ჰოლანდი:

ჰოლანდი: "ჩემი ამბიციების რეალიზებისთვის შესაფერის გუნდში ვარ"

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის ვებგვერდზე ნორვეგიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ განცხადება გავრცელდა.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საამაყო დღეა. ყოველთვის ვუყურებდი „სიტის“ თამაშებს და ბოლო სეზონებში ამას სიამოვნებით ვაკეთებდი. არ შეიძლება აღფრთოვანებული არ ვიყო ამ გუნდის სათამაშო სტილით. ძალიან ბევრ საგოლე მომენტს ქმნიან, რაც იდეალური ჩემნაირი მოთამაშისთვის. „სიტიში“ მსოფლიო დონის ძალიან ბევრი ფეხბურთელია, გარდა ამისა, გვარდიოლა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი ამბიციების რეალიზებისთვის სწორ ადგილას ვარ.

მინდა გოლები გავიტანო, ტიტულები მოვიგო, განვითარდე, როგორც ფეხბურთელი და დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებ. ეს შესანიშნავი ნაბიჯია ჩემთვის და მოუთმენლად ველოდები პრესეზონის დაწყებას“, - თქვა ჰოლანდმა.

„მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდში დორტმუნდის „ბორუსიას“ 75 მილიონი ევრო გადაუხადა და მხარეებმა კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ 2020-2022 წლებში „დორტმუნდში“ 89 შეხვედრაში 86 გოლი გაიტანა, მანამდე კი ის „ზალცბურგისა“ (27 თამაში, 28 გოლი) და „მიოლდეს“ ღირსებას (50 მატჩი, 20 გოლი) იცავდა, ხოლო ნორვეგიის ნაკრებში 21 თამაშში უკვე 20 გოლის გატანა მოასწრო.