თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში „ტორტონას“ მესამე შეხვედრაც მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„ვირტუსი“ სერიაში ისედაც წინ იყო (2:0) და ამ გამარჯვებით ყველაფერი საბოლოოდ გადაწყვიტა. ბოლონიელებმა მეტოქეს საკმაოდ იოლად 77:69 აჯობეს, ისიც, მასპინძლებმა ბოლოს შეამცირეს სხვაობა, თორემ შენგელია და მისი გუნდი უფრო სოლიდური ანგარიშით მოიგებდნენ.
ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა - 27 წუთი, 14 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ ფინალში „ოლიმპია მილანოსა“ და „სასარის“ წყვილში საუკეთესოს შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ სერიას ლომბარდიელები 2:0-ს იგებენ და ფინალთან ძალიან ახლოს არიან.