შსს “იუთუბი”-ზე ატვირთული სკანდალური ვიდეოს ავტორის კვალზე გავიდა

შსს “იუთუბი”-ზე ატვირთული სკანდალური ვიდეოს ავტორის კვალზე გავიდა

6 ივნისს ავღანეთში დატრიალებულ ქართულ ტრაგედიას საზოგადოების ნაწილი კარგად დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. ამ ვერსიას არსებობის უფლება, ცხადია, აქვს, მით უმეტეს, რომ 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას ორი მნიშვნელოვანი დეტალი, ასე ვთქვათ, უძღვოდა.

პირველი დეტალი: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ჩვენი ბატალიონის წევრებს შეხვდა. ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ვიდეოში ნათლად ისმის, სააკაშვილი ერთ-ერთ მეომარს ეკითხება: “შენ რამდენი კაცი მოკალი?”

მეორე დეტალი: 6 ივნისს, ანუ ტრაგედიის დღეს, დილის საათებში, “იუთუბი”-ზე, ჯიჰადის სახელით, ვიდეო - “ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ” - გავრცელდა, რომელიც ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავდა. ვიდეოში, გარდა იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ ნაჩვენები, სააკაშვილის წინააღმდეგ მუქარაც ისმოდა: “ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!”

ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქართულ ბაზაზე ტერორისტული აქტი განახორციელა, რასაც 7 ქართველი ჯარისკაცი შეეწირა, რამდენიმე კი დაიჭრა.

ბუნებრივია, გაჩნდა მოსაზრება, რომ ტერორისტულ აქტსა და ზემოხსენებულ ვიდეოს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. ამასთან, სოციალურ ქსელებში გამოითქვა მოსაზრება, რომ “ჯიჰადის მუქარა” “იუთუბი”-ზე საქართველოდან აიტვირთა. აღსანიშნავია, რომ “იუთუბი”-ზე სკანდალური ვიდეორგოლი Hammad Zaman-მა ატვირთა, რომელიც “იუთუბი”-ს მომხმარებლად, გავრცელებული ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში, ანუ მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც “რუსთავი 2”-მა ავღანეთში სააკაშვილის სტუმრობის კადრები გაავრცელა.

იმის დასადგენად, თუ ვინ არის სკანდალური ვიდეოს ავტორი და ვინ გაავრცელა ის სოციალურ ქსელში, საქართველოს შს სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს - 6 ივნისსვე დაიწყო. ამასთან, როგორც ითქვა, ქართულმა მხარემ დასახმარებლად “გუგლი”-სა და “იუთუბი”-ს ადმინისტრაციებსაც მიმართა.

ერთი სიტყვით, “ჯიჰადის სკანდალის” გასაღები იმ ადამიანშია, რომლის კოდური სახელიც Hამმად ძამან-ია.

სხვათა შორის, ვიდეოს გავრცელებისთანავე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ვიდეო ჯიჰადის მუქარა კი არა, უფრო სარეკლამო რგოლია. მართლაც, საქმეში ჩახედულთა თქმითვე, თალიბების ვიდეომუქარები, როგორც წესი, სადაა - შეიარაღებული პირები, რომელთაც სახე დაფარული აქვთ, მუქარის ტექსტს არაბულად კითხულობენ, ამასთან, ვიდეომუქარაში მუსიკას და სხვა მსგავს ატრიბუტებს არ იყენებენ. Hამმად ძამან-ის სახელით გავრცელებული მუქარა კი, კლასიკური სარეკლამო რგოლია, რომელშიც მუსიკა თუ კომპიუტერული ეფექტები მრავლადაა გამოყენებული. ნიშანდობლივია, რომ ვიდეოში დიქტორი ტექსტს დახვეწილი ბრიტანულით კითხულობს...

სოციალურ ქსელებშივე გავრცელებული მოსაზრებით, კლიპის “შემკვეთი” შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის “სტაფია”. ამ ცნობას “ვერსიის” კონფიდენციალური წყაროც ადასტურებს, რომლის თქმითაც, Hammad Zaman პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, უფრო კონკრეტულად, გიორგი არველაძის “კამანდის” წევრია. “ვერსიის” წყაროს კონფიდენციალური ინფორმაციითვე, შს სამინისტრომ Hammad Zaman-ის ნამდვილი ვინაობა უკვე დაადგინა და “იუთუბი”-ზე სკანდალური ვიდეოს გამავრცელებელს მალე დააკავებს. წყაროს თქმით, ძალოვნებმა Hammad Zaman, როგორც მოწმე, უკვე დაკითხეს და, როგორც მას განუცხადებია, ვიდეოს გავრცელების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ტელევიზიით 26 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტის ამსახველი კადრები ნახა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა “რუსთავი 2”-ის ეთერში სააკაშვილის ავღანური ვიზიტის სკანდალური ვიდეომასალა, როგორც “ვერსიისთვის” კონფიდენციალურად გახდა ცნობილი, ეს კადრები სამაუწყებლო კომპანიას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა. მას შემდეგ, რაც მასალა უნახავთ, არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებს განუცხადებიათ, რომ ამ ვიდეოს ეთერში გაშვება არ შეიძლებოდა, თუმცა პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნითა თუ ზეწოლით, სააკაშვილის ავღანური ვიზიტის ამსახველი კადრები “რუსთავი 2”-ის ეთერში მაინც გავიდა...

ერთი სიტყვით, თუ ზემოხსენებულ ვერსიებს კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ, მივიღებთ სურათს, რომ ვიღაცას საქართველოში ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანიის აგორება სურდა და საამისოდ სისხლიან პროვოკაციაზეც წავიდა, ანუ თუ ქვეყანაში ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანია გააქტიურდება, გარკვეული ძალა, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა დასავლეთს მტკიცებას დაუწყებს, ახალი ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის და საქართველოს ჩრდილოეთისკენ მიაქანებსო, მაგრამ ეს ინტრიგა არ გაამართლებს, რამეთუ, როგორც “ვერსიის” წყაროზე დაყრდნობით ზემოთ აღვნიშნეთ, შს სამინისტროსთვის იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც სკანდალური ვიდეო “იუთუბი”-ზე განათავსა, ცნობილია და მალე დააკავებს.

კულუარული ვერსიითვე, Hammad Zaman მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ვიდეოს დამზადებისა და სოციალურ ქსელში გავრცელების დეტალები გაასაჯაროოს.