როგორ იცხოვრებს «ნაცმოძრაობა» ხერხემლის გარეშე?

როგორ იცხოვრებს «ნაცმოძრაობა» ხერხემლის გარეშე?

ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება შეიძლება იქცესსერიოზულ იმპულსად «ნაციონალური მოძრაობის»ტრანსფორმაციისთვის, რომელიც მთელ პოლიტიკურ სივრცეზე იმოქმედებს, ისევე, როგორც ერთი მატარებლის კატასტროფა გავლენას მთელ რკინიგზაზე ახდენს და სხვა შემადგენლობების გადაადგილებაში კორექტივები შეაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მმართველი პარტიის გავლენამკვეთრად შემცირებულია, ხოლო მის შიგნითმიმდინარე პროცესებს მხოლოდ ლოკალურიმნიშვნელობა აქვს, ის მაინც სისტემის ნაწილსწარმოადგენს და ყველაფერი, რაც მას ახლომომავალში მოუვა, ქართული პოლიტიკისთვისუკვალოდ არ ჩაივლის.
უკანასკნელი სეგუნი

მიხეილ სააკაშვილმა ბოლო 10 წლის განმავლობაში უამრავი არამართებული, ხშირ შემთხვევაში კი, უბრალოდ, სასაცილო პოლიტიკური კომენტარი გააკეთა, მაგრამ მისი მეტაფორა «ხერხემალთან» დაკავშირებით ზედმიწევნით ზუსტი იყო. მერაბიშვილი მართლაც წარმოადგენდა ხერხემალს სააკაშვილის რეჟიმისთვის და «ნაცმოძრაობისთვის», ხოლო მისი იზოლირება პარტიისთვის იგივეა, რაც ხერხემლის დაზიანება, შესაბამისი მძიმე შედეგებით და შეგრძნებებით. ის, რომ მერაბიშვილის კონკურენტები პარტიაში მისი გავლენის სფეროს გადაინაწილებენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პარტიისთვის იმავე როლი შესრულებას, მისი რღვევის შეჩერებას შეძლებენ; ხელს, კუჭს ან თუნდაც ტვინს ხერხემლის ფუნქციების შესრულება არ ძალუძს, სხვა ორგანოებზე რომ არაფერი ვთქვათ.

«ნაცმოძრაობის» ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მერაბიშვილის უნიკალურ როლს «ვარდოსანთა დასში» რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა, მათ შორის: კონტროლი პარტიის «შავი სალაროს» მნიშვნელოვან ნაწილზე და კონტროლი (თავის დროზე შსს-ს მიერ მოპოვებულ) კომპრომატზე და, შესაბამისად, ადამიანებზე, რომელსაც ის ეხებოდა როგორც პარტიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ზოგიერთი შეფასების თანახმად, მერაბიშვილის პოზიციები ამ ორ პუნქტთან დაკავშირებით გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი მისი თანაპარტიელის, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით. ამასთანავე, მას ჰქონდა მენეჯერად მუშაობის გამოცდილება და უნარი _ მის ხელთარსებული ინფორმაცია და რესურსები ერთიან სისტემაში მოექცია და ასე თუ ისე ეფექტურად აემუშავებინა. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის გენიალური მენეჯერი იყო, რასაც სახელისუფლო პროპაგანდა წლების განმავლობაში გვიმტკიცებდა, თუმცა მისი თანაგუნდელების მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ თვალსაზრისით, გაცილებით მოკრძალებული შედეგებითაც ვერ დაიკვეხნის.

«ნაციონალები» ხმამაღლა აცხადებენ, რომ მათ ერთმანეთთან იდეები აკავშირებს და ერთი, თუნდაცგავლენიანი თანაპარტიელის იზოლირება ვერაფერს დააკლებთ, თუმცა გაცილებით დიდია იმადამიანების რიცხვი, რომელნიც მიიჩნევენ, რომ «ნაცმოძრაობის» ერთიანობის ფუნდამენტი შიში,ფული და კომპრომატია. ვინაიდან პარტიაში, უბრალოდ, არ ჩანს ლიდერი, რომელიც «ახალიმერაბიშვილის», ასე ვთქვათ, «გადანერგილი ხერხემლის» როლს შეასრულებს, მისი სერიოზულიტრანსფორმაცია გარდაუვალი ჩანს.

ძველიაპონურ ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, ვანო მერაბიშვილი, როგორც ჩანს, იყო «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» უკანასკნელი სეგუნი, ახლა კი დაიწყება ტრანზიტული პერიოდი, როდესაც გარკვეული დროის განმავლობაში იარსებებს ერთმანეთთან დაპირისპირებული ელემენტებისგან შემდგარი უცნაური, ამორფული კონფედერაცია. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ცალკე ფაქტორად «ახალაიების ბანაკი». მიუხედავად იმისა, რომ ახალაიები არ წავიდნენ ურთიერთობის დემონსტრაციულ გაწყვეტაზე «ნაცმოძრაობასთან», დაპირისპირება მათსა და პარტიის გენმდივანს შორის აშკარა იყო. მომავალ თვეებში პარტიაში უხვად წარმოდგენილი «ვანოს კადრებისგან», სავარაუდოდ, ასეთივე ავტონომიურ წარმონაქმნად ჩამოყალიბდება «მერაბიშვილის ბანაკი», აგრეთვე, «ბოკერიას ბანაკი» და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მათ შორის ის, რომელსაც დასუსტებული სააკაშვილი უშუალოდ გააკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» შიგნით ყოველთვის არსებობდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული, დროდადრო ტაქტიკურ ალიანსებში გაერთიანებული ჯგუფები, ეს ვითარება თვისობრივად განსხვავებული იქნება, რადგან, სისუსტიდან გამომდინარე, ისინი 99%-იანი ალბათობით, ფარულად ითანამშრომლებენ გარე ძალებთან, უპირველესად კი, ივანიშვილის ხელისუფლებასთან. მსგავსი თანამშრომლობის, (ან, უფრო კორექტულად, ინტერესთა თანხვედრის) ერთგვარი წინასახე ჩვენ ახლახან ვიხილეთ, მას შემდეგ, რაც «ახალაიების ბანაკმა» მერაბიშვილის მისამართით მძიმე ბრალდებები გააჟღერა, ხელისუფლებამ კი ახალაიებისთვის დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა (ფორმალურად, ერთი მეორედან არ გამომდინარეობდა). ახლა ჯერი მერაბიშვილზეა...

«კონფედერაციის პერიოდი», ყოფილი მმართველი პარტიის წევრთა გაერთიანება «ნაცმოძრაობის» მკვდარი, უპერსპექტივო ბრენდის გარშემო, რომელიც არანაირ რებრენდინგს აღარ ექვემდებარება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს უპირისპირდება (ბრძოლა «მერაბიშვილის მემკვიდრეობისთვის» პროცესს კიდევ უფრო გაამძაფრებს), სავარაუდოდ, დასრულდება მაშინ, როდესაც სააკაშვილი და უგულავა, აგრეთვე, მთელი რიგი «ნაციონალი» ჩინოვნიკები თანამდებობებს დატოვებენ. ამ მომენტისთვის «ნაცმოძრაობის» საპარლამენტო ფრაქციის ერთიანობას, დიდი ალბათობით, მხოლოდ ფორმალურ-სიმბოლური ხასიათი ექნება. შემდეგ კი ერთად ყოფნის მინუსები, სავარაუდოდ, გადაწონის პლიუსებს და (გამორიცხული ნამდვილად არაა) ოდესღაც «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ნანგრევებზე რამდენიმე ახალი პარტია აღმოცენდება.

«მარტონი სახლში _ 5»

დღეს ყოფილ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, ერთადერთი, ცუდად შენიღბული გზავნილი _ «ძველი დროის დაბრუნება» აქვს. ცხადია, ეს წამგებიანია და არასაკმარისია საჭირო რაოდენობის ამომრჩევლების მოზიდვისთვის. ამასობაში თანდათან იწურება უმნიშვნელოვანესი რესურსი _ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ეს გასაგებიცაა, არავინ დაუჭერს მხარს სიცოცხლისუუნარო «ნაცკონფედერაციას», რომელსაც მხოლოდ ნოსტალგიური წუწუნი შეუძლია; ეს არაპრაგმატულია.

თეორიულად, დროთა განმავლობაში «ნაციონალური მოძრაობის» წიაღიდან შეიძლება აღმოცენდესერთი ლიდერის გარშემო გაერთიანებული, ტრადიციული ქართული ყაიდის «ენ რაოდენობის»ფსევდო-პარტია _ «მერაბიშვილის პარტია», «ახალაიების პარტია», თუმცა პოლიტიკურ სივრცეშირეალური დამკვიდრების შანსი და დასავლეთის მხარდაჭერის იმედი შეიძლება მხოლოდსიცოცხლისუნარიან წარმონაქმნს ჰქონდეს, რომელშიც მეტ-ნაკლებად სუფთა ბიოგრაფიის მქონეპოლიტიკოსები შევლენ და რომლის იდეოლოგიური ფუნდამენტი უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე,უბრალოდ, ავტორიტარული პარტიული ლიდერის ერთგულება.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღევანდელი ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში მარადიულად არ შენარჩუნდება; ტრადიციონალისტური, ნაციონალისტური, აგრეთვე, ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კავშირზე ორიენტირებული ძალების გაძლიერება მხოლოდ დროის საკითხია. მათი რეინტეგრაცია ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მათი იზოლირება სცადა, პოზიციების თანდათანობითი გაფართოება პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს. ეს ბუნებრივად გამოიწვევს ალასანია-რესპუბლიკელების ეტაპობრივ ჩაჩოჩებას, რაც, დიდი ალბათობით, დასრულდება ისეთი სიტუაციის მიღწევით, როდესაც სხვადასხვა მისწრაფების ჯუფები დააბალანსებენ ერთმანეთს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მათ მთავარ არბიტრად მოევლინება.

პროდასავლური ფლანგის ბირთვს, სავარაუდოდ, ალასანია-რესპულიკელები შექმნიან, მაგრამ «ნაციონალური მოძრაობის» ნამსხვრევებიდან აღმოცენებულ ახალ პროდასავლურ (პირობითად ასე ვუწოდოთ, ვიდრე იდოლოგიურ პლატფორმაზე ჩამოყალიბდებიან) პარტიასაც ექნება შანსი, ამ სივრცეში თავისი ნიშა დაიკავოს. მეტიც, შესაძლოა, ეს მათი ერთადერთი შანსია, რადგან სააკაშვილის (და მითუმეტეს ვინმე სხვას) გარშემო გაერთიანებული ბელადისტური ტიპის პოლიტიკური გაერთიანების პერსპექტივები ახალ რეალობაში მეტისმეტად არადამაჯერებლად გამოიყურება.

შეიქმნება თუ არა ასეთი პარტია, გაიხანგრძლივებს არსებობას ნახევრადმკვდარი «ნაცკონფედერაცია» თუ ყოფილი მმართველი პარტია უბრალოდ «გაიწოვება», როგორც «მოქალაქეთა კავშირი» თავის დროზე, ნებისმიერ შემთხვევაში, არც ერთ ელემენტს ჩამოთვლილთაგან არ აქვს საკმარისი პოტენციალი იმისთვის, რომ ჰიპოთეტური ბიპოლარული სისტემის საკვანძო ნაწილი გახდეს, რომელზეც არჩევნების შემდეგ ამდენს საუბრობდნენ. ის ძალიან მიმზიდველი იყო «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებისთვის და საინტერესოა, ეყოფათ თუ არა მათ კეთილგონიერება, რომ მის აჩრდილს აღარ ჩაებღაუჭონ. «მეორე პოლიტიკური ცენტრის», «მთავარი ოპოზიციური ძალის» განსაკუთრებული სტატუსისკენ ლტოლვამ არჩევნების შემდეგ მათ წინააღმდეგ ყველა ოპონენტი გააერთიანა (უფრო სწორად, მისცა იმპულსი, რომ შეტევა «ნაციონალებზე» იგივე შემართებით გაეგრძელებინათ; ეს ეხება «სწრაფი რევანშის» იდიოტურ გეგმებსაც). დღეს კი აშკარა ხდება, რომ ამ სტატუსისთვის «ნაციონალებს» საკმარისი ძალა არ აქვთ და აქტუალობას სხვა, შედარებით ლოკალური მასშტაბის თემა იძენს _ შეძლებენ თუ არა ისინი ერთ-ერთი რიგითი, სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ართულებს ის, რომ რეალურად «ისინი» აღარ წარმოადგენდნენ ერთიანი სურვილებისა და მისწრაფებების მქონე ჯგუფს, ამიტომ, ალბათ, უფრო კორექტულია ფორმულირება «მათი ნაწილი» ან «ნაცმოძრაობის ზოგიერთი ლიდერი». ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ კომენტატორების უმრავლესობამ მერაბიშვილის დაპატიმრებაზე საუბრისას «ნაცმოძრაობის» შიგნით სხვადასხვა ჯგუფის თუ პიროვნების ურთიერთობის ანალიზს უპრეცედენტოდ დიდი ადგილი დაუთმო, რაც საკმაოდ სიმპტომატურია.

იზოლაცია თუ ინტეგრაცია?

განხილული საკითხები მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჯერჯერობით ნათლად არ ჩანს, თუ რა ფორმით მოხდება ახალ რეალობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფილი «ნაციონალების» ინტეგრირება (ცხადია, იგულისხმება ის ნაწილი, რომელსაც მძიმე დანაშაული ჩადენილი არ აქვს). ბევრს ეს კითხვა შეიძლება უადგილოდ მოეჩვენოს, რადგან სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარის კვალობაზე, პოლიტიკური სივრციდან «ნაციონალური მოძრაობის», მისი ნარჩენებისა და შესაბამისი იდეოლოგიის სრულ ამოშანთვას მოითხოვენ. თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ორი მაგალითი, რომლებმაც შეიძლება ამ მიდგომის მართებულობაზე დაგვაფიქროს.

ედუარდ შევარდნაძემ ვერ მოძებნა (ძნელი სათქმელია, რამდენად გულმოდგინედ ეძებდა) ახალ რეალობაში «ზვიადისტების» ინტეგრაციის რეცეპტი; მიხეილ სააკაშვილი ხომ საერთოდ პოლიტიკისგან მთელი რიგი ჯგუფების იზოლირებას ცდილობდა. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაზე განდევნილი ჯგუფების შიგნით გროვდებოდა გაღიზიანება და დესტრუქციული განწყობები დომინირებდა. არც «ვარდების რევოლუცია» წარმოადგენდა ზვიადისტურ რევანშს და არც «შევარდნაძისტებს» (ან სააკაშვილის მიერ შეზღუდულ სხვა ჯგუფებს) მოუხდენიათ 2012 წლის 1 ოქტომბერს კონტრგადატრიალება, მაგრამ მათ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში პროცესებს ძალზე მნიშვნელოვანი იმპულსი მისცეს და მეტწილად დესტრუქციული ენერგია შეჰმატეს.

ძველი რეჟიმის რესტავრაცია, ის, რასაც «ნაციონალების» ხელისუფლებაში დაბრუნებას” უწოდებენ,ცხადია, არასოდეს მოხდება. მაგრამ რამდენად გონივრულია მათი (ფაქტობრივად, იძულებითი)იზოლირება ქართული პოლიტიკის პერიფერიაზე და გადაქცევა დესტრუქციის ელემენტად ახალისისტემისთვის, რომლის დანგრევაზე დღედაღამ იოცნებებენ და ბოლოს ამ განწყობას ახალ, სხვაძალის მიერ ინსპირირებულ მოძრაობაში ჩააქსოვენ, რითაც მას დამანგრეველ დატვირთვას შესძენენ?რამდენად გონივრულია ძველი შეცდომების გამეორება? ნებისმიერი ჯგუფის იზოლირება, რაოდენსაძულველიც უნდა იყოს ის საზოგადოების უმრავლესობისთვის, ადრე თუ გვიან ნეგატიურ შედეგსმოიტანს (რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს პირდაპირი რევანში არ იქნება?).

იქნებ გაცილებით გონივრულია, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, მეტიც, ხელი შეეწყოს, რომ თავიანთი «5-პროცენტიანი» პარტიები შექმნან (მეტს ახლო პერსპექტივაში, უბრალოდ, ვერ «გაქაჩავენ») და პოლიტიკურ პროცესში, ტელედებატებში და ა. შ. სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვის გარეშე (იგულისხმება არაფორმალური შეზღუდვების სისტემა მომავალში, მსგავსი იმისა, რომელიც ორ ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში არსებობდა, თორემ, ფორმალური თვალსაზრისით, პრობლემა საერთოდ არ არსებობს).

ადამიანებს, რომლებიც კაცთმოძულე დიქტატურას ემსახურებოდნენ და უბრალოდ არ ესმით, რა არის დემოკრატია და შესაბამისი პოლიტიკური პროცესი, სჭირდებათ ადაპტაციის პერიოდი იმისთვის, რომ ახალ რეალობაში «ჩაეწერონ» და ამ ჰიპოტეტურმა ახალმა პარტიებმა, რომლებიც, საკმაოდ დიდი ალბათობით, «ნაცმოძრაობის» ნანგრევებზე აღმოცენდებიან, შეიძლება მათთვის ერთგვარი «კარანტინის» როლი შეასრულონ, სადაც ისინი მათთვის აუცილებელ ტრანზიტულ პერიოდს გაატარებენ (აქ, ისევ და ისევ, არ იგულისხმებიან ისინი, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს და ხვალ, 99%-იანი ალბათობით, განსასჯელთა სკამზე დასხდებიან).

ალბათ, არის ამქვეყნად შემთხვევები, როდესაც გამარჯვებულმა, რომელსაც შეუძლია დამარცხებული მიწასთან გაასწოროს, მითუმეტეს რომ ის ამას იმსახურებს, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, თავშეკავება უნდა გამოავლინოს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილები მოდიან და მიდიან, ხოლო ის ადამიანები, რომელნიც მას საბედისწრო გზაზე მიჰყვებოდნენ, რჩებიან და მათმა შვილებმა საქართველოში უნდა იცხოვრონ.