ერთ კვირაში კომერციული გაზის ტარიფი იზრდება, რომელიც ბიზნესისთვის დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. საბოლოოდ კი ყველაფრის გადახდა მომხმარებელს მოუწევს. ამჟამად არავითარი ბერკეტი არ არსებობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ფორმირებაში რომელიმე უწყება ჩაერიოს. უძლურია მთავრობაც კი. შესაბამისად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ წამოაყენა წინადადება, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფის დადგენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ჯერ კიდევ 2007 წელს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე „კონკურენციის განვითარებისა და განაწილების ახალი ქსელის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით“, გაზის ბაზარზე მიწოდების საქმიანობა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, დერეგულირებლად გამოცხადდა.
ახლა კი სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ თუკი გაზის სექტორში კომერციული აბონენტებისთვის ტარიფს კომისია დაადგენს, ეს პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.
„2007 წლიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი კომერიციული სექტორისთვის დერეგულირებულია. შესაბამისად, კომპანიები ფასის ზრდაზე ერთი თვით ადრე ატყობინებენ მომხმარებელს. მეტი სხვა სახის ვალდებულება არ გააჩნიათ. თუ ეს ფუნქცია მარეგულირებელ კომისიას ექნებოდა, როგორც ეს საყოფაცხოვრებო ტარიფის დადგენის შემთხვევაშია, ტარიფის სტრუქტურა ღია და გამჭვირვალე იქნებოდა.
მოგეხსენებათ, მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფის დადგენა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გზით ხდება. ამდენად, აქაც სპეციალური ფორმულით დადგინდებოდა ტარიფი. ვინაიდან დღეს კომერციული სექტორისთვის ენერგოკომპანიები თვითონ ადგენენ ტარიფებს, ერთი მხრივ, არ გააჩნიათ ღიაობის და გამჭვირვალობის ვალდებულება, მეორე მხრივ კი, ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა. შესაბამისად, მომხმარებელმა არ იცის, რა შედის გაზის საფასურში ანუ როგორია ტარიფის სტრუქტურა“, - განაცხადა „ბიემთან“ ნარმანიამ.
შესაბამისი უწყებების ნების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შემდეგაც კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფს კომისია დაადგენს, რამდენიმე თვე დასჭირდება.
სემკის თავმჯდომარის მოსაზრებას ამყარებენ ენერგეტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არგუმენტი, რომ გლობალურ ბაზრებზე ძვირდება გაზი, ამ მხრივ საკმაოდ სუსტია და ტარიფების ზრდის საკმარის მიზეზს არ წარმოადგენს. ენერგეტიკოს გია არაბიძისათვის გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ ყოფილა, არც - საქართველო-რუსეთს შორის.
„თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ვარიანტია: ჩვენ 250 მლრდ კუბ/მ კომერციული გაზი აზერბაიჯანიდან შემოგვქონდა, 250 მლრდ კუბ/მ რუსეთიდან შემოვიტანეთ. ამასთან, რუსული გაზი უფრო იაფია, ვიდრე აზერბაიჯანული, რაც რეალობაა. არ ვიცი, რუსეთმა მოუმატა თუ არა ტარიფს, არსად ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
ის, რომ გაზის საერთაშორისო ფასი გაიზარდა, საკმარისი არგუმენტი არ არის. საქართველოსთან მიმართებით რუსეთიდან გაგვიძვირდა თუ არა ბუნებრივი აირი, არსად ამის შესახებ არ მსმენია. ვერსად ვნახე თუნდაც აზერბაიჯანულ გაზთან დაკავშირებითაც ინფორმაცია, რომ მომწოდებლებმა ფასები გაზარდეს. 2 დღის წინ მაინც უნდა ყოფილიყო წინაპირობა ოფიციალურ დონეზე, რაც ჯერჯერობით არავინ იცის“, - განაცხადა არაბიძემ.
ენერგეტიკოსის შეფასებით, ტარიფის ზრდა მძიმე ტვირთი იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვისაც და სოციალურ ფონს უფრო მეტად დაამძიმებს, რასაც მომხმარებელი მალევე იგრძნობს.
„გადასახადის 25-თეთრიანი მატება ბიზნესისთვის ძალიან დიდი ტვირთია. საბოლოოდ ისევ მოსახლეობაზე იმოქმედებს. დიდი პრობლემები გველის ფასებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, ტარიფის ზრდა მოსახლეობის გარდა ყველას ეხება, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ჩვენს მოქალაქეებს დაარტყამს. გაზრდილ ფასებს საბოლოოდ ხალხი საკუთარი ჯიბიდან გადაიხდის. ისედაც მაღალი ინფლაციაა და ყველაფერზე იმოქმედებს, სოციალურ ფონს საგრძნობლად დაამძიმებს“, - დასძინა არაბიძემ.