აზერბაიჯანული მხარე გარეჯის კომპლექსის ნაწილს ალბანური კულტურის ძეგლად მიიჩნევს. ასევე მწვავედ დგას აფხაზეთში, იმ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრების საკითხი, რომელსაც დღეს საქართველო ვერ აკონტროლებს. აფხაზური მხარე მათ მხოლოდ აფხაზური კულტურის ნაწილად მიიჩნევს, მეზობელი სომხეთის სამეცნიერო წრეები კი საქართველოს ტერიტორიაზე, არც მეტი, არც ნაკლები, 653 სომხურ ეკლესიასა და ნაგებობას ითვლიან! ამ მეტად აქტუალურ საკითხზე კომენტარი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ დავით მუსხელიშვილსა და არმენოლოგ, პროფესორ ბონდო არველაძეს ვთხოვეთ:
დავით მუსხელიშვილი: დავითგარეჯის კომპლექსი ალბანური კულტურის ძეგლი არ არის, ამგვარი თვალსაზრისი აბსურდი და უვიცობაა, მით უმეტეს, რომ დღევანდელი აზერბაიჯანელები არ არიან იმ ავტოქტონი ალბანელების შთამომავალნი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე, კავკასიის რეგიონში ადრეულ საუკუნეებში ცხოვრობდნენ. შემდეგ მოხდა მათი ასიმილირება აზერბაიჯანელებთან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით დასახლდნენ. თანაც, დავითგარეჯის მონასტრის მშენებლობისას ეს ტერიტორია ალბანეთის სახელმწიფოს საზღვრებში არ შედიოდა. როგორც ქართული, ისე უცხოური - ბერძნული თუ ლათინური ანტიკური წყაროების თანახმად, ტერიტორია, სადაც ახლა დავითგარეჯის კომპლექსია, იბერიის სამეფოს ეკუთვნოდა, ეს ისტორიული ფაქტია. წყაროებში მითითებულია, რომ იბერიის, ანუ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს საზღვარი ალბანეთთან მდინარე ალაზნის ქვემო დინებაზე გადიოდა, ეს კომპლექსი კი მდინარე ალაზნის აღმოსავლეთით მდებარეობს. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონიც აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია სასაზღვრო იყო იბერიას, ალბანეთსა და სომხეთს შორის, თუმცა საკუთრივ იბერიის სამეფოს ტერიტორია რუსთავის საერისთავოს ნაწილია. ასე რომ, სრულიად უსაფუძვლოა იმაზე ლაპარაკი, რომ დავითგარეჯის კომპლექსი ალბანური კულტურის ძეგლია. არსებობს ქართულ ენაზე შექმნილი ლიტერატურული ძეგლი "დავით გარეჯელის ცხოვრება", რომელშიც ნათქვამია, რომ მონასტერი მე-6 საუკუნეში დააარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. მოგზაურობის შემდეგ ის ამ ტერიტორიაზე სახლდება და აგებს მონასტერს. რა შუაშია ალბანური კულტურა?
რაც შეეხება აფხაზეთში, იმ ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებს, რომელსაც დღეს ქართული მხარე ვერ აკონტროლებს, აფხაზები მათ აფხაზური კულტურის ძეგლებად მიიჩნევენ, რაც უსაფუძვლოა - ამ ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე ქართული წარწერებია. ეს ძეგლები აფხაზური კი არ არის, აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ისინი არქიტექტურული თვალსაზრისითაც ქართულია ბიზანტიური ელემენტებით.
ბონდო არველაძე: სომეხმა ხელოვნებათმცოდნე სამველ კარაპეტიანმა ერევანში გამოცემულ რუკა-ცნობარში "სომხური ეკლესიები საქართველოში," არც აცივა, არც აცხელა და საქართველოში 653 სომხური ეკლესია აღმოაჩინა, თან დასძინა, ეს სია სრული არ არის და ძიებას ვაგრძელებო. ამ ოპუსს ასე ვუპასუხე: "სომხური" თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!" რეალობა კი ასეთია: ამ 653 ეკლესიიდან, სულ მცირე, 80 პროცენტი ქართულია! მხოლოდ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან: კახეთში, სოფელ ჩაილურში მდებარე ეკლესია მე-9 საუკუნის სომხურ ტაძრად არის გამოცხადებული, არადა, ეს მე-19 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიაა. ასევე ლაპარაკია ზუგდიდში მე-19 საუკუნის 70-80-იან წლების სომხური ეკლესიის არსებობაზე, მეფის რუსეთის მიერ ჩატარებულ მოსახლეობის კამერალურ აღწერაში კი ნათქვამია, რომ ამ დროს ზუგდიდში სულ 3 სომეხი ცხოვრობდა და ცხადია, ტაძარს ვერ ააშენებდნენ. ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია სომხურად გადააკეთეს და სურბ-ნშანის ეკლესია უწოდეს. ისტორული წყაროებში, მათ შორის, პლატონ იოსელიანის, ზაქარია ჭიჭინაძის, ასევე სომეხი მკვლევარის, აღაიანცის ნაშრომებში ის ქართულ ტაძრად არის მოხსენიებული, "კავკაზსკი კალენდარში" პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ის
დაახლოებით მე-16 საუკუნის დასასრულამდე ქართული ეკლესია იყო, მხოლოდ 1703 წლიდან კი სომხების ხელში გადავიდა და ამის შემდეგ ჩნდება სომხური წარწერებიც. ასევე დავის საგანია სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრები. საქმე ის არის, რომ ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე, რომელიც 1920-იან წლებში სომხეთს გადაეცა, არაერთი ქართული ქალკედონიკური ეკლესიაა: ახტალა, ქობაირი, ჰნევანქი და სხვა. მე-13-15 საუკუნეების ტაძრებზე არაერთი ქართული წარწერაა, სომეხი მეცნიერები კი აცხადებენ, ქართული წარწერები აქ ისტორიული პირობების გამო გაჩნდა, როცა ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდაო... როცა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას თქვა, ორივე მხარის სადავო ეკლესიებს რესტავრაციას საკუთარი ხარჯებით ჩავუტარებო, ეს ტაძრებიც იგულისხმა. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ სომეხი მეცნიერები კატეგორიულად არ აღიარებენ ქართული ეკლესიების არსებობას ლორე-ტაშირში; კულტურის მინისტმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, - საკითხი მოგვარებადიაო, ვფიქრობ, ეს მეტად რთული იქნება.