რატომ დაიხია უკან სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე?

რატომ დაიხია უკან სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე?

"7-თვიანი პაუზის შემდეგ უშიშროების საბჭო შეიკრიბა, სადაც სააკაშვილმა განაცხადა, აწი მთავრობას ყველა ვიზიტსაც შეგითანხმებთ და სამომავლო გეგმებსაც "ჩამოგიკაკლავთო". რას უნდა უკავშირდებოდეს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, როცა დღემდე ისე დადიოდა ვიზიტებით, რომ არათუ მთავრობას უთანხმებდა რამეს, ზოგჯერ თავის ადმინისტრაციასაც სანთლით საძებარი უხდებოდა? "ალია" ამ თემაზე ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "რატომ დაიხია უკან სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე?".

"უფრო სწორად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რაშიც უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის ის, რომ ბოლო პერიოდში ივანიშვილის მხრიდან გაისმა მუქარა, რომ გაარკვევს, რაში იხარჯება საბიუჯეტო თანხები, ერთი მხრივ, პრეზიდენტის ვიზიტებსა და ინტერესებთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, რატომ დაემთხვა ამერიკაში ბოკერიას ვიზიტი და "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატია, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებდა "ნაციონალების" ფორმულებს. ბოკერიასთან დაკავშირებით მით უფრო ჩნდება ასეთი კითხვა. ვიცით, რომ სწორედ მისი უწყებიდან, უშიშროების საბჭოდან ლობისტურ ორგანიზაციებზე დაიხარჯა ასტრონომული საბიუჯეტო თანხები. რას ემსახურებოდა ეს ლობისტური დაფინანსება, კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს თუ ქვეყნისას, ამის გარკვევას შეჰპირდა ივანიშვილი ბოკერიას. ამავე დროს დააყოლა ისიც, რომ ეს უწყება ხელფასს იღებს ბიუჯეტიდან და 7 თვე ისე გავიდა, არც კი მოუწვევია საბჭო. ამ ინტონაციამ და თუ შეიძლება ითქვას, კრიტიკულმა დამოკიდებულებამ გააჩინა, ვფიქრობ, ეს საპასუხო რეაქცია. როგორც ჩანს, ამ სტრუქტურის მუშაობაში მართლაც არის ისეთი დარღვევები, რომელზეც ფარდის ახდა "ნაციონალებს" დისცომფორტს შეუქმნის", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

"ამერიკა საკმაოდ ინტენსიურად არის ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამერიკული მხარის არაერთმა გზავნილმა სტაბილურობა შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას. ბევრი საფრთხისგან იხსნა საქართველო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ მაინც, რომ არ უკავშირდება ამერიკულ ან ნატოსეულ გზავნილს, იმიტომ, რომ ასეთი გზავნილის პირობებში სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა რამ შეეძლო გაეკეთებინა. მაგალითად, შეეძლო გაეკეთებინა შესაბამისი განცხადებები და ამას უფრო მეტი საერთაშორისო ჟღერადობა ექნებოდა. ასეთი განცხადებები უფრო მეტად მიაღწევდა ნატოსა თუ ამერიკულ მხარესთან. ახლა კი შეიძლება მათ ვერც კი გაიგონ, უშიშროების საბჭო შეიკრიბა თუ არა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვას - "ევროპის საბჭოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში და კომენტარებიც გააკეთეს. ადრინდელივით "ნაციონალების" რუპორებს არ ჰგავდნენ ესენი" - პასუხობს:

"ჩემი აზრით, ეს იმიტომ, რომ დელეგაცია შედგენილი იყო პარიტეტულ საწყისებზე. ამასთანავე, დასავლეთის პოლიტიკურ საზოგადოებაში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს რეალობის დანახვის სურვილი და არა იმ შაბლონის გამეორება, რაც ჰქონდათ, რომ "დემოკრატიის შუქურაა" საქართველოში და ამ შუქურას არაფერი ევნოს. ნელ-ნელა თვალი ეხილება დასავლეთს. სურთ დაინახონ და ხედავენ კიდეც უფრო რეალისტურ ფერებში იმას, რაც ხდება. ობიექტური ანალიზი უფრო ხშირდება დასავლურ წრეებში და აი, ამ განწყობის მოვლენების ასახვა იყო ამ დელეგაციის დამოკიდებულებაც".