"პროკურატურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. როგორ იმიჯნება იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის უფლებები? - იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:
- ახალი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება პროკურორი, მას ეკრძალება სისხლის სამართლებრივ დევნაში არა მხოლოდ ჩარევა, არამედ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბედის მოკითხვაც კი. მოკლედ, არანაირი ზედამხედველობის უფლება სისხლის სამართლის პროცესზე იუსტიციის მინისტრს აღარ ექნება. ასევე აღარ ექნება უფლება, თავისი გენინსპექციის მეშვეობით გააკონტროლოს პროკურორების საქმიანობა, კანონის დარღვევის შემთხვევაში განახორციელოს მათი დისციპლინარული დევნა და აწარმოოს გამოძიება. ამისთვის ცალკე გენინსპექციას შექმნის პროკურატურა და თავად წაახალისებს ან დასჯის პროკურორებს. იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია შეინარჩუნებს დისციპლინარული და სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციებს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება არც საკადრო პოლიტიკის წარმმართველი. სიმართლე გითხრათ, მე საკადრო პოლიტიკაში ისედაც არ ჩავრეულვარ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რჩევას, რაც მიმიცია ბატონი არჩილისთვის, რომელთაც ხან ითვალისწინებდა, ხან - არა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მხოლოდ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საქმე იქნება, რამდენად ხარისხიანი კადრები იქნებიან პროკურატურაში. იუსტიციის მინისტრი შეინარჩუნებს ერთადერთ ფუნქციას - ეს არის ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება პროკურორებისთვის და ესეც მთავარი პროკურორის წარდგენის საფუძველზე მოხდება.
- ბოლო ხანს მუდმივად ისმოდა კრიტიკა პროკურატურის მისამართით სწორედ საკადრო პოლიტიკის გამო, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ პროკურორთა მნიშვნელოვან ნაწილს დღესაც ზურაბ ადეიშვილის დროინდელი კადრები შეადგენენ, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ საქმის გამოძიებას ხელოვნურად აფერხებდნენ.
- ამჟამინდელ ცვლილებებამდე არსებული კანონის მიხედვითაც არ შეეძლო იუსტიციის მინისტრს რაიონის თუ რიგითი პროკურორის მოხსნა. ეს უფლებამოსილება ჰქონდა მთავარ პროკურორს. ერთადერთი, რაც მინისტრს შეეძლო, ეს იყო რჩევის მიცემა. ამგვარი რჩევა, როგორც გითხარით, ბევრი მიმიცია ბატონი არჩილისთვის. არ დაგიმალავთ, რომ თვეების განმავლობაში ჩემი პრეტენზია შეეხებოდა ისანი-სამგორის პროკურორ ვალერი ლაცუზბაიას, სანდრო გირგვლიანის საქმის გამომძიებელ პროკურორს. ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ის საკმაოდ დიდხანს დარჩა თანამდებობაზე, თუმცა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ის უკვე აღარ არის ამ პოსტზე. პროკურატურაში საკადრო პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ის კადრები, რომლებმაც სამართალი და სამართლიანობა დააზიანეს წარსულში, აღარ მუშაობდნენ პროკურატურის ორგანოებში.
- ეს ცვლილებები ნიშნავს თუ არა იმას, რომ იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა პრაქტიკულად, იმიჯნებიან?
- დიახ, ეს ამას ნიშნავს.
- გამოდის, რომ ამ ცვლილებების შემდეგ თქვენ პრეზიდენტის დაკავების უფლება არ გექნებათ?
- მართალი ბრძანდებით, არც პრეზიდენტის და არც იმ პირების, რომელთა დაკავების უფლებაც ამ დრომდე იუსტიციის მინისტრს, როგორც გენერალურ პროკურორს ჰქონდა, აღარ ექნება. ამიერიდან, ეს უფლება მთავარ პროკურორს ექნება.
- იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი დაიწყებს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტის განხილვას, რატომ გადაწყდა ამგვარი კომისიის შექმნა და როდის დაიწყებს ის მუშაობას?
- ეს იქნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის 2004-2012 წლებში გამოტანილ სისხლის სამართლის განაჩენებიდან ზოგიერთს და დაადგენს, იყო თუ არა მოსამართლის მიერ შეცდომა დაშვებული. ზოგიერთს იმიტომ, რომ იქ განსახილველად ვერ მოხვდება ის საქმეები, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა, მაგრამ ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო და საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდებიათ. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, იქნება განხილვის საგანი, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაული განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მოუწია ციხეში გარკვეული დროის გატარებამ. საკმაოდ მკაცრი პირობები დავადგინეთ იმისთვის, რომ ეს კომისია არ გადაიტვირთოს. მოგეხსენებათ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რამხელა უსამართლობის ტალღაში ჩაიძირა ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით, როდესაც ხორციელდებოდა პოლიტიკა - "ყველა ციხეში", როცა მოსამართლეები მთლიანად პროკურატურას ექვემდებარებოდნენ. უკვე წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი საქმე შევა კომისიაში. თუ კომისია არ კონცენტრირდა განსაკუთრებით უსამართლო საქმეებზე, ის ვერ იქნება ეფექტიანი და გამოიწვევს დიდ იმედგაცრუებას. ვფიქრობთ, გამოინახება ფინანსები და უკვე შემოდგომიდან შეუდგება კომისია მუშაობას. ვიცით, რომ ამას ელოდება ბევრი პატიმარი ან ყოფილი პატიმარი, ასევე ბევრი ბიზნესმენი, რომელთაც გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და გადააფორმებინეს ქონება. ეს პროექტი გაგზავნილია ევროსაბჭოში, მას განიხილავს ვენეციის კომისია და ასევე ევროსაბჭოს ორი სხვა ექსპერტი. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ივნისში დაიდება დასკვნა. თუ ამ დასკვნის მიხედვით იქნება ისეთი რეკომენდაციები, რაც საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დადგომისთვის არის მნიშვნელოვანი, ამას გავითვალისწინებთ. თუ ამ დასკვნით გვეტყვიან, გასაგებია, რომ ეს ხალხის მოთხოვნაა, მაგრამ არ შეეხოთ უკვე ძალაში შესულ განაჩენებსო, რა თქმა უნდა, ამგვარ რეკომენდაციებს ვერ გავითვალისწინებთ. დიახ, ჩვენ უნდა შევეხოთ უკანონო გადაწყვეტილებებს.
- რა ელის იმ მოსამართლეებს, ვისაც დაუმტკიცდება, რომ ხარვეზიანი გადაწყვეტილება მიიღო?
- ეს უნდა გადაწყვიტოს მართლმსაჯულებამ. თქვენ იცით, რომ 9 ივნისს იქნება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოს წევრები. მოსამართლეებს ეძლევათ ისტორიული შანსი, გათავისუფლდნენ როგორც კუბლაშვილის, ასევე მეიშვილის, ჩინჩალაძის, ანუ ხელმძღვანელობის დიქტატისგან. ისინი უკვე გათავისუფლდნენ პროკურატურის დიქტატისგან, ახლა კი დროა, სხვა გავლენებისგანაც დაიხსნან თავი. დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები იყოჩაღებენ და აირჩევენ დამოუკიდებელ წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც და სადისციპლინო კომისიაშიც. ამის შემდეგ, იუსტიციის საბჭოს ახალ შემადგენლობასთან ერთად ჩვენ დავიწყებთ სადისციპლინო პროცედურების რეფორმას. სამომავლოდ, თუ ხარვეზების კომისია ამა თუ იმ ძალაში შესულ განაჩენზე დაადგენს სამართლებრივ ხარვეზს და ამას დაამტკიცებს სასამართლოც, შემდგომ სწორედ სადისციპლინო კოლეგიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა ღირსი მოსამართლეობისა ის ადამიანი, ვინც ეს ხარვეზი დაუშვა. ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ებრძოდა მოსამართლეებს. პირადად მიხეილ სააკაშვილი მათ ებრძოდა მას მერე, რაც იუსტიციის მინისტრი გახდა.
- ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა, სამართლიანობის აღდგენა მას მერე უფრო სწრაფი ტემპით წავა, რაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის ცვლილებები შევა ძალაშიო. ვითომ შემთხვევით მოხდა, რომ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი სწორედ ამ კანონის ძალაში შესვლის დღეს დააპატიმრეს?
- ვფიქრობ, ეს იყო დამთხვევა. მარტიდან მოყოლებული პროკურატურის საქმეებში ნამდვილად აღარ ვერეოდი, ზოგადად ვიყავი ინფორმირებული, მაგრამ აი, ვანო მერაბიშვილის დაკავების თარიღი როგორ და რატომ შეირჩა, არ ვიცი.
- მერაბიშვილს პროკურატურამ ბრალი 2011 წლის 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით დაუმძიმა. რა იცით ამ საქმის თაობაზე, ზოგიერთი ამ დარბევაში უპირველესად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს, მიიჩნევთ თუ არა, რომ ამ საქმეზე შეიძლება ისიც დაიკითხოს?
- ბოლოს როგორ განვითარდა საქმის წარმოება, სამწუხაროდ, არ ვიცი, მაგრამ 26 მაისის დანაშაულში ვისი როლიც კი გამოიკვეთება, ყველა უნდა დაიკითხოს, მათ შორის პრეზიდენტიც.
- კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელთანაც ვანო მერაბიშვილის კავშირი მთავარმა პროკურატურამ დააანონსა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეა. მთავარი პროკურორი თავის დროზე აცხადებდა, რომ ეს საქმე ა.წ. თებერვლის ბოლომდე გაიხსნებოდა, რატომ შეფერხდა გამოძიება?
- არ ვიცი, ალბათ ვერ გათვალა მთავარმა პროკურორმა ის ვადები, რა ვადებშიც ამ საქმის გამოძიება მოხერხდებოდა. ამაში მე ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. გირგვლიანის საქმე ძალიან კარგი და კომპეტენტური გამომძიებლის ხელშია. ვიცი ისიც, რომ ამ საქმეზე მან ბევრი ახალი მტკიცებულება მოიპოვა. რადგან მთავარმა პროკურატურამ ეს დააანონსა, ალბათ ამ საქმის გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
- რა ხდება პირადობის ელექტრონული მოწმობების თაობაზე, როგორც ვიცი, ამ საკითხზე ფართო სოციოლოგიური კვლევა ტარდებოდა, რა შედეგი მიიღეთ?
- კვლევა უკვე დავასრულეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პრეზენტაცია. მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არაფერი ამაზე მეტი. მოწმობაში ჩაიწერება მხოლოდ მოქალაქის გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი. არანაირი სხვა ინფორმაცია ამ მოწმობაში არ დაიტანება. იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, დევნილს ან სტუდენტს ენდომება, რომ მათი სტატუსის შესახებ ინფორმაცია იყოს მის პირადობის მოწმობაში, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ, ელექტრონული მოწმობა ხელისუფლებას საშუალებას აძლევდეს გაიგოს, რა მარშრუტით გადაადგილდა ესა თუ ის მოქალაქე დღის რაღაც მონაკვეთში. ჩვენ ასევე დავადგინეთ და ამაში სინოდის ძველი განცხადებაც დაგვეხმარა, რომ პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე არავითარი მხეცის თუ ანტიქრისტეს ნიშანი არ არის. გამოვიკვლიეთ ძველი ლამინირებული პირადობის მოწმობებიც. არ მინდა, მორწმუნე საზოგადოება შევაშინო, მაგრამ ათეულობით ათას ასეთი მოწმობის ნომრებში აღმოჩნდა მიწყობილად სამი ექვსიანი. ახალ ელექტრონულ მოწმობებში არსად ამგვარი კომბინაცია არ იქნება.
- საინტერესოა, თუ განიხილავთ ალტერნატიული პირადობის მოწმობების საკითხს?
- დაველოდებით ამ კვლევის შედეგებს, თუ საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა ელექტრონულ პირადობის მოწმობებს მისაღებად მიიჩნევს, მაშინ არავითარი ალტერნატიული მოწმობები არ იქნება. ეს არ არის რომელიმე ერთი ჯგუფისთვის მოსაწონი ან დასაწუნი საკითხი, ეს არის მთელი ქვეყნის საქმე. მოგეხსენებათ, ეს მოწმობები გაუყალბებელია, რაც საშუალებას მოგვცემს ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რამდენია მათგან ამომრჩეველი. ამით ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ბოლოს და ბოლოს მიგვიჩნევენ ცივილიზებულად. რა ხანია, ევროკავშირი გვეხვეწება, გვითხარით, რამდენი ხართო. გაუყალბებელი პირადობის მოწმობები არის სახელმწიფოებრიობის ნიშანი, ოღონდ ერთი პირობით, ეს მოწმობა არ უნდა აძლევდეს სახელმწიფოს იმის საშუალებას, აკონტროლოს თავისი მოქალაქეები. კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობაზე მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ არანაირი ინფორმაცია არ დაიტანება. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა სწორედ მოქალაქეთა გაკონტროლების მიზანი, ამიტომაც იყო, რომ ამ მოწმობაზე კარდიოგრამიდან დაწყებული, სამგზავრო ბილეთით დასრულებული, ყველაფრის დატანას აპირებდნენ.
- ქალბატონო თეა, რა იცით თქვენი წინამორბედის შესახებ, თუ არის თქვენთვის რაიმე ცნობილი მისი ადგილსამყოფელის თაობაზე?
- ზურაბ ადეიშვილის თაობაზე ნამდვილად არაფერი ვიცი. თავდაპირველად მის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოდიოდა, ვიცოდით, რომ ის ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილდებოდა. ამჯერად სად იმყოფება, არ ვიცი. მთავარია, რაც შეიძლება მალე მონახონ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და დააბრუნონ ქვეყანაში, რათა პასუხი აგოს ყველა იმ უსამართლობისთვის, რაც სავარაუდოდ აქვს ჩადენილი. ჩვენ ამ უსამართლობის შედეგებს ყოველდღიურად ვიმკით - დაწყებული იუსტიციის სახლების ასაშენებლად წართმეული მიწებიდან და დამთავრებული დატერორებული ბიზნესმენებით. ვისაც ეს ევალება, ინტერპოლსა თუ ჩვენს სამართალდამცველებს, მივმართავ, მალე დააბრუნონ ქვეყანაში, მე კი ვპირდები ადეიშვილს, რომ მას დავახვედრებ სამართლიან სასამართლოს.
- იმ პროცესს, რასაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენას ვეძახით, დასავლეთიდან საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ. ბოლო ხანს არაერთი კრიტიკული სტატია თუ განცხადება ვნახეთ, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, რას იტყვით ამაზე?
- მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა დასავლეთის მიმართ თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს, რადგან სამართლიანობის აღდგენა არის ქართველი ხალხის სურვილი და დაკვეთა. დანანებით მინდა გავიხსენო ის დრო, როდესაც სააკაშვილს პირად ტყვედ ჰყავდა სულხან მოლაშვილი და მათიას იორშის შეშფოთებას თუ არ ჩავთვლით, მაშინ დასავლეთს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს იმის გამო, რომ ამ ადამიანს სხეული სიგარეტით ჰქონდა დამწვარი და ჯურღმულში ჰყავდათ დამწყვდეული. აშკარაა, დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ძალიან ლოიალური იყო. ის ამ უპირობო ნდობამ გარყვნა, როგორც პოლიტიკოსი. დღეს ჩვენს მიმართ ნამდვილად ისმის პრეტენზიული ტონი დასავლეთისგან, გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ახერხებს, ასე ვთქვათ, თავის მსხვერპლად გასაღებას. იმ ხალხს, რომელმაც ცხრაწლიანი უსამართლობა იწვნია და გაუბედურებული ოჯახები დატოვა, არ სჭირდება იმის ახსნა, რატომ უნდა იჯდეს ვანო მერაბიშვილი ციხეში. მთავარია, ის იჯდეს კარგ პირობებში. სოზარ სუბარისგან ვიცი, რომ მერაბიშვილი დღეს გაცილებით უკეთეს პირობებში ზის, ვიდრე იჯდა სულხან მოლაშვილი. ვიტყვი იმასაც, რომ მერაბიშვილის საქმე იქნება გაცილებით უფრო დასაბუთებული, ვიდრე თავის დროზე სულხან მოლაშვილის საქმე იყო. დასავლეთი კი თავისუფალია, ჩამოვიდეს, ეწვიოს მერაბიშვილს ციხეში, დაათვალიეროს რა ვითარებაშია და ა.შ.
- ბოლო ხანს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, თქვენ აშკარად ლიდერობთ პოლიტიკურ რეიტინგებში, რას იტყვით, რა არის ამის უმთავრესი მიზეზი?
- მიმაჩნია, რომ ეს დროებითია, მაგრამ თუ ხალხს აქვს ჩემს მიმართ კეთილგანწყობა, ამას მხოლოდ იმას მივაწერ, რომ ტყუილის თქმა არ შემიძლია. როდესაც რაღაც მიჭირს, ვამბობ, რომ მიჭირს; როდესაც რაღაცას ვერ ვაკეთებ, ვამბობ, რომ ვერ ვაკეთებ; თუ რაღაცაში მონაწილეობას ვერ ვიღებ, ამაზეც ღიად ვლაპარაკობ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს რეიტინგს დააზარალებს თქვენი განცხადება სექსუალური უმცირესობების შესახებ. როგორც 17-მა მაისმა აჩვენა, თქვენი პოზიცია საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის მისაღები არ არის.
- სექსუალური უმცირესობების წევრები ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. არ შეიძლება ადამიანს იმის გამო სცემო, გალახო და თავს დაესხა, რომ მას განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს. ნებისმიერი ძალადობა ჩემთვის მიუღებელია. თუ რაიმე ტიპის ძალადობა ჩემთვის მისაღები იქნება, მაშინ მე არ უნდა ვიყო ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი. მიუხედავად 17 მაისისა, მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ჰუმანური და შემწყნარებელია. მე არ მიყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ყურება, ეს არის უადგილო ცნობისმოყვარეობა. ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და არ მესმის მათი, ვინც აგრესიულადაა განწყობილი, როდესაც ვიღაცას ვიღაცა მოსწონს. რაც შეეხება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, მიმაჩნია, რომ 17 მაისის შემდეგ ეკლესიამ და სახელმწიფომ შეძლეს ცივილიზებული ურთიერთობა, ისეთი, როგორიც ამ ქვეყანას ეკადრება. ჩვენი ქვეყნის ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ, როდესაც საერო პირები არ იყვნენ სათანადო სიმაღლეზე, საეკლესიო პირები კისრულობდნენ საერო ხელისუფლების როლსაც... მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალადობაში საეკლესიო პირებიც მონაწილეობდნენ, ეკლესია იმსახურებს ანგარიშის გაწევას და დიდ პატივისცემას. რასაც ახლა ვიტყვი, არასოდეს მითქვამს: საერო ხელისუფლებს ორი მოვალეობა გვაქვს, ერთი - დავიცვათ ადამიანის უფლებები და კანონი იყოს ყველასთვის კანონი. მეორე მოვალეობა კი ის არის, ამ ვალდებულების შესრულებისას არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ეკლესიაში არის ერთი ისეთი ნათელი წერტილი, როგორიც კათოლიკოს-პატრიარქია, ის დღეს გარკვეულ ასაკშია, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
- ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი თემა უცხოელების მიერ ქართული მიწების ყიდვაა. როგორც შევიტყვეთ, იგეგმება ამ მიმართულებით კანონმდებლობის შეცვლა.
- ჩვენი ინიციატივის მიზანია, განხორციელდეს ქართული მიწის უკეთესი მართვა. ამ პროცესში უნდა განისაზღვროს, გასხვისდეს თუ არა ეს მიწა უცხოელებზე, ან როდის უნდა გასხვისდეს. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია. სამწუხაროდ, დაზუსტებით არ ვიცით, რას ვფლობთ, რა ტიპის მიწებს, ვის ხელშია ეს მიწები და ვის ხელშიც არის, კანონიერია თუ არა ეს ფლობა. ჯერჯერობით
ხდება პრობლემატიკის აღნუსხვა. ეს პრობლემები მრავალგვარია. როდესაც უკვე აღინუსხება პრობლემატიკა, დაიწერება მიწის კოდექსი. ამის შემდეგ გაცხადდება, რა ვადით გამოცხადდება მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე. ეს არ უნდა მოხდეს ძალიან ხანგრძლივი დროით, რადგან კერძო საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და არ შეიძლება დიდი ხნით გადაიდოს მიწის რეგისტრაცია, თუკი ამგვარი მოთხოვნა კანონიერი იქნება. ვინც უკვე იყიდა და დაარეგისტრირა მიწა, მას რა თქმა უნდა, არ შევეხებით, რადგან ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მომავალში ქაოსურად არ მიმდინარეობდეს ქართული მიწის გაყიდვა.
- როგორ აფასებთ გიორგი მარგველაშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს. როგორც ვნახეთ, "შრომის კოდექსთან" დაკავშირებით თქვენ შორის მცირე დაპირისპირება იყო. საინტერესოა როგორ გაგრძელდა ეს დაპირისპირება. როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში პარლამენტი ცვლილებებს გეგმავს.
- გიორგის 90-იანი წლებიდან ვიცნობ. ის ერთადერთი ადამიანია ამ მთავრობაში, რომელსაც პოლიტიკის გამო არ ვიცნობ. "შრომის კოდექსის" მისეული კრიტიკა ჩემზე პიროვნულ თავდასხმად არ აღმიქვამს. ის ჩვენ მიერ მომზადებულ "შრომის კოდექსს" პირველივე დღიდან აკრიტიკებდა. ჩვენს შორის ჯანსაღი დიალოგი მიმდინარეობდა, შესაბამისად, როგორც გიორგის, ასევე სხვა კრიტიკოსების აზრი პარლამენტის დონეზე გათვალისწინებული იქნა. ამას ჩვენს შორის არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია, გარდა პრივატული ხასიათის ხუმრობებისა, რითაც არ გადაგღლით. რაც შეეხება კოდექსს, ის მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, მხოლოდ რამდენიმე დებულება გაიხსნა ახალი განხილვისთვის. ეს ეხება რამდენიმე მუხლს. ამ განხილვაში ჩემი მოადგილე სანდრო ბარამიძე მიიღებს მონაწილეობას ჩემი სახელით, და ვფიქრობ, თვითონ პრემიერიც ჩაერთვება ამ პროცესში, რათა რაც შეიძლება ოპტიმალური გამოსავალი მოიძებოს. ამ პროცესს ტრაგიკულად არ ვუყურებ. თუ შრომის კოდექსი იმ ფორმით, რა ფორმითაც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა, მესამე მოსმენით არ დამტკიცდება პარლამენტის მიერ, თუ ჩვენს მიერ ჩადებული სულისკვეთება არ დარჩა, მაშინ საქართველოს უპირველესად საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში შეექმნება პრობლემა და ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და მისი წარმატებისთვის ეს დიდი წინაღობა იქნება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩემი ფუნქციაა, ჩემი გუნდის წევრებს ხარისხიანი კანონი მივაწოდო, მოიწონებენ თუ არა, მათი საქმეა. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატობას, მე გიორგი მარგველაშვილი ძალიან მომწონს, თუმცა ვარ სუბიექტური, როცა მას ვერაფერს ვუწუნებ. როგორც უკვე ვთქვი, მას დიდი ხანია ვიცნობ და ადრეც და პოლიტიკური საქმიანობის დროსაც ხშირად დამხმარებია კარგი რჩევით.