საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 69% დაიბრუნა. ვითარება აშკარად უმჯობესდება ავიაკომპანიებისთვის, მაგრამ არა მგზავრებისთვის. საქმე ისაა, რომ ბილეთების ფასი სულ უფრო მატულობს და მასზე, პირველ რიგში, გავლენას მკვეთრად გაძვირებული ნავთობპროდუქტები ახდენს. ერთი მგზავრის მომსახურების დანახარჯში საწვავის წილი 40%-მდე გაიზარდა.
სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1 327 719 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებთან შედარებით.
2021 წლის იანვარ-მაისში ქვეყნის აეროპორტები სულ 361 177 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-მაისში კი - 719 295 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 5 თვეში 1 914 974 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად, 2022 წლის იანვარ-მაისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 30,67%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84,59%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 267,61%-იანი ზრდა.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე, გარკვეულწილად, უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენა. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 22 თებერვლიდან ჩაკეტა.
როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი, ფაქტობრივად, გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველომ საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
ავიამიმოსვლის გააქტიურების კვალდაკვალ იზრდება ავიაბილეთების ღირებულებაც და გაძვირების ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი აქვს. მიზეზი სხვადასხვაა და უმთავრესი, რასაკვირველია, ნავთობპროდუქტების არანორმალურად მზარდი ფასებია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, საავიაციო საწვავზე ფასი ერთ ბარელზე 170 დოლარამდეა გაზრდილი. ბოლო ერთ კვირაში ფასი თითქმის 8%-ით, ხოლო წლიურად 120%-ით არის მომატებული.
პანდემიამდელ პერიოდში საწვავის ხარჯები ავიაკომპანიებისსაოპერაციო ხარჯების, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენდა. ახლა ეს მაჩვნებელი საგრძნობლად მომატებულია.
„ნებისმიერ ავიაკომპანიას, იქნება ეს ბიუჯეტური თუ - არა, ბილეთის ფასი საგრძნობლად გაზრდილი აქვს. მიზეზი საწვავის გაძვირებაა. ავიაკომპანიის ხარჯები თვითმფრინავში ერთი სკამის მიხედვით ითვლება და ამ ხარჯის 35-40%-მდე საწვავის ფასზე მოდის. ეს გავლენას ახდენს მგზავრებზე.
ამას გარდა, ავიაბილეთების ფასზე აისახება მაღალი ინფლაციაც. გასათვალისწინებელია რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთისთვის დაწესებული ავიასანქციებიც. პანდემიის გამო ავიაკომპანიებს ფინანსურად ძალიან რთული ორი წელი ჰქონდათ. ამიტომ მათთვისაც რთულია საკუთარი დანახარჯებით დაბალი ფასის შენარჩუნება“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას ავიაციის ექსპერტმა ირაკლი ნასიძემ, რომლის აზრითაც მსოფლიო ავიაციას 2019 წლის მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.
საქართველოში „ეარ ფრანსის“ წარმომადგენელ ია ხომერიკი კი ბილეთებზე ფასის ზრდას მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნით ხნის. ჯერჯერობით ავიაკომპანიები არც სიხშირის და არც მიმართულებების კუთხით პანდემიამდელ პერიოდს არ დაბრუნებიან, ამ დროს კი მოგზაურობაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია. ამიტომაც ის მოქალაქეებს ურჩევს, მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვას მიეჩვიონ.
„კოვიდის შემთხვევების კლების ფონზე მოთხოვნა გაზრდილია, თანაც ზაფხულის სეზონი ავიაციისთვის პიკურია. პანდემიამდელ პერიოდშიც ზაფხულის სეზონზე ბილეთის ფასი იზრდება, ასევე მატულობს ავიაკომპანიების დატვირთულობაც. ამას გარდა, საქართველოში ავიაკომპანიის ბილეთი ბოლო მომენტში იჯავშნება, რადგან ქართველი მგზავრი რამდენიმე თვით ადრე მოგზაურობას არ გეგმავს. როდესაც ასე ბოლო მომენტში ყიდულობ, ბილეთი უფრო ძვირია. მით უფრო მაშინ, როცა სეზონიდან გამომდინარე მოთხოვნა მაღალია.
ტურისტული ნაკადიც გაზრდილია, რის გამოც ბორტზე ადგილები ნაკლებია. ჩვენი დაკვირვებით, ეს მაინც სეზონური ზრდაა და მომხმარებელმა მგზავრობის ცოტა ადრე დაგეგმვა უნდა ისწავლოს“, - აღნიშნა ია ხომერიკმა.