"მერაბიშვილს ლაფანყურის ეპიზოდსაც წაუყენებენ ბრალად!!!"

"უკვე ფაქტობრივად, დადგენილია, რომ ეს ვიდეორგოლი ინტერნეტში საქართველოდან აიტვირთა. ამდენად, შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ ვიდეორგოლს პირდაპირი კავშირი არა აქვს თალიბანთან, მაგრამ შეიძლება, იგი მომზადებული იყოს სხვა რომელიმე ისლამისტური ჯგუფის მიერ. ჰელმანდის პროვინციაში ჩვენს ბაზაზე თავდასხმა და ქართველი სამხედროების დაღუპვა მაფიქრებინებს, რომ ინტერნეტში გავრცელებულ ამ კლიპს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. საერთოდ, ასეთი დამთხვევები ძალიან იშვიათად ხდება. გავიხსენოთ 26 მაისს სააკაშვილის ვიზიტი ავღანეთში. იგი დაჟინებით ეკითხებოდა ქართველ ჯარისკაცებს, მითხარით, რამდენი ტერორისტი მოკალითო? ტელევიზიებმა ეს ეპიზოდი არ ამოჭრეს სიუჟეტიდან და პირდაპირ გაუშვეს ეთერში. ისე ჩანდა, რომ შეგნებულად არ ამოჭრეს და სპეციალურად გაუშვეს ეთერში სააკაშვილისა და ქართველი სამხედროების საუბარი ტერორისტების დახოცვასთან დაკავშირებით. ყოველივე ეს მაფიქრებინებს, რომ რაღაც პოლიტიკურ თამაშთან გვაქვს საქმე", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მერაბიშვილს ლაფანყურის ეპიზოდსაც წაუყენებენ ბრალად!!!".

"დაბეჯითებით ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რაზე შეიძლება იყოს ეს ორიენტირებული. უკვე ზედიზედ ორჯერ მოხდა ტერორისტების თავდასხმა ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე და ერთი თვის განმავლობაში 10 ჯარისკაცი დავკარგეთ. ამას შეიძლება მოჰყვეს ქართველი საზოგადოების პროტესტი და ხალხმა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენს პარტნიორებთან დაიწყოს მოლაპარაკებები ავღანეთიდან ჯარის გამოყვანაზე. ხომ წარმოგიდგენიათ, "ნაციონალური მოძრაობა" ამას როგორ გამოიყენებს? დაიწყებენ ლაპარაკს, "ივანიშვილის მთავრობა რუსეთის მოკავშირეა, აი, უკვე ავღანეთიდან ჯარიც გამოჰყავს" და ა.შ. აი, ეს არის ყველაზე მარტივი ვერსია, რომელიც ამ წუთას ცხელ გულზე შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ამ მიზანს ემსახურებოდა 26 მაისს სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტის გაპიარებაც და ინტერნეტში მუქარის კლიპის გავრცელებაც", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც დაიწყოს საქართველოში საზოგადოებრივი აქტივობები ავღანეთიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის მოთხოვნით. შეძრწუნებული საზოგადოებისა და გაუბედურებული ოჯახებისათვის მაღალი იდეალები - ნატო-ში გაწევრიანება და ა.შ. - მეორეხარისხოვანი ხდება, როცა მათი შვილების სიცოცხლეს ყოველდღიურად რეალური საფრთხე ემუქრება. პირადად მე, მორალური თვალსაზრისით, ვერასოდეს დავუჭერ მხარს ჩვენი ჯარისკაცების ავღანეთში ყოფნას, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მესმის, რატომ იმყოფება ჩვენი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში, ისიც ვიცი, რომ ჯარისკაცები ნებაყოფლობით მიდიან იქ და ეს საქართველოს უსაფრთხოებისათვის არის საჭირო, მაგრამ ავღანეთში ქართული კონტინგენტი განუწყვეტლივ რატომ იზრდება, როცა სხვა ქვეყნები, პირიქით, მაქსიმალურად ამცირებენ თავიანთ ცონტინგენტს? ეს კითხვა აწუხებს ქართველ საზოგადოებას და სრულებით არ არის გამორიცხული, დაიწყოს საპროტესტო გამოსვლები ავღანეთიდან ქართული ჯარის საერთოდ გამოყვანის თუ არა, კონტინგენტის შემცირების მოთხოვნით მაინც", - განაგრძობს რესპონდენტი.

"როგორც ჩანს, იჩქერიის დევნილი მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას ბევრი სამხილი შეუგროვებია ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ და ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ამას ჩვენი სპეცსამსახურები გამოიყენებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იჩქერიის მთავრობა გაჩერებას არ აპირებს და ეს კომისია თავის მიერ მოკვლეულ მასალებს გადასცემს ჯერ ევროკომისიას და მერე ევროსასამართლოს. საერთოდ, ლაფანყურის სპეცოპერაცია სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში! თუ ისიც დამტკიცდა, რომ ჩრდილოკავკასიელი მეომრები სპეციალური საშუალებებით დააძინეს და მძინარეები დახოცეს, ეს საერთოდ კატასტროფა იქნება!" - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "არ არის გამორიცხული, რომ მერაბიშვილს ლაფანყურის საქმეზეც წაუყენონ ბრალი?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, მერაბიშვილს ლაფანყურის ეპიზოდსაც წაუყენებენ ბრალად! თუ ეს ჩვენმა სამართალდამცავებმა არ გააკეთეს, ამას გააკეთებენ ჩეჩენი უფლებადამცველები და ევროპულ სტრუქტურებსა და ევროსასამართლოში წასული ეს საქმე შეუძლებელს გახდის "ნაციონალების" მხრიდან გაუთავებელ ლაპარაკს, რომ მათ პოლიტიკურად დევნიან!".