მარტში ოსკარის დაჯილდოებას მშვიდად ნამდვილად არ ჩაუვლია. თუ ამის მიზეზი უკვე დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სახეში გაარტყა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ როკმა სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა. ცნობილია, რომ ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა სცვივა.
ინციდენტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. უილ სმიტმა საბოლოოდ ბოდიში მოიხადა, შემდეგ კი კინოაკადემია დატოვა. ამერიკის კინოაკადემიამ, თავის მხრივ, სმიტს ოსკარის ცერემონიაზე დასწრება 10 წლით აუკრძალა.
რამდენიმე თვის შემდეგ ჯეიდა პინკეტ სმიტი ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა. ჯეიდამ ფეისბუქზე, საკუთარ გადაცემაში, სახელად Red Table Talk ალოპეციაზე ისაუბრა და უილ სმიტის მიერ კრის როკისთვის სახეში გარტყმის შემთხვევასაც შეეხო.
"ეს Red Table Talk-ის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია ალოპეციის შესახებ. იმის გათვალისწინებით, თუ რა სირთულეებს წავაწყდი ჯანმრთელობის მხრივ და რა მოხდა ოსკარებზე, საკუთარი ისტორიებით ათასობით თქვენგანი გამომეხმაურა. ამ შემთხვევას იმისთვის ვიყენებ, რომ ალოპეციის მქონე ადამიანებს საშუალება მივცე, ისაუბრონ იმაზე, თუ რას ნიშნავს ამ დაავადებით ცხოვრება და სხვა ადამიანებსაც მიაწოდონ ინფორმაცია ალოპეციის შესახებ", — განაცხადა ჯეიდამ.
ჯეიდამ იმედი გამოთქვა, რომ უილ სმიტი და კრის როკი შერიგდებიან:
"რაც შეეხება ოსკარის დაჯილდოების საღამოს, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორ ინტელექტუალურ და ნიჭიერ ადამიანს ტკივილის მოშუშების, საუბრისა და შერიგების შესაძლებლობა ექნებათ. იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მსოფლიო, ორივე მათგანი გვჭირდება. და ჩვენ ყველას ერთმანეთი გვჭირდება", — თქვა ჯეიდამ.