რას ჰყვება ქართველი, რომელიც სტამბოლში შეტაკებაში მო­ყვა

რას ჰყვება ქართველი, რომელიც სტამბოლში შეტაკებაში მო­ყვა

თურქეთში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი. ასევე, იქ განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მთელ რეგიონში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

მასობრივი გამოსვლების საბაბი სტამბოლის ტაქსიმის რაიონში მდებარე ჰეზი-პარკის ადგილას ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დაწყება გახდა. მოგვიანებით მომიტინგეების ლოზუნგები უფრო რადიკალური გახდა. ახლა ისინი უკვე პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავრობის გადადგომას ითხოვენ. რამდენიმე ქალაქში სასტიკად დაარბიეს მმართველი - თურქეთის სამართლია­ნობისა და განვითარების პარტიის შენობები, ქალაქ იზმირში ოფისის აფეთქებაც სცადეს; ვითარება დაძაბულია ანტალიაში, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ქართველ ტურისტებს შორის, ვარაუდობენ, რომ წელს თურქეთში ტურისტული სეზონი ჩაიშლება. მიტინგების მსვლელობისას უკვე მოკლეს 2 ადამიანი, დაიჭრა 58 სამოქალაქო პირი და 115 პოლიციელი, 2000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. შეტაკებებისას ქართველებიც დაზარალდნენ. აი, რა უამბო "ყველა სიახლეს" თურქეთში რამდენიმე წლის წინ სამუშაოდ წასულმა გიორგი ალექსიძემ: "სტამბოლში ავტონაწილების მაღაზიაში ვმუშაობ. როცა არეულობა დაიწყო, ჩვენი მაღაზია დაიკეტა. თურქმა მეგობარმა დემონსტრაციაზე გაყოლა შემომთავაზა, რომელიც ბეშიქთაშის რაონში იგეგმებოდა. მისვლისას დავინახე, რომ დემონსტრანტებს ბარიკადები ჰქონდათ აღმართული; მოულოდნელად, თითქოს აფეთქების ხმა გაისმა, იქაურობა კვამლით გაივსო, სპეცრაზმი გაზის ტყვიებს გვესროდა, წყლის ჭავლითა და ხელკეტებით გვარბევდნენ, ხალხმა პოლიციელებს ბოთლები, ქვა და რკინა დაუშინა; თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, თუმცა, გონება არ დამიკარგავს და ერთ-ერთ სადარბაზოს ძლივს შევაფარე თავი".

ანკარაში საქართველოს კონსულ თორნიკე ბერეკაშვილის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავდა 19 წლის ქართველი სტუდენტიც, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. აღსანიშნავია, რომ ის მიტინგის მონაწილე არ ყოფილა, შემთხვევით დაშავდა.