,,ვერ ამიხსნია, რატომ დასახელდა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად!’

,,ვერ ამიხსნია, რატომ დასახელდა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად!’

გაზეთ ,,ვერსიისა’‘ და ტელე-რადიო კომპანია ,,ობიექტივის’‘ ერთობლივ პროექტში ,,ვერსიის’‘ საათი’‘ სტუმრობისას, ყოფილმა სახალხო დამცველმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ, პოლიტოლოგმა ნანა დევდარიანმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსი მესაზღვრეების ქმედება შეაფასა, ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და უკვე დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატებზეც. ,,ვერსია’‘ გადაცემის საგაზეთო ვარიანტს გთავაზობთ.

_ სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრემიერმა საკმაოდ სწორი განცხადება გააკეთა _ არ შეიძლება, რუსეთს პირობითი საზღვრის გადმოწევა აწყობდესო. რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რუს ჯარისკაცებს სტალინის ძეგლის აფეთქებაში ფულს უხდიდნენ, ქართველი ამომრჩევლის გასაღიზიანებლად სპექტაკლი დადგეს, თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში რუსეთი კონფლიქტურ რეგიონებში საზღვრებს აფართოებს?!
_ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალენჯიხის რაიონის სოფლებშიც რუსმა მესაზღვრეებმა გზების გათხრა დაიწყეს. ნაციონალურ მოძრაობას იმის რესურსი აქვს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავსი დივერსიული პროცესები აწარმოოს?
_ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, თუმცა ამ ფაქტების ირგვლივ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რასაც შესაბამისი გამოძიებაც სჭირდება. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძემ საკმაოდ სწორად განაცხადა, მსგავს სიტუაციებში ხელისუფლებაში უნდა იყოს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც, როგორც მინიმუმ, ტელეფონით რუსეთის პირველ პირებს დაელაპარაკება და საქმის ვითარებაში გარკვევას შეეცდება. სამწუხაროდ, მმართველი გუნდის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში მხოლოდ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრით შემოიფარგლება. არადა, უკვე დიდი ხანია დადგა დრო, როცა რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

_ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, სოფელ დიცთან შექმნილ პრობლემას ,,სხვანაირი სტრატეგიით’‘ მოვაგვარებთო. ამ შემთხვევაში, დასავლეთის განცხადებები რამდენად შედეგის მომცემი იქნება თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ კონფლიქტი უბრალოდ გაყინა?
_ პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ ემუქრება, რაც დასავლეთის განცხადებებში დიდი ხანია ხაზგასმით იგრძნობა. ასე რომ, მითიური და ილუზიური ნატო-ს ხათრით, ეროვნული ინტერესების დათმობა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებამ ბევრი გააღიზიანა, რეინტეგრაციის მინისტრმა აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ დღეს რუსეთმა ომში ვერ უნდა ჩაგვითრიოს, რადგან თუ დიცთან 300 მეტრით საზღვრის გაფართოებაზე ვიომებთ, პერსპექტივაში გაცილებით მეტ ტერიტორიაზე ვიტყვით უარს. ახალი ხელისუფლება დადებით ნაბიჯებს დგამს, თუმცა, სამწუხაროდ, საზოგადოებამდე ამის სწორად მიტანას ვერ ახერხებს. მსგავს ვითარებაში, უპრიანი იქნება, ქართულმა მხარემ აბსოლუტურად გაჭრით უთხრას რუსეთს, რომ თუ ნატო-ზე უარის თქმით კონფლიქტური რეგიონების დაბრუნების გარანტიას მიიღებს, მაშინ ამ დათმობაზე წავა. სხვათა შორის, სწორედ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, პრინციპულად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ დადებითი პიროვნებაა, თუმცა მას პოლიტიკური გამოცდილება და დასავლურ თუ რუსულ პოლიტიკურ წრეებში პირადი ურთიერთობები არ აქვს. ამ მხრივ, საკმაოდ დიდი პლუსის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა, რომელიც 2011 წლის 26 მაისმა, როგორც პოლიტიკოსი, რადიკალურად შეცვალა.

_ თუმცა ნინო ბურჯანაძის მიმართ საზოგადოებასაც არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა. თუნდაც 26 მაისთან დაკავშირებით, ოპონენტები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს შვილთან დიალოგს ახსენებენ, სადაც იგი საუბრობს, რომ აქციაზე რამდენიმე ადამიანის დაღუპვა კარგი ფაქტი იქნებოდა.
_ ნინო ბურჯანაძის მიმართ უამრავი კითხვა მეც მქონდა და ხშირად მისი პოლიტიკური ქმედებები ნეგატიურადაც შემიფასებია, მაგრამ მოგვწონს თუ არა, იგი პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა. სხვათა შორის, ბოლო ხუთი წელი ოპოზიციაში რომ არ ყოფილიყო, ასეთ მნიშვნელოვან ფიგურად ვერ ჩამოყალიბდებოდა. რაც შეეხება 26 მაისს, ნაციონალური მოძრაობის გარდა, რუსთაველის გამზირზე დატრიალებულ ტრაგედიაში ნინო ბურჯანაძე კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმაც დაადანაშაულეს და აღნიშნეს, აქცია არასანქცირებული იყოო. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მსგავსი ტერმინი ნამდვილად არ მომისმენია. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნინო ბურჯანაძეს მოვლენების მსგავსი განვითარება წინასწარ დაგეგმილი, ასე გიპასუხებთ: რა მოხდა, თუ ანზორ ბიწაძემ, მაქსიმალისტმა ახალგაზრდა კაცმა დედასთან აქციებზე საუბრისას განაცხადა, სულ რომ სისხლი დაიღვაროს, ბრძოლა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთო?!

_ მოხდა ის, რომ ეს ჩვეულებრივ ოჯახურ საუბრად ბევრმა ვერ აღიქვა, პირიქით, გაჩნდა აზრი, რომ ნინო ბურჯანაძე საქართველოში დესტაბილიზაციასა და ,,გრუს’‘ შემოყვანას გეგმავდა.
_ ჯერ კიდევ დასადგენია ჩანაწერი იყო თუ არა ფალსიფიცირებული, თანაც ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის ფიქრებზე გაცილებით მნიშვნელოვან საკითხად მიხეილ სააკაშვილის ვოიაჟები მიმაჩნია, რომელიც მეგობარი ქალების სიამოვნებაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათი ათასობით ფულს ხარჯავდა. ფაქტია, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთთან კონფრონტაციის აბსოლუტურად წინააღმდეგი იყო, რადგან მას, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, ყოველთვის ესმოდა, რომ ,,ჟანგიანი ტანკების’‘ მქონე რუსეთთან ომი არ შეიძლება. სააკაშვილი კი არა, მოსკოვთან შეიარაღებული ბრძოლა ნაპოლეონმა და ჰიტლერმა წააგო. სხვათა შორის, როცა საპრეზიდენტო არჩევნებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ნაძალადევის შუალედური არჩევნები ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო. მეტიც, ნაციონალების გამოკლებით, ოპოზიციური კანდიდატები რომ გაერთიანებულიყვნენ, თამარ კორძაიას დამარცხება სავსებით შესაძლებელი გახდებოდა. ახლა საპრეზიდენტო არჩევნები აბსოლუტურად პერსონიფიცირებული იქნება და თუ საზოგადოება კოალიციის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, მმართველ გუნდს დაანახებს, რომ ყველაფერი ისე სულაც არ არის, როგორც ხელისუფლებას ჰგონია. ფაქტია, ხალხში უკმაყოფილება უკვე გაჩნდა მმართველი გუნდის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ და მოქალაქეებისთვის ვეღარ იცლიან.

_ ხელისუფლება საკუთარი დაპირებების შესრულებისთვისაც ვეღარ იცლის. არჩევნებამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირველ რიგში, საარჩევნო კოდექსი გამოსწორდებოდა. რატომ ვერ მოახერხა პარლამენტში შექმნილმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა თუ ხელისუფლებას ძველი საარჩევნო კოდექსით ჩატარებული არჩევნები აწყობს?
_ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები სწრაფი ტემპით რომ განეხორციელებინა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მაშინათვე აყვირდებოდნენ, კოალიცია ცვლილებებს საპრეზიდენტო არჩევნებს საგანგებოდ არგებსო. დავით უსუფაშვილმა საკმაოდ გასაგებად აღნიშნა, ნაჩქარევად ცვლილებების მიღებას არ ვაპირებთ, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ მუშაობას დაიწყებსო, ასე რომ, უნდა დაველოდოთ. ისიც უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას მშვიდი პოლიტიკური გარემო სჭირდება, რისი საშუალებაც რვა თვის განმავლობაში ხელისუფლებას არ მისცემია. ნაციონალებმა იმდენად დიდი უბედურება დამართეს ქვეყანას, რომ ამ შეცდომების გამოსწორება ერთბაშად უბრალოდ წარმოუდგენელია. სხვათა შორის, საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ერთი ფრაზა _ პლასტელინის კაცი ვარ, სადაც დამდებენ, იქ ვიქნებიო, დღემდე გულში ხინჯად დამრჩა.

_ რატომ დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ,,პლასტელინის კაცი’‘, ამ გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო პოსტის დაკნინება და პრემიერის ფიგურის წინ წამოწევა მოხდა?
_ მეც ვერ ამიხსნია, რატომ დასახელდა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა, დიახ, არაკეთილისმსურველები სწორედ იმაზე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით საკუთარი ფიგურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პირადად, მე, არ ვფიქრობ, რომ მომავალი პრეზიდენტი უფუნქციო იქნება, პირიქით, როგორც გითხარით, საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გახდეს, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი შესაბამისი გამოცდილების არქონისა და საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ ელიტაში პირადი კონტაქტების არარსებობის გამო, დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევს. შესაძლოა, მან ეს რამდენიმე წლის შემდეგ მოახერხოს, თუმცა ჩვენთვის სწორედ ეს ეტაპია ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე რომ, მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში მყოფი პოლიტიკოსების ნდობის მოპოვებას წლები სჭირდება.