დაღუპულ გმირთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში (ვიდეო)

დაღუპულ გმირთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში (ვიდეო)

დღეს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი საქართველოში დღეს გამთენიისას ამერიკული სამხედრო ლაინერით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ამავე ბორტით, გარდაცვლილ გმირებთან ერთად ჩამოვიდა.

დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა. როგორც პატრიარქმა ქადაგებაში აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო თავის ვაჟკაცებს გლოვობს. ქართველი ჯარისკაცები საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

სამების საკათედრო ტაძარში სამძიმარს გარდაცვლილი 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები იღებდნენ. სამძიმარს ასევე, იღებდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და დაღუპულთა თანამებრძოლებიც. ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე, იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. სამების საკათედრო ტაძარში მივიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს მიუსამძიმრა და სამხედროების ვაჟკაცობას გაუსვა ხაზი: „ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების ოჯახებს და ახლო ნათესავებს. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ეს ბიჭები ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეწირნენ.“

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 7 სამხედრო მოსამსახურე 6 ივნისს, ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ქართველ სამხედროებს დღეს საღამოს საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.