რუსეთი პროვოკაციას აწყობს, საქართველო არ პასუხობს

რუსეთი პროვოკაციას აწყობს, საქართველო არ პასუხობს

"რუსეთი პროვოკაციას აწყობს, საქართველო არ პასუხობს", - ამ სათაურით აქვეყნებს მაურო დე ბონისის სტატიას იტალიური ჟურნალი Limes-ი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მავთულხლართების გაბმით მოსკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვარს ამაგრებს და საქართველოს ტერიტორიის რამდენიმე მეტრს იტაცებს. საქართველო კი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და დარწმუნებულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დაიბრუნებს.

"როგორც ჩანს, მავთულხლართების გაბმით, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მაისის ბოლოს სოფელ დიცსა და დვანში გააბეს და რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს საზღვარი საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა მატულობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა და დარწმუნებით განაცხადა, რომ მომხდარი გაუგებრობის ბრალია და არა – პოლიტიკური ანგარიშსწორების", - წერს იტალიური ჟურნალი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ციტირებს, რომელმაც დიცის ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ "მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ყველაფერი გაირკვევა".

როგორც მაურო დე ბონისი აღნიშნავს, საზღვრის გამაგრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობის განსახილველად.

"ამ ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოსკოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთმა ამ რეგიონში განსაკუთრებული ინვესტიციები ჩადო ("გაზპრომმა" ცხინვალში 10 მილიარდი რუბლის ინვესტირება განახორციელა) და კიდევ 4 მილიარდი დოლარის ინვესტირებისთვისაა მზად", - ნათქვამია სტატიაში.
იტალიური გამოცემის ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ორი რეგიონის საკუთარი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებით, მოსკოვმა იცის, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლის არ დაუშვებს.

"მოსკოვის ეს სტრატეგიული აზრები საქართველოს პრემიერმაც იცის, რომელიც მიუხედავად ამისა, უარს არ ამბობს თავისი ქვეყნის პროდასავლურ მიმართულებაზე. ივანიშვილის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მოსკოვმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა დასავლეთისა და ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი კრემლთან დაახოებულად მოაზრებოდა, თუმცა ივანიშვილმა პრაგმატული სვლა აირჩია", - წერს მაურო დე ბონისი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა და საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იციან, ვერაფერს გახდება თავის მძლავრ ჩრდილოელ მეზობელთან. ისიც იციან, რომ საეჭვოა, მოსკოვმა საქართველოსადმი, მისი ორი რეგიონისადმი და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მიდგომა შეცვალოს.

"საქართველოს პრემიერს და მის მთავრობას სურს სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებული გზით იაროს, რომელიც მოსკოვთან კონფრონტაციისკენ იყო მიმართული. ივანიშვილი მოსკოვთან მშვიდი ურთიერთობების განვითარებისკენ ისწრაფვის ორი ქვეყნის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე: არავითარი დიპლომატიური ურთიერთობა, მხოლოდ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები. ასეთ შემთხვევაში, ქვეყნის კეთილდღეობა გაიზრდება, დემოკრატია გამყარდება და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას კი რუსეთისა და მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო მომხიბლავი ალტერნატივა ექნება. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზები და ოსები რამდენიმე წელში აზრს შეიცვლიან და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებიან. ის ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი გახდება", - წერს მაურო დე ბონისი.
როგორც იტალიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, ნატო-სკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი მაშინ გადაიდგმება, როცა საქართველო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს.

"მოსკოვისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ახალი კოშმარი იქნება. შესაძლოა, საზღვარზე მავთულხლართების გაბმაც რუსეთის უკმაყოფილების გამოხატვა იყო", - აღნიშნავს მაურო დე ბონისი.