პროკურატურა დიმიტრი შაშკინს, ანდრია ურუშაძესა და ზურა მელიქიშვილს დაკითხავს?
,,ვერსიას’‘ დეპუტატმა კარლო კოპალიანმა ,,ოცნების’‘ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის დასკვნა ექსკლუზიურად გადასცა! კომისია ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანუ კონტროლის პალატის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. შედეგად, მომზადდა 160-გვერდიანი დასკვნა კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებებსა და სხვადასხვა უწყებებთან მიმართებაში დაშვებულ კანონდარღვევებზე. დასკვნას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას განიხილავს, თუმცა ,,ვერსიის’‘ მკითხველისთვის კომისიის მიერ აღმოჩენილი სკანდალური დეტალები დეპუტატების პრემიების შესახებ უკვე გახდა ცნობილი. ამჯერად, გთავაზობთ არანაკლებ სკანდალურ ინფორმაციას ახლა უკვე ნაციონალების დეპუტატ ლევან ბეჟაშვილსა და იმ უწყებებს შორის დანაშაულებრივ გარიგებაზე, რომლებიც კონტროლის პალატას 2012 წელს უნდა შეემოწმებინა. როგორც ჩანს, აუდიტის სამსახური 2011-2012 წლებში წინასაარჩევნო ბატალიებითა და ,,ოცნებასთან’‘ ბრძოლით იმდენად იყო დაკავებული, რომ საკუთარი უწყების მთავარი ფუნქცია _ აუდიტორული შემოწმებები _ დაივიწყა და შედეგმაც არ დაახანა _ საპარლამენტო კომისია მოძიებული მასალების პროკურატურისთვის გადაცემას აპირებს და შესაბამისი უწყებებისგან სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს!
კონტროლის პალატამ სოციალური სფეროს აუდიტი 2012 წელს მთელი რიგი კანონდარღვევებით ჩაატარა, თუმცა ამის მიუხედავად, ახალ გენაუდიტორს, ნაციონალ ლაშა თორდიას ანგარიში 2013 წლის 17 აპრილს დიდი ამბით ჩაბარდა. ამ წელს თორდიას აუდიტორებმა ჯანდაცვის, განათლებისა და დევნილების სამინისტროები შეამოწმეს. სამივე უწყების ბიუჯეტი 2 495 994 300 ლარს, მთლიანი ბიუჯეტის 31%-ს შეადგენდა. როგორც ირკვევა, კონტროლის პალატამ ჯანდაცვის სამინისტროში შეისწავლა 3 ყველაზე მსხვილი კლინიკა, სადაც ქირურგიული ოპერაციები ტარდება: „ღია გული“, „ჩაფიძის ცენტრი“ და „ჯოენის კლინიკა“. გამოვლინდა ქირურგიულ ოპერაციებზე ფასების ხელოვნურად ზრდის ტენდენციები და მონოპოლისტური მიდგომა _ მსხვილი კლინიკები სამკურნალო და სამედიცინო მასალებს მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან იძენდნენ, რის შედეგად, საშუალო ამონაგები თვითღირებულების 50-80%-ს შეადგენდა. ამ ყველაფრის შემდეგ, თავად კონტროლის პალატაც კი ასკვნის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა 3 მლნ ლარით იზარალა. სხვათა შორის, სამინისტროს აუდიტორული შემოწმების პერიოდი საეჭვოდ ემთხვევა ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის ზურაბ ჭიაბერაშვილით ჩანაცვლებას და ლევან ბეჟაშვილისა არ იყოს, რომელიც პარტიამ პარლამენტს შეაფარა, ანდრია ურუშაძეც ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატად მოგვევლინა საბურთალოს რაიონში! ,,ოცნების’‘ ,,რესპუბლიკელი’‘ წევრის, ნოდარ ებანოიძის კომისიის დასკვნის მიხედვით, ასეთი დარღვევები აუცილებლად საჭიროებდა სამართლებრივ რეაგირებას _ იგი, ცხადია, არც ერთ კანონდარღვევას არ მოჰყოლია!
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებზე: ქიმიოთერაპიული პრეპარატების შესყიდვებში დიდი ოდენობით არამიზნობრივი ხარჯები გამოვლინდა. ონკოლოგიის ცენტრმა 800 000 ლარის თვითღირებულების ქიმიოპრეპარატები 2 მილიონად შეისყიდა და მიმწოდებელ კომპანიას 1,1 მლნ ლარი ზედმეტად აუნაზღაურა! იმპორტირებულ ქიმიომედიკამენტებზე კი, შესყიდვის შემდეგ ფასები, საშუალოდ, 4-ჯერ გააძვირა! არასახარბიელოა მდგომარეობა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშიც _ ჯერ ერთი, მისი აუდიტორული შემოწმების ანგარიში 1,5 წლის დაგვიანებითაა დამტკიცებული და მეორე, კონტროლის პალატამ მას დიდი ოდენობით აღურიცხავი შემოსავლები უპოვა: 2008 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში _ 258 432 ლარი, დაზღვეული პაციენტებისთვის გაწეულ მომსახურებაში _ 32 320 ლარი, სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის შესრულებულ სამედიცინო მომსახურებაში _ 90 545 ლარი. ასევე, ცენტრს არ აღურიცხავს 2009 წელს შიდა სტანდარტით გაწეული სამედიცინო მომსახურება 419 414 ლარის ოდენობით! შესრულებული სამუშაოს მიხედვით დასარიცხ და ფაქტობრივად დარიცხულ ხელფასებს შორის კი სხვაობა 359 011 ლარს შეადგენს. შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ღუდუშაურის კლინიკამ საშემოსავლო 89 752 ლარი არ გადაიხადა! უკეთესი ვითარება, არც კონტროლის პალატისა და არც ნოდარ ებანოიძის კომისიის დასკვნის მიხედვით, არაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში: მართალია, 2012 წლის 2 აგვისტოს დამტკიცებული დასკვნის ავტორი არ ჩანს, მაგრამ ამ უავტორო დასკვნითაც ირკვევა, რომ განათლების სამინისტროს ბალანსზე 42 329 ლარის დაურეგისტრირებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და პროფესიული სასწავლებელების შენობა-ნაგებობები ირიცხება! მათ სარგებლობაში არსებული 65,6 ჰექტარი მიწა კი საერთოდ შეფასებული და ასახულიც არ არის, ხოლო სამინისტროს მიერ მიღებული 166 694 ათასი ლარის ოდენობის გრანტი ფინანსთა სამინისტროში არც დარეგისტრირებულა!
საყურადღებოა დასკვნაში ასახული მასალები სოფლის მეურნეობის სამინისტროზეც. რამდენიმე პროგრამა და ხელშეკრულება სამართლებრივ რეაგირებასაც მოითხოვს. ასეთია ხორბლის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში, სამინისტროს მილიონნახევარი დოლარის ხორბლის არასერტიფიცირებული თესლი შეუძენია. ცნობილი ჰიბრიდული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით სამინისტრომ შეისყიდა 98%-ით მეტი ფართობი, ვიდრე სიმინდის დათესვას ესაჭიროებოდა. გარდა ამისა, შემოიტანეს იმაზე ბევრად მეტი სათესლე მასალა, ვიდრე გამოკითხვებით დადგინდა, რომ გაიყიდებოდა. საბოლოო ჯამში, 2011 წელს სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საშუალოდ, მიღებული მოსავალი 2,9 ტონას არ აღემატებოდა, რაც წინა წლებში მიღებული მოსავლის 53%-ია. კონტროლის პალატის ანგარიშის თანახმად, 2012 წელს დასრულებული აუდიტების მიხედვით, ნაჩვენებია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც. სხვათა შორის, მანამდე კულტურის სამინისტრო არც ერთ სააუდიტო დეპარტამენტს არ უხსენებია თავის ანგარიშებში და არც საკურატორო სფეროებში აქვთ მითითებული. მეტიც, სამინისტროს შემოწმების მასალები, ოღონდ უკვე 2013 წელს, კომისიის მუშაობის პერიოდში, პროკურატურაზეა გადაცემული, თუმცა მისივე მოთხოვნით. საპარლამენტო კომისიას არც დედაქალაქისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა აუდიტორული შემოწმების შედეგები დავიწყებია. კონტროლის პალატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მის მიერ შესამოწმებელ ობიექტებს საქართველოს 54 მუნიციპალიტეტი და 4 თვითმმართველი ქალაქი, თბილისი, ქუთაისი, ფოთი და რუსთავი წარმოადგენს, თუმცა ანგარიში მთელ რიგ არასწორ ინფორმაციას შეიცავს.
კონტროლის პალატის მტკიცებით, 2012 წელს მათ, ჯამურად, 234 434 100 ლარის ბიუჯეტის მქონე ერთეულები შეამოწმეს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ჯერ ერთი, კონტროლის პალატის მიერ 2012 წელს შემოწმებული ობიექტების სიაში ისეთი 7 ობიექტიცაა, რომლებიც არა 2012, არამედ 2011 წელს შემოწმდა. ეს 7 ობიექტი ყველასთვის კარგად ნაცნობი პროექტებია, რომელთა ნაწილმაც, სხვათა შორის, შესაძლოა, გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დააჩქაროს: 1. თბილისის საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებული ქალაქგაფორმების ღონისძიებები, რაც 36 210 000 ლარი დაჯდა; 2. თბილისის გარეგანათების ღონისძიებები (105 318 000 ლარი); 3. ქუთაისის გარეგანათებისა და საახალწლო ქალაქგაფორმების ღონისძიებები (57 030 ლარი); 4. ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აუდიტი (14 300 ლარი); 5. ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის ფინანსური აუდიტი (920 000 ლარი); 6. ფოთის #5 საჯარო სკოლის ფინანსური აუდიტი ( 935 100 ლარი); 7. ქუთაისის #2 საჯარო სკოლის ფინანსური აუდიტი (824 800 ლარი). ამ ობიექტებიდან ნაწილზე, წარმოდგენილ აუდიტის ანგარიშებში არ არის მითითებული შემოწმებათა დაწყება-დასრულების ვადები და რაც მთავარია, შვიდივე ობიექტი, როგორც 2011 წელს ჩატარებული, ისე ფიგურირებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისადმი გაგზავნილ ინფორმაციაში. თანაც, ამ ანგარიშებიდან მხოლოდ ერთია დამტკიცებული, ქუთაისის გარეგანათებისა და საახალწლო ქალაქგაფორმების ღონისძიებების თანხა, ისიც 2013 წლის 6 მარტს, დანარჩენები კი დამტკიცებულიც არ არის! კონტროლის პალატის მიერ დაუმტკიცებლობის მოტივი ისაა, რომ ანგარიშები გაცილებით ადრეა შედგენილი,
ამჟამად კი, უწყებაში იგივე აუდიტორები აღარ მუშაობენ, ამიტომ წინა პერიოდში სხვის ნამუშევარზე პასუხისმგებლობის არავინ იღებს.
შესაბამისად, კონტროლის პალატაში არავინ აგებს პასუხს თბილისის საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებული ქალაქგაფორმების ღონისძიებებსა და თბილისის გარეგანათებაზე, რისთვის დანახარჯიც, ჯამში, 141 528 000 ლარს შეადგენს! ამით დარღვეულია რეგლამენტის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ დგება აქტი ან ცნობა. მას ძალა მხოლოდ აუდიტის დასრულების შემთხვევაში აქვს, როცა ხელს დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე აწერს. რადგან აქტები არც დამტკიცებულია, არც ხელმოწერილი, გამოდის, კონტროლის პალატამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს იურიდიული ძალის არმქონე ანგარიშები გადაუგზავნა, რაც ლევან ბეჟაშვილისა და იმ დროისთვის პარლამენტში ამ თანამდებობაზე მომუშავე ნაციონალ ზურაბ მელიქიშვილის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს! გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის ანგარიშით, შვიდივე ობიექტის ბიუჯეტი შეადგენს 164 210 900 ლარს. თავად კონტროლის პალატის დეპარტამენტის ანგარიშის დასაწყისში კი ნათქვამია, რომ 2012 წელს სულ აუდირებულ იქნა 234 000 000 ლარი! უკეთეს შემთხვევაში, აუდირებული 70 მილიონი გამოდის, რაც ანგარიშში ნაჩვენებ თანხასთან შედარებით, 70%-ით ნაკლებია! ამგვარად აორთქლდა კონტროლის პალატიდან პარლამენტამდე 69 მილიონი ლარზე მეტი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმების ანგარიში, რომელიც 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე შესამოწმებელ პერიოდს მოიცავს. სხვებისგან განსხვავებით, ეს ანგარიში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე არაყიშვილის მიერ 2012 წლის 30 აპრილსაა დამტკიცებული. დასკვნაში ისეთ ფაქტებზეა საუბარი, რაც აუცილებლად მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას, თუმცა პოლიტიკურ ბატალიებში ჩართული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ფინანსური დარღვევების გამო, პასუხი არავის მოუთხოვია. ამის მიუხედავად, დასკვნაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაწეულ არამიზნობრივ ხარჯზე და მითითებულია, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 13 300 000 ათასი ლარიდან, 385 500 ათასი ლარი მაუწყებელმა საკუთარი შეხედულებისამებრ დახარჯა. ეს ,,საკუთარი შეხედულება’‘ კი იყო არა პირველადი მიზნები ტელევიზიისთვის, არამედ მესამე არხის, ანუ ყოფილი ,,რეალ_TV’‘-ს ფუნქციონირება. გამოდის, 385 500 ლარი გადასახადების გადამხდელების, ანუ ჩვენი ჯიბიდან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ,,რეალ_TV’‘-ს შეწირა! ამ მასალებითაც ჩანს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში საქმე კანონდარღვევებთან გვაქვს. ნოდარ ებანოიძის დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაშიც გარკვევითაა ნათქვამი, რომ ზოგადად, აუდიტის ინსტიტუტთან დაკავშირებული დარღვევები სამართალდამცავი ორგანოების სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. კომისია კონტროლის პალატის საქმიანობას არათუ დადებითად, არამედ დამაკმაყოფილებლად ვერ აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ დროებით კომისიაში რამდენიმე ნაციონალი პარლამენტარიც იყო გაწევრიანებული, დასკვნაში პოლიტიკური აქცენტები მოზომილად მაინცაა გაკეთებული: ჯერ იყო და, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია 2012 წლის 23 ივლისამდე ნაციონალების დეპუტატი იყო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. კონტროლის პალატის ექსთავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და მისი მოადგილე თინათინ ბოკუჩავა კი თანამდებობებიდან არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სიით მონაწილეობის მისაღებად გადადგნენ. მოხდა ისე, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საოლქო-საარჩევნო კომისიების ტრენერების ნაწილი კონტროლის პალატის თანამშრომლებით დაკომპლექტდა. მათ შორის, კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ივანე პეტრიაშვილი, სრულიად შემთხვევით, სიღნაღის რაიონში მოახვედრეს, სადაც მაჟორიტარად კენჭს მისი ყოფილი ზემდგომი, ლევან ბეჟაშვილი იყრიდა! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომისიის 160-გვერდიანი დასკვნის ბოლოს შემდეგია ნათქვამი: ,,კომისიის დასკვნა და შესაბამისი დანართები, დასკვნაში ასახული კანონდარღვევების სამართლებრივი შეფასების მიზნით, უფლებამოსილების მიხედვით, განხილვისა და რეაგირებისთვის, წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას!’‘