„ოცნების“ პირობებში, რა ნაბიჯებიც გადაიდგა ევროსტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, ეს როგორ უნდა ავხსნათ? - თავმოუბმელი მეჩვენება ოპოზიციის ვერსია“

„ოცნების“ პირობებში, რა ნაბიჯებიც გადაიდგა ევროსტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, ეს როგორ უნდა ავხსნათ? - თავმოუბმელი მეჩვენება ოპოზიციის ვერსია“

„ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ნაწილი მორიგ, ურთიერთბრალდებების ქაოსში გაეხვა: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ნეგატიური ნაბიჯების გადადგაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც როგორც ერთი, ისე მეორე მხარე იღებს, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღოს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა უთხრეს, რომ ოპოზიცია მათ თხოვს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული.

„მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, იქნებ რამენაირად არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას ანალოგიურ ბრალდებას უყენებს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული და მიმდინარე პროცესები ემსახურება საქართველოს შეფერხებას ევროპულ სტრუქტურების გაწევრიანების გზაზე. საბოლოოდ, ვხედავთ, რომ ამ ურთიერთბრალდებების ფონზე, სიმართლე იკარგება და საზოგადოებას უჭირს ტყუილ-მართლის გაგება. სიმართლე ალბათ, ამ ორ განცხადებას შორის, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი ოპოზიციის ბრალდების ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში გადადგმული ნაბიჯები ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, რით აიხსენა?! მისი შეფასებით, ოპოზიციის ბრალდება უსაფუძვლოა.

„ის ვერსია, რომ შეიძლება ერთი პარტია თავისი ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედების დროს ვერც ამჩნევდეს, რომ ქვეყანას წირავს, დამაჯერებლად მიმაჩნია, რადგან ისტორიაში ხშირად მომხდარა ასეთი რამე. დარწმუნებულად ვერ ვიტყვი, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ასეთმა აზრმა ოპოზიციასთან გაიალევა და მოაღწია „ოცნებამდე.“

რაც შეეხება აზრს, რომ „ოცნება“ დგამს ნაბიჯებს, რომელიც ხელს შეუშლის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, „ოცნების“ პირობებში, რა ნაბიჯებიც გადაიდგა ევროსტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, ეს როგორ უნდა ავხსნათ? თუ მანამდე „ოცნებას“ სურდა ევროპულ სტრუქტურებში გაწევიანება, რა მოხდა შემდეგ? ამიტომ, თავმოუბმელი მეჩვენება ეს ვერსია.

ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სამეულთან დაკავშირებით დგას - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა არის ამ გადაწყვეტილების ძირითადი საფუძველი. თუ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაშინ სავარაუდოა, რომ სამივეს მიიღებენ. საკითხის მომწიფება, მიღება-არმიღების არა შიდა პროცესებმა, არამედ საგარეო პროცესებმა განაპირობა. შესაბამისად, ამაზე იქნება დამოკიდებული ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტაც“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

საერთაშორის საკითხებში ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის თქმით, არსებობს ალბათობობა იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ აქტიურად ცდილობს ოპოზიციას გადააბრალოს მოსალადნელი შედეგი. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები, აუცილებლად აისახება ევროკავშირის გადწყვეტილებაშიც.

„სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილმა უკვე დაიწყო ნიადაგის მომზადება. არსებობს დიდი ალბათობა, რომ ევროკავშირმა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს კი ოპოზიციას დაბრალდეს და არა ხელისუფლებას. წესით, ხელისუფლება არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. დაიწყეს ახალი დეზინფორმაციული კამპანია, რომ თურმე ოპოზიცია უშლის ხელს საქართველოს, ევროკავშირმა არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ანუ ხელისუფლებას ოპოზიციისთვის სურს ამის გადაბრალება.

კრიტიკული ოპოზიური არხის დირექტორის დაკავება აბსურდული ბრალდებით, რა თქმა უნდა, იმოქმედებს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ამაში ბრალი მიუძღვის, პირველ რიგში, ხელისუფლების მიმდევრებს და შემდეგ ხელისუფლებას. თუ ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება ევროკავშირის წინაშე, მათ შორის, უზრუნველყოს თავისუფალი მართლმსაჯულება, - შესაბამისად, დამოუკიდებელი სასამართლო, დემოკრატიული არჩევნები და ა.შ. ეს კი ხელისუფლებას არ აწყობს. მართლა დემოკრატიულად რომ ჩატარდეს არჩევნები, სახელისუფლებო პარტია ამ არჩევნებს წააგებს და დაკარგავს ძალაუფლებას. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესი“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, განხორციელებული რეფორმები საქართველოს აძლევს საფუძველს, რომ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები ჰქონდეს. ილია დარჩიაშვილის თქმით, შესაბამისად, ოპტიმისტურია მოლოდინები, რომ ქვეყნის პროგრესი სათანადოდ იქნება აღიარებული.