„ინფლაციამ წლის ბოლოსკენ, გარკვეულწილად, შეიძლება დაიწიოს, თუმცა ეს მთლიანად საგარეო ფაქტორია და შიდა გარემოებებით ნაკლებადაა გამოწვეული“

„ინფლაციამ წლის ბოლოსკენ, გარკვეულწილად, შეიძლება დაიწიოს, თუმცა ეს მთლიანად საგარეო ფაქტორია და შიდა გარემოებებით ნაკლებადაა გამოწვეული“

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის შუაში დაუბრუნდება. „ჩვენ გვაქვს ყოველგვარი მოლოდინი, რომ საგარეო ფაქტორების მილევის შემდგომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება მომავალი წლის შუაში. ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისთვის არსებულ სიტუაციას. თუ შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც ახლა შეუძლებელია, ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია მომავალი წლის შუაში მივა მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიხარია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამას ვაკეთებთ. იცით, რომ ახლა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისტორიულად ყველაზე მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ როცა არ არის ამის აუცილებლობა, თავი გავიმართლოთ და მონეტარული პოლიტიკა ზედმეტად გავამკაცროთ, ზედმეტად გავზარდოთ საპროცენტო განაკვეთები და ხელი შევუშალოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას. მონეტარული პოლიტიკის ზედმეტი გამკაცრება, თუ ამას მოჰყვება ეკონომიკის ზედმეტი შეზღუდვა, შემდგომ ეტაპზე მაღალ ინფლაციას მოგვცემს. თუ ქვეყნის შემოსავლები მცირდება, შესაბამისად, მოგვიწევს მეტი იმპორტის მოხმარება მომავალში. ეს კი აისახება კურსზე და ინფლაციაზე. ეს საშუალოვადიანი გადმოსახედიდან სწორი გადაწყვეტილება არ იქნება“, - აცხადებს მესტვირიშვილი.

რა თქმა უნდა, ეკონომიკას საკუთარი წესები აქვს, მაგრამ როდესაც ეს წესები მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უარყოფითად აისახება, აქ ჩნდება კითხვები, ხოლო შესაბამისი ინსტიტუციების პასუხები კი ხშირად ბუნდოვანი და გაურკვეველია.

რას ნიშნავს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და დღევანდელი მოცემულობით რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ ინფლაცია მთლიანად გარედანაა იმპორტირებული და ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლებზე დამოკიდებული არ არის; რომ წელს ინფლაცია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგია; ინფლაცია მაღალია იმ ქვეყნებშიც, სადაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება.

გიორგი ცუცქირიძე: ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11 %-ზე დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო სექტორში კვლავ გაურკვევლობაა და ეროვნული ბანკი ამ ფაქტორს ითვალისწინებს. გაურკვევლობა, პირველ ყოვლისა, უკრაინის ომთანაა დაკავშირებული. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის შარშანაც მაღალი იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში სასურსათო პროდუქციაზე შარშანაც საკმაოდ მაღალი ფასები იყო. მაგალითად, ზაფხულში ინფლაცია 12, 8%-იც კი დაფიქსირდა. ეს პოსტპანდემიური პერიოდისთვის დამახასიათებელი პრობლემებით იყო გამოწვეული. მთელ რიგ პროდუქციაზე მიწოდების ჯაჭვების წყვეტა მოხდა. ეს, ძირითადად, სასურსათო პროდუქციას ეხება. იყო მოლოდინი, რომ ამ წელს ინფლაცია შემცირდებოდა. ამის მოლოდინი იყო ევროკავშირში, აშშ-ში, მათ შორის, საქართველოშიც, მაგრამ მოგეხსენებათ, თებერვლის ბოლოდან უკრაინაში ომი დაიწყო, რამაც ეს ინფლაციური ტრენდი უკან დააბრუნა. ყველა პროგნოზით, როგორც გლობალური ინდექსებით, ასევე ეროვნული ბანკის პროგნოზითაც, წელს ინფლაცია გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, წელს ინფლაცია უკრაინის ომის პირდაპირი შედეგია. ესაა ახალი შოკი, რომელმაც ინფლაცია მაღალ დონეზე დატოვა. ამ წუთში მიწოდების ჯაჭვების წვეტაა არა პოსტპანდემიური პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამო, არამედ – ომისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამო.

თუ გადავხედავთ, რუსეთი და უკრაინა ძალიან ბევრი სტრატეგიული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნები არიან. რუსეთი გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. იცით, რომ ევროკავშირის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მზადდება. სანქციები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგაა მიმართული. მაისში ნავთობპროქდუქტებზე ფასი 65%-ით იყო გაზრდილი. ეს ძალიან მაღალი ზრდაა. ამავდროულად, თუ ავიღებთ FAO-ს მონაცემებს, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების ინდიკატორს ადგენს, აპრილში გასულ წელთან შედარებით 30%-იანი ზრდა იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს აპრილ-მაისში სასურსათო ფასებზე საკმაოდ მაღალი ზრდა იყო, დაახლოებით, 28%. აქედან გამომდინარე, ჩვენ ინფლაციის ძალიან მაღალ ტურბულენტურ ზონაში ვართ. ჩვენს ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ინფლაცია ძალიან მაღალია, ეს რუსეთსაც ეხება და უკრაინასაც, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18-19%-ია, თურქეთში საერთოდ სარეკორდო ინფლაციაა, 73%-მდეა აწეული. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, ეს საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა. ამის გარდა, ასეთი მაღალი ინფლაცია და ფასების ასეთი მაღალი დონე ბოლო 40 წელია არც აშშ-ში ყოფილა, არც ევროკავშირის ქვეყნებში.

საწვავზე, სხვა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ ტრანსპორტი მნიშვნელოვნად გააძვირა, რაც სასურსათო ფასებზე აისახა და მეორე მხრივ, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა გამოიწვია. ხედავთ, იგივე ხორბალსა და მარცვლეულზე გლობალურ ბაზრებზე როგორი დაძაბული ვითარებაა, იმის გამო, რომ უკრაინის პორტები, ფაქტობრივად, ჩაკეტილია და საერთაშორისო ბაზრებისთვის პროდუქციის მიწოდება ვერ ხორციელდება. ეს ბევრ პროდუქციას ეხება. ეს ინფლაციური გარემო, რომელიც უკვე ომის შედეგია, ამ ეტაპზე, მაინც გაურკვევლობის პერსპექტივას ტოვებს. გაურკვეველია, ეს ომი როდის დასრულდება. ამ ომის გაურკვევლობიდან გამომდინარე, იმატებს ის სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკას, თუ ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს, კორპორაციებს უწესდებათ. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ინფლაცია, სამწუხაროდ, ამ ზაფხულში თანმდევი იქნება. იყო ასეთი პროგნოზი, რომ შეიძლება, ინფლაციის მაჩვენებელმა წლის ბოლოს დაიწიოს, ჩვენთან 9%-მდე დავიდეს, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და, პირველ ყოვლისა, საგარეო ფაქტორზე. დღეს ჩვენ ვართ ისეთ მოცემულობში, როცა ინფლაცია მთლიანად გარედანაა იმპორტირებული და ეს ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლებზე დამოკიდებული არ არის.

რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება დღევანდელი მოცემულობის ფონზე, რა ბერკეტი აქვს ეროვნულ ბანკს პროცესის მეტ-ნაკლებად ნეიტრალიზებისთვის?

- ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი მონეტარული განაკვეთის გაძვირებაა, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს კიდეც, არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, მონეტარული განაკვეთი ყველგან გაძვირებულია. აშშ-ში ფედერალური რეზერვის განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმზეა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი მაინც უნდა იყოს იქითკენ, რომ ინფლაციამ წლის ბოლოსკენ, გარკვეულწილად, შეიძლება დაიწიოს. თუმცა ვიმეორებ, ეს მთლიანად საგარეო ფაქტორია და შიდა გარემოებებით გამოწვეული ნაკლებადაა.

რაც შეეხება ლარის კურსს, კურსის ცვლილება საკმაოდ მძიმედ მოქმედებს ადამიანების ჯიბეზე, ისედაც დაბალი ცხოვრების დონე კიდევ უფრო უარესდება, ვინაიდან ლარის კურსის გამყარების პარალელურად, ქვემოთ არ იწევს ფასები, რაც ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირებას იწევს, ქვეყანა რომელიც დიდწილად უცხოეთიდან გზავნილებზეა დამოკიდებული, ასეთი რყევებისთვის არ აღმოჩნდა მომზადებული. რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში?

- ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი იყო, რომ 1 დოლარი 2,80 – 2.90 ლარის ფარგლებში იქნებოდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ კონიუნქტურა უფრო კარგი იქნებოდა. ლარის დინამიკა, რასაც ვხედავთ, მაინც 3.00-ის ქვემოთაა. ჩვენ ვნახეთ, რომ წინა თვეში ის 3.00 -ის მაჩვენებელს ჩამოცდა, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა. ორი კვირის წინანდელ პერიოდს თუ ავიღებთ, ლარი გაცილებით უფრო გამყარებული იყო: 2,80- 2,85-ის ფარგლებში ფიქსირდებოდა. შემდეგ გარკვეული გაუფასურება მოხდა. დღეს ლარი გარკვეული, ახალი წონასწორობის წერტილისკენ მოძრაობს. ჩვენი შეფასებით, ის 2.90-ის დიაპაზონში იქნება. შეიძლება, 2.85-ზეც იყოს. მაისიდან, როცა ლარის გარკვეული გაუფასურება დაიწყო, ყველა წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა, მათ შორის, თურქული ლირა, რუსული რუბლი. რუბლი წინა კვირაში ერთბაშად 7-%-ით გაუფასურდა. გლობალურ ბაზრებზე დოლარი გაძვირდა. ფედერალური რეზერვი მონეტარული განაკვეთის შემცირებას არ აპირებს. მაღალი განაკვეთი ძვირ დოლარს განაპირობებს, რაც გაცვლით კურსებზე აისახება. თუმცა, გარკვეული კორექტირება მოხდა, ბოლო დღეებია, თურქული ლირა შედარებით გამყარდა, ასევე, რუსული რუბლიც რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ლარის კურსიც მყარდება. იყო მოლოდინი, რომ ლარის კურსი 3.00-ს გადასცდებოდა, თუმცა, ასეთ მოლოდინს არ ვუშვებ. სხვა ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არა გაუფასურებისკენ, არამედ ლარის გამყარებისკენაა. ეს ფაქტორებია ექსპორტის დინამიკა, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც წინა წელთან შედარებითაც კი გაზრდილია. ზაფხული ყველაზე დიდი ტურისტული ნაკადებით ხასიათდება, ლარი მყარდებოდა ხოლმე. ეს პერიოდი ლარის კიდევ უფრო გამყარებას უნდა ველოდოთ.

 

 

ლაზი ამის და ახალგამომცხვარი "ექსპერტების" მარჩიელობა უკვე სასაცილო ხდება. ნუთუ ვერ უნდა მიხვდე, რომ ლარის კურსის მოძრაობას არანაირი ეკონომიკური მდგენელი არ გააჩნია? მაგრამ როცა ეკონომისტობის არაფრი გაგაჩნია. მაშინ თავი, ყველაფრისმცოდნე ეკონომისტი გგონია.
2 წლის უკან