როგორ აყიდინეს ეკა ზღულაძისთვის ავტომანქანა, რითი ემუქრებოდა ამირან მესხელის ხალხი და რატომ დაიჭირეს სამჯერ ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტ ,,იბერიას” დამფუძნებელი, პროფესორი დავით ჩიტაია
ციტატა: “სალაყაია: _ ეს ფული მჭირდება, რათა დავუკავშირდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სევანის ტბაზე ვაქეიფო, შემდეგ, იგი დაურეკავს ადეიშვილს შენს შესახებ და ყველაფერს მოაგვარებს.
დავით ჩიტაია: _ ადეიშვილი რა შუაშია?
სალაყაია: _ თქვენ მერაბიშვილი კი არა, ადეიშვილი გერჩით!
მოკლედ, სალაყაიას ნაწილ-ნაწილ, 55 ათასი დოლარი გადავუხადე. Gგავიდა დრო და შევატყვე, რომ საქმის გამკეთებელი არ იყო. როცა პასუხი მოვთხოვე, მითხრა: თქვენ 130 000 დოლარი გქონიათ გადასახდელი, კეთილი ინებეთ, გადაიხადეთ. თუ ჩემთვის მოცემულ ფულზე რამეს იტყვით, წამლითა და იარაღით აგივსებთ მანქანას და პირდაპირ გლდანის ციხისკენ გაგისტუმრებთო. ამის შემდეგ, მალევე დამაპატიმრეს...”
ციტატა: “სალაყაია ნამდვილი კვაჭი კვაჭანტირაძე იყო, საოცარ აფიორებზე მიდიოდა _ მშენებლობები, ბინები, ნარკოტიკები... ხალხის ციხიდან ვითომ გამოყვანის საქმეებში მილიონები აქვს აღებული. ასე ,,აწერდა” ალიბეგ სალაყაია ხალხს ფულს...”
ციტატა: “კიდევ ერთი პირობა წამომიყენეს: შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მანქანა უნდა მეყიდა. უარი ვთქვი, მაგრამ ჩემი მეუღლე დაიბარეს, რომელმაც ჩემგან მალულად, დეიდის ქმრის, თამაზ სიჭინავას ბინა იპოთეკაში ჩადო და იმ დღეს, მაღაზიიდან 27 000 დოლარად ღირებული, “ჰიუნდაის” 2010 წლის მოდელი გამოიყვანეს, რომელიც ჩვენი ნაცნობის, ნეიტრალური პიროვნების, თამაზ ნარინდოშვილის სახელზე გაფორმდა _ ჩიტაიას გვარი არ უნდა დაფიქსირებულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ნარინდოშვილს ,,სურვილი გაუჩნდა” და მანქანა შსს-ს აჩუქა. სამინისტროშივე მიიყვანეს ნოტარიუსი, მდივანი და სწრაფად დაასრულეს საქმე. ამ მანქანით ერთხანს ეკა ზღულაძე დაბრძანდებოდა...
2009-2012 წლებში, დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტ ,,იბერიას” დამფუძნებელი, პროფესორი დავით ჩიტაია “ნაციონალებმა”, თაღლითობის ბრალდებით, სამჯერ დაიჭირეს და საპროცესო გარიგებაში 440 ათასი ლარი გადაახდევინეს. ამასთან, 165 ათასი დოლარი კი, როგორც ბატონი დავითი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, არაოფიციალურად გამოსძალეს. პროფესორი ფულის გამოძალვაში _ არც მეტი, არც ნაკლები _ სააკაშვილისგან გაღლეტილად შერაცხული, აწ უკვე პატიმარ ვანო მერაბიშვილის სიმამრს ადანაშაულებს. პროფესორ ჩიტაიას საქმეში “ხერხემალყოფილის” ყოფილი მოადგილეები _ ამირან მესხელი და ეკა ზღულაძეც ფიგურირებენ...
_ ბატონო დავით, “ნაციონალები” ამბობდნენ, უნივერსიტეტი “იბერია” ქართული საგანმანათლებლო სივრცის კონიუნქტურაში არ ჯდებაო...
_ ჩვენი უნივერსიტეტი რომ დაიხურა, ეს აზრი ბატონმა დიმიტრი შაშკინმა გაავრცელა, სასწავლებელი უკრაინიდან დისტანციურად იმართებაო, თუმცა ასე არ ყოფილა... რამდენიმე წლის წინ, საქართველოში უკრაინიდან, უკრაინული უნივერსიტეტის ფილიალის გახსნის ინიციატივით, დელეგაცია ჩამოვიდა, მაგრამ ვინაიდან უკრაინა ბოლონიის პროცესს მიერთებული არ იყო, უნივერსიტეტის გახსნა არ ხერხდებოდა. ამიტომ, დავაფუძნე უნივერსიტეტი, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ყველაფრის საქმის კურსში განათლების იმჟამინდელი მინისტრი, ნიკა გვარამია გახლდათ...
საერთოდ, კერძო ბიზნესის დასამარება ,,ნაციონალების” ყაჩაღური ბანდის წევრების ჩვევა იყო _ იქ მიდიოდნენ, სადაც გარკვეულ თანხას ხედავდნენ!.. აკრედიტაციისათვის ვემზადებოდით და სამინისტროს მიერ დაწესებულ ყველა პირობას სრულად ვაკმაყოფილებდით: გვქონდა მატერიალ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფისთვის სახსრები, რაც დაახლოებით 200 ათას დოლარს გულისხმობდა, ანგარიშზე კი, მილიონ ლარამდე თანხა იდო. მავანთა მიზანი იყო, რომ ამ თანხების გახარჯვა ვერ მოგვესწრო _ მოულოდნელად გამოქვეყნდა განცხადება, რომ უნივერსიტეტში, აკრედიტაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კომისია შემოდიოდა. არადა, კომისიას 2015 წლამდე არ ველოდი. აკრედიტაციის შეწყვეტისთანავე, სტუდენტებთან დარეკვა დაიწყეს, განცხადებები დაწერეთ და სხვა სასწავლებლებში გადანაწილდითო.
_ ვინ ურეკავდა?
_ განათლების სამინისტროდან... სამინისტროს დაბალი რანგის ჩინოვნიკი ქალბატონი კი, უნივერსიტეტის ფოიეში იდგა და სტუდენტებს აკვალიანებდა, თუ სად გადაეტანათ საბუთები. როცა სასწავლო პროცესი წყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი სტუდენტებს მიჰყვება. “იბერიაში” 150 პროფესორი და ადმინისტრაციის 50-მდე წარმომადგენელი მუშაობდა, რომელთაც 2009-2015 წლებში გარანტირებული ჯამაგირი უნდა მიეღოთ. 2009 წლის სექტემბერში, სოდ-ის თვრამეტმა თანამშრომელმა უნივერსიტეტის კაბინეტები დაიკავა, საბუთები დალუქა და წაიღო. ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან საბუთების გარეშე აკრედიტაციას ვერ გავივლიდით. სამი დღის მერე, უცნობი პირები მოვიდნენ, ანგარიში მიმითითეს და გამომიცხადეს, 200 ათასი დოლარი გადარიცხე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი აკრედიტაციას ვერ გაივლისო. მივხვდი: ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ადგილი რომ დამეკავებინა, ,,ნაციონალებისთვის” სოლიდური ხარკი უნდა გადამეხადა!M
_ გადაიხადეთ?
_ 70 ათასი დოლარი გადავიხადე... დანარჩენს კი, შევთანხმდით, რომ აკრედიტაციის გავლის შემდეგ, წლის განმავლობაში გადავიხდიდი, მაგრამ ეს პირობა არ შეასრულეს და თანხა ვადაზე ადრე მოითხოვეს, ამჯერად, _ მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელის სახელით. მემუქრებოდნენ, რომ თუ თანხას არ გადავიხდიდი, მესხელის ხალხი მოვიდოდა, დამასისხლიანებდა, გამაქრობდა, აკრედიტაციას შემიწყვეტდა, უნივერსიტეტს გამიუქმებდა..
ვანო მერაბიშვილის სიმამრი, თაკო სალაყაიას მამა ალიბეგ სალაყაია მაშინ ყოვლისშემძლე იყო. ,,ყველა საქმის ჩამწყობმა” სალაყაიამ, პირველი ნახვისთანავე, ჩემზე არასერიოზული კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა _ დახმარებას შემპირდა და პირველად 6 ათასი დოლარი წაიღო. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
სალაყაია: _ ეს ფული მჭირდება, რათა დავუკავშირდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სევანის ტბაზე ვაქეიფო, შემდეგ, იგი დაურეკავს ადეიშვილს შენს შესახებ და ყველაფერს მოაგვარებს.
დავით ჩიტაია: _ ადეიშვილი რა შუაშია?
სალაყაია: _ თქვენ მერაბიშვილი კი არა, ადეიშვილი გერჩით!
მოკლედ, სალაყაიას ნაწილ-ნაწილ, 55 ათასი დოლარი გადავუხადე. გავიდა დრო და შევატყვე, რომ საქმის გამკეთებელი არ იყო. როცა პასუხი მოვთხოვე, მითხრა: თქვენ 130 000 დოლარი გქონიათ გადასახდელი, კეთილი ინებეთ, გადაიხადეთ. თუ ჩემთვის მოცემულ ფულზე რამეს იტყვით, წამლითა და იარაღით აგივსებთ მანქანას და პირდაპირ გლდანის ციხისკენ გაგისტუმრებთო. ამის შემდეგ, მალევე დამაპატიმრეს და აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდა მესხელი. მთელი დღე გენერალურ ინსპექციაში მკითხავდნენ. ვგრძნობდი, რომ ,,ნაცხელისუფლების” ორი შტო ერთმანეთს უპირისპირდებოდა. მათ მოითხოვეს, მეღიარებინა, აკრედიტაციაში თითქოს ფული გადავიხადე და უნდა დამესახელებინა პიროვნება, ვინც მათ აწყობდათ.
კაბინეტში, სადაც მკითხავდნენ, ოცამდე ადამიანი იყო, ,,რუსთავი 2”-იც მოვიდა _ ჩემს მიერ დასახელებულ პიროვნებებზე სიუჟეტი უნდა მოემზდებინა და დაპატიმრებების სერია პირდაპირ ეთერში გავიდოდა, მაგრამ გეგმები ჩაეშალათ, რადგან ის არ ვთქვი, რაც უნდოდათ. ერთ-ერთი პიროვნება გვერდზე გავიყვანე და ვუთხარი იმ თანხის შესახებ, რომელიც სალაყაიას გადავუხადე. მან მიპასუხა, თავი ხომ არ გტკივაო? ამის შემდეგ, ეს ფული აღარ მიხსენებია.
_ ერთი სიტყვით, დაგაპატიმრეს, არა?
_ დიახ, გლდანის მერვე საპყრობილეში, დაახლოებით, ორი თვე დავყავი. არავის დავუკითხივარ, გამოძიება არ უწარმოებიათ, უბრალოდ, მითხრეს, რომ 140 000 ლარის გადახდის შემდეგ გამათავისუფლებდნენ. დაკავების დროს თან მქონდა მეუღლის მიერ გატანებული 17 000 დოლარი, რომელიც იპოთეკარისთვის უნდა გადამეხადა, ეს ფული, ჩხრეკისას, საფულიდან ამოიღეს და მითხრეს, რომ მეუღლეს გადასცემდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გადასცეს...
გათავისუფლებამდე კიდევ ერთი პირობა წამომიყენეს: შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მანქანა უნდა მეყიდა. უარი ვთქვი, მაგრამ ჩემი მეუღლე დაიბარეს, რომელმაც ჩემგან მალულად, დეიდის ქმრის, თამაზ სიჭინავას ბინა იპოთეკაში ჩადო და იმ დღეს, მაღაზიიდან 27 000 დოლარად ღირებული, “ჰიუნდაის” 2010 წლის მოდელი გამოიყვანეს, რომელიც ჩვენი ნაცნობის, ნეიტრალური პიროვნების, თამაზ ნარინდოშვილის სახელზე გაფორმდა _ ჩიტაიას გვარი არ უნდა დაფიქსირებულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ნარინდოშვილს ,,სურვილი გაუჩნდა” და მანქანა შსს-ს აჩუქა. სამინისტროშივე მიიყვანეს ნოტარიუსი, მდივანი და სწრაფად დაასრულეს საქმე. ამ მანქანით ერთხანს ეკა ზღულაძე დაბრძანდებოდა, შემდეგ, _ რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საგანგებოდ გამაფრთხილეს, რომ მოსამართლეს მანქანის თაობაზე არაფერი გაეგო... სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს. პროკურორმა ჩემს მეუღლეს უთხრა, თქვენ, სოხუმელებს უფრო მეტი ფული გაქვთ, ვიდრე _ ჩვენ და, კეთილს ინებებთ, და იყიდით მანქანასო. დღეს ეს პროკურორი ,,ოცნების” კალთასაა ამოფარებული და ტელევიზორში ყოველ დღე ჩანს, თუმცა არ მინდა, მისი ვინაობის დასახელებით ახალი ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო.
გულწრფელად ვიტყვი: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, გლდანის ჯურღმულებიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. ვხედავ, რომ რთული პერიოდი უდგათ, ამიტომ ამ პროკურორის ვინაობას ჯერჯერობით არ ვასაჯაროებ, არადა, ძალიან მაღალი რანგის საქმეები მიჰყავს. იქნებ, ამ საქმეების ობიექტური გამოძიებით მაინც გამოისყიდოს ცოდვები! მას შემდეგ, რაც ჩემი საქმე გავახმიანე, დარწმუნებული ვარ, ბატონ პროკურორს არ სძინავს. მას ერთი გზა დარჩენია _ ალბათ, იტყვის, რომ ადეიშვილის მსხვერპლია, თუ ასეა, მაშინ ღმერთმა შეუნდოს!
_ გლდანის ციხეში თქვენც გაწამეს?
_ ზოგ პატიმარს, ციხეში შესვლისას, საბუთებში თან “წითელი წერტილი” მიყვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ციხის ადმინისტრაციამ ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ მან ხელი ყველაფერზე მოაწეროს. სამჯერ დავესწარი ე.წ. კარანტინის დაშლას _ ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით, მაიძულეს სამი საათის განმავლობაში მეყურებინა ამ პროცესისთვის. ვფიქრობდი, რომ გარდავიცვალე და ჯოჯოხეთში მოვხვდი. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ერჩოდნენ. რაც საქართველომ “ციხის კადრებში” ნახა, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ხდებოდა.
_ რამდენადაც ვიცი, თქვენი უბედურება აქ არ დამთავრებულა...
_ არა, რასაკვირველია... გარკვეული დროის შემდეგ, ისევ დამაპატიმრეს და ისევ 130 000 დოლარის გადახდა მთხოვეს. წამოიწყეს ახალი საქმე:Qთითქოს, 2004 წელს ქვემო ქართლის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მუშაობისას სამი სტუდენტის საბუთები გავაყალბე. დააპატიმრეს რექტორი ომარ ტაბუცაძე. როცა ჩემი ხელის მოწერა ვერსად იპოვეს, დამაბრალეს, რომ ტაბუცაძე მე ,,შევაცდინე” და უკანონობა ამიტომ ჩაიდინა...
2010 წლის 11 აპრილია, ისევ გლდანის ციხეში ვზივარ, ადვოკატის მეშვეობით ვანგარიშობ, როგორ მოვაგროვო 30 000 ლარამდე, რომ საპროცესო გარიგებით მაინც გამოვიდე. ამ დროს ჩემთან მოდის ადეიშვილის წარმომადგენელი და მეუბნება, რომ თუ 200 000 ლარს არ გადავიხდი, უნივერსიტეტი დაიხურება. ოჯახმა ახლობლების 4 ბინა იპოთეკაში ჩადო და დავწერე განცხადება, თანახმა ვარ, ეს თანხა გადავიხადო-მეთქი. იმ დღეს “გამაქანეს” სასამართლოზე, მაგრამ პროკურორმა პროცესი გადადო და ჩემს მეუღლესთან შეხვედრა მოითხოვა, რომელსაც ადეიშვილის დანაბარები გადასცა, გადასახდელი უკვე 300 ათასიაო... ფულის გადახდის შემდეგ, გამათავისუფლეს, მაგრამ ზუსტად 20 დღეში მომაკითხეს და 130 000 დოლარის ხელზე გადახდა მომთხოვეს, რაზეც უარი განვაცხადე. ამასობაში, ჩემი პიროვნებით უშიშროებაც დაინტერესდა.
_ რატომ?
_ ჩემი პროფესურის დიდი ნაწილი მთავრობისადმი ოპოზიციურად იყო განწყობილი. ამასთან, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში ჩემი სტუდენტები და პედაგოგებიც მონაწილეობდნენ. თანავუგრძნობდი მომიტინგეებს, მაგრამ ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი და აქციებში მონაწილეობას მოვერიდე. ოპოზიციურად განწყობილი ლექტორების გამო მემუქრებოდნენ, რომ დავკარგავდი აკრედიტაციას. განსაკუთრებით ირაკლი ბათიაშვილისა და მამუკა არეშიძის პიროვნება აღიზიანებდათ. დაახლოებით 10 დღის შემდეგ, მომაკითხეს, მანქანაში ჩამსვეს, წამიყვანეს და მომთხოვეს, რომ უნივერსიტეტი ჩემთვის უცნობი ქალბატონისთვის გადამეფორმებინა... მცხეთის ე.წ. დიდ ხიდებთან ჩამომაგდეს... ქონება, სახლ-კარი დაკარგული მქონდა, მაგრამ როგორ გამესტუმრებინა სხვისი იპოთეკური ვალები, თუკი უკანასკნელი შემოსავლის წყაროსაც დავკარგავდი? რითი დამეცვა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლე? _ ამ ფიქრებით გავითიშე და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოვფხიზლდი _ არ მახსოვს, თოთხმეტმეტრიანი ხიდიდან მტკვარში როგორ გადავხტი. გამვლელებს დავუნახივარ და პატრული გამოუძახიათ _ ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა, გადარჩენის შანსი არ არსებობდა, მაგრამ უფალმა მიხსნა.
_ ამ სადამსჯელო ოპერაციაში განათლების სამინისტროც მონაწილეობდა?
_ განათლების სამინისტრომ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიმიტრი შაშკინს არ ვადანაშაულებ _ იგიN,,ნაცბანდის” ერთი წევრი იყო და ამ ბანდის პრინციპებს ემორჩილებოდა. სხვათა შორის, როცა სოსო ცინცაძის აკადემია აკრედიტაციის გარეშე დარჩა, ბატონი მინისტრის თხოვნით, ჰუმანიტარული და საერთაშორისო ფაკულტეტები გავყავი და ბატონი სოსო, მისი მეუღლე, კოკი იონათამაშვილი და სხვები, სულ 16 ადამიანი შევიფარე. შაშკინის თხოვნის შესრულება ეკონომიურად უნივერსიტეტისთვის წამგებიანი იყო, მაგრამ ერთგვარად მეამაყებოდა, რომ სამინისტრომ ერთი ფაკულტეტი ჩემთან “გამოაგზავნა”.
_ უნივერსიტეტში ამჟამად რა ხდება?
_ ბრძოლა 2009 წელს დაიწყო და 2011 აგვისტოში უნივერსიტეტის დასამარებით დასრულდა. ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიწექი, როცა სასწავლებელში, აკრედიტაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კომისია შევიდა. კომისიის წევრების ერთ-ერთი შენიშვნა ის იყო, რომ კედელზე პრეზიდენტის სურათი არ გვეკიდა.
საგანმანათლებლო სისტემის მონოპოლიზაცია ხდებოდა და ამაში მონაწილეობდნენ: პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, კახა ბენდუქიძე და ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დასაკარგი აღარაფერი მქონდა, ღიად ვაცხადებდი, რომ სტრასბურგს მივმართავდი ჩემი უფლებების დასაცავად. ალბათ, ამის გამო მესამედ დამაპატიმრეს. უსუსტესი მტკიცებულებები ჰქონდათ. მომისაჯეს ერთი წლით პატიმრობა. ამნისტიით გავთავისუფლდი, მაგრამ ვაპირებ, პოლიტპატიმრის სტატუსის მოსაპოვებლად ვიბრძოლო _ მიმაჩნია, რომ ეს იყო წმინდა პოლიტიკური დევნა. ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლების გამო ჩათვალეს, რომ დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტი არ დგას ,,ნაციონალების” სამსახურში.
_ როგორ ფიქრობთ, ვანო მერაბიშვილმა სიმამრის საქმიანობის შესახებ იცოდა?
_ გამორიცხულია! მერაბიშვილს ეცოდინებოდა ჩემს მიერ თანხების ოფიციალურად შეტანის, დატერორების, უნივერსიტეტის წართმევის, არ გამორჩებოდა ოპოზიციური სპექტრის არსებობა, მაგრამ სიმამრის აფიორების შესახებ ნამდვილად არ ეცოდინებოდა. ერთხელ, ჩემთან საუბარში, სალაყაიამ სიძე აგინა, მაგან თავის საქმეს მიხედოს, მე ჩემი ბიზნესი მაქვსო. როგორც მითხრეს, ეს ადამიანი ნამდვილი კვაჭი კვაჭანტირაძე იყო, საოცარ აფიორებზე მიდიოდა _ მშენებლობები, ბინები, ნარკოტიკები... ხალხის ციხიდან ვითომ გამოყვანის საქმეებში მილიონები აქვს აღებული. ასე ,,აწერდა” ალიბეგ სალაყაია ხალხს ფულს.Mმე კი, მისი ხილული და უხილავი აფერისტების გამო, სრულიად გავნადგურდი, ცხოვრებას თავიდან ვიწყებ, ვემზადები აკრედიტაციისათვის, ვიბრძოლებ, რომ ჩემი შვილობილი სასწავლებელი ავაღორძინო.
ერთსაც გეტყვით: საქართველოში თავის დროზე არსებობდა რამდენიმე სასწავლებელი, რომლებიც ჩაჭრილ აბიტურიენტებს აგროვებდნენ და უკრაინაში ისევე მიჰყავდათ, როგორც შაშკინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაიყვანეს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, გამოცდების გარეშე, გასაუბრებით ჩარიცხეს, მაგრამ სააკაშვილის დიპლომი ყალბად არავის ჩაუთვლია!