როგორ და ვისგან გაიგო “მწერალთა კავშირის” თავმჯდომარემ “მწერალთა აკადემიის” შექმნის შესახებ? რატომ დაურეკა თამაზ წივწივაძეს და აპირებს თუ არა პოზიციების დათმობას? _ “ქართული სიტყვა” მაყვალა გონაშვილს ესაუბრა:
_ თითქოს არაფერი ხდებოდა და უცბად, ცამოწმენდილზე, გავიგე, რომ მწერალთა აკადემია იქმნება. როგორ შეიძლება, რომელიმე ლიტერატურული გაერთიანების წინააღმდეგი ვიყო? _ აკადემიის შექმნაც გამიხარდა. თავდაპირველად მითხრეს, რომ აკადემია მწერალთა კავშირში შემავალი ორგანო, ანუ მწერლების გარკვეული ჯგუფი იქნებოდა...
_ “მწერალთა კავშირის” შიგნით რამე ორგანიზაციის შექმნა, კავშირის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლად, შეიძლება?
_ რა თქმა უნდა, _ არა. ნებისმიერი საქმიანობა მხოლოდ თავმჯდომარესთან კი არა, გამგეობასთანაც თანხმდება... როცა გავიგე, რომ აკადემიის შექმნას ბატონი თამაზ წივწივაძე აპირებდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრი არაა, ჩავთვალე, რომ საქმე შეუთავსებლობასთან გვქონდა. ამიტომ, ზედმეტი გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო, ბატონ თამაზს დავურეკე და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მიპასუხა, 2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან იმიტომ გადავდექი, რომ მოვიდა მთავრობა, რომელიც მე არ მინდოდა, ახლა კი გადავწყვიტე, დავბრუნდეო.
_ ესე იგი, დელიკატურად გითხრათ, რომ თავმჯდომარეობიდან უნდა გადადგეთ?
_ ასე გამოვიდა. სხვათა შორის, გაღიზიანების გარეშე ვისაუბრეთ და ვუპასუხე, 9 წელი ჯოჯოხეთში გავატარე, ახლა კი, მოვიდა ხელისუფლება, რომელიც მგონია, რომ ამ ორგანიზაციისთვის საინტერესო საქმეს გააკეთებს და მინდა, ჩემი თავი ნორმალურ სიტუაციაში გამოვცადო-მეთქი...
_ უკაცრავად, თავმჯდომარეობის ვადა როდის გეწურებათ?
_ 2014 წლის მაისში... ბატონ თამაზს ისიც ვუთხარი, რიგგარეშე ყრილობის მოსაწვევად მწერალთა კავშირის წევრთა ნახევარზე მეტის თანხმობაა საჭირო და თუკი ასე მოხდება, არც ესაა პრობლემა-მეთქი. იმისთვის არავინაა დაბადებული, რომ სკამზე მოკვდეს, მით უმეტეს, ეს წლები, როგორც ხელოვანმა, ძალიან ვიზარალე _ ცოტას ვწერ, თან მხოლოდ მწერალი კი არა, დედაც ვარ... მოკლედ, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა, რომლის დროსაც ბატონმა თამაზმა ორი უცნაური რამ თქვა. ერთი: როცა წავედი, მიჩივლეო. ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ვინც მიცნობს, იცის, ვინმემ დანა რომ დამარტყას, მასაც ვერ ვუჩივლებ. საერთოდ, ჩივილსა და სამაგიეროს გადახდას ვერ ვიტან. მეორე: კრება გადაგირჩევსო. პირველზე ვუთხარი, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, მეორეზე კი, ავუხსენი, რომ კრებას ჩემი გადარჩევის უფლება არ აქვს, რადგან მწერალთა კავშირის წესდებით, თავმჯდომარეს ყრილობა ირჩევს, ყრილობას გამგეობა ნიშნავს, ყრილობის ჩატარების შესახებ კი, არაუგვიანეს, ერთი თვით ადრე, პრესაში უნდა გამოცხადდეს. ისინი ამბობენ, მწერალთა კავშირი დრომოჭმულია და ის აკადემიამ უნდა ჩაანაცვლოსო, მაგრამ ეს აბსურდია.
_ ქალბატონო მაყვალა, ხმა დადის, რომ აკადემიის პოტენციურ წევრებს ხელფასი ექნებათ...
_ დიახ, ძალიან ბევრმა მითხრა, თავდაპირველად შეგვპირდნენ, რომ თუ აკადემიაში შევიდოდით, ხუთასი ლარი გვექნებოდა, მერე, სამასი თქვესო. ამ ხმას მაშინ დავიჯერებდი, თუკი ბატონი თამაზი და ეს გუნდი საუკეთესოების არჩევას დაიწყებდა...
_ ეს გუნდი ვინაა?
_ მაგალითად, ავთო ჩხაიძე, კობა არაბული... ისეთი სახეებიც არიან, რომლებიც თავის დროზე მწერალთა კავშირში არ მივიღე, რადგან მათი მიღება არ შეიძლებოდა. სოფელი არ დატოვეს, თუკი სადმე მწერალი ჰქონდათ გაგებული, ბატონი რეზო კვერენჩხილაძე სამჯერ-ოთხჯერ-ხუთჯერ რეკავდა, მერე, ეს ადამიანები მე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა ხდებაო. აკადემია ამაღლებული სიტყვაა და როცა ადამიანებს აკადემიის წევრობას სთავაზობენ, მოსწონთ. პოეტზე ცუდის თქმა არ მეკადრება, მაგრამ ერთ საშუალო დონის პოეტ ქალბატონს ამაყად განუცხადებია, უკვე მეოთხე აკადემიაში ვწევრიანდებიო. მოკლედ, საქართველო აკადემიების ქვეყანაა!
სხვათა შორის, რუსი მწერალი პოტიომკინი თავის რომანში _ “რუსი ავადმყოფი” წერს, თუკი გინდა, რომ ერი დაამდაბლო და გამოაშტერო, რაც შეიძლება, მეტი აკადემია უნდა შეუქმნა და ჭეშმარიტი აკადემიის ღირსება ნელ-ნელა დაამციროო. ამავე რომანის მიხედვით, ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის, მწერლობისაც _ შეგიძლია, გადაიხადო და დიდი მწერალი გახდე.
მოკლედ, მწერალთა აკადემიის წინააღმდეგი არ ვარ _ სხვა ეპოქაა და ასეთი დამოუკიდებელი ორგანიზაციები უნდა შეიქმნას... სხვათა შორის, როგორც ვიცი, მწერალთა აკადემიაში 50-მდე მწერალთა კავშირის წევრი გაწევრიანდა. ყველა რეგიონმა მწერალთა კავშირის დაშლის, რეორგანიზაციის და სხვა ორგანიზაციად გარდაქმნაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ბატონ გენო კალანდიას კი, მხარს, ალბათ, თავისი გუნდიც დაუჭერს და აკადემიაში გაერთიანდება.
არ ვიცი, ჭორია თუ სიმართლე, მაგრამ მითხრეს, რომ მწერალთა ამ ორი გუნდის შეჯახება, ერთმანეთისთვის ტალახის სროლა მოხდება და როცა სამასს კი არა, ას მხარდამჭერსაც ვერ მოაგროვებ, მთავარი პირის ჩაქოლვა და მოკვლა უნდა დაიწყო.
_ ანუ, ყველაფერ ამის მიზანი თქვენი ჩაქოლვაა?
_ ასე გამოდის... შეიძლება, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ არ უპასუხო, მაგრამ ადამიანები ვართ და მერე, შენც რაღაც წამოგცდება. ამის შემდეგ კი, როგორც მითხრეს, მწერლები მწერლის სახლში, რომელსაც ამდენი ხანია, ველოდებით, ვეღარ შევალთ და იქ სულ სხვა ძალა შევა, ჩვენ კი, ერთმანეთისადმი სიძულვილით გაღიმებულები დავრჩებით...
სხვათა შორის, დამირეკეს და ისიც მითხრეს, რომ ყველაფერ ამის უკან პოლიტიკური ძალები დგანან.
_ მაინც, რომელი პოლიტიკური ძალა?
_ თითქოს უფრო რუსეთისკენ მიმართული...
_ ალექსანდრე ებრალიძე?
_ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე მწერალმა დამირეკა და მითხრა, ფრთხილად იყავი, რადგან ეს მაინც პოლიტიკური თამაშია და არა _ მწერლურიო.
საერთოდ, არ ვიცი, საქართველოში მწერლები ასეთ უმძიმეს დღეში კიდევ როდის იყვნენ. ერთმა ჩემმა უსაყვარლესმა მწერალმა მითხრა, თვეში 20 ლარიც რომ მომცენ, იქით გადავალო.
_ ქალბატონო მაყვალა, ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია _ მაშინ, როცა მწერლები ერთმანეთს კორტნიან, საკაცობრიო იდეებზე ლაპარაკი, უბრალოდ, ფიქციაა...
_ დიახ, საშინელებაა! სულ მინდა, საზოგადოებას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ, მწერლები მათი შთამომავლები ვართ, ვინც რაღაცები გვასწავლეს, “მწერალი” ძალიან ღირსეული სიტყვაა, მაგრამ ამაში ხანდახან მეც ეჭვი მეპარება... “მწერალთა კავშირს” ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ ხანდახან ქართული სენი ეპარება: დადგება 37 წელი? _ ყველა ხერხით ცდილობენ, რომ ერთმანეთს თვალები დასთხარონ! დადგება სამოქალაქო ომი? _ ერთმანეთს წიგნებს უწვავენ! ამის გამო წინაპრებთან რაღაცნაირად უხერხულობას ვგრძნობ! ჩემმა ერთმა ჩეჩენმა კოლეგამ მითხრა, თქვენ, როგორც ერი, იმიტომ გადარჩით, რომ რუსთაველის ერი ხართო. ალბათ, ახლაც გადავრჩებით, მაგრამ ხალხს მწერლის სახელი ხელიდან ნელ-ნელა ეცლება და ეს მტკივნეულია...
_ მწერლის სახელის ხელიდან გამოცლა შეგნებულად ხდება?
_ არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ჩვენ პოლიტიზირებულ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ბევრ რამეს განაპირობებს.
_ პოლიტიკისთვის კი, მწერლობა ერთგვარი იარაღია...
_ რა თქმა უნდა. ასე იყო 1937 წელსაც... ვანო, იცით, რა ხდება? _ ადამიანში მკვლელის თვისება კი არ კვდება, არამედ, მიიძინებს ხოლმე და საკმარისია, პატარა საშუალება მიეცეს და ისევ ფეთქდება. 90-იან წლებში, ქუჩებში მკვლელები რომ დადიოდნენ, მათ სულ ვეძებ, სად წავიდნენ? _ არსად წასულან, ჩვენთან არიან, უბრალოდ, მომენტს ეძებენ და ეს მომენტი რომ დადგება, აუცილებლად მოგკლავენ!
_ მოკლედ, პრობლემა მაყვალა გონაშვილია?
_ ამ შემთხვევაში, მე ვარ სამიზნე!
_ ანუ, გაიძულებენ, რომ მწერალთა კავშირი დატოვოთ?
_ ასე გამოდის...
_ აპირებთ დატოვებას?
_ ვინაიდან ჩემს გვერდით უამრავი მწერალია, ვერ ვიკადრებ, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან გადავდგე. სხვათა შორის, როცა გავიგე, რომ ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანი, ტარიელ ხარხელაური ორივე ჯგუფს გაგვეცალა და ცალკე დადგა, ვიფიქრე, თუკი სუფთა სახეები ნელ-ნელა გაგექცა და შენი ბრძოლა, მართლაც, სკამისთვის ბრძოლას დაემსგავსა, ყველაფერ ამას რა ფასი აქვს-მეთქი...
_ ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ეს სკამი მნიშვნელოვანი არაა _ მწერალთა კავშირი, როგორც ვიცი, პრაქტიკულად, გაკოტრებულია...
_ 2004 წლიდან, ანუ როცა თავმჯდომარე გავხდი, “მწერალთა კავშირს” ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ მიუღია და ის თანხა, რომელიც “მწერალთა კავშირს”, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ბიუჯეტიდან ეკუთვნოდა, მთლიანად კულტურის სამინისტროში წავიდა და, მახსოვს, ამ ფულით კულტურის სამინისტრომ ბახუს-შოუ მოაწყო _ ახალგაზრდა პოეტები მატარებელში ჩასხა, გზადაგზა სვამდნენ და საქართველოში მოგზაურობდნენ. ბათუმიდან დამირეკეს და მისაყვედურეს, ეს რა საშინელება დააფინანსეთო, მაგრამ ეს კულტურის სამინისტროს ღონისძიება იყო და მაშინ მინისტრი გოკა გაბაშვილი გახლდათ... “მწერალთა კავშირის” შტატში 13 ადამიანია, ვიხდით კომუნალურ გადასახადს, ხელფასს, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით მწერლებს, ვატარებთ უამრავ ღონისძიებას. ერთადერთი შემოსავალი კი არის გაქირავებული ფართიდან მიღებული 4000 ლარი, რომელიც ყველაფერ ამას უნდა გაწვდეს. ამიტომაა, რომ ხშირად თუ ერთ თვეში კომუნალური გადასახადი გავისტუმრეთ, ხელფასს ვერ ვიღებთ. ძალიან გახმაურდა ახალგაზრდული კონკურსებიც...
_ ერთ-ერთი ახალგაზრდა პოეტი, მგონი, კორუფციაში გდებთ ბრალს, არა?
_ ეს ახალგაზრდა პოეტი ძალიან მიყვარდა, ჩემს შვილთანაც მეგობრობდა... ეს ახალგაზრდა სომხეთში, ფესტივალზე წავიყვანე, რუთაველის დღეებზე პრემიაც მივეცით. უნიჭო არაა, მაგრამ ერთ-ერთ კონკურსში ვერ გაიმარჯვა და საშინელი აგრესია დაეწყო, ხანდახან მეჩვენება, რომ მას აკვიატებული ვყავარ. ადვოკატებს მიგზავნის, საბუთებს მთხოვს, რა თქმა უნდა, ვატან... ამას წინათ, მწერალთა აკადემიის შეკრებაზე გამოაცხადა, მაყვალა გონაშვილმა ერთ მედალში 1 200 ლარი გადაიხადაო, არადა, სინამდვილეში, ამ თანხით 8 მედალი და უამრავი დიპლომი დამზადდა... სხვათა შორის, როცა ამ ახალგაზრდამ ეს განცხადება გააკეთა, ტაში დაუკრეს და შესძახეს, აი, ვინ უნდა იყოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეო. მე კი, ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ღმერთმა დაიფაროს, რომ საქართველოს “მწერალთა კავშირის” მომავალი 37 წელი იყოს!
_ ქალბატონო მაყვალა, მთელ ამ ორომტრიალში, თუ იცით, კულტურის მინისტრს რა პოზიცია უკავია?
_ ნეიტრალური და ამას იმით ხსნის, რომ მწერალთა კავშირი და მწერალთა აკადემიაც დამოუკიდებელი ორგანიზაციებია. შეიძლება, ორგანიზაცია არ გექვემდებარებოდეს, მაგრამ მწერლის იმიჯი ყველას გვეხება.
_ მით უმეტეს, კულტურის მინისტრს, რომელსაც მწერლობასთან გარკვეული შეხება აქვს...
_ მგონი, საჭიროა, გურამ ოდიშარიამ თავისი პოზიცია მკვეთრად დააფიქსიროს!
_ პრემიერ ივანიშვილთან შეხვედრა ხომ არ გიცდიათ?
_ საქართველოში შემოქმედებითი სულ 9 კავშირია, შევიკრიბეთ, ყველას ერთი პრობლემა გვაქვს _ დაკარგული შენობები, ქველმოქმედების კანონის არარსებობა... ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ ცნობილ ხელოვანებს ეხმარება, უდიდესი მადლობა, მაგრამ დახმარება შემოქმედებითი პროცესების განვითარებასაც სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი უფსკრული გაჩნდება!
სხვათა შორის, ბატონი თამაზ წივწივაძის გვერდით იმ ადამიანების დანახვა გამიკვირდა, რომლებიც 2004 წელს, წივწივაძის მიერ “მერანის” პრივატიზაციის გამო, მის დაჭერას კატეგორიულად მთხოვდნენ. ყველაზე მეტად სამი რამ მძულს: ადამიანის გაწირვა, თუნდაც ის მტერი იყოს! უკანონობა _ გალაკტიონი, ან რუსთაველი რომ ადგეს, კანონს უნდა დაემორჩილოს და, მესამე, ჩვენ გაცილებით მეტი გვავალია, ვიდრე _ 20-ლარიანი სტიპენდიაა. მწერალს ეკლებზე წოლის ნიჭი უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში პრობლემები ისევ არსებობს!