გავლენიანმა ესტონურმა გამოცემამ "Eesti Päevaleht" საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა. "პირWელი" აღნიშნულ ინტერვიუს გთავაზობთ:
- რა ხდება ამჟამად საქართველოში? წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო.
- მოვლენების სიმრავლე ჩვენი ცხოვრების ნაწილია - როგორც ჩვენი შიდა განვითარების, ასევე გეოგრაფიული მდებარეობის გამო. გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ჩვენი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. პირველად საქართველოს ისტორიაში, მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა. აქვე უნდა დავამატო, რომ ეს არ იყო ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული გზით, მაგრამ ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. პირველად ისტორიაში არჩევნებში გაიმარჯვეს ოპოზიციურმა ძალებმა და მმართველმა პარტიამ პირველად დაკარგა ძალაუფლება.
- წინა ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისათვის, ეს მიზნები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისევ აქტუალურია?
- მე მესმის და კარგად ვაცნობიერებ ამ კითხვას, რადგან იგი ჩემთვის არაერთხელ დაუსვამთ ბევრ სხვა ქვეყანაში. მარტივი პასუხი მაქვს - რა თქმა უნდა! ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ვეროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზეზიც მარტივია: მსოფლიოში არ არსებობს უკეთესი ალტერნატივა. ეს ოფიციალური და მოკლე პასუხია. მეორე მხრივ, მე მინდა დავარწმუნო ის პირები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი საქართველოს ახალი ხელიუფლების მიმართ იმის გამო, რომ საქართველოდან მოდის განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია, რომელიც უამრავ შეკითხვას იწვევს, თითქოს ჩვენ გადავიხარეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან. ეს ასე არ არის. ჩვენი მისწრაფება ევროპული ფასეულობებისაკენ უცვლელია. ჩენ გვჯერა, რომ საქართველო ევოლუციური და სისტემური ინსტიტუტციონალიზაციის გზით გახდება ევროკავშირის და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი და ეს ისე მტკიცედ შევიდა ქართველების შეგნებაში და ფსიქოლოგიაში, რომ იგი გახდა მთელი საქართველოს აზროვნების ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ან უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი. ამდენად, მიუხედავად მთავრობის შეცვლისა - თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ ამჟამინდელი კოალიციის ლიდერი მოისურვებს, თუნდაც კურსის შეცვლას - ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
- თქვენ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ახსენეთ. წელს თქვენთან საპრეზიდენტო არჩევნებია - წინასწარ შეგიძლიათ, შეაფასოთ, ვინ გაიმარჯვებს?
- მესმის, თქვენ გსურთ ჩემგან გაიგონოთ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოალიციის კანდიდატის გამარჯვებაში. მაგრამ მე არ შემიძლია, ეს გითხრათ. ეს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა, მაგრამ ამის გარანტია არა გვაქვს. ასე, რომ ველით ოქტომბერს. მე ისევ ასე ვიტყოდი: იმედი მაქვს და მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. არ შეიძლება, არჩევნები ჩატარდეს ისევე, როგორც ძველად და გამარჯვებულმა მიიღოს ყველაფერი. საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს შეგუება დემოკრატიულ რეალობაში ცხოვრებასთან. ჩემი ოცნებაა საქართველოში ცხოვრება და ყოფა იყოს შეგნებულად ევროპული. ჩვენ მენტალურად უნდა გავხდეთ ევეროპელები! შეიძლება, გახდე ევროკავშირის ან ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ შენი აზროვნება ჯერ კიდევ "საბჭოური" იყოს. სხვათაშორის, ძველი ხელისუფლების ბევრი მიდგომა ნეო-ბოლშევიკური ხასიათის იყო.
- ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და ევროპულ ღირებულებებზე. საქართველოდან კი მოვიდა ახალი ამბები, ყოფილი მაღალი თანანდებობის პირის დაკავების შესახებ, რაც უნებლიე შეშფოთებას იწვევს. იბადება გარდაუვალი კითხვა: ხომ არ არის ახალი მთავრობა პირველ რიგში დაკავებული შურისძიებით თუ ეს გამოწვეულია სამართლიანი, კანონის უზენაესობის აუცილებლობით?
- საქართველოდან ნამდვილად მოდის დაძაბული ახალი ამბები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო პროცესებთან - მაგალითად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართულ საზოგადოებაში არსებობს ორი დილემა. პირველი, ეს არის ჩვენი სწრაფვა ევროპლული და ევროატლანტიკური სივრცისაკენ. მაგალითად, ეს გამოიხატება საქართველოს გადაწყვეტილებაში, დარჩეს ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც, პარლამენტის მიერ მიღებილ რეზოლუციაში, რომელიც საგარეო პოლიტიკის ძირითად ორიენტირებს ეხება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ის, რასაც დასავლეთში ვერ აღიქვამენ ადეკვატურად. იმისათვის, რომ ეს გაიგო, საქართველოს მოქალაქე უნდა იყო. საქართველოში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და გარედან, როგორც ჩანს, ყველაფერი ნორმალურად მიდის. მაგრამ მოვხსნათ ნიღაბი: დიახ, ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდა. დიახ, სააკაშვილმა აღიარა დამარცხება. მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ დასავლელი მოკავშირეების ძლიერი ზეწოლის შემდეგ. რა მოხდა არჩევნების დროს? ხალხი უჭერს მხარს კოალიცია ქართულ ოცნებას, არა მხოლოდ საიდუმლოებით მოცული ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გულისათვის, არამედ, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენისათვის. ეს იყო ამომრჩევლის მთავარი გზავნილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ორ მოთხოვნას შუა ვართ. ერთის მხრივ დასავლეთის გზავნილი, რომელიც მოგვიწოდებს, ხელი შევუწყოთ სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული კანონის უზენაესობას და ამავე დროს ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის ძლიერ ზეწოლას აღდგეს სამართლიანობა და დაისაჯონ დამნაშავენი!
- ყველაფერი კარგად მესმის, რადგან მიხეილ სააკაშვილის დროსაც კი საქართველოში არ იყო დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემა და პრეზიდენტი მას საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებდა. მაგრამ ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა ქართულ ოცნებას სურვილი, რომ სამართლებრივი სისტემა დამოუკიდებელ და სამართლიან სისტემად გარდაქმნას?
- დიახ, მე არ დამიმთავრებია, კოალიცია "ქართული ოცნება" და ჩვენ ყველანი ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი საუკეთესო. აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილია, რომ ეს სასამართლო საქმეები იყოს უფრო გამჭვირვალე, ჭეშმარიტად სამართლიანი და საზოგადოებისათვის გახსნილი. ამისათვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ინსტრუმენტები - ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტი, ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი საქართველოს ხელისუფლების მრჩეველად. OSCE ასევე აკვირდება ამ სასამართლო საქმეებს. არავის უხარია, როცა აკავებენ ვინმეს. სწორად უნდა გავიგოთ, ქართული ოცნების მიზანი არ არის რევანშის აღება და პოლიტიკური დევნა. არა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია დანაშაულთან. მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არც რიგითი მოქალაქე. სხვათაშორის, არ პარლამენტის წევრები...
- ხომ არ უნდა ეშინოდეს სააკაშვილს იმ დროის, როდესაც იგი დატოვებს პრეზიდენტის პოსტს?
- არ მინდა, გავაზვიადო. თუმცა მინდა, მან გზავნილი მიიღოს! იმედი მაქვს, მას არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლებრივ სისტემას და კანონის უზენაესობას. ამავე დროს, ეს არის გზავნილი მათთვის, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, მათ შორის ჩემთვისაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვისაც და მომავალი პრეზიდენტისთვისაც. არავის შეუძლია, დადგეს კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა. ჩვენი მისიაა, რომ საქართველო გახდეს ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა, სადაც კანონები და კანონიერება მართავს ქვეყანას და არა კონკრეტული პირები და მათთან დაახლოებული ჯგუფების ახირებები.
- საქართველომ უნდა აწარმოოს რუსეთთან მოლაპარაკება?
- რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი და ეს ფაქტია. მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ნუთუ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა? - არ შეგვიძლია! იძულებული ვართ ვიცხოვროთ იგივე სამეზობლოში. შეგვიძლია დავიბრუნოთ დაკარგული სამხედრო გზით, ნუთუ გვინდა თავიდან ომის გაჩაღება? - ეს არა თუ არარეალურია, არამედ სიგიჟეა! ნუთუ რუსეთი ოდესმე იქნება კარგი, კეთილი მეზობელი, რომელთანაც შეიძლება თბილი საუბარი ფინჯან ყავასთან ერთად? - ეს არასოდეს მოხდება. რუსები ყოველთვის დარჩებიან ხისტ პარტნიორად. მიუხედავად ამისა, აზრი აქვს აწარმოო დიალოგი შენს მეზობელთან. რუსეთის ყოფნა ჩვენს სამეზობლოში არის ფაქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გონივრულად, რაციონალურად ესაუბრო, შენი მიდგომები იყოს რეალისტური და პრაგმატული. ეს კეთდება არა იმისათვის, რომ მოვხიბლოთ ვინმე დასავლეთში ან თუნდაც საქართველოში ან რუსეთში, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ რუსეთთან გვაქვს დიდი პრობლემები და მასთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება გრძელვადიანი და ურთულესი, მაგრამ მისცემს საქართველოს თუნდაც პატარა იმედს, მცირეოდენ შანს, რომ რამე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეიცვლება პოზიტიური ნიშნით. მეზობელთან ურთიერთობამ შეიძლება აგვაცილოს რისკი, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება იქცეს დაბრკოლებად საქართველოს განვითარების საქმეში. მსოფლიოში მუდამ ხდება სხვადასხვა მასშტაბური პროცესები, რომლებშიც საქართველო შეიძლება, არც კი ჩანდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაც მომენტში თუ საქართველოსათვის შეიძლება, გაიხსნას "შესაძლებლობების ფანჯარა", თუნდაც მაგალითად ნატოში ან ევროკავშირში, არ მივცეთ საბაბი დასავლელ პოლიტიკოსებს და ბიუროკრატებს, რომ გვითხრან - აი, ხომ ხედავთ, საქართველო ისევ არ არის ამისათვის მზად! ამიტომაც ჩვენ უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეებისათვის და აგრეთვე გარე სამყაროსათვის, ფუნქციონალურად მდგრადი, ეფექტურად ჩართული რეგიონულ პროცესებში და სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, საინტერესო მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებისათვის. თუ ეს ყველაფერი მოხდება, მერწმუნეთ, რომ ჩვენი "რთული მგზავრობის" დასასრული ევროკავშირისაკენ და ნატოსაკენ სასიამოვნო სიურპრიზით შეიძლება, დამთავრდეს.