რა დაამახსოვრდათ ფრანგებს სულხან-საბას ელჩობიდან

რა დაამახსოვრდათ ფრანგებს სულხან-საბას ელჩობიდან

კავკასია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია. მისმა ასეთმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა აქ მცხოვრები ერების ბედი. ჩვენს ინტერვიუში ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან იმ თავიდან ამ თავამდე საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებზე ვისაუბრებთ და შევეცდებით მის შეფასებას.

– მსოფლიო საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურაში კავკასია ძირითადად იმით გამოირჩეოდა, რომ ორი ან მეტი ძალის წონასწორობის არეალი იყო. ასევე, დიდი როლი ითამაშა კავკასიის ხალხთა სახელმწიფოებრივ-კულტურულ ევოლუციაში იმ ფაქტმაც, რომ კავკასია მარტოოდენ დიდი იმპერიების გავლენის სფეროდ კი არ იყო დანაწილებული, არამედ აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის გამყოფი ხაზი. ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გაცნობიერებული და ამიტომაც არავის უკვირდა, დავით აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე პირველისა და თამარის კარზე მუსლიმანი სწავლულების ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული ზედწერილი და სხვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის იყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა?

– ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა. ძველი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავის გავლენის ქვეშ და ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაული ცივილიზაციის არეალში. მეოთხე საუკუნეში ქართლის მეფის, მირიანის გადაწყვეტილება, თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, საქართველოს ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას ნიშნავდა. დასავლეთი თუ აღმოსავლეთი, ეს არჩევანი ამის შემდეგ არაერთხელ დადგა საქართველოს წინაშე. ერთ-ერთი, ყველაზე ნათელი მაგალითი, თუ როგორ წყვეტდნენ ქართველი პოლიტიკოსები ამ დილემას, არის ეგრისის მეფის, გუბაზის მოკვლის შემდეგ, 554 წელს, წარჩინებულთა კრებაზე გამართული დისპუტი. ეგრისელი დიდებულები მსჯელობდნენ – პროირანული თუ პრობიზანტიური ორიენტაცია აერჩიათ. ბიზანტია კლასიკური, ევროპული სახელმწიფო არასდროს ყოფილა, თუმცა ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რა ამოძრავებდა აშოტ კურაპალატს და ქართული საზოგადოების ნაწილს, როდესაც არაბთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოქცეულ ტაო-კლარჯეთში გადავიდნენ.

მეთერთმეტე საუკუნეში ქართველები თითქმის ნახევარი საუკუნე ებრძოდნენ ბიზანტიის იმპერიას ამიერკავკასიაში პირველობისთვის. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში, იმავე ბიზანტიის იმპერიაში მოქმედებდა ქართული მონასტრები, რომლებიც დასავლური კულტურის ექსპორტს ახორციელებდნენ საქართველოში. მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეები საქართველოში პოლიტიკური სიძლიერის ხანაა. ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო ინტერესები მკვეთრად იზრდება. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა აჩვენა, რომ მახლობელი აღმოსავლეთი მათ ინტერესებშიც შედიოდა.

1184 წელს გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი სრულიად ახალგაზრდა თამარმა დაიკავა. რეალურად კი, სამეფოს თამარის მამიდა, რუსუდანი მართავდა. ეს უკანასკნელი დასავლეთ ირანის სულთნის ყიას ად-დინ მასუდის მეუღლე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, აქ განაგრძო მოღვაწეობა. როგორც ჩანს, რუსუდანი კარგად იცნობდა აღმოსავლურ პოლიტიკას და გარკვეული სიმპათიებით იყო განწყობილი მუსლიმანი მმართველების მიმართ. ყოველი შემთხვევისთვის, მისი რეგენტობის პერიოდში, ქართველებმა ჯვაროსნებსა და მუსლიმანებს შორის დაპირისპირებისას ნეიტრალური პოზიცია აირჩიეს. 1185 წელს საქართველოს სამეფო კარმა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმა ეგვიპტის სულთან სალაჰ ად-დინთანთან. ორი წლის შემდეგ სალაჰ ად-დინთანმა იერუსალიმი წაართვა ჯვაროსნებს. შეცდომითი საგარეო პოლიტიკის წყალობით, ქართველებმა ფაქტობრივად, ხელი შეუწყვეს აიუბიანელთა სახელმწიფოს არნახულ გაძლიერებას. მცირე ხანში, მახლობელ აღმოსავლეთში საქართველოსა და აიუბიანელთა ინტერესებიც დაუპირისპირდა ერთმანეთს. სამწუხაროდ, ამ დროს უკვე აღმოსავლეთში ჯვაროსნები ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდნენ. ეს დანაკლისი საკმაოდ მალე იგრძნეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და უკვე ლაშა-გიორგიმ მჭიდრო კავშირები დაამყარა ჯვაროსნებთან. რომის პაპის თხოვნით, საქართველოს მეფეს მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1219-1221) მონაწილეობა ჰქონდა გადაწყვეტილი. ძირითადი მიზანი ამ ლაშქრობისა იერუსალიმის დაბრუნება და მახლობელ აღმოსავლეთში ეგვიპტის სასულთნოს პოზიციების შესუსტება იყო. ამჯერადაც, საქართველოსა და ევროპული კოალიციის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ საქართველოში მონღოლთა შემოსევამ, ეს განზრახვა მხოლოდ შეთანხმების დონეზე დატოვა. ქართველები ასევე, აქტიურად ემზადებოდნენ მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობისთვისაც. მაგრამ, ამ ლაშქრობის სამზადისი დიდხანს გაჭიანურდა. ამასობაში, საქართველო ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო და ქართველთა საერთო ევროპულ კოალიციაში მონაწილეობა ვერ მოხერხდა.

მონღოლთა შემოსევები საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას საკმაოდ დიდი ხნით შეაფერხებდა. როდის განახლდა ამ მხრივ ვითარება?

– გიორგი ბრწყინვალის ხელისუფლებაში მოსვლამდე დასავლეთ ევროპის კათოლიკური სამყარო დაინტერესებული იყო აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირის ყოლით. რომის პაპმა იოანემ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად სმირნიდან საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადმოიტანა. ამავე პერიოდში მეფე გიორგი, ქრისტიანობის დაცვის მიზნით, ევროპის მონარქებს სთავაზობს რეალური კოალიციის შექმნას. ჩვენამდე შემონახულია გიორგი ბრწყინვალის წერილი საფრანგეთის მეფე, ფილიპე მეექვსე ვალუასადმი, რომელში ვკითხულობთ: „საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოზთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ისაა, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან და სტოვებენ მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ. ამგვარად, გთხოვთ, თქვენ დაადგინოთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც იქ მიხილავთ, თქვენი კეთილი ნების შესაბამისად, 30 ათასი ჯარისკაცით.”

მაგრამ, მალე თვით საფრანგეთი და ინგლისი დაუპირისპირდა ერთმანეთს და დასავლეთ ევროპისათვის აღმოსავლეთის პოლიტიკამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. 1453 წელს თურქ-ოსმალთაგან კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ევროპამ რეალურად იგრძნო ოსმალთა საფრთხის მოახლოება და ამიტომაც, რომის პაპის ინიციატივით, დაიწყო მძლავრი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა, რაც საბოლოოდ, მაინც ვერ მოხერხდა. საქართველო მარტო აღმოჩნდა ოსმალთა და სეფიანთა ირანის წინაშე.

შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია, ზოგადად, წარმოდგენილი იყო ქრისტიანულ სამყაროდ. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ, განპირობებული იყო სულიერი სიახლოვით. გვიან შუა საუკუნეებში, მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში მოქცეული ქართველები ამ სივრცეში ეძებდნენ ეროვნული უსაფრთხოების გარანტს. მეთხუთმეტე საუკუნიდან, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, კავშირები ევროპასთან არ შეწყვეტილა. მაგრამ, უკვე ამიერიდან მოლაპარაკებები არათანასწორ პარტნიორებს შორის წარმოებდა. ქართველები ძირითადად დახმარებას ითხოვდნენ. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც შორეული აღმოსავლეთიდან – საქართველოდან ევროპას სწვდებოდა საერთო სამხედრო პოლიტიკური კოალიციის შექმნის მოწოდების ხმა. ქართლის მეფე სიმონ პირველი ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეს წერდა: „გევედრები და გემუდარები, მიშუამდგომლე მისი უდიდებულესობის, კეისარ იმპერატორის წინაშე, რათა მან მშვიდობა არ დაამყაროს თურქებთან, რომ ამან არ შეძლოს შეავიწროვოს ჩვენი ერი და ყველა ქრისტიანი”. იგივე სიმონ პირველი რომის პაპს სთხოვდა: „შევაგულიანოთ ქრისტიანი მეფეები და ხელმწიფეები – ჩვენი ქრისტეს მიერ შვილები, გამოვიდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ”. ამ პერიოდში საქართველო ორი უდიდესი იმპერიის წინაშე მარტოდ იყო დარჩენილი. 1578 წელს ოსმალთა დიდვეზირის, ლალ მუსტაფა ფაშას დაპყრობითი ლაშქრობის შემდეგ, კავკასიის დიდი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. სიმონ პირველი ზუსტად ხვდებოდა, სად იყო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მაგრამ თუ რეალურად შევაფასებთ იმდროინდელ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას, სიმონ მეფის ეს წინადადება უფრო რომანტიკულ ელფერს იძენდა. ასევე, უშედეგოდ დასრულდა ევროპისგან დახმარების იმედად ჩასული სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა. მეფესთან აუდიენციისას, როდესაც სულხან-საბამ მიულოცა საფრანგეთის მეფეს გამოჯანმრთელება, „მეფე მზემ” უპასუხა: ადვილი საქმე არ არის სამოც წელს გადასცილდეო. ხელმწიფევ, თქვენი უდიდებულესობა ისე მოხდენილად ატარებს ამ ასაკს, რომ ყველა ისურვებდა, თქვენს ასაკში ყოფნასო, – უთქვამს სულხან-საბას. მხოლოდ ამ ერთი მოსწრებული პასუხის გამო, კარგა ხანს ახსოვდათ ლუვრში ქართველი ელჩი, ხოლო ის, თუ რის სათხოვნელადაც ჩავიდა ის, მალევე დაივიწყეს.

მეთვრამეტე საუკუნეში კავკასიის პოლიტიკაში თანდათან აქტიურად ერევა მესამე სახელმწიფო – რუსეთი. ქართველების დაახლოება რუსეთთან სწორედ იმ სურვილით გახლდათ განპირობებული, რომ ამ გზით, ჩვენ საერთო ევროპულ სივრცეში დავბრუნდებოდით, მაგრამ ამაოდ.

ჩვენი საუბარი რომ მოკლედ შევაჯამოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: საქართველო-ევროპის ურთიერთობაში რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა: პირველი, როდესაც საქართველოს სამეფო კარი უშუალოდ თანასწორ კავშირ-ურთიერთობაში იყო ევროპულ მონარქიებთან. მეორე – ქართველები ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას ახორციელებდნენ მესამე სახელმწიფოს მეშვეობით – რომის, ბიზანტიის, რუსეთის... შუამავლობით. მესამე ვარიანტი კი, ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე დამამცირებელი და ჩიხში მომქცევი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ, ევროპულ სახელმწიფოებთან დაკავშირებას, ეს უკანასკნელნი არავითარ ქმედით ნაბიჯს არ დგამდნენ. ამ ვითარებაში, ოსმალეთსა და ირანს შორის განაწილებულ საქართველოს, მესამე მოკავშირე სახელმწიფოც არ ჰყავდა, რომელიც მას ევროპასთან დაახლოებაში დაეხმარებოდა.

საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. თუმცა, ბოლშევიკურმა რუსეთმა ჩაშალა ეს სწრაფვა.