ჯიჰადი:

ჯიჰადი: "ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!"

"6 ივნისს "იუთუბიზე" შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა, სახელწოდებით: "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ", რომელიც შეიცავს მუქარას ავღანეთის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. მუქარაშემცვლელ ვიდეოს გავრცელებას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. სანამ ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ გახდებოდა ცნობილი, გავრცელებულ ვიდეოს საქართველოს ხელისუფლებაში სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ვიდეორგოლის წარმომავლობის დადგენაზე მოკვლევა დაიწყო თავდაცვის სამინისტრომაც", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ჯიჰადი: "ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!" / "ქართველი ჯარისკაცების აფეთქების შემდეგ ჯიჰადი საქართველოში ტერაქტებითაც იმუქრება".

"ამ ვიდეორგოლში რამე სერიოზული ორგანიზაციის ხელწერა ნამდვილად არ იკვეთება. ამის უკან რომ გარკვეული სერიოზული ძალები იდგნენ, ვიდეორგოლი კლიპის სახით არ იქნებოდა გადაკეთებული, ასევე ექნებოდა მიმართვის ფორმა. ლოგიკურად რომ მივყვეთ, საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სერიოზული ტერორისტული ორგანიზაციის აქტიურობა არ იკვეთება და არც ობიექტიური რეალობაა იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდეს ტერორისტული აქტები. თუ გავითვალისწინებთ, როგორ არჩევენ საკითხს თალიბები, მათთვის სამიზნე ამერიკაა და გაცილებით დიდი ქვეყნები, ვიდრე საქართველო", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.

"როდესაც ავღანეთში მისია გავუშვით, მარტო ის კი არ არის, რომ იქ გვყავს ჯარისკაცები და ამით მორჩა. გარკვეული უსაფრთხოების ზომები ქვეყანაშიც უნდა იქნეს მიღებული. თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას დასაბუთებულად უნდა აუხსნას, რასთან გვაქვს საქმე. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს ამ ვიდეოს წარმომავლობა, უნდა გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე და საზოგადოებას უსწრაფესად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, ემუქრებათ თუ არა საფრთხე. საქართველოს ბიუჯეტიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი სახსრებია გამოყოფილი ასეთი საქმიანობისთვის, საზღვრებისა და აეროპორტების გაკონტროლებისთვის, ამიტომ შესაბამისი სამსახურები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც მსგავსი მუქარის შემთხვევის დროს იქცევიან ხოლმე", - აღნიშნავს გიორგი თავდგირიძე.

"რა თქმა უნდა, ეს ასე იქნებოდა. ამაში არაფერი ახალი არ არის. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს მომენტიც დადგებოდა. ჯიჰადი მარტო მიხეილ სააკაშვილსა და ჯარისკაცებს კი არა, საქართველოს თავდაცვის მინისტრსაც ემუქრება. მისი სურათებიც გაავრცელეს და რატომ არ ჩანს იმ ვიდეორგოლში, არ ვიცი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ მიერ სალიკვიდირებელთა სიაში პირველი სააკაშვილია, მეორე ადგილზეა ალასანია და შემდეგ ჯარისკაცები. რაც შეეხება მათ მუქარას საქართველოში ტერაქტების მოწყობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ესეც რეალურია", - ამბობს კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი.