თორნიკე შენგელიას

თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" სერია A-ს ფინალური სერია წაგებით დაიწყო

იტალიის სერია A-ს ფინალური სერია თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საშინაო მარცხით დაიწყო, რითაც მოედნის უპირატესობა დაკარგა.

სერჯო სკარიოლოს გუნდმა „ოლიმპია მილანოსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 62:66 წააგო. მატჩი დაძაბული იყო, მაგრამ მესამე პერიოდი ლომბარდიელებმა 9 ქულით მოიგეს, რაც გარდამტეხი გამოდგა. ბოლო მეოთხედში „ვირტუსმა“ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა მეტი ვეღარ გააკეთა.

თორნიკე შენგელიამ 29 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ააცილა.

საუკეთესო შევონ შილდსი იყო, რომელმაც 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ლუიჯი დატომემ „მილანს“ 13 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. „ვირტუსში“ ყველაზე შედეგიანი 16 ქულით მილოშ ტეოდოსიჩი გახლდათ. ორივე გუნდიდან შენგელიაზე მეტი ქულით თამაში სწორედ ხსენებულმა სამმა კალათბურთელმა დაასრულა.

სერიის მეორე მატჩი 10 ივნისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება. შეგახსენებთ, „ვირტუსმა“ მიმდინარე სეზონში ერთი ტიტული უკვე მოიგო - ევროთასი, რითაც ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.