ოცნება 21-ე საუკუნის საპყრობილეზე

ოცნება 21-ე საუკუნის საპყრობილეზე

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ათი ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავ რთული ვითარებაა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გამოყოფს ხუთ ძირითად პრობლემას, რომლებიც მემკვიდრეობით ერგო უწყებას და რომელთა დასაძლევად მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა საჭირო. ლაპარაკია ნაწამები პატიმრების მართვაზე, ლიდერის, ანუ ე.წ. „მაყურებლის“, ინსტიტუტზე, გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, მწირ ტექნოლოგიურ აღჭურვასა და კვალიფიციური კადრების დეფიციტზე.
სასჯელაღსრულების დაწესებულებები ამნისტიის, შეწყალებისა და ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმის საშუალებით, 12 ათასამდე პატიმარმა დატოვა. ამნისტიით გათავისუფლდა 8 ათას 700-მდე, ხოლო ვადამდე პირობით და შეწყალებით - 1300 და 1800 პატიმარი. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მონაცემებით, გათავისუფლებულთაგან მხოლოდ 146-მა ჩაიდინა დანაშაული და ამის გამო უკან დაბრუნდა, თუმცა, მიუხედავად ამგვარი განტვირთვისა, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია ამბობს, სისტემის მართვა მაინც რთულია:

„ტექნოლოგიური თვალსაზრისით არ ეტყობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ იქ არის 21-ე საუკუნე. ძალიან მარტივად რომ შევადაროთ: იყო „გაი“ და მერე გაკეთდა პატრული; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დარჩა იგივე, რაც იყო, ანუ „გაი“. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს სამინისტროს დღეს არ გააჩნია სასჯელის აღსასრულებლად არათუ კარგი, არამედ ნორმალური დაწესებულება“.

მიხეილ ღურწკაიას თქმით, ვითარებას ასევე ართულებს სისტემაში დასაქმებული კადრების დაბალი კვალიფიკაცია (ხშირ შემთხვევაში - წერა-კითხვის უცოდინრობა), წამების შედეგად ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პატიმრების სიმრავლე და ლიდერის ინსტიტუტის ფაქტორი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, ლიდერის ინსტიტუტი არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებშიც. მეტიც, მისთვის ცნობლია ე.წ. „მაყურებელთა“ 150-კაციანი სია.

„ის, რომ ხმა არ გამოდიოდა, რომ არავინ ჩიოდა წამებაზე, ფულის შეკრებაზე, ეს ყოველივე იყო ამ „მაყურებლების“ დამსახურება, მაგრამ ჩვენ, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, არ ვიყენებთ ამ ფაქტორს, როგორც მართვის ინსტრუმენტს, და ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ, რომ ეს თემა მოვსპოთ. ადმინისტრაციამ არ უნდა ითანამშრომლოს, არ უნდა გამოიყენოს ეს მართვის ინსტრუმენტად. ადმინისტრაციამ უნდა აკონტროლოს, რათა როგორც კი გამოჩნდება ლიდერი, მაშინვე მოახდინოს მისი სათანადოდ იზოლირება“, უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა ჟურნალისტი და ყოფილი პატიმარი ზაზა დავითაია, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოთქვამს ეჭვს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ეგრეთ წოდებული „მაყურებლები“ თავიანთ ძალაუფლებას სწორედ დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით ავრცელებენ:
„ნამდვილად დამთავრდა წამება! თანამშრომლები პატიმრებზე ფიზიკურ ზემოქმედებას აღარ აწარმოებენ, მაგრამ ხშირად გვხვდება კვლავ ისეთი შემთხვევა, როცა მართული პატიმრების საშუალებით, ანუ „მაყურებლების“ საშუალებით ადმინისტრაცია ახორციელებს თავის პრინციპს და ურჩ პატიმარს აიძულებს გაჩუმდეს! კონკრეტული ფაქტები მაქვს ქუთაისის მეორე დაწესებულებიდან, სადაც მართული პატიმრები პირდაპირ ადმინისტრაციის თანამშრომლების თანხლებით გადაადგილდებოდნენ და თანამშრომლები უღებდნენ კონკრეტულ საკანს, რომელშიც ურჩი პატიმარი იჯდა“.

ამგვარ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ სასჯელაღსრულების სამინისტროში, თუმცა იმას კი ამბობენ, რომ 15-დან 12 დაწესებულებაში არსებობს ე.წ. „მაყურებლის“ პრობლემა, რომლის გასანეიტრალებლად დეპარტამენტი არაერთ საშუალებას მიმართავს. სამინისტროს წარმომადგენლის ლალი მოროშკინას თქმით, დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას დიდწილად უზრუნველყოფს მონიტორინგის განახლებული სამმართველოც:

„სამმართველოს თანამშრომლებმა დაწესებულებებში განახორციელეს 687 არაგეგმიური ვიზიტი და შეისწავლეს 805 განცხადება, რაც ძალიან ბევრია ნახევარი წლის განმავლობაში. ყველა მასალა გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში“.

სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს აწარმოებს ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტიც, რომლის ხელმძღვანელის ნათია იმნაძის თქმით, 1 ოქტომბრის შემდეგ საჩივრებისა და განცხადებების რაოდენობა არ შემცირებულა.

„თუმცა პრაქტიკულად შეიცვალა პრობლემატიკა, თუ არ ჩავთვლით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებს, რომელიც, ტრადიციულად, პირველ ადგილზეა. ახლაც 90% განცხადებებისა შეეხება აღნიშნულ საკითხს, ანუ უხარისხო მკურნალობასა და ჯანმრთელობის პრობლემებს. შემცირდა არასათანადო მოპყრობაზე განცხადებები და საჩივრები, თუმცა გარკვეული რაოდენობა მაინც არის. ასევე არ შეიძლება პატიმრებით ჩანაცვლდნენ თანამშრომლები, რასაც ჰქონდა ადგილი ბოლო თვეების განმავლობაშიც, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამგვარი დაწესებულებების დირექტორთა უმეტესობა გათავისუფლდა თანამდებობიდან“, უთხრა ნათია იმნაძემ რადიო თავისუფლებას.

ვითარების გამოსწორების მიზნით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მასშტაბური რეფორმების გატარებას აპირებს. პირველ რიგში, საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, 2014 წლის ბოლომდე გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტის რამდენიმე საპყრობილის აშენება:

„16 დაწესებულება დამთავრდება წელს, შემოდგომაზე. ეს იქნება ციხე, სადაც პატიმრებს სწავლისა და შრომის შესაძლებლობა მიეცემათ. ლაითურში აშენდება მაღალი უსაფრთხოების ციხე, რომელიც დამთავრდება მომავალ წელს. აშენდება უვადო პატიმრებისთვის სპეციალური დაწესებულება. სავარაუდოდ, მომავალ წელს აშენდება დაწესებულება ფსიქიური პრობლემების მქონე პატიმრებისათვის. ეს ყველაფერი მოგვცემს საშულებას ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული“.

სოზარ სუბარის თქმით, ახალი სტანდარტით, თითო პატიმარზე 4 კვადრატული მეტრი ფართობი იქნება გაანგარიშებული, რაც მკვეთრად შეამცირებს პატიმრების დაავადებისა და გარდაცვალების რიცხვს. ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში 11 პატიმარი გარდაიცვალა, რაც თითქმის რვაჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.