MARCA მამარდაშვილზე:

MARCA მამარდაშვილზე: "ტოტენჰემი" დაინტერესებულია, "ვალენსიას" ცარიელი სალაროსთვის ის ჟანგბადი იქნება"

ესპანური „ვალენსია“ მზადაა გიორგი მამარდაშვილი გაყიდოს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Marca ავრცელებს.

მადრიდული გაზეთის ცნობით, „ღამურების“ ხელმძღვანელობა ქართველი მეკარის გაყიდვაზე უარს არ იტყვიან, თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ და იმასაც წერს, რომ გიორგით დაინტერესებული ლონდონის „ტოტენჰემია“, რომელიც 36 წლის უგო ლორისის შემცვლელს ეძებს.

„ვალენსიამ“ მთელი გუნდი ტრანსფერზე დააყენა. როგორც ბორდალასმა საჯაროდ განაცხადა, კლუბი ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი ევროს ფარგლებში ნებისმიერ ფეხბურთელს გაყიდის. გაყიდვების რუკაზე პირველები სოლერი და გედეში არიან, მაგრამ გაჩნდა სხვა ვარიანტიც, რომელმაც კლუბს შეიძლება საკმაოდ თანხა მოუტანოს. „ვალენსიამ“ მამარდაშვილის სახით მილიონ ევროზე ნაკლებად მაღალი პროექციის მეკარე შეიძინა. სხვა ეპოქის „ვალენსიაში“ ის მრავალი წლის განმავლობაში ძირითადი მეკარე იქნებოდა, მაგრამ ახლა სხვა პრიორიტეტები არსებობს. ქართველი მაღალი დონის მეკარეა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდაპირველ ინტერესს „ტოტენჰემიც“ შეუერთდა.

„ვალენსიასა“ და „ტოტენჰემს“ შორის კარგი ურთიერთობაა, რაც ბრაიან ხილის ტრანსფერითაც დასტურდება და ლონდონური კლუბი უკვე ფიქრობს უგო ლორისის შემცვლელზე, რომლის კონტრაქტი 2024 წელს იწურება, მაგრამ უკვე 36 წლისაა. ამ დროისთვის ოფიციალური შეთავაზება ინგლისელებს არ გაუკეთებიათ, მაგრამ „ვალენსიასთვის“ მამარდაშვილის გაყიდვა სუფთა მოგებასთან ასოცირდება, რაც კლუბის ცარიელი სალაროებისთვის ჟანგბადის მიმწოდებელი გახდება“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლა ლიგამ სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებლით (73.3%) ქართველი ლა ლიგაში მხოლოდ იასინ ბონოსა და ტიბო კურტუას ჩამორჩა, ტოპ ხუთ ლიგაში კი მე-14 ადგილზეა.