მამუკა არეშიძემ ავღანეთის ტერაქტი იწინასწარმეტყველა?

მამუკა არეშიძემ ავღანეთის ტერაქტი იწინასწარმეტყველა?

"ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, ამის წაყრუება არ შეიძლება...” - ამბობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე. როგორც უკვე ცნობილია "იუთუბზე” გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ”. ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. ”ჩვენ შურს ვიძიებთ!”, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც "იუთუბზე” 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელს, ვინმე ჰამად ზამანს ეკუთვნის.

ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება. რამდენად რეალურია მუქარა და რას შეიძლება ველოდოთ თალიბებისგან, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ბატონო მამუკა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი ვიდეომასალის გავრცელება "გარკვეულ პროვოკაციულ” ნიშნებს შეიცავს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- რთული სათქმელია... დაახლოებით ასეთი შინაარსის ვიდეორგოლი ესპანეთში მინახავს. ასეთი ვიდეოებს ვიღაცები მართლაც იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის. როგორც მეუბნებიან, ეს ვიდეო საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს ატვირთული.

- თალიბებისთვის ვიდეოს საქართველოს ტერიტორიაზე ატვირთვა პრობლემას წარმოადგენს?

- არა, თალიბებისთვის ვიდეოს საქართველოს ტერიტორიაზე ატვირთვა პრობლემას მართლაც არ წარმოადგენს, მაგრამ ეს საკითხი სხვა კუთხით არის საინტერესო... ეს რომ მოჯაჰედების ცენტრის (რომელიც პაკისტანშია განლაგებული) გაკეთებული იყოს, სულაც არ გამიკვირდებოდა. რადგან ვიცი, რომ ამ ცენტრში მსგავსი ტიპის ვიდეოებს თითქმის ყველა ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებდნენ. სხვა საკითხია, თუ ვიდეორგოლი ადგილობრივი ვაჰაბიტების მიერ არის გაკეთებული. ეს უკვე იმას ნიშნავს, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქე ვაჰაბიტებს ჩვენი დაშინება სურთ

- ვიდეორგოლში ნათქვმია, რომ თალიბებმა ავღანეთის მისიაში მონაწილე სამხედროების გვარ-სახლები იციან და მათი ოჯახის წევრების შესახებაც აქვთ ინფორმაცია. ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ ვიდეო შესაძლოა მართლაც ადგილობრივი მოხალისეებიის მიერ იყოს გაკეთებული?

- ასე მეც შემიძლია დავწერო, რომ მოლა ომარის (თალიბანის ლიდერის) ყველა ცოლს ვიცნობ და ყველა მისი შვილის ადგილსამოყოფელი ვიცი...

- ამ საქმეში თალიბანების ხელი იქნება გარეული თუ ადგილობრივი მოხალისეების, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით რამეს ცვლის?

- არა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. მოჯაჰედებისა თუ თალიბების ცენტრალური ოფისიდან არის ეს გაკეთებული თუ ადგილობრივი მოხალისეებისგან, პრობლემა მაინც იქმნება, ისლამისტური ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ახლო მომავალში დიდი საფრთხე ელის. თანაც ეს საფრთხე თვალსა და ხელს შუა იზრდება. ვიდრე ჩვენ გონს მოვეგებით და რაიმე ღონისძიების გაატარებას დავიწყებთ, ისინი უკვე ძალიან წინ წავლენ. ამის ნიშნები უკვე საკმარისზე მეტია...

- რა ნიშნებს გულისხმობთ?

- პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის მყარად ფეხმოკიდებას, ასევე ამ იდეოლოგიის ქვემო ქართლში გავრცელების მხდელობას, ვაჰაბიტების მიერ გავლენის სფეროებში ფეხმოკიდებას... თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ისლამისტური ორგანიზაციოები გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად მოქმედებენ. ადვილი შესაძლებელია, რომ მათ მიერ დაწყებული .ჰუმანიტარული საქმიანობა ცოტა ხანში სხვა ტიპის ქმედებაში გადაიზარდოს, რელიგიური იდეოლოგია გვერდზე გადადონ და ექსპანსიონისტური იდეოლოგია წამოიწყონ. აქედან გამომდინარე, თქვენს კითხვაზე, ემუქრება თუ არა, ჩვენს ქვეყანას ხიფათი, მე ცალსახა პასუხი მაქვს, - ჩვენი ქვეყანა ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

- თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ?

- საქართველოს ხელისუფლებამ მათ საფინანსო წყაროები უნდა გადაუჭრას, შეცვალოს პოლიტიკა ისლამთან დაკავშირებით, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები, შექმნას ისლამის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ანალიტიკურ პროდუქციას შექმნის, გახსნას საქართველოში ისლამის უმაღლესი სასწავლებელი და ყველა პედაგოგს, ვინც მედრესეში მუშაობს ჩაუატაროს ატესტაცია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ვინ რას აკეთებს და ვინ რას ასწავლის.