სულხან მოლაშვილს ისევ იჭერენ?!

სულხან მოლაშვილს ისევ იჭერენ?!

მართალია, ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს, მაგრამ “ნაციონალებისდროინდელი”, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, არჩევნებიდან შვიდი თვის შემდეგაც არ დამთავრებულა _ მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე მოლაშვილმა საპატიმრო პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა, მის ძმას, კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხანს კი, პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთმა წლების წინ მისცა, მოლაშვილების საქმე ისევ სასამართლოშია. მეტიც, გამორიცხული არაა, რომ სასამართლომ სულხან მოლაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს და დღის წესრიგში მისი დაპატიმრება კვლავ დადგეს. საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა სასჯელაღსრულების სისტემას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა და, როგორც მოლაშვილები ამბობენ, მათ წინააღმდეგ საქმეც სწორედ მაშინ “შეიკერა” _ სულხანმა თითქოს ექიმს სცემა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ეს საქმე პროკურატურამ სასამართლოს გადასცა. განხილვა 9 ივნისსაა ჩანიშნული... “ქართული სიტყვა” თორნიკე მოლაშვილს ესაუბრა:

_ როცა დამაკავეს, ვანო მერაბიშვილი შს მინისტრი კი იყო, მაგრამ ჩემს დაკავებასთან უშუალო კავშირი არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ. მისი მინისტრობის დროს, შს სამინისტროში აღარ ვმუშაობდი, რომ სისტემიდან წამოსვლა მის სახელს დავუკავშირო _ შსს იმ დღეს დავტოვე, სულხანი რომ დააკავეს.

რაც შეეხება ჩემს დაკავებას, როგორც მითხრეს, კოდუამ მერაბიშვილი დაარწმუნა, რომ იარაღი და ნარკოტიკი ნამდვილად მქონდა, თუმცა მჯერა, რომ ჩემი დაკავებით დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი იყვნენ!

_ ბატონო თორნიკე, რიგითი პოლიციელი არ იყავით და არც სულხან მოლაშვილი იყო, როგორც იტყვიან, რიგითი ადამიანი. შესაბამისად, ორივე დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?

_ რა თქმა უნდა. მაშინ ხალხს ქონებას ართმევდნენ და საპროცესო გარიგების თანხას ასე ახდევინებდნენ. მე კი მეუბნებოდნენ, როგორც კი სულხან მოლაშვილი სტრასბურგიდან სარჩელს გამოიტანს, მეორე დილითვე დაინიშნება სასამართლო, გაგიფორმებთ 1 200-ლარიან საპროცესოს და გაგიშვებთო.

_ და რახან ასე იყო, თქვენი დაკავების გადაწყვეტილებას ერეკლე კოდუა დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა....

_ კოდუა, იცით, რატომ “შემოაგდეს”? _ რომ მეთქვა, ამ საზიზღარმა კოდუამ ჩირქი მომცხო-მეთქი და მერაბიშვილისთვის თავი დამენებებინა.

_ კოდუას თემა ადრევე “შემოგიგდეს” თუ მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ?

_ მანამდეც მელაპარაკებოდნენ და მოჰქონდათ ინფორმაცია, რომ ყველაფერი მისი გაკეთებული იყო, მერაბიშვილმა თითქოს არაფერი იცოდა და, კოდუამ ეს რომ გააკეთა, შეწუხდა. უნდოდათ, ისეთი სიტუაცია შეექმნათ, რომ ჩემი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არა, თითქოს მხოლოდ პირადი ანგარიშსწორება იყო.

_ ერეკლე კოდუას ადრეც იცნობდით, რომ თქვენთან პირადი ანგარიშსწორება ჰქონოდა?

_ კი, ვიცნობდი _ მაშინ, როცა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი, ის კუკიაზე მუშაობდა. პიროვნული დაპირისპირება არასდროს გვქონია, პირიქით, ერთხელ პრობლემა შეექმნა _ მისი სამსახურიდან დათხოვნა უნდოდათ და დავეხმარე, რომ იტყვიან, სიტყვა წავაშველე.

_ ახლა, როცა ყველაფერი ეს ჩავლილია და საზოგადოებას იმის ილუზიაც შეექმნა, რომ მერაბიშვილის დაჭერით სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო, ბატონო თორნიკე, არ აპირებთ, თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ?

_ ვანო მერაბიშვილის დაკავებაა სამრთლიანობის აღდგენა? _ სამართლიანობა მხოლოდ ვანოს დაკავებით ვერ აღდგება. იმას არ ვითხოვ, რომ ყველა ციხეში ჩასვან, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

საუბარია ამნისტიაზე, რომელიც მხოლოდ ზედა ფენებს, ანუ მინისტრებს, მათ მოადგილეებსა და, ასევე პარლამენტარებს, არ შეეხებათ. ეჭვი გეპარებათ, რომ ქვედა ფენები დანაშაულს თავიანთ თავზე აიღებენ და განაცხადებენ, საკუთარი ინიციატივით ჩავიდინეთ ესა თუ ის უკანონობაო? ამიტომ, სანამ ამნისტიაზე ვილაპარაკებთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და მერე, თუნდაც ერთი ადამიანი არ ჩასვან ციხეში.

ადამიანებს სული დაუმახინჯეს, მაპატიეთ და, სულში ჩააფურთხეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ადამიანი არა ვარ, რომ მუდმივად ვიძახო, ყველანი ციხეში-მეთქი.

პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვედით, მაგრამ მერე, რა? _ ყველა პოლიტპატიმარი გაამართლეს? ვანო მერაბიშვილის პროცესის შემდეგ, გიგი უგულავას გამოსვლას ვუყურე. 26 მაისის მოვლენები აქამდე რომ გამოეძიებინათ, “ნაციონალები” ასეთ ქირქილს ხომ ვეღარ გაბედავდნენ?

_ ერთი სიტყვით, პოლიტპატიმრები  რეაბილიტაციასაც ითხოვთ?

_ ორასამდე პოლიტპატიმრიდან მხოლოდ ორი-სამია, ვინც გაამართლეს და ესეც იმიტომ, რომ ბოლო ინსტანციის სასამართლო არ ჰქონდათ დამთავრებული და პროკურატურამ ბრალი მოუხსნა. ხომ გვაღიარეს პოლიტპატიმრებად? _ მაშინ საქმე ბოლომდე მიიყვანონ და თავიანთი გადაწყვეტილება იურიდიულად გამართონ.

_ როგორც ამბობენ, სახელმწიფო ნასამართლეობის მოხსნისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ პოლიტპატიმრებმა შეიძლება, ფულადი კომპენსაცია მოითხოვოთ, რაც ბიუჯეტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს...

_ ამის გაკეთება, ადრე თუ გვიან, მაინც ხომ მოუწევთ? _ ეს ხალხი სასამართლოს, ადრე თუ გვიან, მაინც მიმართავს. პარლამენტმა 225 ადამიანს პოლიტპატიმრის სტატუსი რომ მიანიჭა, ეს გამოძიებამაც ხომ დაადასტურა და სასამართლომაც? მოგეხსენებათ, 9 წლის განმავლობაში, ევროპა და აშშ გვეხმარებოდა. ახლა კი, ამდენი პოლიტპატიმრიდან გამომდინარე, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს მთავრობებს თავიანთი მოსახლეობა ხომ შეეკითხება, თუ რეჟიმი იყო, რატომ ეხმარებოდითო? ამას უფრთხიან და ჩვენი საკითხი ღიად ამიტომაც დატოვეს, ანუ საქმე გლობალურ პრობლემასთან გვაქვს!

_ ბატონო თორნიკე, თქვენი ძმა, სულხანი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს?

_ სად უნდა დაბრუნდეს? მგონი, ისევ იჭერენ. გახსოვთ, ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულებაში რომ იყო და სულხანს ბრალდება შეუთითხნეს, ვითომ ექიმს სცემა? ეს საქმე ახლა სასამართლოშია _ პროკურატურამ ბრალი კი არ გაითხოვა, საქმე სასამართლოს გადასცა და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! პროკურატურაში ისევ ის პროკურორები მუშაობენ, ვისაც გირგვლიანის, სულხანის საქმეები ებარათ, მაგალითად, მანანა ბიჭაშვილი. მეტიც, დააწინაურეს და სამმართველოს უფროსები გახადეს. ყოველივე ამის მერე მეკითხებით, რა ხდებაო? რა ხდება და, სულხანს დასაჭერად დასდევენ. 9 ივნისს მობრძანდით სასამართლო პროცესზე, დაესწარით და მიხვდებით, რომ ისევ “ნაცმოძრაობაა” ხელისუფლებაში!