საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია სტუმრად 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და მორიგი ფანტასტიკური გოლი გაიტანა.
ცნობილი იტალიური გამოცემა Correire Dello Sport-ი ხვიჩას გუშინდელ თამაშს სპეციალური წერილით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ და რომლის სათაური ასეთია: „კვარაცხელია - ნაკრებში მორიგი მაგია და ტელეკომენტატორი აღფრთოვანდა“.
„ნაპოლიში“ გადასვლამ ხვიჩა კვარაცხელიას ფრთები შეასხა. ქართველი ფანტაზისტა, რომელიც „აძურიში“ თავგადასავალს 1 ივლისს დაიწყებს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფაქტობრივად ოქროს პერიოდს განიცდის.
ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან კვარაცხელიამ ვილი სანიოლის გუნდი 2:0 დააწინაურა. საქართველომ 3:0 მოიგო და სამი ტურის შემდეგ 9 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. ამიტომაც, პირველი წრის შემდეგ საქართველო B დივიზიონში პრაქტიკულად გადასულია და ეს იქნება ერთა ლიგის მესამე სეზონში ამ გუნდის მეორე აღზევება, მას შემდეგ, რაც 2019 წელს D დივიზიონიდან C-ში გადავიდა.
კვარაცხელია თანაგუნდელებს აღზევებისკენ მიუძღვება. მან ეროვნულ ნაკრებში ბოლო ერთ კვირაში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, მას შემდეგ, რაც მანამდე გიბრალტარი და ბულგარეთი დაამწუხრა. მომავალი ნეაპოლიტანელის ოსტატობა: ბურთი თანაგუნდელების კარგი მანევრის შემდეგ კარიდან დაახლოებით 25 მეტრში მიიღო. ჯერ მცველი მოატყუა, მერე ძლიერი და ზუსტი დარტყმით მაკედონიელ მეკარეს მარჯვენა კუთხეში გაუტანა.
ძალის, ტექნიკისა და სიზუსტის მშვენიერი ნაზავი, რამაც აღაფრთოვანა ინგლისელი კომენტატორი, რომელმაც რეპორტაჟისას „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის ძალიან იმედისმომცემი კომენტარი გააკეთა: „ნაპოლიმ“ ფენომენი დაიმატა, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. „აძურის“ შესანიშნავი ტრანსფერი“, - წერს რომაული გაზეთი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, უკვე მოასწრო 8 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება.