კლოპი:

კლოპი: "ძალიან მიხარია, რომ ფინალი სანქტ-პეტერბურგში არ იმართება, მოედანზე უკრაინისთვისაც გავალთ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ძალიან უხარია, ფინალი სანქტ-პეტერბურგში რომ არ ტარდება და მისი ფეხბურთელები მოედანზე უკრაინელებისთვისაც გავლენ.

"ჩვენ უკრაინისთვისაც ვითამაშებთ, 100%-ით მოედანზე ამ ხალხის გამოც ვიქნებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალი პარიზში იმართება და არა სანქტ-პეტერბურგში. მჯერა, რომ რუსეთი გზავნილს გაიგებს, რომელიც არის ის, რომ ცხოვრება გრძელდება მაშინაც კი, როცა მის განადგურებას ცდილობ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ უეფამ მასპინძლის სტატუსი რუსეთს ჩამოართვა და ფინალი პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გადაიტანა.