"საშინელი ტრაგედიაა, პატარა ერისთვის, რომელსაც ისედაც შეზღუდული აქვს რესურსი, გინდაც სამხედრო და გინდაც ადამიანური რესურსი, ამდენი დაღუპული ძალიან დიდია. რაც შეეხება გამოყვანა-არგამოყვანის საკითხს, მოდით, ჯერ შეყვანაზე ვილაპარაკოთ. მორალური თვალსაზრისით, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ქართველი მეომრების სხვა ტერიტორიაზე და სხვის ომებში მონაწილეობაზე. თუმცა აქ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს უნდა მიეღო ამ ოპერაციაში მონაწილეობა და თვალთმაქცობას არ დავიწყებ, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო. თუ ჩვენ გვინდა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო. სხვა საკითხია, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო ასე მასობრივად. რაც შეეხება გამოყვანის საკითხს, რომ ვილაპარაკოთ ახლა პოპულისტურად, რომ, არიქა, დღესვე უნდა გამოვიყვანოთ ყველა, არ გამოვა ეს ამბავი", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა იოლი არ იქნება" / "საქართველოში ისლამისტები ძლიერდებიან".
"საფრთხის წინაშე ნამდვილად ვართ. ჯერ ერთი, ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომელიც თავისთავად საფრთხის შემცვლელია და აქ არის მუდმივი ომები სხვადასხვა ფორმით, დაძაბულობა და ასე შემდეგ. ეს არ არის მშვიდობიანი რეგიონი, მიუხედავად იმისა, რომ ამისკენ ლტოლვა და სურვილი ყველა ქვეყანას აქვს. მეორეც ის, რომ საქართველოში თვალსა და ხელს შუა ისე გაძლიერდნენ ისლამისტური ორგანიზაციები, რომ დღეს თუ ხვალ შეიძლება სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ის მუქარა, რომელიც ამ ვიდეორგოლში ისმოდა, შეიძლება რეალიზაციის პროცესში შევიდეს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ლაფანყურის მოვლენების გამო სხვა ტიპის მუქარებიც ისმის საქართველოს წინააღმდეგ. პრინციპში, დღევანდელი ჩვენი რეალობით აღმოვჩნდით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რომელიც ორი სხვადასხვა ისლამისტური წყაროდან მოდის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"თუ სხვა ქვეყნებში, ცივილიზებულ სამყაროს ვგულისხმობ, რასაკვირველია, ოპოზიცია ორიენტირებულია, ვთქვათ, ხელისუფლების კრიტიკაზე, ხელისუფლების დისკრედიტაციაზე, ხელისუფლების კრიტიკაზე, ხელისუფლების მარცხის გამოყენებაზე, ეს ყველაფერი არ სცდება პატრიოტულ ჩარჩოებს და ქვეყანაში უბედურების შემომტანი არ არის. საქართველოში, სამწუხაროდ, პირიქით არის, იმიტომ რომ წინა ხელისუფლება ორიენტირებულია არა დღევანდელი ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციაზე. ეს სხვადასხვა რამეა და თავისი მიზნის მისაღწევად არც გვამებს ერიდება, არც სისხლს და არც არაფერს. ამის ნათელი მაგალითი, თუ დამტკიცდა ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, იქნება ეს მოვლენა, რაც მოხდა გუშინ. ლაფანყურის მოვლენა, მაგალითად, ამ კატეგორიიდან არის. როცა ქვეყანაში არის ძალა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის დისკრედიტაციაზე, იქ ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყნის განვითარება ნორმალურად შეიძლება და ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ნონსენსია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ქმედებით გამოწვევა გაუგზავნა თალიბებს. იმის მაგივრად, რომ, კარგი გაგებით, საქართველოს კონტინგენტი ათქვეფილი ყოფილიყო ნატოს ჯარების საერთო მასაში, რომელიც ავღანეთში იმყოფება, ჩვენ რატომღაც მოვინდომეთ რომის პაპზე მეტი კათოლიკეობა და ცალკე მოვინდომეთ ავღანეთის ომში გამარჯვება. ეს, სხვათა შორის, დამახასიათებელია საქართველოსთვის. პირველი შემთხვევა არ არის საქართველოს ისტორიაში, მაგრამ სხვების შეცდომები ხომ უნდა გაითვალისწინო. როგორც ყოველთვის, არ გაითვალისწინა ჩვენმა პრეზიდენტმა, ეგონა, რომ გამოიყენა სათავისოდ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - ამბობს მამუკა არეშიძე.
"ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა, ყოველთვის პირველი ყოფილიყო რაღაცაში, ან სოციოლოგიურ გამოკითხვებში, ან მსოფლიო ბანკის დასკვნებში. აი, აქაც, ნატოს შემთხვევაში, რომ ჩვენ გვყავს ყველაზე მეტი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. მოდით, გავანებოთ თავი პოლიტიკანობას და ავიღოთ ჩვეულებრივი პრაგმატული ნაბიჯი, რომ სასარგებლოა კიდევაც ქართული კონტინგენტისთვის იქ ყოფნა, იმ თვალსაზრისით, რომ ქართველი მეომრები მიეჩვიონ საომარ სიტუაციებს, იმიტომ რომ, საქართველო მუდმივი ომისა და დაძაბულობის ეპიცენტრშია", - დასძენს რესპონდენტი.