მზესუმზირის ზეთი ჯერ გაძვირდება და მერე, შეიძლება, საერთოდაც დეფიციტური გახდეს

მზესუმზირის ზეთი ჯერ გაძვირდება და მერე, შეიძლება, საერთოდაც დეფიციტური გახდეს

მზესუმზირის ზეთის იმპორტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში, ეს ეხება გაზრდილ ფასს და შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი პროდუქტის დეფიციტს. არის ქვეყნები, სადაც მზესუმზირის ზეთი უკვე ძნელად იშოვება და თუკი რუსეთმა მისი ექსპორტი საერთოდ აკრძალა, ასეთ შემთხვევაში, საფრთხე რეალური იქნება საქართველოშიც, რადგან ყველაზე დიდი მომწოდებელი სწორედ ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაა.

რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბრიდან დააწესა და ის განუხრელად იზრდება. ივნისში 1 ტონა პროდუქტის საექსპორტო ბაჟმა კიდევ 152.8 დოლარით მოიმატა. შესაბამისად, 1 ტონა ზეთის ღირებულება ამჟამად 525 დოლარს შეადგენს, რომელიც პირველი ივნისიდან შევიდა ძალაში, მანამდე კი საექსპორტო გადასახადი 372 დოლარი იყო.

რამდენად აისახება რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადი იმპორტირებული პროდუქტის ფასზე და რამდენით გაძვირდება დახლზე ზეთის ფასი? როგორც იმპორტიორი კომპანია „ალფას“ დირექტორმა ირაკლი ციხისთავმა აღნიშნა, ივნისში ზეთის იმპორტის შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 10%-მდე გაძვირდება.

„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთის 1 ლარით გაძვირდება“, - თქვა ციხისთავმა.

თუმცა, იმპორტორები უფრო მძიმე და მოსალოდნელ პრობლემაზეც საუბრობენ. არ არის გამორიცხული, რუსეთმა ზეთი საერთოდ აღარ გაყიდოს და ამ შემთხვევაში საქართველოს სხვა ქვეყნის ბაზრის მოძებნა მოუწევს, რომელიც გაცილებით ძვირი იქნება.

კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ზეთი საერთოდაც აღარ გაყიდოს და ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სხვა ქვეყნის ბაზრაზე გადართვა მოუწევს, რაც ადვილი არ იქნება.

„არის ქვეყნები, რომლებსაც ზეთი უკვე აღარ აქვთ და არც მიღება შეუძლიათ. მაგალითად, მზესუმზირის ზეთის დიდი პრობლემაა თურქეთში და არაბეთის ქვეყნებშიც. ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკამ გამოიწვია და შეიძლება ჩვენთანაც იგივე მოხდეს. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, შესაძლოა, საერთოდ აღარ გაყიდოს პროდუქტი და დიდი ალბათობით, დეფიციტი გაჩნდეს. ამ შემთხვევაში სხვა ქვეყანა უნდა მოვძებნოთ“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

ტრადიციულად საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. სამეულში კი, ომის მიუხედავად იანვარ-თებერვალში განხორციელებული იმპორტით უკრაინაც მოხვდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ზეთის იმპორტის ღირებულებისა და მოცულობების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგი შემდეგნაირია:

  1. რუსეთი - 3.9 მლნ დოლარი, 2 504 ტონა;
  2. აზერბაიჯანი - 2 მლნ დოლარი, 1 040 ტონა;
  3. უკრაინა - 416.1 ათასი დოლარი, 239 ტონა;
  4. იტალია - 16 ათასი დოლარი, 5 ტონა;
  5. სომხეთი - 6 ათასი დოლარი, 3 ტონა;

მცირე მოცულობებით ზეთის იმპორტი ამ პერიოდში გერმანიიდან და საფრანგეთიდანაც განხორციელდა.

abarava ქართველ გლეხებს დაეხმარეთ დათესავენ მზესუმზირას...ისე რომ ვუყურებ თვეში სადღაც 3-4 მილიონი დოლარის ზეთი გვჭირდება,მეტი არა...და წარმოიდგინეთ როგორი გაღარიბებულია ქვეყნის მოსახლეობა....კაცზე დოლარი თვეში ზეთზე...მდა...ძალიან ღარიბადა ვართ ძალიან....(.რუსული,უკრაინული,აზერბაიჯანული,სომხური ზეთი 2დოლარი ლტ ,იტალიური 4 დოლარი ლტ.)...რატომ არ ვთესავთ მზესუმზირას?
2 წლის უკან