გასული თვის ბოლოს, 31 მაისს, 10 წელი შესრულდა, რაც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კაფსულა Cargo Dragon-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი წარმატებული მისია განახორციელა. მანამდე კი, 2008 წელს, რაკეტა Falcon 1-მა დედამიწის ორბიტამდე პირველად მიაღწია.
ახლა ჯერი ხომალდ Starship-ზე მიდგა, რომლის პირველი საცდელი ორბიტული ფრენაც ამ ზაფხულს იგეგმება. ეს იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა კომპანია ნებართვას სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან. ასეა თუ ისე, აღნიშნულ რაკეტაზე მასკი დიდ იმედს ამყარებს, რადგან სურს, მისი მეშვეობით ადამიანები მარსზე გაემგზავრონ.
ასევე, იხილეთ: რატომ არის SpaceX-ის Starship ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსური ხომალდი
Starship-ის მნიშვნელობას ისიც ცხადყოფს, რომ მილიარდერმა საკუთარ ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში მას თანამედროვე "ნოეს კიდობანი" უწოდა.
"1 000-ზე მეტ Starship-ს შევქმნით, რათა მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირება შევძლოთ. ფაქტობრივად, ეს ძალიან თანამედროვე ნოეს კიდობნებია", — ამბობს ბიზნესმენი.
მეტიც, ცოტა ხნის წინ მან აღნიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევას 2050 წლამდე აპირებს. ბევრი ადამიანისთვის ეს შეუსრულებელ ამოცანად მიიჩნევა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასკი ასეთ საეჭვო დაპირებებს ხშირად აჟღერებს.
მისგან განსხვავებით, NASA მეტად თავშეკავებულია. მაგალითად, თუ მასკს 2050 წლამდე წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გაშვებას სურს, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო იქ პირველი ასტრონავტების გაგზავნას 2030-40-იანი წლებისთვის გეგმავს. ეს კონტრასტი მილიარდერის განაცხადს კიდევ უფრო არარეალისტურად აქცევს. რომ არაფერი ვთქვათ იმ სიძნელეებზე, რომლებიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე კოლონიის შექმნას უკავშირდება.
როგორ წარიმართება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს.