სადამდე?!

სადამდე?!

ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში თალიბების ერთ-ერთი მთავარი და კონკრეტული სამიზნე გახდა...

რაღა დავწეროთ? ის, რომ გამართლდა ჩვენი ვარაუდი, რომ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაორმაგება მნიშვნელოვნად გაზრდიდა მსხვერპლის რაოდენობას? თუ ის - ქართულ დანაყოფებს რაღა მაინცდამაინც ჰილმენდის პროვინციაში ვგზავნით, რომელიც არა მარტო ავღანეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია?

6 ივნისის ტრაგედიამ, რომელსაც შვიდი ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, ცხრა კი დაიჭრა, საბოლოოდ დაგვანახა, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტი თალიბებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა, როგორიც აქამდე ამერიკული თუ ბრიტანული კონტინგენტი იყო.

ამაზე მიუთითებს ბოლო ორი ტერაქტის ხელწერა, როდესაც თავს დაესხნენ არა სამხედრო ბაზებიდან გასულ საპატრულო ჯგუფებს, არამედ ქართულ სამხედრო ბაზებს. ორივე შემთხვევაში კამიკაძე-ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო ავტომობილები ააფეთქეს, რამაც ამხელა მსხვერპლი გამოიწვია.

6 ივნისს, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე, ინტერნეტით გავრცელებული ვიდეორგოლით ავღანეთში ქართულ სამხედრო კონტინგენტს და მთელ საქართველოს ჯიჰადით - საღვთო ომის გამოცხადებით - დაემუქრნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მუქარა, ჩვენდა სამწუხაროდ, რამდენიმე საათში რეალობად მოგვევლინა, მაინც არსებობს დიდი ეჭვი, რომ ეს ორი აქტი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის და ინტერნეტმუქარა უფრო საინფორმაციო ომის ნაწილია.

თუმცა ეს ჩვენთვის დიდი ვერაფერი ნუგეშია, რადგან 2014 წლის ბოლომდე, სანამ ISAF-ის ოპერაცია დასრულდება, ჯერ კიდევ წელიწად-ნახევარია, თალიბები უფრო გააქტიურებას აპირებენ, საქართველოს მთავრობა კი ISAF-ის მისიის დასრულებამდე არ აპირებს ავღანეთში ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირებას. არავინ დავობს - თუკი საქართველო მიისწრაფვის NATO-სკენ, მაშინ მან მონაწილეობაც უნდა მიიღოს ISAF-ის ოპერაციაში, მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს პროცესი - სწორედ ეს გახლავთ მთავარი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული კონტინგენტის რაოდენობა ავღანეთში თითქმის 10-ჯერ გაზრდილიყო (2009 წლის შემოდგომაზე ქაბულში 173 სამხედრო გავგზავნეთ, დღეს კი ავღანეთში 1 600-მდე ქართველი სამხედროა), რათა საქართველო გამხდარიყო ISAF-ის პირველი კონტრიბუტორი, NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის.
ამით საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება დასავლეთის თვალში პოლიტიკური ქულები ჩაიწერა, მაგრამ ამ პიარნაბიჯით ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში თალიბების გამორჩეულ და ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცია.

თალიბების ხელმძღვანელობისთვის არანაკლებ მომგებიანია, მთელ მსოფლიოს აჩვენოს, როგორ სჯის NAთO-ს თაყვანისმცემელ საქართველოს, რომელსაც NATO-ს "ღია კარში" შესვლა ჯერაც ვერ მოუხერხებია.
ჭკვიანური პოლიტიკის შემთხვევაში შეგვეძლო ISAF-ის მისია ნაკლები დანაკარგებით ან საერთოდ უმსხვერპლოდ ჩაგვეთავებინა. ამისთვის საჭირო არ იყო ავღანეთში გასაგზავნი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის ზრდა და მაინცდამაინც ჰილმენდის პროვინციაში ამერიკელებთან ერთად ბრძოლა. სხვათა შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი დიდი ტყუილი ისიც გახლდათ, რომ ისინი ცდილობდნენ, საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას დააჩქარებდა. ეს რომ სიცრუე იყო, არაერთხელ დაამტკიცეს თავად NATO-ს ხელმძღვანელებმა, რომლებიც ხაზგასმით აცხადებდნენ - ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდა არ ნიშნავს NATO-ში გაწევრებასო.

საქართველოს ხელისუფლებას თავიდანვე რომ აერჩია სხვა გზა და ISAF-ის მისიაში, ძირითადად, შტაბის ოფიცრები, სამხედრო ინსტრუქტორები და ექიმები გაეგზავნა, თავიდან ავიცილებდით ამხელა მსხვერპლს და არც NATO-ში წამოსცდებოდა ვინმეს აუგი ჩვენზე.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის შეცდომა შეიძლება ის გახლდათ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათ არ გადახედეს წინა ხელისუფლების მიღებულ გადაწყვეტილებას ავღანეთში დამატებით მეორე ბატალიონის გაგზავნის შესახებ. არ არის გამორიცხული, ივანიშვილის მთავრობა მოერიდა სკანდალს, რომ ახალმოსული ხელისუფლებისათვის "ნაციონალებს" მაშინვე პრორუსული ძალის იარლიყი არ მიეკერებინათ.
კონტინგენტი 1 600 კაცამდე ახალი მთავრობის ხელში, წლის დასაწყისში, გაიზარდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ტრაგიკულმა შედეგმაც არ დაახანა...

ISAF-ის მისიაში ქართული მხარის შემდგომი მონაწილეობის საკითხი უნდა გადაიხედოს. ქართველ სამხედროთა რაოდენობის შემცირება აუცილებელია, თუკი არ გვინდა, ტრაგედიათა ჯაჭვი გაგრძელდეს.