"ნამდვილად ვერ გავიხსენებ საქმეს, რომელშიც ვინმეს კერძო ინტერესი ყოფილიყოს ჩართული, რომელიმე თანამდებობის პირს თავისი პირადი სარგებლისთვის ეზრუნა. მაშინდელი ხელისუფლების მიზანი იყო, რომ თანხა ბიუჯეტში წასულიყო და ამ მიზნის გამო ხშირად გვერდს უვლიდა სამართლიანობის გზას. იმდენად დიდი იყო ბიუჯეტის შევსების ინტერესი, რომ ბოლო დროს თანხების მობილიზებისთვის უკვე აღარაფერს ერიდებოდნენ. თავს კი იმით იმართლებდნენ, ფული სახლში ხომ არ მიგვაქვსო. როდესაც ადამიანს უსახსროდ და უსახლკაროდ ტოვებ, მისთვის რაღა მნიშვნელობა აქვს, სად მიგაქვს თანხა. ჩემი აზრით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ამ საკითხში ზომიერება რომ შენარჩუნებულიყო, საზოგადოებაში ამხელა უკმაყოფილება არ გაჩნდებოდა. მიდგომა იყო ისეთი, რომ ფინანსური ჯარიმა უნდა ყოფილიყო ძალიან მტკივნეული. მათ მიაჩნდათ, რომ სასჯელის თავიდან ასაცილებლად ყველა ადამიანს შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გადაეხადა, დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის შემაკავებელი რომ ყოფილიყო. საპროცესო შეთანხმებები დამახინჯებით ვრცელდებოდა ბიზნესმენებზე და კოკაიას შემთხვევა ამის კლასიკური მაგალითი იყო. რაც შეეხება ეფრაიმ გურს, მისი შვილის შემთხვევაში მკვლელობის მცდელობაზე იყო ლაპარაკი და 1 მილიონი დოლარის გადახდა ეფრაიმ გურისთვისაც მისაღები იყო. სხვა შემთხვევაში მის შვილს თუ დანაშაული _ მკვლელობის დაკვეთა დაუმტკიცდებოდა, ძალიან მძიმე სასჯელი ელოდა", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის აღსარება".
"ფასებს სპეციალური ოპერატიული სამსახურები, ფინანსური პოლიცია თუ პოლიციის სხვა დანაყოფები ადგენდნენ ადამიანის მატერიალური მდგომარეობის მიხედვით - რა ქონების პატრონი იყო, ჰქონდა თუ არა რაიმე ბიზნესი, იმასაც ადგენდნენ, რომ თუ მის ოჯახს არა, იქნებ ბიძას ჰქონდა ბიზნესი, და თუ მას გული შესტკიოდა ძმისშვილზე, მისი თავისუფლებისთვის უნდა გადაეხადა. მათ იცოდნენ, რისი გადამხდელი იყო ოჯახი თუ შეძლებული ნათესავი. საპროცესო შეთანხმებამ ჩვენში ძალიან დამახინჯებული სახე მიიღო. მთელი საქართველო, ყველა ადვოკატი და ყველა კლიენტი მუშაობდა საპროცესოზე, ვინაიდან იცოდნენ, რომ სასამართლოში სიმართლეს ვერ გაიტანდნენ. მხოლოდ ისინი რჩებოდნენ არსებითი განხილვის წინაშე, ვინც ვერ აღწევდა საპროცესოს. უბრალოდ, მე ეს საქმე ცოტა უფრო ეფექტურად გამომდიოდა გარკვეული უნარ-ჩვევების წყალობით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ყავლაშვილი.
"პრაქტიკაში, რეალურად, 1000 შემთხვევიდან მთლად უდანაშაულო შეიძლება ერთი იყოს. სახელმწიფო პირები და სამართალდამცველები არასდროს არიან განწყობილი საიმისოდ, რომ უდანაშაულო კაცი ჩასვან ციხეში. არავის უნდა, უდანაშაულო კაცის წინაშე მთელი ცხოვრება პასუხისმგებელი შეიქნას. მთლად უდანაშაულო იქ არავინ მიდის. ამას რომ ვამბობ, კონკრეტულ პოლიტიკურ თემებს არ ვეხები. დღესაც კი, როდესაც გაცილებით მაღალია იმის განცდა, რომ სამართალი იპოვო, პასუხისგებაში მიცემული პირების 99%-ს სურს, რომ საპროცესო გაფორმდეს და საქმე დროზე დამთავრდეს", - განმარტავს რესპონდენტი.
"ზოდელავას ჩემს საქმეში არაფერი აინტერესებდა, პირიქით, მე ვცდილობდი, იგი ჩემს საქმეში ჩამერია. მას ჩემთვის არასოდეს არაფერი მოუხვევია თავს, თუ არ ჩავთვლით "ბურჯის" ამბავს (როდესაც კომპანია "გამმა", რომლის დამფუძნებლობაც მე შემომთავაზეს, ხელში ჩაიგდო მისი ქონება), მაგრამ მაშინაც მას ჩემთან, არა როგორც ადვოკატთან ჰქონდა საქმე. როგორც ჩანს, გარკვეული ნდობის ჩამოყალიბების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება ბიზნესში ჩემს ჩაბმაზე", - ამბობს გიორგი ყავლაშვილი.
"მეც მაქვს ეს შეკითხვა: რატომ _ მე? და თუ ოდესმე ჩამოვა ზოდელავა, ვკითხავ. თუმცა თავის დროზე ისეთი სიტუაცია იყო, ვერ გავბედე ამის კითხვა. მთლად ჩახედული არც ვიყავი ამ საქმეში, თუმცა ზოგადად ვიცოდი, ომი რომ მიდიოდა ორ მხარეს შორის, ვიცოდი, რომ სააღმსრულებლო ბიუროს ჰქონდა ჩაბარებული ეს საკითხი. კი ვფიქრობდი, რომ გადაჭარბებული იყო "ოცნებასთან" ასეთი სიმკაცრე, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საკითხი ფორმალურად მაინც კანონიერ ჩარჩოში იქნებოდა შეფუთული. სახელმწიფოს წარმომადგენლები იმდენად არაადეკვატურნი იყვნენ თავიანთ ქმედებებში, რომ იმ სიტუაციაში ჩემი შეწინააღმდეგება ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ხელისუფლებას ჰქონდა ჩამოყალიბებული აზრი, რომ ვინც მათთან არაა, მათი მტერია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"არჩევნებში წინა ხელისუფლებას რომც გაემარჯვა, ეს ფაქტი მაშინაც მიუღებელი იქნებოდა ჩემთვის. მე თავისუფალი პროფესიის კაცი ვარ და დამქირავებელს ყველა მხრიდან ველოდები, ყველა მინდა მოვიდეს - ის მხარეც და ეს მხარეც. ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ასეთ გავლენიან ადამიანს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფს ჩემთან უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდა. თუნდაც ეს იყო საკმარისი მიზეზი საიმისოდ, ასეთ სიტუაციაში ნებაყოფლობით არ გავრეულიყავი. ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს რეპუტაციას და ადამიანების ამხელა ჯგუფის განაწყენება მინდოდა?! ამდენი ხალხის მოძულება ჩემს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა, მაგრამ ასეთი მდგომარეობა შეიქმნა - ერთ მხარეს "ოცნების" ჰიპოთეტური რისხვა, მეორე მხარეს ნაციონალების რეალური რისხვა - რატომ თქვა უარი?! ეს ჩვენთან ახლობლობს, მაგრამ ეტყობა, მეორე მხარესთანაა შეკრული, კუდი მათთან აქვს გადაბმულიო", - დასძენს გიორგი ყავლაშვილი და შეკითხვას - "შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი მალე დასაცავი გახდეს. რომ შემოგთავაზოთ, დაიცავთ მის ინტერესებს?" - პასუხობს:
"როცა ლაპარაკია სამართლიანობის აღდგენაზე, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ხანას დაესვას წერტილი. ხელისუფლების, მისი პირველი პირის ამ საკითხების მიმართ დამოკიდებულებას რომ ვუყურებ, იმით მომწონს, რომ ლოიალური განწყობა აქვს სასჯელისა და დასჯის მიმართ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩადენილი ქმედების გააზრებას, რაც ძალიან ადამიანურია და რასთანაც აქამდე ჩვენ საქმე არ გვქონია. ალბათ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - დაისაჯოს ზოგი მორალურად, ზოგი სამართლებრივად და ამით დამნაშავეებსაც ჩამოეხსნათ ტვირთი. სააკაშვილს, რა თქმა უნდა, დავიცავდი. დიდი სუბორდინაციის გრძნობა მაქვს თანამდებობის პირების მიმართ, ვინაიდან არ ვფიქრობ, რომ ვინმე შემთხვევით აღწევს წარმატებას. ჩემი დასაწუნი პრეზიდენტს კი არა, არავის არაფერი აქვს, თუმცა გარკვეულწილად, რადგან მე ამ ვითარებაში აღმოვჩნდი, ალბათ ორივე მხარესთან ვიუხერხულებდი. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მორალურად მზად არ ვარ ან ერთი, ან მეორე ხელისუფლების წინაშე იმისათვის, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეში მივიღო მონაწილეობა და იქ თამამი სიტყვა ვთქვა. მე ამისათვის თავისუფალი უნდა ვიყო, შინაგანად სითამამეს ვერც ერთი გუნდის მიმართ ვერ ვგრძნობ. ვთვლი, რომ `ბურჯი~ ჩემი შავი ლაქაა და როგორც უნდა ვეცადო, ჩემს თავთანაც კი ვერ ვფუთავ ამ საკითხს. თუნდაც ის, რომ მე არ მინდოდა იმ ხალხის განაწყენება და ხვალინდელი დღის შემეშინდა, გამართლება არ არის".