1 ოქტომბერს საქართველოს ამომრჩეველმა სამართლიანობის აღდგენას დაუჭირა მხარი და გაჩნდა დიდი მოლოდინი, რომ შეუქცევადი გახდება შელახული ღირსების აღდგენის და წართმეული და “ახეული” ბიზნესების საქმეების გამოძიების პროცესი. მოკლე პერიოდში პროკურატურაში დაზარალებული ბიზნესმენების მხრიდან 20 ათას საჩივარზე მეტია შესული. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მხოლოდ 100 მდე საქმეზეა დაწყებული. ხშირად გაისმის საყვედური, რომ ქონების და აქტივების დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე შეტანილი განცხადებები იმავე პროკურორებს ეწერებათ განსახილველად, რომლებიც, თავის დროზე, ამავე ბიზნესების უკანონო ექსპროპიაციაში მონაწილეობდნენ.
თბილისში, ქალაქში, სადაც ჭორები უსაფუძვლოდ იშვიათად ჩნდება, დადის ხმა, რომ პრემიერ ივანიშვილთან მიტანილია ინფორმაცია, თითქოს წართმეული ბიზნესების მოცულობა 4 მილიარდ ლარს აჭარბებს და რომ ამ საკითხის გადაჭრა ყველა ძალისხმევას აღემატება და რომ პრემიერი საგონებელშია ჩავარდნილი. ერთის მხრივ საკითხის გადაჭრის გარდუვალი აუცილებლობა და მეორეს მხრივ მისი სიმძიმე ჩაკეტილ წრეს ქმნის, რომელიც უკმაყოფილებით ივსება. ვინ დათვალა ეს აქტივები, რა გათვლებს დაეყრდნო და საიდან მიიღო ეს 4 მილიარდი ლარი, ამაზე თბილისური ხმები აღარაფერს ამბობენ.
ფაქტი ერთია, პრემიერმა ბოლო პრეს-კონფერენციაზე ღიად დააფიქსირა, რომ მასშტაბების მიუხედავად, თითოეული საქმე ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული. ისიც ფაქტია, რომ პრემიერი მხრიდან გაჟღერებული მთავრობის ამ დეკლარირებული პოზიციას მიუხედავად, პროცესი მკვდარი წერტილიდან არ იძვრის.
“ბანკები და ფინანსები” ერთ კონკრეტულ ისტორიას წარმოგიდგენთ, სადაც ფაქტები ზედაპირზე დევს და სადაც აშკარად იკვეთება სახელმწიფოს მაღალჩინოსანთა მხრიდან ჯგუფურ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობა. საქმე აღძრულია, თუმცა პროკურატურის მხრიდან მხოლოდ დაზარალებული მხარის წარმომადგენლები დაიკითხნენ და “დიდი შესვენებაა” გამოცხადებული, რომელის როდის დამთავრდება, კაცმა არ იცის...
ორთაჭალჰესის საქმე იმითაცაა საინტერესო, რომ ეს არ არის ბანალური ქონების „ჩუქების“ ისტორია. აქ სახელმწიფო მანქანამ უპრეცედენტოდ “ყასბურად” იმუშავა და რაც მთავარია, დაზარალებულმა მხარემ შევიწროების პირველივე დღიდან დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა როგორც ადგილობრივ ინსტანციებში, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.
ისტორია ასეთია: შპს „ორთაჭალენერჯი“, რომელიც 1994 წლიდან, იჯარისა და ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მართავდა სახელმწიფო ქონებას ანუ ორთაჭალჰესს, 2008 წლის ბოლოს, საიჯარო ვადის ამოწურვამდე 11 წლით ადრე, კანონმდებლობის უხეში დარღვევით გააძევეს ობიექტიდან. მეიჯარე სახელმწიფო კომპანია „ორთაჭალჰესი 2007“-მა, რომლის მესაკუთრე- ბენეფიციარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იყო, „ორთაჭალენერჯის“ ცალმხრივად შეუწყვიტა იჯარა და ამით კანონი დაარღვია. მოქმედებდა ლიზინგი ანუ ფინანსური იჯარა და კომპანიას ობიექტზე უკვე რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული.
ვითარებას ისიც ამძაფრებს, რომ იჯარის უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, იმავე „ორთაჭალჰესი 2007“-ის მოთხოვნით, ახალი შეთანხმება შედგა, რაც იჯარის ღირებულების გასამმაგებას ითვალისწინებდა და ასევე იმას, რომ ეს ნიხრი, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, არ უნდა შეცვლილიყო. არსებობს ოფიციალური მიმოწერა, ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელიც ცხადყოფს, რომ სამინისტორ საქმის კურსში ჩადგა იმასთან დაკავშირებით, რომ იჯარის ცალმხრივად გაწყვეტის მოთხოვნას, არ დაეთანხმა მეიჯარე და ეს მოთხოვნა სასამართლოში გაასაჩივრა.
სასამართლო პროცედურების მიმდინარეობის მიუხედავად, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა შპს „ორთაჭალჰესი 2007“-კომპანია, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ორთაჭალჰესი. სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ერთადერთი და უალტერნატივო მყიდველი - ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომლის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის სახელს. მან ეს აქტივი – დადგმული სიმძლავრით 18 მეგავატიანი ჰესი, საოცრად მაღალ ფასად - 25 000 000 აშშ დოლარად შეიძინა და ამით გენერაციის სექტორში უპირობო მონოპოლისტად იქცა. რა თქმა უნდა, სადავო პროცესში ჩათრეულმა “ორთაჭალენერჯიმ” “ენერგო-პრო ჯორჯიას” ხელმძღვანელობა წერილობით, ოფიციალურად გააფრთხილა, რომ გასაყიდ ობიექტთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობდა და კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა ეს ფაქტორი “ენერგო-პროსთვის” დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.
ცხადია, როცა “გადაწყვეტილება მიღებულია”, მის აღსრულებას ვერაფერი შეაჩერებს, თუნდაც საამისოდ მთელი რიგი უკანონობების ჩადენა გახდეს საჭირო.
ასეც მოხდა. – საქმეში ჩაერთო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) და საჯარო რეესტრის ეროვნულო სააგენტო. სემეკ-მა „ენერგო-პრო ჯორჯიას“, “სასწრაფო წსეით”, ორ დღეში, ის ტარიფი გადაუფორმა, რომელიც “ორთაჭალენერჯისთვის” ჰქონდა დამტკიცებული, რაც პირდაპირი უკანონობა იყო. საოცრებათა რიგს განეკუთვნება ის ფაქტიც, რომ “სემეკმა” ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღო, ხოლო მისი ძალაში შესვლა უკანა რიცხვით, კერძოდ, 2009 წლის 7 თებერვლით “დააკანონა”. მხოლოდ ამ მოკლე პერიოდში ამ გადაწყვეტილებამ “ორთაჭალენერჯი” 150 000 ლარით აზარალა. საჯარო რეესტრმა, თავის მხრივ, უპრებლომოდ, ცალმხრივად გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და ეს გაურკვეველი და საკითხთან ოფიცილური მიმართების არმქონე პიროვნების გაურკვეველი განცხადების საფუძველზე უკანონოდ გააკეთა. ეს ფაქტიც ხდება მაშინ, როცა საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობდა.
რა თქმა უნდა, სემეკ-ისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლების ქმედება დასჯადია. მაგრამ არც იმ პერიოდში დასჯილა ვინმე და იგივე ბატონები ახლაც ჩინებულად გრძნობენ თავს ბიზნესში თუ სხვადასხვა არჩევით თუ დანიშვნით თანამდებობებზე. არადა, ორივე ორგანიზაციის „მოღვაწეობის“ ისტორია სავსეა ასეთი და ამაზე უარესი გადაწყვეტილებებით და თუ ოდესმე პროკურატურა “მოიცლის”, შესაძლოა, ორთაჭალჰესის საქმე აღმოჩნდეს ის გასაღები, რომლითაც სემეკ-ისა და საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებებს გამოიძიების დაწყება გახდება შესაძლებელი.
ამ ისტორიაში ცინიზმამდე მისული ერთი ფაქტიცაა. – მოიჯარე კომპანიის, “ორთაჭალენერჯის” მიერ ინვესტირებულ ტექნიკურ საშუალებებსა და მანქანა-დანადგარებს, რომლებიც ახლაც ამ კომპანიის ბალანსზეა, მართავს და მათით სარგებლობს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ხოლო ქონების გადასახადს, ანუ, იმ ქონების გადასახადს, რომელსაც სახელმწიფო მანქანის უკანონო ხელსეწყოფით “ენერგო-პრო” დაეუფლა, დღემდე “ორთაჭალენერჯი” იხდის. თავის დროზე, არც ქონებათა გამიჯვნა და არც კომპენსაციის საკითხის დასმა, არავის აზრად არ მოსვლია, რომ ფორმალურად მაინც დაელაგებინათ ვითარება. გამოდის, რომ მთელი ეს წლები სახელმწიფო მანქანის მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად “ენერგო-პრო” უკანონოდ იღებდა და დღემდე იღებს შემოსავლებს.
სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით (რაც ითვალისწინებს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნასა და ქონების გადასახადის სახით, გადახდილი თანხის დაბრუნებას), ორთაჭალენერჯიმ ქართულ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა, ცხადია, დღემდე ყველა ინსტანცია “წააგო” და ამ კუთხით აპელაციის იმედადაა დარჩენილი.
როცა რაღაც, მით უფრო უკანონოდ და “ყასბურად” ხდება, ისმის კითხვა – ვის აძლევს ხელს ეს. ამ შემთხვევაში, ლოგიკას ექსპრემიერ ნოღაიდელამდე მივყავართ. მისი “ენერგეტიკული ხანა” ჯერ კიდევ 2002 წლიდან იღებს სათავეს, როცა ის საკონსულტაციო ცენტრს ქმნის და სხვადასხვა კომპანიას, ეკონომიკურ-ფინანსურ კონსულტაციას უწევს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზურაბ ნოღაიდელის ინტერესი იკვეთებოდა ჩეხურ “ენერგო-პრო ჯორჯიაშიც”. “ენერგო-პრო ჯორჯიას” მწვანე შუქი ნოღაიდელმა კი აუნთო, მაგრამ პრემიერობიდან მისი წასვლის შემდეგაც, ნიკა გილაური და ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი, ალეკო ხეთაგურიც იგივეს აგრძელებდნენ.
ორთაჭალჰესს “ენერგო-პრო ჯორჯია” კი დაეპატრონა, მაგრამ ამ ობიექტს ისეთი ეკონომიკური ღირებულება არ აქვს, რომლის ხელში ჩაგდებაც, ინვესტორის ოცნების საგანი შეიძლება გამხდარიყო. ეს ჰესი, 12 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საერთო სისტემას ემატება და რაც “თელასს” მიეწოდება. ორთაჭალჰესის დანიშნულებაა, თბილისის მეტროპოლიტენის უავარიო მუშაობის ხელშეწყობა. მოიჯარემ, ანუ “ორთაჭალენერჯიმ” ისეთი სისტემა შექმნა, რომ თუ მოულოდნელად, ქალაქში ელექტროენერგია გაითიშება, ამ ჰესის საშუალებით, მეტროპოლიტენს დენი მიეწოდება და მგზავრები მეტროში არ დარჩებიან. ეს არის და ეს. როგორც ჩანს, “თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდა, მაშინდელმა ხელისუფლებამაც, ამ ბაზარზე სხვა, თუნდაც პატარა მოთამაშე ვერ აიტანა და ეს თუ იყო მიზეზი, რის გამოც ორთაჭალჰესი მოიჯარეს წაართვეს.
რა თქმა უნდა პრესასთან საუბარში “ენერგო-პრო” ამბობს, რომ ისინი კეთილსინდისიერი მყიდველები არიან და რომ აუქციონის პირობებს ასრულებენ. თავად ეს აუქციონი რამდენად იყო კანონიერად გამოცხადებული, ეს უკბვე მათი ინტერესის საგანი აღარ არის...
ორთაჭალჰესის საქმე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, სადაც დაზარალებული ბიზნესმენები კითხვებზე პასუხებს პროკურატურისგან და შემდგომ სასამართლოსგან ითხოვენ. ფაქტია, რომ ქონებრივი დავების გამოძიების პროცესი გაჩერებულია. რატომ? - კითხვაზე პასუხი არც მომჩივანებს აქვთ და არც საზოგადოებას...
საგამოძიებო უწყებებში კი ჩვეული, მაგრამ ახალ რეალობასტან მიმართებაში, გაუგებარი პინგ-პონგი გრძელდება. მთავარი პროკურატურა პრესასთან აცხადებს, რომ “ორთაჭალენერჯის” სარჩელი შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
საგამოძიებო სამსახური კი მრავალმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ამ საქმეზე ინტენსიურ გამოძიებას ატარებს, მაგრამ ამავე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ დააკონკრეტებენ. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი უკვე მოგახსენეთ, - მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ განმცხადებელი მხარეა დაკითხული. მოპასუხეები მოსაკითხადაც კი დღემდე არავის შეუწუხებია.