როგორ აღიქვა „ოცნებამ“ ევროკომისიის რეკომენდაცია და რატომ არ შედგა „ფარდის ახდა“

როგორ აღიქვა „ოცნებამ“ ევროკომისიის რეკომენდაცია და რატომ არ შედგა „ფარდის ახდა“

მმართველმა პარტიამ ევროკავშირისთვის „ფარდის ახდა" გადაიფიქრა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „როდესაც ევროკავშირი შენკენ დგამს ნაბიჯებს, იქ რაღაც უხერხულობების გამოტანა არ არის მიზანშეწონილი". ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას „ოცნება" უსამართლოდა და შეურაცხმყოფელად არ მიიჩნევს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის არც ევროპული პერსპექტივის მიღება იყო საკმარისი, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ არ შედგეს „ფარდის ახდა" და გადაიდოს.

11 ივნისს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება უსამართლო და შეურაცხმყოფელი, ის ყველაფერს ფარდას ახდის.

„ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარი არის დამსახურებაზე დაფუძნებელ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.

„ამიტომ, 17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და 23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი", - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თვისი დასკვნა, რომლის მიხედვითაც იძლევა რეკომენდაციას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველოს კი უნდა მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა განიხილოს კონკრეტული მოთხოვნების შესრულების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას არ იძლევა, „ქართულ;მა ოცნებამ" ევროპისთვის ფარდის ახდა გადაიფიქრა. პარტიის თავმჯდომარე თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასე იმ შემთხვევაში მოიქცეოდნენ, თუ ევროკავშირი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას არ აღიარებდა.

„ეს არის შეჯერებული პოზიცია ჩვენს გუნდში, ამაზე გვქონდა მსჯელობა. როდესაც ევროკავშირი შენკენ დგამს ნაბიჯებს, იქ რაღაც უხერხულობების გამოტანა არ არის მიზანშეწონილი", - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა რეალურიც იყოს „ოცნების" დასახელებული მიზეზი. მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილების შინაარსმა მმართველ პარტიას მისცა მცირედი საბაბი, რომ არ გაეჟღერებინათ ის, რისი თქმაც სურდათ, რადგან „ოცნებას" არ სურს ვითარების კიდევ უფრო გამწვავება.

„კობახიძის მიერ გაჟღერებული მიზეზი შესაძლოა რეალური იყოს, თუმცა, „ოცნების" რეაქციის მიხედვით, ისინი არ ელოდნენ ასეთ გადაწყვეტილებას ევროკომისიის მხრიდან. უბრალოდ, მათ გამოუჩნდათ მცირედი მიზეზი, გადაეფიქრებინათ იმის გასაჯაროვება, რის თქმასაც აპირებდნენ. როგორც ჩანს, მმართველ გუნდში გადაწყვიტეს, რომ არ შედგეს „ფარდის ახდა" და გადაიდოს.

„რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლებოდა ეთქვა „ოცნებას" ევროკავშირის წინააღმდეგ, მე მაინც მგონია, რომ ეს იქნებოდა ცალკეული ევროპარლამენტარების მხილება ქართულ ოპოზიციასთან კავშირში. შესაძლოა არსებობდეს ჟურნალისტური გამოძიებით მოპოვებული მასალები ფარულ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან. ხელისუფლება ხომ ყოველთვის ამაზე საუბრობს და ევროპარლამენტარების გარკვეულ ჯგუფს ადანაშაულებს „ნაცმოძრაობასთან" კავშირში", - განაცხადა საყვარელიძემ.