არაერთგზის დაპირების მიუხედავად საქართველოში ინფლაცია კლების ნაცვლად, მატულობს. მიზეზი უკვე მრავალგვარია - ომით და საერთაშორისო დაძაბულობით გამოწვეული, საქართველოს ეროვნული ბანკის არასწორი მონეტარული პოლიტიკით დასრულებული. გამოსავალი არსაიდან ჩანს. უკვე ნათელია, რომ 2022 წელსაც ქვეყანა ორნიშნა ინფლაციით ჩაამთავრებს.
2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონემ საქართველოში 1.1 პროცენტული პუნქტით აიწია, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 22%-ით გაიზარდა. 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში. წლიურად 12.6%-ით გაიზარდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ფასები. კომუნალური გადასახადების ჯგუფში კი ფასების მატებამ 16.1% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში პურისა და პურპროდუქტების ფასები წლიურად 34.5%-ით გაიზარდა. 51.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მიმართულებით. რძის, ყველისა და კვერცხის ფასები წლიურად 16%-ით გაიზარდა, თევზეულის - 19%-ით.
მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განსაკუთრების გაძვირდა შემდეგი პროდუქტები: კომბოსტო - 297.3%-ით, კიტრი - 110.2%-ით, - 72%-ით, ქლიავი - 69%-ით, კარტოფილი - 67.2%-ით, მარგარინი - 58.1%-ით, სიმინდის ფქვილი - 56.4%-ით, ბადრიჯანი - 52.8%-ით, წიწაკა - 48%-ით, პომიდორი - 40.2%-ით.
ათეულში ვერ მოხვდა, თუმცა 35%-ით გაძვირდა პური, ხოლო ფქვილი კი - 31%-ით.
ასეთ ფონზე 2022 წელს განსაზღვრულ 4,5%-იან ინფლაციაზე საუბარი, უბრალოდ, ზღაპარია. უკვე ცნობილია, რომ წელს ქვეყანაში, საშუალოდ, 9.1%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების დოკუმენტშიცაა აღნიშნული. დასახელებული ციფრი ორჯერ აღემატება 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენის დროს განსაზღვრულ პროგნოზს.
მთავრობის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია 2023 წლიდან სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ლობალური გამოწვევების ფონზე, უკვე ესეც ძალიან საუჭვოა.
სწორედ მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-მდე გაზარდა, თუმცა საქმე ვერც ეს შველის. ეკონომისტები, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბულ საგარეო პრობლემებს ითვალისწინებენ, მთელ პასუხისმგებლობას მაინც ეროვნულ ბანკს აკისრებენ. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, ისეთი მაღალი ინფლაცია, როგორიც საქართველოშია, არც რეგიონის ქვეყნებში შეინიშნება და არც ევროპაში.
„მესმის, რომ გლობალურად ფასები გაიზარდა, პოსტკოვიდური წელია, ცალკე ომიც მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან იმდენად მაღალი ინფლაციაა, რომ შარშანაც და წელსაც ინფლაციის სიდიდით ქვეყნების ოცეულში აღმოვჩნდით.
პანდემიამდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, 40-50%-ით არის ფასები გაზრდილი, მაგრამ ეროვნული ბანკი განუწყვეტლივ თავის მართლების პოზიციაშია და გამოწვევას რეალურად თავს ვერ ართმევს. ლარის კურსის სტაბილურობაზე უარი თქვეს და ვერც ინფლაციას უმკლავდებიან. მაშინ რა მოვალება აქვთ და რისთვის არსებობენ, გაუგებარია!
ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მაღალი ინფლაცია უდიდეს პრობლემას ქმნის. გერმანიის ეკონომიკისთვის ეს ვერ იქნება საფრთხე, რადგან სისტემა აწყობილია, მოსახლეობა მაღალშემოსავლიანია და სოციალური დაცვის გარანტიებიც მაღალ დონეზეა. ჩვენ 2021 წელს ორნიშნა ინფლაცია გვქონდა და ახლაც ორნიშნა მაჩვენებლით მატულობს, ეს შეიძლება დიდი კრიზისის მომასწავებელიც გახდეს“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.