩვენ, მოქალაქეებს, არანაირად არ გვაკმაყოფილებს ზედაპირული განმარტებები და იმის კონსტატაცია, რომ ლეგალური ოპოზიცია და წინა ხელისუფლების ქვეყნიდან გაქცეული მხარდამჭერები დასავლეთში საქმეს გვიფუჭებენ, წყალს ამღვრევენ და სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ ირჯებიან. ხელისუფლება იმისი ხელისუფლებაა, რომ ყოველივე ამას მოუაროს, სიტუაცია დაარეგულიროს, ფიარი სათანადო დონეზე დააყენოს და იზრუნოს, რომ უცხოელ პარტნიორებს ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე. როცა ჩვენი მომავლის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად აისახება სახელისუფლებო ღონისძიებები ევროპულ სარკეში და ამას ვერ აღწევს, ნიშნავს თუ არა, რომ იგი, სულ მცირე, არაეფექტურია?

ამ სტატიის სათაურში შემთხვევით არ მიხსენებია იარლიყების ომი. ორივე მხარე დღეს სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული. კაცმა რომ თქვას, ეს სიახლეც არაა და, უკვე, წლებია, გრძელდება. უბრალოდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მან ახალი მუხტი შეიძინა და დიაპაზონი გაიფართოვა. არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას არ შეუძლიათ, რაიმე ახალი შესთავაზონ მოსახლეობას. იდეებსა და მიდგომებზე აღარ ვსაუბრობ. იმ პერსონათა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს, კუდის რიკამდეა მოყირჭებული და გაკოტრებული. იმისათვის, რომ კვლავ ზედაპირზე იტივტივონ, მათ მხოლოდ ერთი გაცვეთილი მეთოდი დარჩათ, - საზოგადოება პერიოდულად უნდა კვებონ სკანდალებით, ჭორებით, ინსინუაციებით, მიაწებონ ოპონენტებს იარლიყები, ხმის ჩახლეჩამდე ამტკიცონ საკუთარი ქალწულობა და განუზომელი დამსახურება ქვეყნის წინაშე. ეს ტენდენცია სხვადასხვაგვარი პერიოდში არაერთგვაროვანი ინტენსივობით პულსირებს. ხან შედარებით მიინავლება, ხან კი, პოლიტიკურად აქტიურ სეზონზე, უფრო მწვავედ იჩენს თავს.

ახლა სწორედ ასეთი სეზონია, რომლის შინაარსს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ორი პროცესი განაპირობებს, - ბევრად უფრო რეზონანსული, ომი უკრაინაში და შედარებით ნაკლებად რეზონანსული - სამი ქვეყნის ევროპერსპექტივასთან დაკავშირებული განხილვები.

ამ ფონზე ახალი დატვირთვა შეიძინეს იარლიყების ომის ძველმა და ახალმა ელემენტებმა. მათი შინაარსი, მოკლედ, ასეთია: ოპოზიცია გულმოდგინედ გაიძახის, რომ საქართველოს ჰყავს პროპუტინური ხელისუფლება და იგი მას თანმიმდევრულად აბრუნებს რუსეთის გავლენის სფეროში. თანაც, საუბრობენ არა გარედან შანტაჟსა და იძულებით ნაბიჯებზე, არამედ სრულიად გამიზნულ კურსზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატიო.

თავის მხრივ, 24 თებერვლის შემდეგ ხელისუფლების მთავარი ფიარსლოგანი გახდა იმის მტკიცება, რომ იგი მშვიდობას იცავს, ოპოზიცია კი ყველა ხერხით ცდილობს, ქვეყანა ომში ჩაითრიოს. აქაც, ისე როგორც ოპონენტების შემთხვევაში, აქცენტი გადააქვთ შეგნებულ, მიზანმიმართულ მცდელობაზე, რაც ასევე ღალატადაა მიჩნეული. არის კიდევ ერთი მსგავსება. თუ ხელისუფლების შემთხვევაში დამკვეთად კრემლი გამოჰყავთ, ოპოზიციის შემთხვევაში ხელს იშვერენ ზოგიერთი ევროპული სტრუქტურისკენ, განსაკუთრებით ევროპარლამენტისკენ, ასევე, ბევრი გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსის მიმართულებით, რომლებსაც, თითქოსდა, სურთ, რომ საქართველო ჩათრეული აღმოჩნდეს სამხედრო კონფლიქტში.

მოკლედ, ჩვენ ყოფილებსა და ახლანდელებს თუ დავუჯერებთ, საბრალო საქართველო სულ მოღალატეებით ყოფილა დასახლებული და მათი ისტორიული მისიაა, გვიხსნან ამ ტოტალური შეთქმულებისგან.

საინტერესოა, რომ ასე მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები არ ფიქრობენ. პოლიტიკურ სამზარეულოებში მომზადებული რეცეპტები და იარლიყები ავტომატურად ვრცელდება ფანკლუბებში და შეიძლება ითქვას, უკვე გასცდა კიდეც ამა თუ იმ ძალის მხარდამჭერთა ბანაკებს. მე საქართველოში არ ვიმყოფები, შორიდან ვადევნებ თვალს პროცესებს და ინფორმაციას, ძირითადად, სოცქსელიდან ვიღებ. სწორედ ამ ქსელის განწყობათა ანალიზი მეტყველებს, რომ ოპონენტთა გასაშავებლად შემუშავებული კლიშეების გამზიარებელთა სოციალური სტრატიგრაფია გასცდა პარტიულ ფარგლებს და და ერთგვარ ინტერპარტიულ კატეგორიად ჩამოყალიბდა. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, იზრდება ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვისაც ყოფილი ხელისუფლებისადმი სიმპათიას ვერავინ დააბრალებს, მაგრამ უშეღავათოდ და ჰიპერკრიტიკულად არიან განწყობილი მეოცნებეთა მიმართ, როგორც თვითონ აცხადებენ, ღიად გაცხადებული პრორუსულობის გამო.

პირადად, მე, ასეთ მიდგომებს სერიოზულად ვერ განვიხილავ. იმის მტკიცება, რომ კრემლი ივანიშვილის ხელით მართავს მოღალატე ხელისუფლებას, ისევე არასერიოზულად მიმაჩნია, როგორც ბრალდება, თითქოს ოპოზიცია საქართველოს ომში ჩაბმისკენ უბიძგებს. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს თემის უტრირებასთან, პრიმიტიულ და დემაგოგიურ ფიართან, თუმცა, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მათი სიცოცხლისუნარიანობა სწორედ ჩანაფიქრის პრიმიტიულობაშია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბევრად მარტივად აიხსნება და შეთქმულებათა თითიდან გამოწოვილი თეორიების ჩხრეკა ისეთივე სისულელეა, როგორც ჩინური ანდაზის შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში. მთელი ეს პრიმიტიული კაკაფონია ორგანულად ზის პოლიტიკური ბრძოლის ქართულ სქემაში, რის თაობაზეც ზემოთაც აღვნიშნე. დაპირისპირებული მხარეები დიდი მონდომებით და ერთნაირი წარმატებით უგორებენ ერთმანეთს შავ ფიარს. არავინ სერიოზულად არ ფიქრობს, ვის და რისთვის შეიძლება სურდეს ომი. ოპოზიციის წარმომადგენლებიც ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან, ჰყავთ ოჯახები, მშობლები, მეუღლეები, შთამომავლობა - ბოლოს და ბოლოს. არავის არ აქვს სურვილი, რომ მათ თავზე რუსული რაკეტები, ან ვაკუუმური ბომბები აცვიოდეს. არავის არ აქვს იმისი გარანტია, რომ რომელიმე მათგანი უვნებლად გადაურჩება იმ ჯოჯოხეთს, რისი სურათებიც სულ რაღაც ორი თვის წინ ვიხილეთ უკრაინის ქალაქებში. პირიქით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ტერიტორიულად პატარა ქვეყანაა და, უკრაინის მსგავსად, არ გააჩნია სტრატეგიული სივრცე (აღარაფერს ვამბობ თავდაცვისათვის აუცილებელი სხვა, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების სიმწირეზე), ჩვენს თავზე დატეხილი განსაცდელი ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. ეს უკანასკნელ შლეგსაც კი ესმის. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთმა თავგახურებულმა „ვაშკაცმა“ (მაგ. მაჯის საათის ცნობილმა ფიგურანტმა ჭიაბერაშვილმა და კიდევ რამდენიმემ ყოფილი ხელისუფლების ბანაკიდან) ღიად გააკეთა ასეთი განცხადება, ესეც შაურიანი ფიარია და ნამდვილად არ ღირს მათი არც განზოგადება, არც სერიოზულად აღქმა. მით უმეტეს, სისულელეა იმისი მტკიცება, რომ ჩვენი სტრატეგიული დასავლელი პარტნიორები ცდილობენ საქართველოს ომში ჩაბმას. თუმცა, ამ თვალსაზრისით, არსებობენ უსიამოვნო გამონაკლისებიც. აქ მხოლოდ რამდენიმე უპასუხისმგებლო უკრაინელი პოლიტიკოსს (არახამია, არესტოვიჩი, პოდოლიაკი…) როდი ვგულისხმობ. მხედველობაში მაქვს საკმაოდ მაღალი რანგის, თუმცა მაინც მეორე ეშელონის ევროპელი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც მართლა შეიძლება აღვიქვათ, როგორც საქართველოს წაქეზება რაიმე ტიპის ესკალაციისკენ. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სამწუხაროდ, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების საქციელი არანაირად არ თავდება არც მეგობრულ ურთიერთობებში და არც დიპლომატიურ ეტიკეტში. ვფიქრობ, გაღიზიანება, რომელიც მათ გაუაზრებელ მოწოდებებს მოჰყვა საქართველოში, სრულიად სამართლიანია, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, არც ამ თემის ზედმეტად დრამატიზება ღირს.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ოპოზიციის ფიარ-აქცია, ძირითადად, ევროპის პოლიტიკურ აუდიტორიაზეა გამიზნული და ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი შიდა აუდიტორიაზე ახდენს ფოკუსირებას. ვინ უფრო ეფექტიანად ირჯება ამ დაპირისპირებაში? ვფიქრობ, ალბათ, მაინც ხელისუფლება. მთავრობის პრორუსულობაზე აპელირება ქართულ მიზნობრივ ჯგუფებზე ნაკლებად მოქმედებს. ვინც ივანიშვილი+კომპანიის წინააღმდეგია, იმათ დამატებითი არგუმენტი ისედაც არ სჭირდებათ. უმრავლესობას ამ მტკიცებისა საერთოდ არ სჯერა და ტრადიციულად პრორუსული ელემენტი, ვისაც დასავლეთთან ინტეგრაციის გაგონებაც არ სურს, პირიქით, შეიძლება ხელისუფლების სასარგებლოდაც კი განაწყოს (თემატურად, ამ ნაწილში მაინც). აი, ხელისუფლების მიერ წამოწეული სლოგანი კი, მასაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ბევრად უფრო მგრძნობიარეა. ომი ნამდვილად არავის უნდა. ჯერ კიდევ ცოცხალია 14 წლის წინანდელი ასოციაციები. თუ ამას უკრაინის მოვლენებიდან ცნობილ და ყველასთვის ხელმისაწვდომ კადრებს დავუმატებთ (მარიუპოლი, ბუჩა, ხარკოვი, ხერსონი, იზიუმი, სევეროდონეცკი და ა.შ), მაშინ იოლი მისახვედრია, რომ ომის მომხრეებად მიჩნეულ პოლიტიკურ ძალებს ობივატელურ დონეზე არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ იარლიყების ომით საგარეო ასპარეზზე შელახული იმიჯის კომპენსირება ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო ქვეყნის შიგნით. ეს მას ნამდვილად შეუძლია ჩაითვალოს აქტივში, თუმცა საკითხავი ისაა, ქვეყანას რა ინდიხურმა ამით? ხალხი რატომ უნდა უყურებდეს ამ ჟონგლიორობას, რასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს სახელმწიფოსთვის?

საგანგებოდ მინდა შევეხო ე.წ. ივანიშვილის რუსოლიგარქობასა და მის მიერ რუსული ინტერესების ღიად ლობირების საკითხს, რომელიც ძირითადი ელემენტია ოპოზიციის მიერ ორკესტრირებული ბრალდებების ნუსხაში. არც ამ თემაზე გავამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ თვალის ვერ დავუხუჭვავ ორ გარემოებას. ჯერ ერთი, ასე ძალიან ბევრი ვინმე ფიქრობს და მეორეც - ვინც ასე ფიქრობს, ყველა არაა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან მარგინალური ელემენტი. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ვერც პატრიოტიზმს დაუწუნებ, ვერც განათლება-ინტელექტსა და ანალიტიკური აზროვნების უნარს. და მაინც, ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ესეც თითიდან გამოწოვილი თემაა. საქართველოში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს პრორუსული, მით უმეტეს, მოღალატე და კრემლის ინტერესების ღიად გამტარებელი ხელისუფლება. კოლექტიური დასავლეთის, პირველ რიგში კი შეერთებული შტატების გავლენა იმდენად მყარია, იგი საფუძველშივე გამორიცხავს სხვაგვარ მოცემულობას. დიდხანს ვეძებე შესატყვისი ტერმინი, რომელიც ზუსტად გამოხატავს ამ ბრალდების შინაარსს, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ ტრადიციულ არასერიოზულზე შევჩერდი. დიახ, ფაქტია, რომ ივანიშვილი მკაფიოდ გამოკვეთილი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. დიახ, სწორედ მისი მეშვეობით გახდა შესაძლებელი ნახევრად ფაშისტური ჰაბიტუსის მქონე რეჟიმის უსისხლო დემონტაჟი. დიახ, ოფიციალური სტატუსის არქონის მიუხედავად, იგი უზარმაზარ გავლენას ახდენს სახელისუფლებო კურსის ფორმირებაზე. დიახ, მას აქვს გარკვეული ინტერესები და შესატყვისი ინსტრუმენტები, მათ შორის, - პოლიტიკურიც. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ინტერესთა განხორციელებისას იგი ყოველთვის რჩება კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში, თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია. მაგრამ იმისი მტკიცება, რომ ეს პიროვნება მოღალატეა და კრემლის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, მოკლებულია ლოგიკასაც და საღ აზრსაც. პირველ რიგში, ეს საქართველოს ასეულათასობით მოქალაქის შეურაცხყოფაა, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირა მის ინიციატივებს და, სერიოზული იმედგაცრუების მიუხედავად, ჯერ კიდევ განაგრძობს თანადგომას (თუ რატომ, სხვა თემაა, ამაზე ქვემოთ). ამასთან, ამგვარი განცხადება არასერიოზულად წარმოაჩენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, პირველ რიგში კი, შტატების როლსა და მისიას რეგიონში. კარგად ყოფილა საქმე, თუ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ელჩთა თვალწინ ერთი ოლიგარქი ღიად ახერხებს რუსეთის ინტერესთა ლობირებას და ისინი ამას ვერ ამჩნევენ. სინამდვილეში, საელჩოებს სრული ინფორმაცია აქვთ ქართული პოლიტიკის ზედაპირულ და წყალქვეშა დინებებზე. ისინი ხშირად და საკმაოდ ხისტად რეაგირებენ იმაზე, რასაც კრიტიკულად აფასებენ. მათი შეფასებები და რეკომენდაციები, როგორც წესი, ეხება არა ხელისუფლების სტრატეგიული კურსის ცვლილებას (სიტყვაზე, პროდასავლურიდან პროკრემლისტურისკენ), არამედ შიდა დემოკრატიისა და აუცილებლად გასატარებელი რეფორმების საჭირბოროტო საკითხებს, რაშიც ჩვენი ხელისუფლება სერიოზულად სცოდავს. ის გარემოება, რომ ივანიშვილის ხელის ბიჭები (დაბლ-ირაკლის ტანდემი) ზოგჯერ ჯიუტობენ და მკვეთრ განცხადებებს აკეთებენ დასავლეთის მისამართით, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი (ზოდად, ხელისუფლება) ამოვარდა პროდასავლური დისკურსიდან. მეტსაც ვიტყვი, ეს საერთოდ არაა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა და „პროკრემლისტური რეჟიმის“ მიერ დამკვიდრებული სიახლე. ძალიან კარგად მახსოვს ყოფილი პრეზიდენტის მიერ 2013 წლამდე გაკეთებული არაერთი ხისტი განცხადება სწორედ დასავლელი პარტნიორების მისამართით, როდესაც ისინი, დღევანდელის მსგავსად, კრიტიკულად განიხილავდნენ იმჟამინდელი ხელისუფლების ზოგ ნაბიჯს და ზემოდან შესასრულებლად არასასიამოვნო რეკომენდაციებსაც მოაყოლებდნენ გარნირად. თუ სააკაშვილის ნათქვამი - ელჩებმა თავის საქმეს მიხედონ და ჭკუას ნუ გვასწავლიან, ჩვენ უკეთ ვიცით, რა არის ამ ქვეყნისთვის საჭიროო - არ ნიშნავდა (და არც ვინმეს ჩაუთვლია) სტრატეგიული კურსიდან გადახვევად, ასევე, არ ნიშნავს ამას დღეს. ასეა ობიექტურად და თუ ვინმე სხვაგვარად აფასებს, ეს მისი პრობლემაა. შეუძლიათ, დადგნენ და იძახონ ნიკულინის პერსონაჟივით - „ეტო, კაკ ევო ტამ, ვოლიუნტარიზმ“.

პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ივანიშვილი პუტინის გაცხადებული აგენტი და ხელისუფლება, ასევე, ღიად პრორუსული კურსის განმახორციელებელი, არამედ ის, რამდენადაა კომფორტული ეს კურსი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის. საკითხის ამ ჭრილში დასმა და განხილვა კი ნამდვილად საჭიროა. მეტიც, ვფიქრობ, სერიოზული ოპოზიციის ძალისხმევა სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, თუ წინა პლანზე საქვეყნო ინტერესებს დააყენებს და არა „ვლასტის“ დაბრუნების დაუოკებელ ჟინს. როცა ხელისუფლებაში ისევ მოსვლა ავადმყოფური ხოში არაა და იგი განიხილება, როგორც ინსტრუმენტი პროგრამული მიზნების განსახორციელებლად, ამისი საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს. საკუთარ თავს (ჯერჯერობით მაინც) სწორედ ასეთად ვთვლი და ყველა მოსაზრება-შეფასების უკან, რასაც ამ საკმაოდ ვრცელ ოპუსში წაიკითხავთ, ამგვარი განწყობა ჩანს. ის, რომ ხელისუფლებას კრემლის დასმულად არ ვთვლი, როდი ნიშნავს, რომ მის პოლიტიკას უკრიტიკოდ ვიზიარებ, ნაკლოვანება-შეცდომებს ვერ ვხედავ და კრიტიკულად არ ვაფასებ, მათ შორის, სწორედ რუსული ინტერესების პრიზმაში. მინდა, რომ მსჯელობის ეს მონაკვეთი განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხოთ (თუ ვინმე საერთოდ შეიწუხებს თავს წაკითხვით) და ნუ იფიქრებთ, რომ აქ საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, ან იმის საპირისპიროს ვამტკიცებ, რასაც ზემოთ ვწერდი.

საკითხი ასე ისმის - რამდენად მისაღები და კომფორტულია ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი რუსეთისთვის? როგორ შეიძლება შეფასდეს იგი? აცნობიერებს თუ არა მმართველი გუნდი ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეებს და რას აკეთებს მათ თავიდან ასაცილებლად? რა ღონისძიებებს მიმართავს იგი დასავლეთთან ინტეგრაციის დასაჩქარებლად, რაც, იმავდროულად, რუსეთისგან დისტანცირების უპირველესი ინდიკატორია?

იმის მიუხედავად, რომ რუსეთთან მიმართებით სახელისუფლებო კურსს პრინციპულად მართებულად მივიჩნევ, ჩემი, როგორც დამკვირვებლის კრიტიკულ შეფასებათა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეხება.

პოზიციის უფრო ნათლად გადმოსაცემად, ალბათ, უპრიანია, რამდენიმე სიტყვით შევეხო რუსეთისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების თემას. მოკლედ რომ შევაფასოთ, იგი არის მოზომილი და ფრთხილი. თუ უფრო დავაზუსტებთ, - ხაზგასმულად ფრთხილი. თუ კიდევ უფრო მეტად - ზედმეტად ფრთხილი. როცა ზემოთ ამ კურსის პრინციპულად მართებულობის შესახებ დავწერე, სწორედ ეს სიფრთხილე მქონდა მხედველობაში. დიახ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ანდაზის არ იყოს, სიფრთხილეს არც თავი სტკივა და კბილებიც მთელი აქვს. ან კი როგორი უნდა იყოს ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა საქმე გლობალურ პოლიტიკურ ჭირთან გვაქვს? სხვას რას გვასწავლის ჩვენი ქვეყნის ისტორია და მწარე გამოცდილება, თუ არა სიფრთხილესა და სიფხიზლეს. ხომ ყველამ ვიცით, რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება? ხომ ვხვდებით, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში მსოფლიოს მხრიდან ჩვენი მხარდაჭერა ვერბალური გამოქომაგების იქით ვერ წავა? უკრაინის მაგალითმა ხომ ნათლად გვიჩვენა, რომ უპრეცედენტო დახმარების მიუხედავად, თვით უძლიერესი სამხედრო გაერთიანება, ნატო, ერიდება აზიელ ფანატიკოსთან დაპირისპირებაში ღიად ჩაბმას? ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ რუსეთს მომენტალურად შეუძლია მთელი ქვეყნის პარალიზება და ამისათვის სულაც არ დასჭირდება არც მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარება, არც დედაქალაქის დაკავება. ამისთვის საკმარისი იქნება ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ჯავშანტექნიკის ნახევარკილომეტრიანი მანევრი და ცენტრალური ტრასის გადაკეტვა, რის შედეგადაც ქვეყანა ერთმანეთთან ფიზიკური კომუნიკაციის გარეშე დარჩენილ ორ ნაწილად გაითიშება. ქვეყანას, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი საერთაშორისო სამართალი და და საგარეო პოლიტიკას ისევ მთავარ სვიატოსლავის ცნობილი ფორმულით ახორციელებს („მოვდივარ თქვენზე!“) არც რაიმე საბაბი სჭირდება ამის გასაკეთებლად. მოიფიქრებს როგორმე რამეს, გლაივიცის სინდრომი ჯერ კიდევ აქტუალურია პოლიტიკაში. რა შორს წავიდეთ, გადაგვხდა თუ არა იგივე თავს 2008 წელს? არ ვიყავით პრინციპილად მართალი კრემლთან დაპირისპირებაში? ჩვენი მიზეზით დაიწყო ესკალაცია რეგიონში? განსხვავება მხოლოდ ისაა, მაშინდელმა ხელისუფლებამ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა და, კაცმა რომ თქვას, ამ შემთხვევაშიც კი ვერ აიცილებდა თავიდან კატასტროფულ შედეგს. ვინ ან რა შეუშლის ხელს პუტინს, დღესაც გაიმეოროს იგივე, მით უმეტეს, 2008 წლისგან განსხვავებით, უფრო მაღალ ფეხებზე დგას და მეტის გამბედავია, თანაც, არაპროგნოზირებადი და გაღიზიანებული უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩავარდნის გამო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ ხელისუფლება ფრთხილობს და ცდილობს, ზედმეტად არ გააღიზიანოს კრემლი. ზედმეტად-მეთქი, როცა ვწერ, ვგულისხმობ, რომ მთლად გაუღიზიანებლადაც არ გამოვა საქმე. არსებობს საერთაშორისო კონიუნქტურა, სტრატეგიული პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები და მეგობარი ქვეყნის მორალური მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელსაც გვერდი ვერ აევლება. როგორც ცნობილია, აბსოლუტურად ყველა ცნობილ საერთაშორისო სტრუქტურაში საქართველომ უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ობიექტურად, კრემლს უკვე საკმარისი მიზეზი აქვს გასაღიზიანებლად. ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლების კურსი შეიძლება შეფასდეს ლენინური ფორმულირებით - ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, ოღონდ შებრუნებული პროპორციით, - ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან. ეს აბსოლუტურად გასაგები პოზიციაა და თუ მის ჩამოყალიბებაზე ივანიშვილმა მოახდინა ზემოქმედება, ამისთვის მოღალატედ შერაცხვა და საყვედური ნამდვილად არ ეკუთვნის.

თუ პრინციპულად იზიარებ, მაშინ კრიტიკულად რას და როგორ აფასებო, - მკითხავთ ალბათ.

როცა ჩემს პიროვნულ, კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ვწერ, სტრატეგიული კურსისა და ტაქტიკის მიმართება მაქვს მხედველობაში.

უფრო კონკრეტულად, სტრატეგიული სიფრთხილის კურსი არ გულისხმობს თავის მომკვდარუნებას, სილაში თავის ჩარგვასა და, ზოგადად, პლინტუსქვეშეთში ჩაბარგებას. ამ კურსსაც აქვს თავისი შიდა ამპლიტუდა, ასე ვთქვათ, ზედა და ქვედა ზღვარი, რომელიც მოქნილი ლავირების მდიდარ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ქვედა ზღვარი აირჩია, რაც პუბლიცისტიკაში სირაქლემას სინდრომის სახელითაა ცნობილი. არადა, ზედა ზღვრამდე ბალანსირება ზედმეტი რისკის გარეშე სრულიად შესაძლებელი იყო, რაც ქვეყანას ძალიან წაადგებოდა დასავლელი პარტნიორების (განსაკუთრებით, - ევროსტრუქტურების) თვალში სახის შესანარჩუნებლად და ააცილებდა, ან - მინიმუმამდე დაიყვანდა შიდა ოპოზიციის არაჯანსაღი თავდასხმებისგან მიყენებულ რეპუტაციულ ზიანს. ამას კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების წინ. ხელისუფლებამ ეს შანსი ვერ გამოყენა. მან აშკარად წააგო ბინძური მეთოდებით წარმართული ფიარომი საერთაშორისო ასპარეზზე. წააგო იმით, რომ დასაწყისშივე სრულიად გაუგებარი, ხისტი (მე ვიტყოდი - მკვახე) ფორმით განაცხადა არა მხოლოდ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე მიუერთებლობის (აი, ვინ ეზიდებოდა ენაზე), არამედ ამ სანქციების საერთოდ მიზანშეწონილობის შესახებ (ენით აუწერელი სიბრიყვეა). იმითაც წააგო, რომ სიტყვიერად თანხმობა განაცხადა ქართული კომპანიების მიერ რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე (კიდევ უფრო მეტი სიბრიყვე, მით უმეტეს, საქმე სიტყვას არ გასცილებია). მაღალი თანამდებობის პირებმა აშკარად დააგვიანეს უკრაინაში ვიზიტი, მაშინ, როცა ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი პირადად ჩავიდა ომისგან განადგურებულ ქალაქებში. ხელისუფლებამ ზედმეტი და არაჯანსაღი რეაგირება გამოამჟღავნა რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის სრულიად გაუაზრებელ, არაობიექტურ განცხადებასა და შეფასებაზე და ბოლოს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ეროვნულ თავმოყვარეობაზე აპელირებით, ლამის, ღიად დაიწყო დასავლეთის გინება. ერთი სიტყვით, ძალიან გადაამლაშა. ვფიქრობ, უფრო მოქნილად შეიძლებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის, როგორც დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენება, რაც არა თუ გააკეთეს, პირიქით, პროტოკოლის მომიზეზებით, ყველა შესაძლო ხერხით შეუშალეს ხელი ევროპულ ვიზიტებში.

შედეგი ცნობილია. ევროკომისიამ პაკეტიდან ამოგვიღო და დსთ-ის წევრი, ნახევრად კომუნისტური მოლდოვას უკან დაგვაყენა, რომლის პროდასავლურობა მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ მაია სანდუს პერსონალურ იმიჯს ემყარება. რაც უნდა დიდი იყოს ჩვენი ოპოზიციის მავნებლური საქმიანობის მასშტაბი, ზემოთაც აღვნიშნე, ამ შედეგზე ძირითადი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებაზეა.

აქ მხოლოდ ის ფაქტორები აღვნიშნე, რომლებმაც, კონკრეტულად, ბოლო ორ თვეში იჩინა თავი. თუ უფრო გლობალურად შევხედავთ, გასაკრიტიკებელი ბევრად მეტია და უფრო მნიშვნელოვანიც. ხელისუფლების მიერ არჩეული პასიური ლოდინის პოლიტიკის ძირითადი მინუსი დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით სრული უმოქმედობა, ან პალიატიური ღონისძიებებია. ჩამოვთვლი რამდენიმე ძირითადს: იმის მიუხედავად, რომ გამამტყუნებელი განაჩენებისა და გადაწყვეტილებების პროცენტი საერთო რიცხვში ბევრად შემცირდა, დამოუკიდებელი სასამართლო ჯერ კიდევ არ გვაქვს. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უამრავი ხარვეზია პოლიციის სისტემაში. მართალია, ძველებური განუკითხაობა აღარაა და გელაშვილის მსგავსად ოპონენტებს შუა ქალაქში ფიზიკურად არ უსწორდებიან, მაგრამ ეს ვერაფერი შვილი შეღავათია. ფაქტია, ძალოვნები ჯერ კიდევ ვერ ელევიან წინა ხელისუფლების მიერ გატესტილ და დამკვიდრებულ მეთოდებს. ფაქტია ისიც, რომ არ აღმოფხვრილა შერჩევითი სამართალი და ისევ უხუჭავენ თვალს „საკუთარი ძაღლიშვილებს“ (სხვა რა უნდა იფიქრო, როცა პროკურორი მინისტრს სარდაფში სცემს, სხვა მინისტრი ციხეში არალეგალურად შედის პატიმართან მოლაპარაკებაზე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პირდაპირ ხალიჩაზე უსწორდება კასტეტით სპორტსმენს, ჩინოვნიკები თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უზარმაზარ ქონებას აგროვებენ და ამ დროს მართლმსაჯულება დუმს). ქაოსია განათლების სიტემასა და ჯანდაცვაში და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, პრაქტიკულად, შეჩერდა შეიარაღებული ძალების მშენებლობა. ამისი მთავარი ინდიკატორი მარტო ის კი არაა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა, არამედ ისიც, რომ არაფერი კეთდება თანამედროვე ჰაერსაწინაღმდეგო სისტემების შესაძენად, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალი კომუნიკაციების მშენებლობის კუთხით. თუ ვინმე შემეპასუხება და მეტყვის, კეზერაშვილივით მილიარდებს მაინც არ იპარავენო, მარტივად ვუპასუხებ - დიახ, არ იპარავენ, მაგრამ თავდაცვის საჭიროებებისთვის ეს ვერაფერი შვილი შეღავათია. სხვათა შორის, თავდაცვის სამინისტროში იარაღით ვაჭრობის სკანდალური თემაც დღემდე ტაბუირებულია, ხოლო ოპერის მეგობარი კეზერაშვილი არა პატიმარი, არამედ მედიამაგნატი.

დიახ, ეს ყველაფერი აქამდე უნდა გაკეთებულიყო. ცხრა წელი საკმარისი დროა პირველი შედეგების დასადებად მაინც. ძლიერი, დემოკრატიული და მიმზიდველი სახელმწიფოს შენება, დასავლეთთან ინტეგრაციის გაძლიერება, რეფორმების განხორციელება, შავი დღისთვის მზადება - ასე მესმის რუსეთის მიმართ აქტიური ლოდინის პოლიტიკა. ხელისუფლება კი, სამწუხაროდ, პასიური ლოდინის ტაქტიკას ადგას, არც დიპლომატიურად აქტიურობს და საერთოდ, ელიოზივით ელოდება ნატვრისთვალს, ანუ იმ მომენტის დადგომას, როცა საერთაშორისო პოლიტიკის რულეტზე დატრიალებული ისარი, ბოლოს და ბოლოს, ქართულ სექტორზე გაჩერდება.

კუშის მოხსნა ეგრე რომ არ ხდება, ხომ ყველამ ვიცით.

ევროსტატუსთან დაკავშირებულ პერიპეტიებში სრულიად განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს პოლიტიკური ოპოზიცია, თუმცა, მის შესახებ შედარებით მოკლედ აღვნიშნავ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის მთავარი სიმძიმე ხელისუფლებაზეა. მეორეც, - ქართულ ოპოზიციად წოდებული პანოპტიკუმისგან (ძირითადად, ყოფილ მმართველ გუნდსა და მის გამონასხლეტებს ვგულისხმობ) განსხვავებულს არაფერს ველოდი. ეს ადამიანები აბსოლუტურად არიან განძარცვული კონსტრუქციულობისგან. პოლიტიკა მათთვის სამოთხის ბაღია, სადაც შეუძლიათ ლეღვის ფოთლების გარეშე იარონ. ტახტზე დაბრუნების ავადმყოფურმა ვნებამ იმდენად დაუბანგა მათ გონება, ვეღარ არჩევენ, როდის გადადიან ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპტიმალურ მიჯნას და, რეალურად, არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ინტერესთა საწინააღმდეგო ქმედებას იწყებენ. სწორედ ასე მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ ისტორიაში. ოპოზიციონერებმა, რომ იტყვიან, რკინის ქალამნებით მოიარეს ევროპა და არა მხოლოდ აქედან გაგზავნილი “დანოსებით”, არამედ ადგილზე ჩატანილი “ლაივინფორმაციით” ყველაფერი იღონეს მისი იმიჯის გასაშავებლად. არადა, სახელმწიფოებრივი პასუხისმგელობის მქონე ადამიანები სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ. არავინ მოითხოვს მათგან ხელისუფლების თანადგომას. სულ მცირე, ის მაინც უნდა გაეკეთებინათ, რომ ევროპელი პარტნიორები საკითხის დადებითად გადაჭრის მხარდასაჭერად განეწყოთ. ის მაინც უნდა გაეკეთებინათ, ევროკომისია დაერწმუნებინათ, - საქართველოს ხელისუფლება ჩვენი შიდა პრობლემაა და თვითონ მოვუვლით, ოღონდ თქვენ ახლა ისტორიულ შანსზე უარს ნუ გვეტყვითო. ცხადია, ისინი ამას არ იზამდნენ. კანდიდატის სტატუსის მონიჭება ხომ შეუდარებლად გაამყარებდა ხელისუფლების რეპუტაციას მოსახლეობის თვალში და მინიმუმამდე დაიყვანდა ხელისუფლებაში მობრუნების მათ ისედაც მიზერულ შანსს. ამიტომ მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცნენ და სხვაგვარად არც შეეძლოთ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფოთა დედაქალაქებში გაკეთებული ყველა კრიტიკული, არსებითად, დეზინფორმაციული განცხადების უკან მათი ხელწერა იკითხება.

მოლოდინი, რომ ევროპა დაარღვევდა არსებულ უსიამოვნო ტრადიციას და ამჯერად მაინც მაინც მოახდენდა ადექვატურ რეაგირებას ქართულ საკითხზე, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ეს პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის პრობლემასთან. ვინც ისტორიაში ჩახედულია და უახლოესი, ან ერთი საუკუნის წინანდელი მოვლენების გახსენება შეუძლია, მისთვის ამ შედეგში გასაკვირი არაფერია. ბებერი კონტინენტის პოლიტიკური აზრი ყოველთვის დიდ ანგარიშს უწევდა აღმოსავლელი მეზობლის ინტერესებს. ამის უკან ხან ერთიანი რუსეთის აღდგენის გეგმა იდგა, ხან პერესტროიკის მხარდაჭერა და ხან რუსულ ენერგომატარებლებზე ქრონიკული დამოკიდებულება. ბარიერი არც ამჯერად აღმოჩნდა იოლი დასაძლევი, იმის მიუხედავად, რომ ასეთი მასშტაბის იზოლაციაში კრემლი მანამდე არასოდეს მოქცეულა. ცხადია, ევროპა ერთგვაროვანი არაა და იქაც არსებობს შიდაა წინააღმდეგობებზე, ან სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დამყარებული განსხვავებანი, მათ შორის, რუსეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ტრადიციულად მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი, კუდმოქიცინე საფრანგეთისა და გერმანიის გვერდით სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ბრიტანეთის, პოლონეთის, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების რადიკალური დაჯგუფება, თუმცა ქართული საკითხის განხილვაზე ამან გავლენა მაინც ვერ მოახდინა. მოსაზრება, თითქოს ამისი მიზეზი ჩვენი ხელისუფლების პრორუსული კურსია, დამაჯერებლად არ გამოიყურება. ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ უნდა იყონ პრომოსკოვურად განწყობილი პარიზი და ბერლინი უარყოფითად განწყობილი ქართული თემისადმი, თუ თბილისში მართლა პუტინის ემისრები სხედან ხელისუფლებაში? ან, საერთოდ, რატომ წარადგინეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუ მათი ფარული მიზანი რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებაა? უახლესი წარსული რომ გავიხსენოთ, ლოგიკურად ისმის კითხვა - რატომ გვითხრეს უარი, თუნდაც, ამ თხუთმეტი წლის წინ, როცა, მათი აზრით, საქართველოს რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ხელისუფლება ჰყავდა და გადაწყვეტილების მიღებაც შედარებით იოლი იყო. იმ დროისათვის ხომ ჯერ კიდევ არ არსებობდა უკრაინის პრეცედენტი და პუტინის ჯინი ჯერ კიდევ არ იყო ბოთლიდან გამოსული? ის, რომ მაშინ სხვა რეალობა იდგა, არგუმენტად არ გამოდგება. თანამედროვე მსოფლიოში რეალობა არა თუ წლების, თვეებისა და კვირეების განმავლობაშიც კი იცვლება. მიზეზი ისაა, რომ იცვლება მხოლოდ კონკრეტული დროისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა, მაგრამ არა მიდგომები. უფრო სწორად, იცვლება, მაგრამ ძალიან მძიმედ, ნელა და საქართველოსთვის ხელსაყრელი ამინდი ჯერ კიდევ არ დამდგარა. უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა, ერთდროულად, ორგვარი ზემოქმედება მოახდინა რუსეთისადმი ევროპის დამოკიდებულებაზე. თუ, ერთი მხრივ, იგი მკვეთრად რადიკალური გახდა, მეორე მხრივ, საბრძოლო მოქმედებათა გაჭიანურების კვალობაზე, საგრძნობია მისი რაც შეიძლება სწრაფად დასრულების მისწრაფება, რაც ზოგიერთი გავლენიანი, მაგრამ კონფორმისტი ლიდერის აზრით, წარმოუდგენელია კრემლის წინაშე სერიოზული დათმობის გარეშე. შემთხვევითი არაა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ დონეზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კითხვა - უკრაინას შეუძლია მშვიდობის მოპოვება, მაგრამ საკითხავია, რისი დათმობის ფასადო. რა იგულისხმება ამის უკან? ვფიქრობ, ესაა ირიბი მინიშნება უკრაინის ფინეთიზაციის პროექტზე, რაც ტერიტორიული დათმობის ხარჯზე გულისხმობს ომის დასრულებას. ირიბი იმიტომ, რომ მაღალ დიპლომატიურ დონეზე ასეთ რამეებს ღიად არავინ ამბობს. ევროპელ ლიდერებს (საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, უნგრეთს…) კი სურთ კონტინენტზე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული კრიზისის გადაჭრა, მაგრამ ისე, რომ შეუბღალავად დაიცვან მუნდირის ღირსება და თუ მოსახდენი უნდა მოხდეს, ამ შედეგამდე არა კიევზე ზეწოლით, არამედ თვითონ უკრაინის ხელისუფალთა იძულებითი არჩევანის ხარჯზე მივიდნენ. ძალაუნებურად ჩნდება ზრი, რომ ჩვენი კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის უკანასკნელი გადაწყვეტილების უკანაც ამგვარი მიდგომის კვალი იკითხება. ბებერ კონტინენტზე ბევრს ესმის, რომ პუტინი არა მხოლოდ ყირიმ-დონბასის დათმობას არ აპირებს, ასევე ეწინააღმდეგება ევროპულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრების პერსპექტივასაც და სანამ ეს საკითხი აქტუალურია, მანამ უკრაინის კრიზისის მოგვარება დღის წესრიგში ვერ დადგება. რატომღაც, მგონია, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვას პაკეტიდან ჩვენი ჩახსნა (იმედია, დროებითი), სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. ევროპაში ფიქრობენ, რომ ხვალ-ზეგ, როცა უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდებიან, სასურველია, აღარ არსებობდეს სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორი, რაზეც პუტინი განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს. მოლდოვა აქ ანგარიშში არ ითვლება. იგი ტერიტორიულად ევროპას ესაზღვრება, რუსეთთან უშუალო შეხება არ გააჩნია და სტრატეგიულად ნაკლებად მნიშვნელოვანი რეგიონია, ვიდრე წინა აზიის გასაღებად მიჩნეული საქართველო. შემთხვევითი არ მგონია, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა სწორედ განსხვავებული გეოპოლიტიკური სივრცე ახსენა, როცა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შესახებ გააკეთა კომენტარი. ცხადია, ესაა სერიოზული შეცდომა და სრულიად გაუმართლებელი დათმობა კრემლის წინაშე, რომელსაც არასოდეს ესმოდა გონივრული კომპრომისების ენა. ეს მხოლოდ გააძლიერებს მის აგრესიულ განწყობას. იმედია, ამას მალე მიხვდებიან ევროპაში. თუ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა, თუმცა არა უმაღლეს დონეზე, არა იმ წრეებში, სადაც საკითხი წყდება. ამდენად, სხვა არაფერი დაგვრჩენია, დაველოდოთ და უკეთ მოვემზადოთ იმ დროისათვის, როცა ჩვენი განაცხადის განხილვა ისევ დადგება დღის წესრიგში.

კი ბატონო, დაველოდებით. ისტორიამ და მწარე გამოცდილებამ დიდი ხნის წინ გამოგვიმუშავა სათანადო უნარი და ამ საქმეში უკვე სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა. მთავარია, ლოდინის პერიოდი მცონარობაში არ გავატაროთ და მაქსიმალურად გავისარჯოთ სასურველი შედეგის მისაღებად.

სად ვხედავ გამოსავალს?

რთული საკითხია, მარტივად არც ითქმის და ვერც გაკეთდება. თუ პრობლენას გლობალურად შევხედავთ, ქვეყანაში პოლიტიკური ველია შესაცვლელი, რომელიც უკიდურესად მახინჯია და ათასი ჯურის ნაძირალას აძლევს ზედაპირზე ტივტივის შესაძლებლობას. მეტიც, იგი, პრაქტიკულად, გამორიცხავს სისტემაში ახალი, ჯანსაღი სისხლის შესვლის შანსს. ამაში არავინაა დაინტერესებული. პირველ რიგში, ეს აწყობს ხელისუფლებას, რადგან არსებული ფორმატი მისთვის პოზიციის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. აწყობს ოპოზიციის ძირითად ნაწილსაც, რადგან რჩება პოლიტიკაში და სულ მცირე, გარანტირებული აქვს მთავარი ოპონენტის სტატუსი. მცირე გამონაკლისის გარდა, ცალკე პრობლემაა მედია, განსაკუთრებით ტელევიზიები. ისინი ამ ჭაობის გაშუქებით არიან დაკავებული და კატეგორიულად ბლოკავენ ყველანაირ სიახლეს, რომელიც ისედაც სუსტია ცალკე უფინანსობის, ცალკე თვითორგანიზების დაბალი ხარისხის გამო. მოსახლეობა, ამომრჩეველი, ვისაც, წესით, მეყსეულად შეუძლია ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, ტრადიციულად ინდიფერენტული და დაბალი სამოქალაქო კულტურის მატარებელია. მესმის, რომ ეს საკითხები ერთბაშად ვერ გადაიჭრება და მანამდე სხვა, ტაქტიკური ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ქვეყნის წინაშე, თუნდაც, მინიმალური პასუხისმგებლობის მქონე ადამინებისთვის კი, თავისუფალი არჩევანი ძნელი გასაკეთებელია. როცა ჩვენნაირ ქვეყანაში ხელისუფლება ათი წელი არ იცვლება, ეს ანომალიაა. ასე იყო 2004-2013 წლებში და, თვისობრივი სხვაობის მიუხედავად, იგივეა ახლაც. ამომრჩეველი, რომელიც ურნასთან მივა სიახლის მხარდასაჭერად, ბიულეტენის ჩაგდებამდე ასჯერ უნდა დაფიქრდეს, - როგორი იქნება ეს სიახლე და, საერთოდ, იქნება კი? ჩვენს შემთხვევაში, ჟანგბადივითაა აუცილებელი უკვე ჩამოყალიბებული სახელისუფლებო ბალანსის დარღვევა, რათა მმართველ გუნდს, თუ მისი ერთბაშად შეცვლა შეუძლებელია, არ ჰქონდეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობა. პრაქტიკამ უკვე აჩვენა, რომ ასეთი რეჟიმი ხელისუფლებებზე გამხრწნელად მოქმედებს და, ამ მხრივ, ნაცმოძრაობა გამონაკლისი არ ყოფილა. წლებია, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს „ოცნების“ თვისობრივი გადაგვარების პროცესიც. როცა მის ჩანაცვლებაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს დროში გაწერილი, სტადიური ცვლილება, ისეთი, რომელიც საფუძველშივე გამორიცხავს მწვავე სოციალურ რყევას. რა შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს ეს საფრთხე ქვეყანას? ვფიქრობ, ამისკენ მიმავალი უმოკლესი გზა ნაციონალური რევანშზე გადის. დღეისათვის არსებული პოლიტიკური კონფიგურაციის ნებისმიერი რადიკალური ცვლილება და ახლის შექმნა, რომელშიც მმართველი გუნდი დაკარგავს უმრავლესობას, საკუთარ თავში შეიცავს ყოფილი მმართველი გუნდის, პერსონალურად კი სააკაშვილის მობრუნების საფრთხეს. ჩემთვის ესაა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარების ყველაზე კოშმარული სცენარი. ვისაც მეხსიერება არ დაგბლაგვებიათ, გაიხსენეთ, რა განუკითხაობა სუფევდა მისი პრეზიდენტობის დროს და არც იმისი წარმოდგენა გაგიჭირდებათ, რას უნდა ველოდეთ ტახტზე პარანოიკი, შურისძიების წყურვილისგან გაგიჟებული ადამიანის დაბრუნების შემდეგ. არადა, მეოცნებე უმრავლესობის დაკარგვის შემთხვევაში ნამდვილად დაბრუნდება. მერწმუნეთ, ეს მას არ გაუჭირდება და არც ამისთვის აუცილებელი მეთოდების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ, სასიცოცხლოდ აუცილებელია, რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალის მოხვედრა პარლამენტში, რაც ისე შეცვლის არსებულ ბალანსს, ერთნაირად გამორიცხავს როგორც „ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას, ასევე ქართული ბურბონიზმის რესტავრაციას. არჩევანი შეზღუდულია, მაგრამ მაინც არსებობს. ძალგვიძს ამისი გაკეთება? არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ. სამაგიეროდ, იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ცვლილებები უკვე მომდევნო არჩევნებზე უნდა მოხდეს და თუ ამას ვერ მივაღწიეთ, ქვეყანა ისევ დარჩება პოლიტიკურ ჭაობში. დარჩება იარლიყების ომში სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაბმული კარიერისტების ხელში. დარჩება იმ ევროპული პერსპექტივის გარეშეც, რომელიც მათი „დამსახურებით“, ამ ეტაპზე ძლივს გამოიმეტა საქართველოსთვის ევროკომისიამ.

აი, მაშინ მართლა რუსეთის „ზადნიდვორად“ ვიქცევით!

Aburjga Tasmanieli ბმული
1 წლის უკან
mamuka რა საჭირო იყო ამხელა არზის დაწერა (გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის) არ მესმის, როდესაც პირდაპირ ამერიკის ხმით არესტოვიჩი გველაპარაკება ომში ჩართვაზე, რას მივედ მოვედებით, ისე ბევ რამეში ვეთანხმები.......
1 წლის უკან
mamuka და კიდევ ერთი დააანებეთ თავი ქართველი ამომრჩევლის ჭკუის სწავლებას,
1 წლის უკან