„თუ ავღანეთს დავტოვებთ, ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ“

„თუ ავღანეთს დავტოვებთ, ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ“

თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, 50-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა - ძირითადად სტუდენტები - ავღანეთში 6 ივნისს დაღუპული 7 სამხედროს ხსოვნის პატივსაცემად და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის ნიშნად. ამასთან, აქციის მონაწილეები ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას ან ქართველი სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდნენ. „დააბრუნეთ ქართველი სამხედროები საქართველოში“ - სოციალურ ქსელში ამ სახელწოდების აქციის ორგანიზება 2 დღის წინ დაიწყო, აქციას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის აქციის მონაწილეთა სურვილი გაუგებარია.

„შეწყდეს ქართველი სამხედროების სისხლისღვრა ავღანეთში“, „გამოვიყვანოთ ქართველი სამხედროები ავღანეთიდან“ - ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში, 5 ახალგაზრდა პარლამენტის ყოფილი შენობის კიბეებზე მდუმარედ იდგა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 50-ზე მეტი ახალგაზრდა იყო შეკრებილი. როგორც აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, მათი მიზანი არ არის არც პროპაგანდა და არც პოლიტიკური შეფასებები, მიზანი ქართველი სამხედროების სიცოცხლის დაცვაა და არა რუსეთ-ნატოს ინტერესების განხილვა.

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაციის“ წარმომადგენლის ნიკა მემანიშვილის სიტყვებით, იმ ფონზე, როცა თავად ნატოს წევრი ქვეყნები ამცირებენ და ზოგიერთ წევრ ქვეყანას გამოჰყავს ჯარი ავღანეთიდან, შეიძლება საქართველომაც შეამციროს თავისი კონტინგენტი:

„შეიძლება ჩვენი ჯარებიც შევამციროთ. არ არის აუცილებელი გამოვიყვანოთ და ამ შემთხვევაში ცუდად გამოვჩნდეთ იმავე დასავლეთის თვალში და ასევე აუცილებელია განრიდება მოხდეს ცხელი წერტილიდან, რამეთუ ეს არის პირდაპირ უკვე ტერორისტების სამიზნე“.

სტუდენტ ბექა შენგელიას სიტყვებით კი, ის კარგად აცნობიერებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გარდაუვალ აუცილებლობას და ამას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს, მაგრამ ამბობს, რომ მას, როგორც ქვეყნის მოქალაქეს, უჩნდება კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი ავღანურ მისიაში საქართველოს მონაწილეობის მასშტაბის შემცირებით ნატოში გაწევრიანების მიღწევა:

„თუ შევადარებთ სიკეთეებს ერთმანეთთან, კი ბატონო, ჩვენ გვსურს დასავლეთთან ინტეგრაცია, გვსურს ნატოში შესვლა, ამას ჩვენ კი არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ვემხრობით, მაგრამ საკმაოდ ძვირს ფასს ხომ არ ვიხდით ამ ყველაფრისთვის?“

კითხვა, საკმაოდ ძვირ ფასს ხომ არ ვიხდით ავღანეთში სამხედრო მისიის შესრულებით და მოთხოვნა, რომ საქართველოს სამხედროებმა დატოვონ ავღანეთი, არ ესმის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ბრძოლის მიტოვება  და არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმა არასწორი გადაწყვეტილებაა; ამასთან, ეს საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო დონეზე სერიოზულად აზარალებს:

„ჩვენ იმიტომ ვართ იქ, რომ ამით ვიცავთ საქართველოს თავისუფლებას, ჩვენ ამით ყოველდღიურად ხელს ვუწყობთ იმას, რომ საქართველომ, დღეს თუ არა ხვალ, მოახერხოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიული მსოფლიოს გარეშე ჩვენი ეროვნული სტრატეგიული ინტერესების ამოცანების მიღწევა შეუძლებელია და თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ, მაშინ ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როცა მავთულხლართები 200 მეტრით კი არა, შესაძლოა 100 კილომეტრით გადაიწევა სადმე. ამიტომ ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გავუწიოთ“.

მიუხედავად პარლამენტის თავმჯომარის მოწოდებისა, რას უნდა გაეწიოს ანგარიში, საპარლამენტო უმრავლესობაშიც არ არის ერთგვაროვანი ხედვა საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, შესაძლოა კონტინგენტის რაოდენობის საკითხზე საუბარი უპრიანი იყოს:

„ყველა ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ ჩვენი თანამემამულეები იქ რომ იხოცებიან, რამდენად არის ეს იმის ფასი, რომ ჩვენ რაღაც გლობალური პოლიტიკის ნაწილი ვიყოთ და რეალურად, ალბათ, ეს მაინც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, იმიტომ რომ ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა ამ პროცესზე“.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის მისიაში საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ კონტრიბუტორ ქვეყანას, მოსახლეობის რაოდენობის პროცენტული შემადგენლობის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი და გამოთქვამს მზადყოფნას დარჩეს ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, 2014 წლის შემდეგ საქართველოს კონტინგენტს ავღანეთში მისია შეეცვლება, რაც რისკებსაც შეამცირებს:

„2014 წლიდან ჩვენ გადავდივართ მისიის ახალ ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც გაცილებით ნაკლები იქნება რისკები, რადგან ძირითადად მათი მომზადებით, განათლებით, ტრენინგით ვიქნებით დაკავებული. დღეს რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენი მისიის გადახედვა, - რაოდენობის, გასვლა-გამოსვლის, - ამ შემთხვევაში შეიძლება 2014 წლამდე ტექნიკურადაც ვერ მოვასწროთ, მით უმეტეს, რომ მინდა გაიაზროთ, თუ რამხელა წვლილი შეაქვთ ჩვენს ჯარისკაცებს ამ საქმეში და ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი“.

აქვე ვთქვათ, რომ ქართველი ექსპერტების შეფასებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა შემცირდეს სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში სრულიად პაციფისტური შინაარსისაა და ის ნატოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. მსგავსი შინაარსის მოთხოვნები ნატოს წევრი ევროპული დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენელთაგანაც გვსმენია.