დღეს, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა. ეს იყო უპრეცენდენტო ტერორისტული აქტი, რომელიც თავისი მასშტაბებით ყველა წინა თავდასხმას აღემატება. ტერაქტის დროს გამოყენებული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება. არიან დაჭრილები და დაღუპულები. გარდაცვლილია 6 სამხედრო მოსამსახურე: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე და პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე. ნანგრევებშია მოყოლილი პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. მიმდინარეობს მისი ძებნა. თავდასხმის დროს ასევე, დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ISAF მისიაში მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურე მზადყოფნაშია და სრულად აკონტროლებს სიტუაციას თავის სამოქმედო არეალში.
ავღანეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ.
„მინდა მივუსამძიმრო გმირი სამხედროების ოჯახებს. ეს დანაკლისი ჩვენთვის, მთელი შეიარაღებული ძალებისთვის უმძიმესი დარტყმაა. ისინი ჩვენი პატრიოტები არიან, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირნენ.
მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ქართველი სამხედროები, რომლებიც საერთაშორისო მისიაში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ, უკან არ დაიხევენ და მოწინააღმდეგეს არ შეუშინდებიან. ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურე სრულ მზადყოფნაშია, ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება."
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით თავდაცვის სამინისტროში: 2 91 04 21; 2 72 35 35 (შიდა ნომერი 2325)