„უკრაინას უფასებენ იმას, რომ ის მზადაა მოკვდეს ევროპისთვის“

„უკრაინას უფასებენ იმას, რომ ის მზადაა მოკვდეს ევროპისთვის“

„ლოგიკური ჯაჭვი მინდა დაგანახოთ, თუ საიდან იწყება ეს პროცესი. ორი პარლამენტარი - კუბილიუსი და იუკნევიჩიენე უგზავნის საქართველოს მოსახლეობას წერილს, რომლითაც პირდაპირ ეუბნება, უნდა აირჩიოთ ან საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილი, ან ევროპა. ეს პირდაპირი მოწოდებაა, ქუჩაში გამოდით და დაამხეთ ეს ხელისუფლება. ამის შემდეგ ევროპარლამენტი იღებს ყბადაღებულ რეზოლუციას, რომელიც გაჟღენთილია იმავე პათოსით, თითქოს ივანიშვილი საქართველოს მუხრუჭია ევროინტეგრაციის გზაზე. მესამე დამასრულებელი ეტაპი კი არის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაცია. ამ ყველაფერში ლოგიკური კავშირი იგრძნობა. რეალურად, უნდა კი ევროკავშირს, სისხლისღვრა იხილოს საქართველოში?!“ - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ევროკავშირი ცირედით წაახალისებს უკრაინასა და მოლდოვას და მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, სამაგიეროდ, ეს „მცირედით წახალისება“ არ შეეხება საქართველოს, რომელიც რუსეთთან გამუდმებულ ომშია, მათ შორის, აფხაზეთის, ცხინვალის, აგვისტოს ომების ჩათვლით. რა გამოდის, არესტოვიჩის რეკომენდაცია რომ გაგვეზიარებინა და რუსეთთან ომი გაგვეჩაღებინა, მოგვცემდნენ სტატუსს? იქნებ, ევროპა არ არის მზად, ყველა ფრონტზე გააღიზიანოს რუსეთი და ცდილობს, მაამებლური გადაწყვეტილებებიც შესთავაზოს საქართველოს ხარჯზე?

- თუკი საქართველო ომში ჩაერთვებოდა, მოგვცემდნენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ამის პროგნოზირება ნამდვილად რთულია, მაგრამ მე ვმსჯელობ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, ვმსჯელობ იმ კომენტარებით თუ შენიშვნებით, რაც ადრე კეთდებოდა, რაც აისახა კიდეც ევროკომისიის განწყობაზე, რომ უკრაინას უფასებენ იმას, რომ დღეს ის იბრძვის. იგივეა ურსულა ფონ დერ ლაიენის ფრაზა, რომ „უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის“. ადრეც სხვა უფრო დაბალი რანგის პირებიც დაახლოებით ამავეს აცხადებდნენ, ანუ უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარი ავანსი, საჩუქარი იმ უბედურებისთვის, რაც ამ ქვეყანამ იწვნია. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ვიხილეთ, უკრაინა ომში რომ არ ყოფილიყო ჩაბმული, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდაო. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, თუკი საქართველოშიც ევროპა დაინახავდა იმ სურათს, რასაც ახლა ხედავს უკრაინაში - დანგრეულ ქალაქებს, დახოცილ ბავშვებს, სისხლს, ნგრევას, შეიძლებოდა, ბევრ რამეზე თვალი დაეხუჭა და ეთქვა, საქართველო იბრძვის, სისხლს ღვრის და კვდება ევროპისთვისო, მაგრამ განა ეს იქნებოდა ის, რაც ჩვენს მოსახლეობას მოუნდებოდა, რომ მიეღო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ და ჩვენი ქვეყანა გადაქცეულიყო ნაცარტუტად?! შეადარეთ ერთმანეთს უკრაინისა და საქართველოს მასშტაბები.

სტატუსის არმონიჭება ნიშნავს გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის? ზოგიერთს ამან ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ გაახსენა და ჩათვალა, რომ ევროპას არ უნდა დაეშვა ცარცის წრეში ჩაყენებული ბავშვის, ანუ საქართველოს გაგლეჯა.

- გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს რიგითი სტატისტიკური მოქალაქისთვის არაფერი განსაკუთრებულად არ შეიცვლება არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ, ჩვენი მოქალაქეები ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანაში დაიძინებენ და გაიღვიძებენ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მთელი თავიანთი პრობლემებით და ყოველდღიური საქმეებით. ეს არის უფრო პოლიტიკოსების და საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების წუხილის საგანი, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო ევროპასთან ერთად უნდა ყოფილიყო. როგორც გამოკითხვები გვეუბნებიან, თითქოს 80% ამის მომხრეა, თუმცა მე პირადად ამ ციფრში ეჭვი მეპარება. არ ვფიქრობ, რომ სტატუსის არმონიჭება გეოპოლიტიკური კატასტროფაა საქართველოსთვის. უბრალოდ, ამ ეტაპზე ევროპამ არ ჩათვალა საჭიროდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. ამას ბევრი მიზეზი აქვს, არა მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური სტატუსი, როგორც ეს მაკრონმა თქვა, არამედ ის აღქმები, რაც მათ უყალიბდებოდათ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ოპოზიციის, მათთან აფილირებული ნჯო-ების, მედიასაშუალებების მხრიდან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ დელეგაცია დელეგაციაზე ჩადიოდა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ფეისბუკშიც დებდნენ გულახდილ კომენტარებს, ამას შევხვდით, იმას შევხვდითო, ერთი და იგივე მესიჯი გვესმოდა- საქართველოში ყველაფერი ჩამოშლილია, დემოკრატია საფრთხეშია. როცა ასეთი აღქმებია, როცა ხდება ერთგვარი ინდოქტრინაცია, როდესაც ადამიანს ხშირ-ხშირად უმეორებ რაღაცას, ის მერე ამის დაჯერებას იწყებს. რამდენიც არ უნდა გვარწმუნოს ხელისუფლებამ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთო, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სადღაც დააკლო ხელი ევროსტრუქტურებთან მუშაობას. მაგალითად, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკო პოპესკუ მატარებლით დადიოდა, ლამის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა დედაქალაქი მოიარა, ლობირებდა, ამბობდა, ჩვენ ევროპა ვართო და ა.შ. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, როგორც მაკრონმა თქვა, როგორც ჩანს, საქართველო მაინც ევროპელთა მენტალურ რუქაში არ აღიქმება ევროპად. საქართველოს არ აქვს საერთო საზღვარი ევროპასთან, მაგალითად, პოლონეთიდან თავისუფლად შეგიძლიათ შეხვიდეთ უკრაინაში, რუმინეთიდან თავისუფლად შეხვიდეთ მოლდოვაში და პირიქით, საქართველოში თავისუფლად როგორ შემოხვალთ ევროპიდან?! პრინციპში, მაკრონმა ბევრი სათქმელი თქვა.

დაახლოებით ეს იგივეა, თავის დროზე ბალტიისპირეთის მოსახლეობა საკუთარ ხალხად რომ მიაჩნდა ევროპას, განსაკუთრებით, გერმანია დაეხმარა ბალტიისპირელებს რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. როგორც ჩანს, ასეთი პროცესები მიმდინარეობს ახლაც საქართველოსთან მიმართებით და ეხმარებიან არა საქართველოს, არამედ უკრაინასა და მოლდოვას.

- კი ბატონო, ბალტიისპირეთში როცა დაიწყო დამოუკიდებლობის მოძრაობა, მახსოვს, 1990 წელს მოსკოვში გახლდით, იმ პერიოდში დიდი ფორუმი მოეწყო რიგაში და პირდაპირ უთხრეს რუსებს, უფრო სწორად, საბჭოელ დიპლომატებს, ბალტიისპირელ ხალხს არასდროს აღვიქვამდით საბჭოთა კავშირის ნაწილადო. ანუ საბჭოთა კავშირის ნაწილად აღიქვამდნენ უკრაინას, საქართველოს, ამიერკავკასიის და სხვა ქვეყნებს, მაგრამ არა ბალტიისპირეთს. მათი ინტეგრაციის პროცესი, რადგანაც ახლოს იყვნენ ევროპასთან, უფრო სწრაფად წარიმართა, ვიდრე ჩვენთან მიმართებით. პირადად მაქვს ასეთი პროგნოზი, რომ საუკეთესო ვარიანტში საქართველოს შეიძლება მისცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რათა ხალხმა თავი ევროპისგან გადაგდებულად არ იგრძნოს, მაგრამ ამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეს პროცესი გაიწელოს და ჩვენ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვერ მივიღოთ წევრობა და დავრჩეთ ასე ბუფერულ ზონად კანდიდატის სტატუსით ევროპასა და რუსეთს შორის.

ცოტა არარეალიზებადი ხომ არ არის ევროკომისიის ჩამონათვალი - დაასრულეთ პოლარიზაცია, მიაღწიეთ დეოლიგარქიზაციას? ამ ოპოზიციის გადამკიდე პოლარიზაცია დასრულდება? ან დეოლიგარქიზაცია მიიღწევა სააკაშვილ- კეზერაშვილის ხელში, რომლებსაც, როგორც ამბობენ, არანაკლები ფინანსები აქვთ? ცხადია, ახლა გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ შევიცვლით.

- ეს საინტერესოა, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ვისმენთ ოპოზიციის წევრების, სხვადასხვა ლიდერთა, რადიკალურის, ნაკლებად რადიკალურის განცხადებებს. ყველა ერთხმად ლაპარაკობს, 20 ივნისს დაამთავრონ ეს ხელისუფლება და, პლუს ამას, საქართველო გაათავისუფლონ ოლიგარქისგან. რას ნიშნავს ოლიგარქისგან გათავისუფლება? ივანიშვილი უნდა გააგდონ საქართველოდან? როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი? როგორც მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმერ პლოხოტნიუკი გაიქცა მოლდოვიდან, ისე უნდა გაუხადონ საქმე? გასაგებია, ეს ასე არ მოხდება, საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი ამას არ შეეგუება, მაგრამ ქვეყანა შეიძლება ჩაიძიროს სამოქალაქო დაპირისპირების მორევში. თუ ევროკავშირს უნდა, ასეთი სცენარი ნახოს საქართველოში, მაშინ ამაში მისი დიდი წვლილიც იქნება. მინდა, ლოგიკური ჯაჭვი დაგანახოთ, თუ საიდან იწყება ეს პროცესი. ორი ევროპარლამენტარი, კუბილიუსი და იუკნევიჩიენე, უგზავნის საქართველოს მოსახლეობას წერილს, რომლითაც პირდაპირ ეუბნება, უნდა აირჩიოთ, ან საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილი, ან ევროპა. ეს პირდაპირი მოწოდებაა, ქუჩაში გამოდით და დაამხეთ ეს ხელისუფლება. ამის შემდეგ ევროპარლამენტი იღებს ყბადაღებულ რეზოლუციას, რომელიც გაჟღენთილია იმავე პათოსით, რომლითაც ერთმანეთთან აპირისპირებენ საქართველოს მოსახლეობასა და მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას. ანუა რეზოლუციაშიც საუბარია, თითქოს ივანიშვილი საქართველოს მუხრუჭია ევროინტეგრაციის გზაზე. მესამე დამასრულებელი ეტაპი კი არის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაცია. ამ ყველაფერში ლოგიკური კავშირი იგრძნობა.

trampi მერე შეუსრულებს რუსეთი მაგათ მაგ სურვილს....ცოტა კიდე უჩხიკინონ და მისაღებს მიიღებენ
1 წლის უკან