ოჩამჩირიდან დევნილი წყალტუბოში მეექვსე დღეა შიმშილობს
წყალტუბოში სანატორიუმ “საქართველოში” მცხოვრები, ოჩამჩირიდან დევნილი ვახტანგ ასლანიკაშვილი უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის შპს “საქართველოს” დირექტორს ნუგზარ კიკნაძის სანატორიუმის შენობის განადგურებაში, დევნილთა თანხების მითვისებაში ადანაშაულებს და შიმშილობის შეწყვეტას იქამდე არ აპირებს, ვიდრე დევნილთა სამინისტრო მასთან დადებულ ხელშეკრულებას არ შეწყვეტს.
დევნილის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს ნუგზარ კიკნაძე, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ “თუ არსებობს ინფორმაცია, რომ ყოფილი სანატორიუმის ხელმძღვანელობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, ამის შესახებ ოფიციალურად უნდა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს, რომლებიც საქმეს მსვლელობას მისცემენ”.
ვახტანგ ასლანიკაშვილი წყალტუბოში, სანატორიუმ “საქართველოში” უკვე წლებია ცხოვრობს. მასთან ერთად სანატორიუმის ყოფილ შენობაში 460 დევნილია რეგისტრირებული. ასლანიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში შპს “საქართველოს” დირექტორი ნუგზარ კიკნაძე დევნილთა თანხებს ითვისებს და სანატორიუმის შენობის ქონებას ყიდის.
“ნუგზარ კიკნაძე სანატორიუმის შენობის ნაწილს შლის და ყიდის ნაწილებად. ამასთან, ის წლების განმავლობაში ითვისებს დევნილთა ფულს, სამინისტროდან თითო დევნილზე ირიცხება თვეში 5 ლარი, ამ 5 ლარიდან უნდა მოხდეს დენის, დასუფთავების, სანიტარული მომსახურებისა და ასევე რემონტის ფული. რემონტის ფული კი სადღაც ქრება, რადგან წლების განმავლობაში სანატორიუმის ყოფილ შენობაში არათუ კედლების განახლება, არამედ სახურავის გადახურვაც კი არ მომხდარა.
რამდენჯერმე მასთან მქონდა საუბარი, ვუთხარი, რომ შეჩერებულიყო, თუმცა ის თავისას არ იშლიდა. რამდენიმე დღის წინ ფიზიკური დაპირისპირებაც კი გვქონდა. მან მიჩივლა და სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გამასამართლა. თუ მე ხულიგანი ვარ, მაშინ ნუგზარ კიკნაძე რა არის? ამაზე გამცეს ვინმემ პასუხი. ადამიანი, რომელიც ჩვენს ფულს ითვისებს და შენობას ნაწილ-ნაწილებად ყიდის?”, - აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ვახტანგ ალსანიკაშვილმა.
შპს “საქართველოს” ხელმძღვანელთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ვახტანგ ალსანიკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოჩამჩირიდან დევნილი უკვე მე-6 დღეა შიმშილობს და ამბობს, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე დევნილთა სამინისტრო ნუგზარ კიკნაძის შპს “საქართველოსთან” ხელშეკრულებას არ გააუქმებს.
“დევნილთა თანხები რომ დევნილებამდე მოვიდეს, მოვითხოვ, სამინისტრომ შპს “საქართველოსთან” ხელშეკრულება გაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე შიმშილობას არ შევწყვეტ. ჩვენი ფული, რასაც სახელმწიფო გამოყოფს, არამიზნობრივად არ უნდა იხარჯებოდეს”, - განაცხადა ასლანიკაშვილმა.
ვახტანგ ასლანიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ნუგზარ კიკნაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. არასამთავრობო ორგანიზაცია “წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის” ხელმძღვანელი ლალი გრიგოლავასთვის კი უცნაურია, რატომ დაიწყო ახლა შიმშილობა ასლანიკაშვილმა, როცა რამდენიმე თვის წინ უშუქობის გამო სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილებმა ხმაც კი არ ამოიღეს.
“ჩემთვის, როგორც წყალტუბოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, უცნობია, როდის მიმართა ასლანიკაშვილმა პროტესტის ფორმას და რა იყო შიმშილობის დაწყების მიზეზი. კარგი იქნებოდა, რომ ვიდრე პროტესტის უკიდურეს ზომა მიმართავდა, ჩვენთვის ეცნობებინა.
ჩემთვის ძალიან საინტერესოა თუ რატომ დაიწყო აღნიშნულმა პირმა ახლა შიმშილობა, როცა 3 თვე დენი არ ჰქონდათ და ხმა არავის ამოუღია. ამიტომ მიმაჩნია, რომ აქ რაღაც უფრო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე”, - განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გრიგოლავამ.
როგორც დევნილთა სამინისტროში ამბობენ, სანატორიუმი არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე და მას ჰყავს დირექტორი, რომელიც აგვარებს და პასუხისმგებელია ადმინისტრაციულ საკითხებზე.
შენობის მესაკუთრე არის ეკონომიკის სამინისტრო და დირექტორსაც ის ნიშნავს. თითქმის ყველა სანატორიუმში ასეა, არის დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია გარკვეულ საკითხებზე. სწორედ ადმინიტრაცია იღებს პასუხისმგებლობას შექმნილ ტექნიკურ თუ სხვა სახის პრობლეებზე.
“რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით მოთხოვნა, მაშინ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ საკითხებზე? სადაც ამხანაგობები არსებობს, იქ, ბუნებრივია, პრობლემებს ამხანაგობა წყვეტს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამხანაგობა ვერ შეიქმნება, რადგან ფართი დაკანონებული არ არის. ის დევნილთა საკუთრებას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება თანხის არამიზნობრივ ხარჯვას, თუ არსებობს ინფორმაცია, რომ ყოფილი სანატორიუმის ხელმძღვანელობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, ამის შესახებ ოფიციალურად უნდა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს, რომლებიც საქმეს მსვლელობას მისცემენ”, - განუცხადეს “ბიზნეს-რეზონასს” დავით დარახველიძის უწყებაში.