ამბერ ჰერდი ჯონი დეპისთვის $10 მილიონის გადახდას ვერ შეძლებს — ჰერდის ადვოკატი

ამბერ ჰერდი ჯონი დეპისთვის $10 მილიონის გადახდას ვერ შეძლებს — ჰერდის ადვოკატი

პირველ ივნისს ამერიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით აპრილში დაწყებული ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი, რომელიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ექვსი კვირის განმავლობაში ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო, ჯონი დეპის სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯონი დეპი ზიანის ანაზღაურების სახით $10,4 მილიონს მიიღებს, ამბერ ჰერდი კი $2 მილიონს. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ერთ ნაწილში ამბერ ჰერდის მოთხოვნაც დააკმაყოფილა: აქვამენის მსახიობი აცხადებდა, რომ მას ჯონი დეპის აგენტმა ცილი დასწამა და #MeToo ეპოქაში "ძალადობის ცრუ ბრალმდებელი" უწოდა.

ცოტა ხნის წინ ამბერ ჰერდის ადვოკატი, ელეინ ბრედჰოფტი NBC-ის გადაცემა Today-ში მოიწვიეს სტუმრად, სადაც მან ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როცა ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ამბერს $10,4 მილიონის გადახდა, ადვოკატმა თქვა, რომ ამბერი ამას ვერ შეძლებს. მან ისიც აღნიშნა, რომ ჰერდი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატის თქმით, სასამართლოში რამდენიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულების წარდგენის უფლება არ მისცეს, ამასთან, ნაფიც მსაჯულებზე გავლენა სოციალურმა ქსელებმაც იქონია — სასამართლოს მიმდინარეობის დროს ტიკტოკსა და სხვა პლატფორმებზე უამრავი ვიდეო ვრცელდებოდა, რომლებშიც ადამიანები ამბერ ჰერდს დასცინოდნენ.

"ეს მნიშვნელოვანი უკანდახევაა, რადგან ამით გვეუბნებიან: 'სანამ ტელეფონს არ ამოიღებ და ვიდეოს არ გადაიღებ, თუ როგორ გცემს შენი ქმარი ან პარტნიორი, მანამდე არავინ დაგიჯერებს", — განაცხადა ადვოკატმა.

ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილებას მისი გასაჯაროების შემდეგ თავად ამბერ ჰერდიც გამოეხმაურა:

"სიტყვებით ვერ აღვწერ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს ვგრძნობ. გულგატეხილი ვარ, რომ ზღვა მტკიცებულებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს დავპირისპირებოდი.

კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, თუ რას მოუტანს ეს სხვა ქალებს. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს იმ დროში დაბრუნებაა, სადაც ქალებს ხმის ხმამაღლა ამოღების გამო საჯაროდ არცხვენდნენ და ამცირებდნენ. ეს ხელს უშლის იმ იდეას, რომ ქალების მიმართ ძალადობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

მჯერა, ჯონის იურისტებმა მოახერხეს, რომ ნაფიცი მსაჯულებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობისთვის ყურადღება არ მიექციათ და სათვალავში არ ჩაეგდოთ მტკიცებულებები, რომლებიც იმდენად სარწმუნოა, რომ ბრიტანეთში დავა მოვიგეთ.

ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე. თუმცა უფრო მეტად იმის გამო ვწუხვარ, რომ თითქოს ის უფლებაც დავკარგე, რომელიც მეგონა, რომ როგორც ამერიკელს, მქონდა — თავისუფლად და ღიად ლაპარაკის".