"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა დასავლეთის მიმართ თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს"

"ახალი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება პროკურორი, მას ეკრძალება სისხლის სამართლებრივ დევნაში არა მხოლოდ ჩარევა, არამედ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბედის მოკითხვაც კი. მოკლედ, არანაირი ზედამხედველობის უფლება სისხლის სამართლის პროცესზე იუსტიციის მინისტრს აღარ ექნება. ასევე აღარ ექნება უფლება, თავისი გენინსპექციის მეშვეობით გააკონტროლოს პროკურორების საქმიანობა, კანონის დარღვევის შემთხვევაში განახორციელოს მათი დისციპლინარული დევნა და აწარმოოს გამოძიება. ამისთვის ცალკე გენინსპექციას შექმნის პროკურატურა და თავად წაახალისებს ან დასჯის პროკურორებს. იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია შეინარჩუნებს დისციპლინარული და სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციებს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება არც საკადრო პოლიტიკის წარმმართველი. სიმართლე გითხრათ, მე საკადრო პოლიტიკაში ისედაც არ ჩავრეულვარ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რჩევას, რაც მიმიცია ბატონი არჩილისთვის, რომელთაც ხან ითვალისწინებდა, ხან - არა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მხოლოდ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საქმე იქნება, რამდენად ხარისხიანი კადრები იქნებიან პროკურატურაში. იუსტიციის მინისტრი შეინარჩუნებს ერთადერთ ფუნქციას - ეს არის ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცება პროკურორებისთვის და ესეც მთავარი პროკურორის წარდგენის საფუძველზე მოხდება", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა პრეტენზიები ჰქონდა წულუკიანს კბილაშვილისადმი".

"ამჟამინდელ ცვლილებებამდე არსებული კანონის მიხედვითაც არ შეეძლო იუსტიციის მინისტრს რაიონის თუ რიგითი პროკურორის მოხსნა. ეს უფლებამოსილება ჰქონდა მთავარ პროკურორს. ერთადერთი, რაც მინისტრს შეეძლო, ეს იყო რჩევის მიცემა. ამგვარი რჩევა, როგორც გითხარით, ბევრი მიმიცია ბატონი არჩილისთვის. არ დაგიმალავთ, რომ თვეების განმავლობაში ჩემი პრეტენზია შეეხებოდა ისანი-სამგორის პროკურორ ვალერი ლაცუზბაიას, სანდრო გირგვლიანის საქმის გამომძიებელ პროკურორს. ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ის საკმაოდ დიდხანს დარჩა თანამდებობაზე, თუმცა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ის უკვე აღარ არის ამ პოსტზე. პროკურატურაში საკადრო პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ის კადრები, რომლებმაც სამართალი და სამართლიანობა დააზიანეს წარსულში, აღარ მუშაობდნენ პროკურატურის ორგანოებში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეა წულუკიანი.

"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია იქნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის 2004-2012 წლებში გამოტანილ სისხლის სამართლის განაჩენებიდან ზოგიერთს და დაადგენს, იყო თუ არა მოსამართლის მიერ შეცდომა დაშვებული. ზოგიერთს იმიტომ, რომ იქ განსახილველად ვერ მოხვდება ის საქმეები, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა, მაგრამ ნაკლებად მძიმე დანაშაული იყო და საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდებიათ. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, იქნება განხილვის საგანი, ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაული განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მოუწია ციხეში გარკვეული დროის გატარებამ. საკმაოდ მკაცრი პირობები დავადგინეთ იმისთვის, რომ ეს კომისია არ გადაიტვირთოს. მოგეხსენებათ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რამხელა უსამართლობის ტალღაში ჩაიძირა ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით, როდესაც ხორციელდებოდა პოლიტიკა - "ყველა ციხეში", როცა მოსამართლეები მთლიანად პროკურატურას ექვემდებარებოდნენ. უკვე წინასწარ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი საქმე შევა კომისიაში. თუ კომისია არ კონცენტრირდა განსაკუთრებით უსამართლო საქმეებზე, ის ვერ იქნება ეფექტიანი და გამოიწვევს დიდ იმედგაცრუებას. ვფიქრობთ, გამოინახება ფინანსები და უკვე შემოდგომიდან შეუდგება კომისია მუშაობას", - განმარტავს რესპონდენტი.

"თქვენ იცით, რომ 9 ივნისს იქნება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უნდა აირ¬ჩიონ იუსტიციის საბჭოს წევრები. მოსამართლეებს ეძლევათ ისტორიული შანსი, გათავისუფლდნენ როგორც კუბლაშვილის, ასევე მეიშვილის, ჩინჩალაძის, ანუ ხელმძღვანელობის დიქტატისგან. ისინი უკვე გათავისუფლდნენ პროკურატურის დიქტატისგან, ახლა კი დროა, სხვა გავლენებისგანაც დაიხსნან თავი. დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები იყოჩაღებენ და აირჩევენ დამოუკიდებელ წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც და სადისციპლინო კომისიაშიც. ამის შემდეგ, იუსტიციის საბჭოს ახალ შემადგენლობასთან ერთად ჩვენ დავიწყებთ სადისციპლინო პროცედურების რეფორმას. სამომავლოდ, თუ ხარვეზების კომისია ამა თუ იმ ძალაში შესულ განაჩენზე დაადგენს სამართლებრივ ხარვეზს და ამას დაამტკიცებს სასამართლოც, შემდგომ სწორედ სადისციპლინო კოლეგიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა ღირსი მოსამართლეობისა ის ადამიანი, ვინც ეს ხარვეზი დაუშვა. ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ებრძოდა მოსამართლეებს. პირადად მიხეილ სააკაშვილი მათ ებრძოდა მას მერე, რაც იუსტიციის მინისტრი გახდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ზურაბ ადეიშვილის თაობაზე ნამდვილად არაფერი ვიცი. თავდაპირველად მის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოდიოდა, ვიცოდით, რომ ის ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილდებოდა. ამჯერად სად იმყოფება, არ ვიცი. მთავარია, რაც შეიძლება მალე მონახონ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და დააბრუნონ ქვეყანაში, რათა პასუხი აგოს ყველა იმ უსამართლობისთვის, რაც სავარაუდოდ აქვს ჩადენილი. ჩვენ ამ უსამართლობის შედეგებს ყოველდღიურად ვიმკით _ დაწყებული იუსტიციის სახლების ასაშენებლად წართმეული მიწებიდან და დამთავრებული დატერორებული ბიზნესმენებით. ვისაც ეს ევალება, ინტერპოლსა თუ ჩვენს სამართალდამცველებს, მივმართავ, მალე დააბრუნონ ქვეყანაში, მე კი ვპირდები ადეიშვილს, რომ მას დავახვედრებ სამართლიან სასამართლოს", - ამბობს თეა წულუკიანი.

"მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა დასავლეთის მიმართ თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს, რადგან სამართლიანობის აღდგენა არის ქართველი ხალხის სურვილი და დაკვეთა. დანანებით მინდა გავიხსენო ის დრო, როდესაც სააკაშვილს პირად ტყვედ ჰყავდა სულხან მოლაშვილი და მათიას იორშის შეშფოთებას თუ არ ჩავთვლით, მაშინ დასავლეთს დიდი პროტესტი არ გამოუთქვამს იმის გამო, რომ ამ ადამიანს სხეული სიგარეტით ჰქონდა დამწვარი და ჯურღმულში ჰყავდათ დამწყვდეული. აშკარაა, დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ძალიან ლოიალური იყო. ის ამ უპირობო ნდობამ გარყვნა, როგორც პოლიტიკოსი. დღეს ჩვენს მიმართ ნამდვილად ისმის პრეტენზიული ტონი დასავლეთისგან, გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ ახერხებს, ასე ვთქვათ, თავის მსხვერპლად გასაღებას. იმ ხალხს, რომელმაც ცხრაწლიანი უსამართლობა იწვნია და გაუბედურებული ოჯახები დატოვა, არ სჭირდება იმის ახსნა, რატომ უნდა იჯდეს ვანო მერაბიშვილი ციხეში. მთავარია, ის იჯდეს კარგ პირობებში. სოზარ სუბარისგან ვიცი, რომ მერაბიშვილი დღეს გაცილებით უკეთეს პირობებში ზის, ვიდრე იჯდა სულხან მოლაშვილი. ვიტყვი იმასაც, რომ მერაბიშვილის საქმე იქნება გაცილებით უფრო დასაბუთებული, ვიდრე თავის დროზე სულხან მოლაშვილის საქმე იყო. დასავლეთი კი თავისუფალია, ჩამოვიდეს, ეწვიოს მერაბიშვილს ციხეში, დაათვალიეროს რა ვითარებაშია და ა.შ.", - ხაზგასმით აღნიშნავს რესპონდენტი.

"სექსუალური უმცირესობების წევრები ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. არ შეიძლება ადამიანს იმის გამო სცემო, გალახო და თავს დაესხა, რომ მას განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს. ნებისმიერი ძალადობა ჩემთვის მიუღებელია. თუ რაიმე ტიპის ძალადობა ჩემთვის მისაღები იქნება, მაშინ მე არ უნდა ვიყო ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი. მიუხედავად 17 მაისისა, მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ჰუმანური და შემწყნარებელია. მე არ მიყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ყურება, ეს არის უადგილო ცნობისმოყვარეობა. ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და არ მესმის მათი, ვინც აგრესიულადაა განწყობილი, როდესაც ვიღაცას ვიღაცა მოსწონს. რაც შეეხება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, მიმაჩნია, რომ 17 მაისის შემდეგ ეკლესიამ და სახელმწიფომ შეძლეს ცივილიზებული ურთიერთობა, ისეთი, როგორიც ამ ქვეყანას ეკადრება". - დასძენს თეა წულუკიანი